ქალაქი დმანისი მდებარეობდა მდინარე მაშავერასა და ფინეზაურის (ყარასუ) შესართავთან წამოზიდულ კონცხზე. ორივე მდინარეს კლდოვან მთებში ასმეტრიანი ხევები ჩაუჭრია. ასეთი ბუნებრივი სიმაგრისათვის ადამიანს ადრევე მიუქცევია ყურადღება და კონცხი, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინათ, თავის საცხოვრებლად უქცევია. V-VII საუკუნეებში იგი უკვე მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა; VII საუკუნეებში აუგიათ საკმაოდ დიდი ტაძარი და დაუარსებიათ საეპისკოპოსო.
ტაძარი მრავალჯერ გადაკეთებულა. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია. გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა. საკურთხეველში შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213-1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. კარიბჭის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი. დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით წმინდა მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, წარწერის თანახმად, იგი განახლებულია 1702 წელს.
XI საუკუნიდან დმანისი უკვე პოლიტიკურადაც დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. აქ მჯდომი არაბთა ამირა კარგა ხანს ეწინააღდმდეგებოდა ქვეყნის გაერთიანებას. მაგალითად, XI საუკუნის 70-იან წლებში დმანისის ამირა არაბებს ეხმარება მეფე გიორგი II-ის წინააღმდეგ. როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, დმანისი, თანდათანობით საქართველოსა და ამიერკავკასიის ქალაქთა პირველ რიგში გამოდის.
1123 წელს, დიდგორის ომში გამარჯვების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა თბილისთან ერთად დმანისიც აიღო და იგი ერთიან საქართველოს შემოუმტკიცა. ამის შემდეგ დმანისი დიდი ხნის განმავლობაში მეფეთა კუთვნილი ქალაქი იყო.
მონღოლთა შემოსევებს დმანისიც დაქვეითებისაკენ მიჰყავს, მაგრმ XIII საუკუნეში იგი მაინც მდიდარ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება.
დმანისი რომ მდიდარი ქალაქი იყო, ამას ერთი ამბავიც ამტკიცებს: 1171-1172 წლებში მეფე დემეტრემ ვეღარ შეძლო მონღოლთა მიერ შემოწერილი დიდი ხარკის გადახდა. მაშინ ყველაზე მდიდარმა ათაბაგმა სადუნ მანკაბერდელმა იკისრა იგი, მაგრამ სანაცვლოდ დმანისი მოითხოვა. მეფე იძულებული იყო, დათანხმებულიყო. სამეფო ქალაქად დმანისი კვლავ მხოლოდ 25 წლის შემდეგ გახდა.
XIV და XV საუკუნეებში დმანისი არაერთხელ აუოხრებიათ მტრებს. განსაკუთრებით მძიმე იყო თემურ-ლენგის შემოსევები, რომლის დროსაც საბარათიანო შესამჩნევად დაზარალდა. შემდეგშიც მრავალჯერ დასდგომია ქალაქს ცუდი დღე, მაგალითად, 1486 წელს თურქებმა, იაღუბ-ყაენის მეთაურობით, ააოხრეს დმანისი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
XV საუკუნიდან დმანისი უკვე აღარ არის დიდი ქალაქი; XVI საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ბარათაშვილები გაიყარნენ, დმანისის ნახევარი ერთ ძმას, იოთამს, რგებია, მეორე ნახევარი - ორბელს.
1578 წელს ოსმალებმა ქართლი დაიპყრეს, დმანისიც მიიტაცეს და ციხეც სათანადოდ გაამაგრეს. სვიმონ მეფემ დმანისის დაბრუნება მხოლოდ 1583 წელს შეძლო. როგორც ციხე-ქალაქი, იგი XVI საუკუნის ბოლომდე არსებობდა, შემდეგ კი მოოხრდა. დმანისში დარჩა მცირე მოსახლეობა, არსებობას განაგრძობდა საეპისკოპოსო კათედრა. მაგრამ ვერც მან გაძლო დიდხანს. ყოველ შემთხვევაში, XVIII საუკუნის შუა ხანებში იგი უკვე გაუქმებულია. XVIII საუკუნის I ნახევარში დმანისში ლეკები დათარეშობდნენ. მას არც ოსმალ-სპარსელთა რბევა მოჰკლებია. 40-იანი წლების ბოლოს დმანისი ორბელიანთა მთავარი რეზიდენცია და ციხე გახდა, რომელიც ორბელიანებს აღუდგენიათ.
საუკუნეების განმავლობაში რბევა-აოხრებამ გაანადგურა არა მარტო დმანისი, არამედ მთელი ქვემო ქართლი. 50-იანი წლების ბოლოს საბარათიანო და საორბელო დაიცალა მოსახლეობისაგან. იმ თითო-ოროლა კომლმაც, რომელიც მტრების ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა, შიდა ქართლსა და კახეთს შეაფარა თავი. მემატიანეთა სიტყვით "აღარსად დარჩა შენობა იმ მხარეს... იყო ცემა ლეკთაგან მარადის და აოხრება საქართველოსა შინა". ქალაქის შემოზღუდული ნაწილი ძირითადად ორ ნაწილად უნდა ყოფილიყო გაყოფილი: ერთი თვით ქალაქი იყო, მჭიდროდ დასახლებული, ხოლო მეორე - ციტადელი, ქალაქის მფლობელთა სამყოფელი.
პლატოზე მდებარე ქალაქს წყარო არ ჰქონდა. წყლით მისი მომარაგების საკითხი ქალაქის მშენებლებს ნაცადი ხერხით გადაუწყვეტიათ. ფერდობზე, მოხერხებულ ადგილას, კედელზე, მიყოლებით, გვირაბი მიუშენებიათ. ეს გვირაბი ისეთი ვრცელია, რომ იქ ადვილად შეეძლოთ სიარული ქალაქის მცხოვრებლებს. გვირაბი ჩადის მდინარე მაშავერაზე, რომლის წყალიც ყოველთვის სუფთა და ცივია.
იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):
- თანამედროვე დმანისს ქალაქის სტატუსი 1981 წელს მიენიჭა. 1921-1947 წლებში აქ სოფლის ტიპის დასახლება იყო და მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. მანამდე ქალაქი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დღევანდელი დმანისის სიონის ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამიტომ ხშირად დმანისის ნაქალაქარისა და თანამედროვე ქალაქის გაიგივება ხდება, რაც არამართებულია. თუმცა, თანამედროვე დმანისის ტერიტორიაზე გვხვდება შუა საუკუნეების ორი ნატაძრალი, რითაც დგინდება, რომ აქ გარკვეული სახის დასახლება ისტორიულად ძველთაგანვე არსებობდა.
ქალაქ დმანისში თავდაპირველად ტაძარი არ არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 1987-88 წლებში სვანეთის დამეწყრილი ზონიდან მოსახლეობა გადმოასახლეს, მათი ინიციატივით, ქალაქის გარეუბანში, წმინდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ტაძარი აშენდა. ტაძრის გარშემო მრევლი შემოიკრიბა. თუმცა მუდმივი მოძღვარი აქ არ მოღვაწეობდა. მას შემდეგ, რაც სინოდის განჩინებით, 2003 წელს, მეუფე ზენონი (იარაჯული) დმანისის ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა, ქალაქში მოძღვარი მუდმივად დამკვიდრდა. თავდაპირველად 2005-2008 წლებში მოღვაწეობდა ჩემი ძმა, დეკანოზი არჩილ გვიმრაძე, შემდეგ არქიმანდრიტი გრიგოლ ხიზანეიშვილი. სამწუხაროდ, მათ შემდეგში მოუხდათ ჩვენი ეპარქიის დატოვება და ამჟამად ორივენი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მსახურობენ.
წმინდა გიორგის ტაძარს მრევლი არასდროს მოჰკლებია, მაგრამ ტაძრის სიმცირემ და ქალაქის ცენტრიდან შორს მდებარეობამ ხელი შეუშალა მრევლის რიცხობრივ ზრდას. ამიტომ საჭირო გახდა ახალი ტაძრის აშენება. დმანისში, მღვდელმთავრის რეზიდენციის მახლობლად, მეუფე ზენონს სურდა ტაძრის აგება, მაგრამ ახალი ტაძრის აშენება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ადგილობრივ გამგეობასთან შეთანხმებით, შარშან, ძველი კულტურის სახლის ცალკე მდებარე დარბაზი გადმოგვეცა, რომელიც ტაძრად გადავაკეთეთ და სულთმოფენობის სახელზე ვაკურთხეთ. უნდა აღინიშნოს ამ ღვთის სათნო საქმეში "იმედის" კლინიკისა და მისი დამფუძნებლის, ბატონ დავით კობეშავიძის განსაკუთრებული თანადგომა. ასევე, დიდი მადლიერებით ვიხსენიებთ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ბაკურ მგელაძეს და გამგეობის თავმჯდომარეს ბატონ თენგიზ მიროტაძეს. დღეს უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ტაძრის გარედან მოპირკეთება მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ შენობა იმდენად მიესადაგა ტაძრის იერ-სახეს, რომ თითქოს საგანგებოდ თავიდანვე საამისოდ დააპროექტეს.
დმანისში ახალმა ტაძარმა დიდი სულიერი ფერისცვალება მოახდინა. მრევლი საგრძნობლად მომრავლდა. დმანისის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიურ ცხოვრებაში ჩაერთო, რაც ძალიან გასახარია.
თავად ქალაქი დმანისი ბოლო წლებში საკმაოდ კეთილმოეწყო. გვაქვს შესანიშნავი მუზეუმი. მართალია, საკმაოდ რთული რეგიონია, მაგრამ თავისი ისტორიული წარსულითა და ასეულობით ეკლესია-მონასტრით მომავალში უამრავ მნახველს მოიზიდავს, რაც დიდად შეუწყობს ხელს ამ რეგიონის განვითარებას.
დმანისი სასაზღვრო რეგიონია, თან ქართველები და მართლმადიდებლები უმცირესობაში ვართ. ამიტომაც, უდიდესი დატვირთვა აქვს ქალაქში ახალი ეკლესიის გახსნას. 80-იან წლებამდე აქ ქართველები დაახლოებით 10 პროცენტი იყო. დღეს უკვე თავად ქ. დმანისში 80-90 პროცენტი ქართველი ცხოვრობს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართული და, ამავე დროს, მართლმადიდებლური სული ძლიერდება. ამიტომ, ამ რეგიონში ახალი ტაძრის გახსნას ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა გააჩნია: რელიგიური და ეროვნული.
სურვილი გვაქვს, რომ მომავალში, ტაძრის სრულად კეთილმოწყობის შემდეგ ახლოს მდებარე შენობაც ტაძარს გადმოეცეს, სადაც სამრევლო და საკვირაო სკოლას გავხსნით, რითაც კიდევ უფრო აღორძინდება სულიერება და კულტურა. სასიხარულოა, რომ მთელი ეპარქიის მასშტაბით მგალობელთა უკვე სამი გუნდი გვყავს. ეს სიახლეა ჩვენს რეგიონში.
მართლაც, დმანისში მიგრაცია ნამდვილად თვალშისაცემია. ქვემო ქართლში არსად არის უმაღლესი სასწავლებელი და ახალგაზრდები მასიურად დედაქალაქში მიდიან. როცა ახალგაზრდა გარკვეულწილად სულიერ საფუძვლებში გაერკვევა, სწორედ მაშინ უწევთ დედაქალაქში სწავლის გაგრძელება, რაც დიდი დანაკლისია ჩვენი მხარისთვის, თუმცა უმთავრესია, რომ მათ შეინარჩუნ სულიერი ცხოვრებისკენ სწრაფვა.
ეპარქიაში სასულიერო პირები მომრავლდნენ. ოთხი სასულიერო პირი ვართ. სამი მოძღვარი: მღვდელომონაზონი ხარიტონი, მღვდელი გუარამი და მე. გვყავს დიაკვანი, მამა გიორგი (ანდიაშვილი), რომელიც ადგილობრივი მკვიდრია. ახლო მომავალში მღვდლად დაესხმება ხელი. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რადგან დმანისის ახალაღდგენილ ეპარქიას ადგილობრივი ღვთისმსახური აქამდე ჯერ არ ჰყოლია. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ მასზე. სასიხარულოა ასევე ის, რომ რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა უკვე სწავლობს სასულიერო სემინარიაში და მომავალში იმედი გვაქვს, რომ ისინიც ღვთისმსახურების გზას შეუდგებიან და ჩვენი ეპარქიის აღორძინებაში დიდ როლს შეასრულებენ. ღვთის წყალობით, მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევითა და მისი წინამძღოლობით იმედის თვალით შევყურებთ მომავალს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში