დიდგორის მთიდან შესანიშნავად ჩანს მტკვრის ხეობა, შიდა და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი, ლამაზადაა გადაშლილი გარე კახეთის სოფლები, თბილისი, არაგვის ხეობა. ამბობენ, აქედან გორიც მოჩანსო.
დიდგორის წმინდა გიორგი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია. ეკლესია ზღვის დონიდან 1275 მ სიმაღლეზეა. დიდგორის წმინდა გიორგის გარშემო ხეობასა და მხარეებში "დიდი სახელი" ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც უძლიერეს სალოცავს. შემთხვევით არ იყო ის, რომ ეკლესიას შეწირული ჰქონდა ის უზარმაზარი ზარი, რომელიც სიონის ეკლესიის ზარზე დიდი იყო და მისი ხმა ხეობის სოფლებს ეფინებოდა. გადმოცემით, ეს ზარი შემდგომში ზედაზნელ ბერებს წაუღიათ ურმით. ეკლესიის გარშემო ნაგებობათა დიდი კომპლექსი მიწას დაუფარავს. მახლობლად, ბექობზე მდგარა სამრეკლო, იქვე ახლოს - ქვის სვეტი, რომლის მხოლოდ კვარცხლბეკია შემორჩენილი.
1989 წელს დიდგორის წმინდა გიორგის გარშემო დიღმის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგად გამოირკვა, რომ ეკლესია ორნავიანი ყოფილა და ახლანდელ ეკლესიაზე მოზრდილიც. ეკლესია ნაგებია კლდის ქვით, გამოყენებულია დიდი ზომის ფილებიც, ეკლესია კრამიტით ყოფილა გადახურული. ექსპედიციამ პირველ ნავში აღმოაჩინა ქვის მონოლითის სანათლავი, რომელშიც სხვადასხვა შეწირული ნივთები იყო მოთავსებული.
მაღალაშვილები საეკლესიო პირნი, "მამამთავრები" იყვნენ და როგორც ზემოთ მოტანილი 1665 წლის სიგელიდან შევიტყვეთ, თელოვანის მკვიდრნი ყოფილან.
თელოვანში, ბორცვის კალთაზე, დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ეკლესიის მახლობლად საფლავებია. ეს ადგილი მაღალაშვილების საძვალეა, აქ დღემდე შემორჩენილია მათი წინაპრების საფლავის ქვები. მეცნიერთა ვარაუდით, ეკლესია XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული.
კავთის წმინდა გიორგის ტაძრის მრევლი ბატონი დავით კალმახელიძე:
- დიღომში, სოფლის ბოლოს, კავთის წმინდა გიორგის ეკლესიის ახლოს, მდინარის პირას, მე და ჩემმა ბიძაშვილმა ოთხი სააგარაკე სახლის აშენება დავიწყეთ. მშენებლობის დროს გვიწევდა ეკლესიის გზაზე გავლა. მაშინ ეკლესია თავმოხდილი იყო, არ ჰქონდა ღობე, ეზო ნაგავსაყრელად ჰქონდათ ქცეული. უხერხულად ვგრძნობდით თავს, ტაძრის გვერდით სახლს ვაშენებდით და ტაძარი უპატრონოდ იყო.Gგადავწყვიტე ტაძრის აშენება. დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა ეკლესიის აღსადგენად.
ჩემი ოჯახი ეკლესიურია: ჩემი მშობლები, და, შვილები, შვილიშვილები ეკლესიურად ცხოვრობენ. ჩემი მოძღვარია მამა შიო მენაბდე.
ამ ტაძრის დამთავრების შემდეგ ონის რაიონის სოფელ ჟაშხვაში ავაშენეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
- კავთის წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენაში ვინ დაგეხმარათ?
- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ღვთის შეწევნით, უბნის მცხოვრებლების დახმარებით შევძელით უფლის სახლის აღდგენა. არქიტექტორია არჩილ მინდიაშვილი. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი მამა შიო მენაბდე. უაღრესად კეთილი, განათლებული მოძღვარი გვყავს. მამა შიოს ქადაგება ერთგვარი სკოლაა. ტაძარში სიმშვიდეს ვგრძნობ, უდიდესი მადლი სუფევს, მრევლში ურთიერთსიყვარული იგრძნობა. ტაძრის აღდგენის შემდეგ, მამა შიოს ძალისხმევით, დიდმა და პატარამ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ხალხი შემობრუნდა ეკლესიისკენ. თუკი ვინმე ჩვენი მრევლიდან შეუძლოდ ხდება, თუკი ვინმე დასარიგებელია, მოძღვარი დაუზარებლად მიდის მათთან სახლში, დაარიგებს, დაამშვიდებს და გვერდით დაუდგება.
მარიამ ახვლედიანი:
- 12 წელია, კავთის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლი ვარ და მადლობა უფალს ამისთვის. მანამდე თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დავდიოდი, სადაც მუდამ ხალხმრავლობა იყო, მე კი მყუდრო ადგილს ვეძებდი... ჩემი მეგობრები დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის მრევლი არიან და ხშირად მათ დავყვებოდი ტაძარში. მათგან ვიცოდი, რომ კავთაში იყო ახალგახსნილი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მეტი სიმყუდროვე იყო. გიორგობისთვე იდგა, წმინდა გიორგის დღესასწაული ახლოვდებოდა და გადავწყვიტეთ, იმ ეკლესიაში დავსწრებოდით წირვას. შემოვედი თუ არა ტაძრის ეზოში, გავოგნდი - ქალაქის ახლოს ასეთ ადგილს არ ველოდებოდი. იმ დღიდან შაბათ-კვირას გული აქეთ მომიწევდა, ჩემთვის აღარ არსებობდა არანაირი დაბრკოლება, ტაძარში, სადაც მანამდე დავდიოდი ასეთი მონდომებული და თუ შეიძლება ითქვას, ასეთი გულანთებული არ ვყოფილვარ. მოძღვრისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა და გადმოვედი დიღმის კავთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა უფალს, რომ დღეს ამ ეკლესიის მრევლი და მამა შიოს სულიერი შვილი ვარ, თუმცა რამდენად ვამართლებ მის "სულიერ შვილობას", ვერ გეტყვით... მას შემდეგ, რაც აქ სიარული დავიწყე, თუ არა ავადმყოფობა, არცერთი შაბათ-კვირა, დღესასწაული არ გამიცდენია. ამ ტაძარში ჩემი "სულიერი სახლი" ვიპოვე, სადაც ყველაზე მეტად მიხარია ყოფნა და საიდანაც წასვლა არ მინდა. მოძღვარმა თავისი ცხოვრების წესით და მოძღვრებით დამანახა, რა არის უანგაროდ სიკეთის კეთება, თავმდაბლობა. სიმკაცრეც კი სიყვარულით და სითბოთი აქვს გაჯერებული.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, და მამა შიოს წინამძღოლობით დიღმის ზემოთ აღდგა ქობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამჟამად მიმდინარეობს დიდგორზე ღვთისმშობლის შობის ტაძრის აღდგენა. ორივე ტაძრის აღდგენაში ადგილობრივი მოსახლობა და მრევლი აქტიურობს. მამა შიოს უყვარს სოფელი და სოფელიც ძალიან აფასებს მას.
ანა გენებაშვილი:
- მეუღლის გარდაცვალების მერე, უკვე ათი წელია, კავთის წმინდა გიორგი ეკლესიის აქტიური მრევლი ვარ. თავიდან თუ ტაძარში ოთხი-ხუთი კაცი იდგა, ახლა ტაძარში ტევა აღარ არის. მამა შიოს შრომით, ლოცვით და კურთხევით ძალიან ბევრი მოექცა ღვთისკენ. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ქალაქიდანაც ძალიან ბევრი დადის ტაძარში.
მარჯვნივ ბერი გობრონი, რომელიც ბეთანიაში მამებთან ერთად მსახურობდა
მესანთლე მანანა (ანთია) ბარაჩაშვილი-შოშიტაშვილი:
- ტაძრის აღდგენა 1998 წელს დაიწყო. ჩემი მეუღლის თაოსნობით ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მუშაობა. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ტაძრის მშენებლობაში. ტრაპეზს ვამზადებდი ბატონი დავით კალმახელიძის შემწეობით. 1999 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა პირველი მწუხრი, 23 ნოემბერს, გიორგობას კი პირველი წირვა. ტაძრის გახსნის დღიდან მესანთლე ვარ. ჩვენს მრევლში ერთობა და ძალიან დიდი სიყვარულია. სოფელიც თბილია და აქაურებიც. მოძღვარიც ასეთი გვყავს.
ჩემი მეუღლის პაპა იყო მორჩილი აბრაამი, ბერი გობრონი. ის ბეთანიაში იყო ბეთანიელ მამებთან ერთად.
ქალბატონი მარიამ ვაწაძე: - ოთხი წელია, ამ ტაძარში დავდივარ. ყოველთვის მინდოდა ტაძარში მევლო, მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს. მერე ძალიან დიდი განსაცდელი შემხვდა. ოთხი დღე და ღამე უფალს თვალმოუხუჭავად ტირილით ვევედრებოდი, - ღმერთო, ოღონდ ეს განსაცდელი გადამატანინე მშვიდობით და მოვალ ტაძარში და სხვანაირი გავხდები-მეთქი. უფალმა ჩემი ვედრება შეისმინა და ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი ტაძარში. ვფიქრობდი, ვისთან მოვხვდებოდი. ჩემი მეგობრის დახმარებით სოფელ დიღმის კავთის წმინდა გიორგის ტაძარში მოვედი. კვირას დავესწარი მსახურებას. პირველად არ ვიცოდი, სად დავმდგარიყავი ტაძარში და როგორ მოვქცეულიყავი. დავდექი და ოთხი საათი იცით, როგორ ვიდექი...
მინდა ყველას ვთხოვო, ვიდრე განსაცდელი შეხვდებათ, ტაძარში, მოძღვართან მივიდნენ და დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება. აღსარების მერე მეგონა, თავიდან დავიბადე, დიდი შვება და სიხარული განვიცადე. მალე მამა შიოს კურთხევით ტაძარში მგალობლად დავდექი, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთ მოძღვართან მოვხვდი. მამა შიოს ყველას გასაჭირი მიაქვს გულთან და ყველას გვრდით უდგას. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი კარგი მოძღვარი გვყავს.
ყველას გთხოვთ, იარეთ ტაძარში, თქვით აღსარება და დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება, ეს დაგეხმარებათ საკუთარი და სხვისი სულიერი პრობლემების მოგვარებაში.