დღევანდელი ბორჯომის ხეობის უძველესი სახელწოდებაა თორი. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მტკვრისა და მისი მარჯვენა შენაკადების ხეობაში. ამ ხეობის ფართობი 1180 კვ.კმ-ია, რომელიც, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში იცვლებოდა, მაგრამ მისი მთავარი ტერიტორიული ბირთვი მაინც ბორჯომის ხეობა იყო ("ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო").
ისტორიკოსი ჯუანშერი აღნიშნავს, რომ ვახტანგ გორგასლის ძემ, დაჩიმ, თავის ძმას, მირდატს, მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე, ტაშისკარიდან, ვიდრე სპერამდეო. ეს ცნობები მიუთითებს, რომ ძველი დროიდანვე ბორჯომის ხეობა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, ადმინისტრაციულად სამცხეში შედიოდა. ტერმინი "ბორჯომის ხეობა", იმ ტერიტორიის სახელწოდებად, რომელსაც დღეს მოიცავს, ისტორიულ წყაროებში 1819 წლიდან იხსენიება. მანამდე ეს მხარე "მტკვრის ხეობად", ანუ "ხეობად" იწოდებოდა (XV-XVIII სს-ში), ხოლო ადრე "თორის მხარედ". სახელწოდება თორი, როგორც ბორჯომის ხეობის აღმნიშვნელი ტერმინი, ძველი დროიდანვე არსებობდა, რაც დასტურდება VII ს. ძეგლის, უსახელო გეოგრაფიის იმ ნაწილიდან, სადაც ნათქვამია: "გაივლის მტკვარი ჯავახეთის ზირობაზე, ჩამოეშვება სამცხეში, მოექცევა მტკვარი აღმოსავლეთისაკენ გავლით ქართვლის ზენა სოფელზე და ჰყოფს მხარეებს თორი, გოვათისხევი, ტორნისხეობა, მანგლისის ხეობა, ხოლო ჩრდილოეთით დიდი მდინარე მტკვრისა არგვეთის მთიანეთია და იმავე მხრიდან ველი დვანისა".
ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ XI საუკუნის დამდეგისათვის სოფელ ტაძრისში არსებობდა დედათა მონასტერი. ამჟამად იქ ორ ადგილზე, გუჯრისხევსა და ტაძრისის სასაფლაოზე, ორი მონასტერია, ძნელია იმის თქმა, ამ ორთაგან რომელი იყო დედათა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ დედათა მონასტერი ტაძრისში იყო. ტაძრისი თორის მხარეში ადრიდანვე იხსენიება და ეს სახელწოდებაც, ტაძრების არსებობის გამო უნდა მიეღო ამ სოფელს. ცნობილია, რომ გიორგი მთაწმინდელს დაწყებითი სწავლა-განათლება ტაძრისის დედათა მონასტერში მიუღია.
გიორგი ათონელის ცხოვრების აღმწერელი ასეთ ცნობებს იძლევა: ,,გიორგი ათონელის მამას იაკობს "ესხნეს სამნი ძენი და სამნი ასულნი". უფროსი შვილი თეკლე, სამი წლისა რომ შესრულებულა, "წარიყვანეს იგი სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსა ტაძრისი ეწოდების და მისცეს იგი ხელთა წინამძღვარსა მის მონასტრისასა, რომელსა საბაი ეწოდებოდა, დედაკაცსა ღირსსა და წმინდასა, რომელმაც შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თავისი და კეთილად აღზარდა". შემდეგ, როდესაც თეკლეს უმცროს ძმას, გიორგის, შვიდი წელი შესრულებია, ისიც ტაძრისის მონასტერში მიუყვანიათ აღსაზრდელად - "და ესრეთ ახალ-ნერგი შუენიერი იზრდებოდა მონასტერსა მათ შინა და ისწავლიდა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისისა".
***
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ თორის მხარეში უმოღვაწია თეოდორე ნეძველს, ქრისტეფორე კვირიკეწმინდელს, გიორგი მთაწმინდელსა და მრავალ სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეს. მართალია, ბევრი მათგანის აქ მოღვაწეობის ფაქტი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ის, რაც ცნობილია, მოწმობს, რომ თორის საერისთავო IX-X-XI საუკუნეებში ქართლის საერისთაოებს შორის, კლარჯეთთან ერთად, ყველაზე დაწინაურებული საერისთავო ყოფილა როგორც კულტურით, ისე სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებით. თორის მხარის ისტორიული განვითარება შეაფერხა არაბ დამპყრობელთა თარეშმა, რასაც მოწმობს ის, რომ VII საუკუნის II ნახევრისა და VIII ს. მატერიალური კულტურის ძეგლები არ შემოგვრჩენია, ხოლო როდესაც არაბთა ბატონობა ქართლში შესუსტდა, ამ დროიდან თორის მხარის, კლარჯეთთან ერთად, ნამდვილი აყვავება იწყება, რასაც მოწმობს IX-X საუკუნეებში აქ აგებული კულტურის ძეგლები: ნეძვი, კვირიკეწმინდა, ტაძრისის დედათა მონასტერი და სხვა.***
ცნობილია, რომ მონასტრები კულტურის კერებს წარმოადგენდნენ, რომ იქ იქმნებოდა ლიტერატურული და მეცნიერული შრომები, ხდებოდა თარგმნა ასეთივე შრომებისა უცხოური ენებიდან, იქ იღებდა განათლებას ახალგაზრდობა. დღევანდელ მესხეთში დაცულია ძველი ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც დიდ შოთა რუსთაველს სოფელ ქვაბისხევში (ბორჯომის ხეობაშია), მარიამწმიდის მონასტერში მიუღია განათლება. შესაძლებელია, ეს თქმულება მართალიც იყოს, ვინაიდან მარიამწმინდის მონასტრის (რომელიც დღესაც დაცულია ქვაბისხევში) სამხრეთის ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს, წითელი ჩარჩოთი გამოყოფილ ნაწილში, დახატულია ორი საერო პირი - ქალი და მამაკაცი. ქალის სურათის გასწვრივ, მარჯვნივ არის წარწერა "იაი", ხოლო მამაკაცის სურათის გასწვრივ წერია "შოთა". ძნელია ითქვას, რომ ამ სურათზე შოთა რუსთაველია გამოსახული, მაგრამ შესაძლებელი კი არის. ეს საკითხი კვლევა-ძიებას მოითხოვს. ქვაბისხევის ტაძარი
გაერთიანებული საქართველოს ხანაში, თორის მხარე ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა, რომელსაც ცნობილი ფეოდალები - თორელები ფლობდნენ. XII-XIII საუკუნეებში თორელები მაღალ ადმინისტრაციულ და სამხედრო თანამდებობებზე გვევლინებიან. ცნობილია გამრეკელი თორელი, რომელიც ჯერ ამილახორი, შემდეგ კი ამისპასალარია, შალვა თორელ-ახალციხელი კარის მფლობელი - თამარ მეფის დიდი მოხელე, კახა თორელი, ახალქალაქის ერისთავთერისთავი რატი თორელი და ,,სხვა მრავალნი თორელნი", რომლებიც მოხსენიებულნი არიან ჩვენი ერის მატიანეში.
თორის მხარე თავისი აყვავება-გაძლიერების ზენიტს XI-XII საუკუნეებსა და XIII საუკუნის დასაწყისში აღწევს. ამ პერიოდში თორელებს ყველგან ვხვდებით, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც. XII-XIII საუკუნეებში სამეფო კარზე თორელები დიდი პატივით სარგებლობენ. ისინი ერისთავები, ერისთავთერისთავი, მთავარსარდლები და მეფის ვაზირნი არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თორელები, ერთსა და იმავე დროს, როგორც დარბაზის რიგის, ასევე საქვეყნოდ გამრიგე მოხელენი არიან, რაც XII-XIII საუკუნეების საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
საკირის წმინდა გიორგი მთაწმინდელის ტაძარი
თორის მხარეში კულტურული და სამეურნეო აღმავლობა, რომელიც IV საუკუნიდან დაიწყო და რომელსაც VII-VIII საუკუნეებშიც არაბთა შემოსევამ შეუშალა ხელი, მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა. XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში თორის მხარეში აუგიათ ტიმოთესუბნის დიდებული მონასტერი. ამ მონასტერს დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა ამ მხარისათვის. ტიმოთესუბნის მთავარი ეკლესიის უკან დგას მცირე ეკლესია, რომლის სარკმლის ზემოთ ქვაზე წარწერაა. ეს წარწერა ასეა წაკითხული: "ქრისტე ადიდე სული შალვა ერისთავისთვის" და ვარაუდობენ რომ, "ეს მონასტერი შალვა თორელის განსასვენებელი ადგილია". XIV საუკუნეშია აგებული სოფელ დაბის მონასტერი, რომელიც კარგადაა დაცული. წარწერით ვიგებთ, რომ იგი გიორგი ბრწყინვალეს (1314-1346 წწ.) აუშენებია. მშენებლობა დათარიღებულია 1333 წლით. გიორგი მეხუთეს (ბრწყინვალეს) მეფობის ხანა შედარებით მშვიდობისა და აღმშენებლობის განახლების პერიოდია, რაც თორის მხარეშიც საგრძნობი ყოფილა.
საისტორიო ტრადიციის თანახმად, წმინდა გრიგოლ ხანძთელსა და მის ძმობას ამ მხარეში მრავალი ეკლესია აუგია. წმინდა გიორგი მთაწმინდელი კი საქართველოდან გამგზავრებამდე ტაძრისის დედათა მონასტერში იზრდებოდა მამიდასთან. ქვეყნისა და დედა ეკლესიისთვის მოწამებრივად აღსრულებული შალვა თორელ-ახალციხელი ამ კუთხიდან იყო წარმოშობით და მის სახელს უკავშირდება ტიმოთესუბნის ეკლესიის მშენებლობა და სხვ. ბოლო პერიოდის მოვლენებიდან კი აღსანიშნავია ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი მეფის ერეკლე მეორის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მხარისადმი. ასპინძის ომში გზად მიმავალი მეფე და ქართული მხედრობა სოფელ სადგერში წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან შეჩერებულა, ღამე გაუთევიათ და ლოცვაში ქართველთა მფარველი მხედრის - დიდმოწამე გიორგისთვის ზეციური შეწევნა გამოუთხოვიათ. ბრძოლის დაწყების წინ მოღალატურად მარტოდ მიტოვებული მცირერიცხოვანი ქართველებისგან მტერზე ბრწყინვალე გამარჯვებას მეფეც და ქართველი მხედრობაც ღვთიური შეწევნით ხსნიდნენ და განსაკუთრებულად მადლობდნენ უფალს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში