მანავის ხსენებისთანავე, დარწმუნებული ვარ, მანავის მწვანე გაგახსენდათ - ვაზის ჯიში, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მთელ ევროპაში გაუთქვა სახელი. თუმცა მანაველებს მხოლოდ ეს როდი აქვთ საამაყო...
როგორც კი სოფელს მიუახლოვდებით, ბორცვზე წამომართულ ციხე-კოშკს დაინახავთ. ციხიდან ხელისგულივით ჩანს ივრის ხეობა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ციხის ძველი ფენა X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებს. ციხის აშენებას კახეთის ერისმთავრის კვირიკე III-ის სახელს უკავშირებენ.
სიმწვანეშია ჩაფლული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უძველესი ეკლესია, რომელიც სოფელს მადლს ჰფენს. ტაძარი ჯერ რიყის ქვით, შემდეგ აგურითაა ნაგები. ეკლესიას ორი კარი აქვს. დასავლეთით გამოყვანილია აგურის ჯვარი პორტალის მსგავსი ბჭით. სამხრეთის კარს ძველად ზემოდან მხედრულით შესრულებული წარწერა ჰქონია ჩაშენებული. ეკლესიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში - თითო, ხოლო სამხრეთის კედელში ორი სარკმელი აქვს დატანებული. ნაგებობა შემკულია აგურით ნაშენი ჯვრებით. განსაკუთრებით ლამაზია ჯვარი დასავლეთ კარიბჭის თავზე. საკურთხეველსა და კამარებს შორის ოთხ იალქანზე მდგარი გუმბათია აღმართული. ტაძრიდან ამოგლეჯილია და დაკარგულია მარმარილოს წარწერიანი ფილა. 1920 წელს წარწერა მელექსეთ-ბეგს გადაუწერია. იგი გვაუწყებს, რომ ეკლესია ერეკლე მეორის დასტურით 1794 წელს აუგია დავითგარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ექვთიმე მჭედლიშვილს. იმ დროს დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საქართველოში სულიერი კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ცენტრს წარმოადგენდა. 1774 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე მას სათავეში ედგა ენერგიული, იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული, სამეფო კართან დაახლოებული პირი არქიმანდრიტი ექვთიმე. იგი ერეკლე მეორის მემკვიდრის გიორგი ბატონიშვილის აღმზრდელი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ის დიდი მამულის პატრონი ყოფილა. მანავში ნათლისმცემლის მონასტერს ჰქონია მამული, სადაც ექვთიმე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდ, ლეკების მიერ გატაცებულ გლეხებს ასახლებდა. მას მხარში ედგნენ ერეკლე მეორე და მისი ძე გიორგი. მათი დახმარებით ექვთიმემ ნასოფლარი მანავი სოფლად აქცია.
მანავში წინათაც ვყოფილვარ, სტუდენტობის დროს. ჯგუფელებს ზეინაბ ღვთისავრიშვილი გვმასპინძლობდა. კალობნობას აღნიშნავდნენ. კახელების სტუმართმოყვარეობამ, სილაღემ და გულღიაობამ მომხიბლა. ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, მანავის მწვანით, კეთილი გულით ღმერთსა და ქვეყანას ადღეგრძელებდნენ. დრონი იცვალნენო, - იტყვიან ხოლმე, - ჟამთა დინებამ სოფელიც შეცვალა და სოფლის მოჭირნახულეებიცო. ეგებ ასეც იყოს, მაგრამ დროს ერთი სასარგებლო თვისებაც აქვს - ნათელს ჰფენს დაფარულს, მათ შორის - ადამიანის გულისწადილს.
მანაველებმა "კარიბჭეს" გული გადაუშალეს და ჭირი და ლხინი გაანდეს. ყოფითი პრობლემების გადალახვაში მანაველებს ეკლესიასთან სიახლოვე ეხმარება. სულიერად გაძლიერებულნი, ერთმანეთს გვერდით უდგანან და ასე მიჰყვებიან ცხოვრებას. უბრალოება, სითბო და სიყვარული, მადლობა ღმერთს, სოფელმა ჯერაც შემოინახა.
მას შემდეგ, რაც მანავის შუაგულში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აიგო, სოფლის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის მღვდელმთავარ მეუფე ლუკას აქაურები ძალზე ემადლიერებიან. სწორედ მეუფე ლუკას ხელდასხმულია მამა დავით ბურდული, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მანავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს წინამძღვრობს. მამა დავითის ჩამობრძანებამ რწმენა დაგვიბრუნაო, - მითხრეს მანაველებმა, - მრევლი შემოიკრიბა და ეკლესიის გარშემო გააერთიანაო, ეკლესია დაამშვენა, მოაწყო, სატრაპეზო ააშენაო... მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მოძღვარი გამოგვიგზავნაო.
მამა დავითი ღვთისმსახურების ჩასატარებლად თბილისიდან დადის. თან მოჰყავს სტიქაროსანი, მგალობლები, მედავითნე. მანავში მიმავალი, ჯერ მეგობარს, სტიქაროსან ალექსანდრეს გაუვლის, მერე - მგალობელ ირმას. უკანაც ერთად ბრუნდებიან. პატარძეულში, მამათა მონასტერში, მედავითნეს ტოვებენ, მერე კი თბილისის გზას გამოუყვებიან. მამაო ყველას აბინავებს და მერეღა მიდის შინ...
სოფელში მოძღვარს მოუთმენლად ელიან. თვალებგაბრწყინებულნი შეჰყურებს საღვთო სიტყვას მოწყურებული მრევლი.
მანავში სტუმრობისას შევიტყვე, რომ სოფელში ღვთისმშობლის ხატი მიბრძანებულიყო. აქაურები დიდი სიხარულით შეხვდნენ დედა ღვთისას.
ლია ყორღანაშვილი მანავის საშუალო სკოლის დირექტორია. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ მანავში, სკოლის ეზოში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აიგო.
- ძალიან მინდოდა, სოფელში გვქონოდა ეკლესია, სადაც მუდმივად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, - მიამბობს ქალბატონი ლია, - ერთ დღეს საპატრიარქოს წარმომადგენელი მეწვია სტუმრად. ვუმასპინძლე. საუბრისას მითხრა, ტაძრის აშენებას ვაპირებთო. სიხარულისგან ფრთები შემესხა. მთელი სოფელი შემოვატარე. ბოლოს სკოლის ეზოში შევიყვანე. უეცრად შეჩერდა და მიწას ფეხი დაჰკრა - რაღაც ძალა მკარნახობს, ამ ადგილას ტაძარი უნდა აშენდესო. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ბატონ გურამ არაყიშვილის ფინანსური შემწეობით ტაძარი ორ წელიწადში აშენდა.
მანავში ერთ ადგილს კალობანს ეძახიან. ქალბატონმა ლიამ ამ სიტყვის წარმომავლობაზეც მოგვითხრო. გადმოცემით, აქ ძველად პურის ყანა ყოფილა. როცა აღმოსავლეთ საქართველოს შაჰ-აბასი შემოსევია, კალოობის პერიოდი ყოფილა. დიდი თუ პატარა ყანაში ყოფილა ხორბლის ასაღებად. მტერს ერთიანად მოუსრავს იქ მყოფნი. მათი სულის საოხად იმ ადგილას ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ნიშები აუგიათ. ყოველ წელს, მოსავლის აღების ჟამს, მანაველები მიდიან იქ და გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცულობენ.
- მანავის ჯიშის ყურძნის გარდა კიდევ რითი იწონებენ თავს აქაურები?
- ბოლო დროს საფერავი და რქაწითელიც მოაშენეს. ორი ღვინის ქარხანა გვაქვს. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობამ კიდევ უფრო გაუთქვა სახელი ჩვენს ღვინოს და ამით მოსახლეობამაც დიდი შვება იგრძნო. დასაქმებულია ხალხი, ხელფასს იღებს, ოჯახში ლუკმაპური შეაქვს... არ გვილხინს, მაგრამ სხვა სოფლებთან შედარებით არც ბედის სამდურავი გვეთქმის.
სოფელში სამი საბავშვო ბაღია და ერთი საშუალო სკოლა, სადაც 410 ბავშვი სწავლობს. აინტერესებთ სოფლის ისტორია, კულტურული ძეგლები. ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომპიუტერს. მალე გაიხსნება ამბულატორია, რომელიც რამდენიმე სოფელს მოემსახურება.
სტუმარმასპინძლობა ხომ საუკეთესო ვიცით...
რაც წმინდა ნიკოლოზის ტაძარი აშენდა, ხალხში რწმენაც გაძლიერდა. შესანიშნავი წინამძღვარი გვყავს. მამაომ ურწმუნოებიც კი მოაბრუნა ეკლესიისკენ.
***
ტაძარში მამა დავითის მესანთლე შემოგვეგება. ქალბატონი ჯულიეტა დუჩიძე რამდენიმე წელია მართლმადიდებლად მოინათლა. "მანავში თბილისიდან გადმოვსახლდით, - მიამბობს ჯულიეტა დეიდა (ასე ეძახის დიდ-პატარა), - 15-20 წელი ვიმუშავე სოფლის სკოლაში. ტაძრის კურთხევის შემდეგ ძალიან მინდოდა, აქაური მრევლი გავმხდარიყავი, მაგრამ ეროვნებით სომეხი გახლდით და წინაპართა სარწმუნოება ამის საშუალებას არ მაძლევდა. მეუფე ლუკას გავანდე ჩემი სურვილი. მეუფემ თავად მომნათლა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... უკვე მეოთხე წელიწადია, ტაძარში მესანთლედ ვარ. ყველაფერში ვემორჩილები ჩემს მოძღვარს, მამა დავითს. დილით, ცხრის ნახევრისთვის ვაღებ ტაძრის კარს და საღამომდე აქ ვტრიალებ".ულამაზესი ტყუპი და, ნინო და ნატო ქევხიშვილები, მამაოსთან უკვე ორი წელია გალობს. აქაურები მზისას და მთვარისას ეძახიან. მგალობლობაზე არასოდეს უფიქრიათ, მაგრამ ღვთის ნებას წინ ვინ აღუდგება...
ზემოთ მედავითნეც ვახსენეთ - დავით უნაფქოშვილი, გამოცდილი და ღვთისნიერი ადამიანი.
- ადრე პატარძეულის მამათა მონასტერში ვიყავი მედავითნედ, ჩაილურის ეკლესიაში, კაკაბეთში. მანამდე უნივერსიტეტში ვმუშაობდი, სამეცნიერო საქმიანობას ვეწეოდი. წლების განმავლობაში მისი უწმინდესობის მრევლი ვიყავი. პატრიარქმა შემაყვარა ეკლესია, მერე კი მსახურებასაც შევუდექი. ფილოსოფიის მიმართ ინტერესმა კიდევ უფრო დამაახლოვა ეკლესიას. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ყველაფერი მივატოვე და სოფელში წამოვედი. მომწონს აქაური ხალხი და უფალს მადლობას ვწირავ ყველაფრისთვის.
- სოფელი გამოცოცხლდა, - ჩაგვერთო საუბარში მარიამ ქევხიშვილი, - რაც ეკლესია ამოქმედდა, ტაძარს დაუბრუნდა ხალხი, ერთმანეთის სიყვარული გაუღვივდა.
85 წლის მარიამ საბაშვილი მამა დავითის უხუცესი მრევლია.
- მარტო ვცხოვრობ, შვილო, - მითხრა თვალცრემლიანმა, - დილაუთენია ავდექი, საქმე მოვილიე და ეკლესიაში წამოვედი. მამა დავითი რასაც მეტყვის, იმას ვაკეთებ. ღმერთიც მწამს, ხატიცა და მღვდელიც... წინანდელი ხალხი სხვანაირი იყო, ახლანდელი - სულ სხვანაირია. დროც ისეთი მოვიდა, რომ დასამდური არავინ არის, შენი ჭირიმე.
დამშვიდობებისას დაგვლოცა:
- იცოცხლეთ, გაიხარეთ, გამრავლდით, გაფუფუნდით, ჩემზე დიდები მოიყარეთ...
ირმა ანდღულაძე რეგენტია. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მისი კურთხევის დღიდან გალობს. ღვთისა და გალობის სიყვარულმა გადააწყვეტინა უცნობ სოფელში წამოსვლა. თავდაპირველად სამრევლო სკოლაში დადიოდა, მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ ეკლესიისკენ გაუწია გულმა, იქ პოვა თავისი ადგილი.
მამა დავითი მრევლთან ერთად
- პირველად სამი წლის წინ, ბარბარობას ჩამოვედით. მგალობელთა გუნდს მაშინ ანა მელიწკაური ხელმძღვანელობდა. ანა სამრევლო სკოლის პედაგოგია, გალობას ასწავლის. მანავის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი რომ აკურთხეს, გამოგვიცხადა, მანავში მგალობლები სჭირდებათ და ვისაც სურვილი აქვს, წამოვიდესო. მაშინვე წამოვხტი. არც კი ვიცოდი, სად იყო მანავი, მაგრამ დაუფიქრებლად წამოვედი. დიდი მადლობა უფალს, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის ღირსი რომ გამხადა.
ნელ-ნელა გავმრავლდით მგალობლები. მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ქართული გალობა და ქართული ხალხური სიმღერა ცის ნაჟურიაო. ძველ ქართულ გალობას ვსწავლობთ, სხვადასხვა კილოს ვეუფლებით. ალბათ არც მაქვს უფლება, მამაოს ვუღალატო - უაღრესად კეთილშობილი მოძღვარი გვყავს.
ზაფხულობით მამა დავითი დილის 8 საათზე წირავს, ამიტომ გამთენიისას გვიხდება გაღვიძება. ჩვენი რეგენტის ანას წასვლის შემდეგ (ანა მალე ფოფოდია გახდება და საპატიო მიზეზით დაგვტოვა) წმინდა ნიკოლოზმა შემაძლებინა, მესამე ხმა მეგალობა. ღმერთი, ღვთისმშობელი მაგალობებს.
***
ტაძარში თითქმის ყველა ხატი ირაკლი ცინცაძის დაწერილია. კანკელიც მისი მოხატულია. ტახტზე დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელიც იშვიათი ნამუშევარია, მანავის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს მან შესწირა.შარშან, აღდგომას, მანავში იერუსალიმიდან ღვთაებრივი ცეცხლი ჩამოაბრძანეს. მრევლმა დიდი სიხარულით აანთო სანთლები და შინ წაიღო. ტაძარში დიაკვნად კურთხევაც მოხდა - ხელი დაასხეს მამა გაიოზ დვალს. ახლა მამა გაიოზი პატარძეულშია მღვდელმსახურად.
სანდრო ვაჩეიშვილი სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მამა დავითთან ერთად სწავლობდა. იქ დამეგობრდნენ, შემდეგ კი მანავშიც წამოჰყვა მამა დავითს და დღეს მისი სტიქაროსანია. "ორი წელი მარტო ვემსახურებოდი მამაოს, რამდენიმე თვის წინ კი იქაურ ახალგაზრდას ნიკოლოზსაც ჩააცვა სტიქარი. მრევლიც გვემატება... შემიყვარდა ეს ეპარქია საოცრად თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს. თანდათან ვუახლოვდებით ერთმანეთს და ღვთის წყალობით ჩვენში უფრო და უფრო მეტი სითბო შემოდის.
ერთხელ კურიოზიც შემემთხვა. მსახურების დაწყების წინ სტიქარით ვიმოსებოდი და რას ვხედავ: ჩვენს მესანთლეს მკლავები ამოუკერავს - გარღვეული ჰგონებია. იმ დღეს პინგვინივით დავდიოდი..." (იცინის)
ანჯამაანთ წყარო
ზემო მანავისკენ მიმავალმა, სასაფლაოებს რომ გასცდები, მანავის ციხე უნდა გადაიარო. იქვეა ანჯამაანთ წყარო. "სოფელი ამ წყაროთი სარგებლობს, თუმცა სხვა წყალიც გვაქვს, - მეუბნება ალექსანდრე გაბრიელაშვილი, - სასწაულად ცივი და სასიამოვნო დასალევია". ამ ახალგაზრდამ უამრავი საინტერესო რამ მიამბო. უყვარს სოფელი, პაპასთან სტუმრობა, მისი დაწურული ღვინით ღვთისა და ქვეყნის დღეგრძელობა და ძველი ამბების მოსმენა.***
მამა დავითის ოჯახში ჩემი სტუმრობა დიდ სიხარულს დაემთხვა: სალომეს, ელენეს, გიორგის, შიოს და ისიდორეს პატარა ევა შეემატათ. მამაოს სიხარული გავიზიარე და მანავისაკენ ავიღეთ გეზი. გზაშიც ბევრი ვისაუბრეთ, მანავშიც და უკან დაბრუნების დროსაც.- მეუფე ლუკასთან, საკათედრო ტაძარში, დიაკვნად რვა თვე ვმსახურობდი. დიაკვნად ვმსახურობდი ხაშმშიც. იმხანად ხაშმის ტაძრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იაკობი გახლდათ. ახლა პატარძეულის მამათა მონასტრის წინამძღვარია. მღვდლად კურთხევის შემდეგ კი აქ, მანავში დამადგინეს ტაძრის წინამძღვრად.
უმაღლესი განათლება მოსკოვში მივიღე. იქ ვცხოვრობდი, ვმუშაობდი. 15 წლის შემდეგ თბილისში დავბრუნდი და დავოჯახდი. არავინ ელოდა, რომ ამ გზას ავირჩევდი. აკადემიაში ჩაბარებაც კი გაუკვირდათ. მღვდლობაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, - იხსენებს მამა დავითი.
ეკლესიასთან მისი ურთიერთობა პეტრე-პავლეს ტაძრიდან დაიწყო. 1997 წლიდან დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მრევლია.
2000 წელს, შობას, პატრიარქი დელეგაციასთან ერთად წმინდა ქალაქში ბრძანდებოდა. თან ახლდნენ მამა არჩილი და მისი სულიერი შვილი დავითიც.
"შობის ტაძრის მოლოცვისას ჩემში უხილავად რაღაც მოხდა. თუმცა მაშინ მღვდლობაზე არ მიფიქრია. სასულიერო აკადემიაში ჩაბარების დროსაც კი არ მქონია ასეთი ფიქრი. მხოლოდ ღვთის შემეცნება და სასულიერო განათლების მიღება მინდოდა. მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე ყველაფერი, ალბათ სულიერადაც გავიზარდე და, ღვთის წყალობით, მოძღვარი გავხდი. მღვდლობა მძიმე ჯვარია... უკვე სამი წელი გავიდა, რაც ამ ჯვარს ვატარებ.
ზოგიერთი მღვდლისგან ანგელოზებრივ ღვაწლს მოითხოვს, ზოგს მკაცრი მღვდელი მოსწონს, ზოგი უფრო ლმობიერს ეძებს... ყველა ადამიანი განსხვავებული ინდივიდია, ამიტომ მოძღვარიც ინდივიდუალურად უნდა აირჩიოს.
ძალიან კარგად მიმიღეს აქაურებმა, თუმცა მსახურებაში მონაწილეობისას ცოტათი პასიურობენ. ზოგიერთი უშლის კიდევაც შვილს ეკლესიაში სიარულს... ღვთის წყალობით, მჯერა, ყველაფერი მოგვარდება, მრევლი გაიზრდება. სულიერი ცხოვრება - მარხვა, აღსარება, ზიარება რომ აუცილებელია, იმედია, ყველა შეიმეცნებს.
ღვთისმშობლის ტაძარში, მეუფის კურთხევითა და ღვთის შეწევნით, გვინდა, ტრაპეზი მოვაწყოთ და წირვა-ლოცვა აღვავლინოთ. ეკლესია ბატონმა გია ნაცვლიშვილმა აღადგინა, რისთვისაც მადლობას ვწირავ.
სოფლის მთავარი სალოცავია კალობნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც, ღვთის წყალობით, რამდენჯერმე ვწირეთ კიდევაც. აქვეა ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. ღვთის შეწევნით, ალბათ აქაც აღდგება ღვთისმსახურება.
- მამაო, სოფელში ცხოვრება რომ ჭირს, ცნობილია. ეკლესიური ცხოვრება თუ ეხმარება აქაურებს გასაჭირთან გამკლავებაში?
კალობნის წმინდა გიორგის ეკლესია კალობნის ღვთისმშობლის ტაძარი
- სოფელში მრევლს მართლაც ძალიან უჭირს, ზოგს პურის ფულიც არ აქვს. ხალხი ერთმანეთის პრობლემებს გაურბის და საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ეს კი ძალიან ცუდია. ეკლესია სწორედ ამის დაძლევაში გვეხმარება. ერთობა, სიყვარული, ღვთის დიდება ადამიანს აკეთილშობილებს. ეკლესიურად მცხოვრებ კაცს უფრო უკეთ აქვს გააზრებული, რომ ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება. უფალი გვაკვირდება, შევძლებთ განსაცდელის გადატანას თუ დრტვინვას დავიწყებთ და გავბოროტდებით. როდესაც ადამიანი ცნობიერებით ქრისტიანია და ესმის, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, ყოველგვარ განსაცდელს ღვთის მორჩილებით და სასოებით იღებს, ცდილობს, სიმშვიდით გადალახოს პრობლემები. ამ აზრით, ეკლესია სულიერი საკურნებელია - ადამიანი მტკივანი სულით მოდის ღვთის სახლში და კურნებას მისგან ელის.
- თქვენი ქადაგება ღვთის ნებისა და ღვთის დაშვების გარჩევას ეხებოდა. მაინც როგორ გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისგან?
- მისმა უწმინდესობამ ჩინებულად ბრძანა: ადამიანი უნდა ეცადოს გამოიძიოს, როგორია ღვთის ნება მის მიმართ, რა ფუნქცია აკისრია მას და როგორ უნდა იცხოვროს წუთისოფელში. როდესაც ადამიანი ჩახვდება ამას, მაშინ მისი ცხოვრება და ნება ღვთისა ერთმანეთს შეერწყმება. ეს არის სინერგია.
უწინარესად ღვთის სიყვარული უნდა გვქონდეს. თუ ღმერთი გვიყვარს, ადამიანებიც შეგვიყვარდება. თუ ვინმე ცუდს აკეთებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მისი ბრალია; ამაში დამნაშავე მისი უძლურებაა. ჩვენ თუ ცუდს არ ვაკეთებთ, იმას როდი ნიშნავს, რომ კარგები ვართ; უბრალოდ, ღმერთი გვწყალობს და ცოდვისგან გვიფარავს. ამიტომ როცა მოყვასი ჩვენი ცოდვას სჩადის, კი ნუ განვიკითხავთ, არამედ მივუტევოთ.
დღეს ყველაზე მეტად სიყვარული გვაკლია. ამიტომ მოძღვარმა მრევლს უწინარეს ყოვლისა სიყვარული უნდა ასწავლოს. თვით მასაც სიყვარულით მართებს მრევლთან ურთიერთობა. უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს სიყვარულით შევუმსუბუქოთ პრობლემები, ღმერთთან მისვლა სიყვარულით გავუადვილოთ.
- ალბათ მოძღვარსაც სჭირდება დახმარება, გაძლიერება...
- მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია და მეტ-ნაკლებად ისიც სცოდავს. თუ თვითონ არ არის დაპურებული და გაძლიერებული, სხვას როგორღა დააპურებს?! მონასტერში ცხოვრება ამის საუკეთესო გზაა. ბერმონაზვნები აღმატებულნი არიან სულიერად, მათი ცნობიერება სრულიად სხვაგვარია. სასულიერო ლიტერატურის კითხვა აუცილებელია, მაგრამ უმჯობესია, მონაზვნური ცხოვრების წესი საკუთარ თავზე გამოსცადო. ვფიქრობ, ყველა მოძღვარი უნდა ცდილობდეს, ეზიაროს ამ სიტკბოების მადლს. მადლობა უფალს, მრავალი მეგობარი ბერი მყავს. მათთან ურთიერთობა მაპურებს, უამრავ სიკეთეს ვსწავლობ მათგან. მადლობა უფალს იმისთვისაც, რომ მეუფე ლუკას და მეუფე ექვთიმეს შევხვდი.
- დიდი მადლობა, მამა დავით, საუბრისთვის, მასპინძლობისთვის...
- ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.