- ქალბატონო ნინელი, როგორ ჩაისახა თქვენში რწმენა?
- ხშირად გვსმენია, ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიაში არ დავდივარო. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მეც ასე გავატარე, თუმცა ბავშვობიდანვე მწამდა, რომ არსებობდა უდიდესი ძალა, რომელიც ჭირსა თუ ლხინში ჩემთან იყო.
პატარაობისას ასეთი ამბავი გადამხდა: ჩემს ბავშვობაში, გვინდოდა თუ არა, უკლებლივ ყველას გვიღებდნენ პიონერებში და წითელი ყელსახვევით სიარულს გვთხოვდნენ. ჩემი ოჯახი ძველ თბილისში ცხოვრობდა. 39-ე სკოლაში ვსწავლობდი და დიდი გზა მქონდა ფეხით გასავლელი. ერთ დღეს სკოლაში მივდიოდი. უცებ შევამჩნიე, რომ ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და პირჯვრის წერა დავიწყე. კარგად არ მახსოვს, რატომ, - ალბათ, რომელიმე საგანი კარგად არ მქონდა მომზადებული (ფრიადოსანი ვიყავი და სწავლას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი) და უფალს შველას ვთხოვდი. მოულოდნელად სიცილი მომესმა. ავიხედე. პატარა გოგონა დედამისს ჩემზე ანიშნებდა და ეუბნებოდა: ,,პასმატრი, მამა, პიანერ კრესწიტსია"...
მაშინ რწმენაზე საუბარს და ტაძარში სიარულს ყველა ერიდებოდა. ბებია რომ არა, ალბათ, მეც დიდხანს დავრჩებოდი მოუნათლავი. მამაჩემი ისეთ თანამდებობებზე მუშაობდა, ეკლესიასთან გავლისაც კი ეშინოდა. ბებია მორწმუნე იყო. კერავდა და უამრავი კლიენტურა ჰყავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ კვირა დღეს, ვისაც არ უნდა ეთხოვა, ნემსსა და ძაფს ხელს არ მოჰკიდებდა. კვირა ეკლესიის დღე გახლდათ. ხშირად შვილიშვილებიც დავყავდით ტაძარში. დღესასწაულებს ყოველთვის ძველი სტილით აღვნიშნავდით. შობას 7 იანვარს ვზეიმობდით, ახალ წელს - 14 იანვარს, ნინოობას - 27 იანვარს. ბებიას ნინო ერქვა. მე მისი სეხნია გახლავართ - ჩემი ნათლობის სახელიც ნინოა.
მე თვითონ გვიან დავიწყე ეკლესიურად ცხოვრება. უკვე ოჯახიც მქონდა. მე და ჩემმა მეუღლემ, როცა დავქორწინდით, ჯვარი დავიწერეთ. მაშინ ასეთი რამ იშვიათობა იყო და ბევრს გაუკვირდა ჩვენი საქციელი, მეტიჩრობად ჩაგვითვალეს.
- ეკლესიაში რაიმე განსაკუთრებულმა შემთხვევამ მიგიყვანათ?
- შინაგანად ყოველთვის მქონდა ამის სურვილი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. შეიძლება, იმან, რომ დიდხანს არ მყავდა შვილი, შეიძლება, იმანაც, რომ ვმეგობრობდი რეჟისორ ოთარ ლითანიშვილის (დიდი ოთარ ლითანიშვილის ვაჟის) ოჯახთან, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობდა, ან იმან, რომ ჩემი მეგობარი ნინო სუხიშვილი ბავშობიდანვე მორწმუნე იყო და მუდამ კეთილი შურით მშურდა მისი. ის, რომ მსახიობი ვიყავი, დიდხანს მაბრკოლებდა. გამეგონა, რომ ამ პროფესიის ხალხს არ აზიარებდნენ და მეშინოდა, ან არ მიმიღებენ, ან მსახიობობაზე უარის თქმას მომთხოვენ-მეთქი, მაგრამ თურმე ადამიანმა ნებისმიერ შეკითხვაზე თვითონვე უნდა მოიძიოს პასუხი, რადგან არავინ იცის, რას დაუშვებს უფალი მასზე. ახლა უკვე ღრმად მწამს, რომ როცა რაიმე ძალიან გინდა, ვერავითარი დაბრკოლება ხელს ვერ შეგიშლის.
მოძღვართან პირველად სწორედ ლითანიშვილების წყალობით მივედი. როცა ჩემი პროფესია გაიგო, ამიხსნა, თუ როგორ უყურებს მსახიობობას ეკლესია, რაოდენ ძნელია ამ პროფესიისა და ეკლესიური ცხოვრების შეთავსება, მაგრამ არ დამაბრკოლა და რამდენიმე ხნის შემდეგ ზიარების უფლება მომცა. მაშინ მისი სიტყვები მკაცრი მეჩვენა, მაგრამ მერე და მერე თავადაც მივხვდი, რაოდენ რთულია ეს და რამხელა ძალისხმევაა საჭირო, ეს ორი რამ რომ შეათავსო. თუმცა, ვიმეორებ, შეუძლებელი არაფერია.
- მსახიობობა ხელს ხომ არ გიშლით ეკლესიურ ცხოვრებაში?
- დღეს ხელს არაფერი მიშლის საკუთარი სისუსტეების გარდა. გეტყვით, რა მიქმნის ყველაზე დიდ სირთულეს, თუმცა, უნდა ვაღიარო, ეს თავის მართლება უფრო იქნება: შაბათი და კვირა ჩემი აქტიური სამუშაო დღეა (ჩვენ, მსახიობები, ორშაბათობით ვისვენებთ), ამიტომ ხშირად შაბათ საღამოს ლოცვას ვერ ვესწრები და ამის გამო ვერც კვირაობით ვეზიარები. რასაკვირველია, არის ისეთი დღეებიც, როცა სპექტაკლი არ მაქვს, მაგრამ მაშინ სხვა მიზეზი გამომიჩნდება ხოლმე... თეატრში სიცხიანსაც, ფეხმოტეხილსაც კი მითამაშია, ხოლო როცა საქმე ეკლესიაში წასვლას ეხება და ცუდი ამინდია, ვფიქრობ, გარეთ რომ გავიდე, ვაითუ გავცივდე-მეთქი... მიზეზს რა დალევს... ზოგჯერ საშინელი სევდა შემიპყრობს, ასეთი უმადურები რომ ვართ.
- ხომ არ გქონიათ ისეთი პერიოდი, როცა რაიმე მიზეზით ეკლესიას დაშორდით, მოგვიანებით კი მიხვდით, რამდენს ნიშნავდა იგი თქვენთვის?
- იყო დრო, როცა ეჭვებმა შემიპყრო, მაგრამ უფალს სულიერი დაღუპვისთვის არ ვემეტებით და სურს, ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებაში დაგვეხმაროს, ამიტომაც ასეთ დროს განსაცდელს მოგვივლენს, რათა მოვინანიოთ და უფრო ძლიერნი დავუბრუნდეთ ეკლესიას. მეც ყოველ განსაცდელს საჩუქარივით ვიღებ. იმას კი არ ვფიქრობ, უფალმა დამსაჯა-მეთქი, არამედ იმას, რომ ეს ჩემს სულს სჭირდება.
- რწმენის გამო რამის დათმობა თუ გიხდებათ?
- რაღაცებზე მართლაც მიხდება უარის თქმა. ყველაფერს მართლმადიდებლობის კუთხით ვუყურებ და ვითვალისწინებ, რისი უფლება მაქვს და რისი - არა.
ჩემს ცხოვრებაში ისეთი ეტაპიც იყო, როცა ერთდროულად ეკლესიასა და თეატრში ყოფნას ვეღარ ვუძლებდი და გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მოძღვარმა, რომელიც პირველი შეხვედრისას სწორედ ამას მირჩევდა, ამიკრძალა - სხვა საქმე, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას მოვახდენდი, არ მქონდა, ამიტომ ოდესმე შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ეკლესიამ საყვარელი პროფესია წამართვა.
- ბატონი მიხეილ თუმანიშვილი თუ იყო მორწმუნე?
- მორწმუნე გახლდათ, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა. ბიბლია მისთვის მართლაც სამაგიდო წიგნი იყო. კითხულობდა და ცდილობდა, ამგვარადვე ეცხოვრა. ბევრი რამ თეატრშიც გადმოიტანა. გვასწავლიდა, რომ მსახიობი სცენიდან წმინდა გულით უნდა ესაუბრებოდეს მაყურებელს სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, რომ უღირს ადამიანებს არა აქვთ უფლება, ამაღლებული ადგილიდან მიმართონ ხალხს. ჩვენი თეატრი ბატონი მიშას ტრადიციებს განაგრძობს და ჩვენ, მის მოსწავლეებს, გვინდა, ხალხს მხოლოდ სიყვარული ვუქადაგოთ, ვუქადაგოთ, რომ სიკეთე საბოლოოდ უსათუოდ დაამარცხებს ბოროტებას.
- თქვენ სტუდენტებთანაც გაქვთ ურთიერთობა...
- ჩემი თაობის ახალგაზრდობა ეკლესიურად არ ცხოვრობდა და ამაში ჩვენს მშობლებსაც მიუძღვოდათ ბრალი. მათაც, როგორც რეზო გაბრიაძე ამბობს ერთ-ერთ სპექტაკლში, "შაბათი და კვირა მოეშალათ და ყველაფერი აერიათ". ამიტომ ჩემს თაობას ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდა. ჩვენი შვილები კი, - და, ალბათ, ეს ჩვენი დამსახურებაცაა, - უფრო განსწავლულები არინ ამ საკითხში, უფრო ქრისტიანულად ცხოვრობენ. ძალიან მიხარია, რომ ეკლესიებში მეტწილად ახალგაზრდა მრევლია.
- როგორ ფიქრობთ, რელიგია სკოლაში უნდა ისწავლებოდეს თუ მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ შვილებს უფლის რწმენა? ეგებ სრულებით არ უნდა ვესაუბროთ ამის შესახებ და მათვე მივცეთ არჩევანის საშუალება?
- მე თუ მკითხავთ, შეუძლებელია, მომავალი თაობა მხოლოდ სიტყვით გაზარდო. ბავშვი პირადი მაგალითით იზრდება. თუ ხედავს, რომ მშობლები ლოცულობენ, სანთელს ანთებენ, ტაძარში დადიან და, ბუნებრივია, ისიც დაჰყავთ, ეზიარებიან და მასაც აზიარებენ, ეს მისი ცხოვრების წესადაც იქცევა. ზოგი მიიჩნევს, რომ ბავშვი არ უნდა მოვნათლოთ - რომ გაიზრდება, თვითონვე გადაწყვიტოს, სურს თუ არა ესო. მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან ნათლობისას ადამიანზე უდიდესი მადლი გადმოდის. რაც უფრო ადრე აღსრულდება ეს საიდუმლო, მით უფრო მყარი იქნება ბავშვის სული და მით მეტად იქნება მიდრეკილი იმ სიკეთისკენ, რისკენაც მარლთმადიდებელი უნდა ისწრაფვოდეს. არ მესმის, რატომ უნდა მოვაკლოთ ბავშვებს ზიარების უდიდესი მადლი. თუ მშობლები შვილს ყოველივე ამას აზიარებენ, ეჭვი მეპარება, რომ დიდობაში მან ამ რწმენას ხელი ჰკრას. რასაკვირველია, თუ ეკლესიურ ცხოვრებას არასწორად მივაწვდით ბავშვს, შეიძლება საპირისპირო შედეგიც მივიღოთ. ჩემს მოძღვარს ხშირად უთქვამს, რომ თუ პატარა ჭირვეულობს, არ უნდა დავაძალოთ ტაძარში წასვლა, რათა ეკლესიაში სიარული უსიამოვნო განცდებთან არ გააიგივოს, მაგრამ ეს მხოლოდ 2-3 წლის ბავშვებს ეხება. 7-8 წლისა პატარა აღარ არის. თუ მშვიდად აუხსნი ყოველივეს, აუცილებლად მიხვდება და უკვე შეგნებულად წამოგყვება ტაძარში.
- რასაკვირველია, ეკლესიაში თქვენი ქალიშვილიც დაგყავთ.
- ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მრევლის წევრია. ამ ტაძართან ახლოს ვცხოვრობ, ამიტომ ორსულობისას იქ დავდიოდი და ხშირად ვეზიარებოდი.
მრცხვენია, როცა ვამბობ, ეკლესიური ვარ-მეთქი, რადგან ბევრ ისეთ რამეს, რაც მართლმადიდებლისთვის აუცილებელია, ვერ ვახერხებ, თუმცა კი დიდი სურვილი მაქვს. მინდა, მთელმა ჩემმა ოჯახმა, განსაკუთრებით - შვილმა, ეკლესიურად იცხოვროს. როცა ვერ ვეზიარები, ვცდილობ, ანა მაინც ვაზიარო. თუ ყოველკვირა არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც. თვითონაც ძალიან მეხმარება. ამას წინათ შევპირდი, ეკლესიაში წაგიყვან, გაზიარებ-მეთქი, მაგრამ ქარიანი, ცივი დღე გათენდა, საღამოს კი რთული როლი მქონდა სათამაშო. შევყოყმანდი, მოვეშვი. ანამ შემატყო, რომ თავს ვიკავებდი და მარტო წავალო, მთხოვა. შემრცხვა... უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი ჩემი გოგონასი, რომ გამომაფხიზლა.
- ანა ვის პატივსაცემად დაარქვით?
- რაკი ოჯახში მარიამი და ნინო უკვე გვყავდა, გადავწყვიტეთ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედის სახელი დაგვერქმია.
- თქვენ და თქვენს მეუღლეს, ზაზა მიქაშავიძეს, არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვთ, თუმცა პრობლემები ალბათ თქვენც გქონიათ. მით უმეტეს, ამდენ ხანს არ გყავდათ შვილი, ბავშვი კი ოჯახის სიმტკიცის საწინდარია...
- ალბათ, ესეც უფლის ნება იყო. უშვილობა მართლაც ხშირად ანგრევს ოჯახებს, ჩვენ კი ამ განსაცდელმა, ამ ტკივილმა კიდევ უფრო შეგვაკავშირა. მერე კი ანკას დაბადებამ, ამ უდიდესმა ბედნიერებამ, ახალი მუხტით აგვავსო და გაგვაძლიერა.
მიუხედავად იმისა, რომ მე და ზაზა ერთმანეთისგან სრულიად განვსხვავდებით, უკვე ოცდახუთი წელია, ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ზოგჯერ, ცხადია, ვკამათობთ, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ.
- თქვენი მეუღლე თუა მორწმუნე?
- ზაზა მონათლულია და ნათლულებიც ჰყავს, ტაძარში დადის და სანთლებსაც ანთებს, მაგრამ აღსარება არასოდეს უთქვამს და არც ზიარება მიუღია.
- ზოგი მიიჩნევს, რომ თუ შემწყნარებლობას გამოვიჩენთ, დავივიწყებთ წყენას და დავას შევწყვეტთ, ამით მოწინააღმდეგეს დავამცირებთ და საკუთარ თავს მასზე მაღლა დავაყენებთ.
- შემწყნარებლობა აუცილებელია. ადამიანმა უნდა იპოვოს ძალა, რომ საკუთარ გრძნობებზე (და არა მეორე ადამიანზე) მაღლა დადგეს. როცა ადამიანს რამეს ვპატიობ, არასდროს მივიჩნევ, რომ მასზე უკეთესი ვარ რამით. უბრალოდ, რაკი მან ეს ვერ შეძლო, მე ვდგამ პირველ ნაბიჯს და იმედი მაქვს, ისიც ასევე მოიქცევა. თუ ახლა არა, სხვა დროს მაინც.
- ზოგი ეკლესიაში სიარულს მოდად მიიჩნევს...
- იყოს მოდა და იმრავლოს მრევლმა! ფარისევლის ჭეშმარიტი მორწმუნისგან გარჩევა ჩვენი საქმე არ არის, უფალი ამას თვითონვე გააკეთებს. მერწმუნეთ, მოდას აყოლილი ადამიანი დიდხანს ვერ გაუძლებს ეკლესიაში სიარულს და თუ შეძლებს, დაე, იაროს. კარგად არ მახსოვს, ვისი ნათქვამია: როცა არ გაქვს რწმენა, მოიქეცი ისე, თითქოს გქონდეს, ეგებ ოდესმე ღმერთმა დაგაჯილდოვოს ამისთვის; როცა არ გაქვს სიყვარული გულში, მოიქეცი ისე, თითქოს გქონდეს, ეგებ ოდესმე ამის გამო საზღაური მოგაგოს უფალმაო. ასე რომ, თუ ხალხი დღეს მოდის გამო დადის ტაძარში, იქნებ ოდესმე ჭეშმარიტი რწმენაც გაუჩნდეთ.
- რაც ეკლესიური გახდით, რა შეიცვალა ადამიანებისადმი თქვენს დამოკიდებულებაში?
- ბუნებრივია, ახლა სხვა ფასეულობებით ვხელმძღვანელობ. სხვაგვარად შეუძლებელიცაა - თუ ეკლესიური ხარ და ეს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩანს, ფარისეველი ყოფილხარ. მათ, ვინც ეკლესიურად ცხოვრებას ვცდილობთ, გარშემომყოფნი უფრო კრიტიკული თვალით გვიყურებენ და ხშირად გვსაყვედურობენ - ეს არის თქვენი ეკლესიურობაო? ეს ძალიან მწარედ გვხვდება გულზე, მაგრამ სიმართლის მარცვალი ამაში, ალბათ, დევს. თუ ვერ შევძლებთ, ყოველდღიურობაში, ჩვენს ახლობელზე, მოყვასზე გადმოვიტანოთ ეკლესიაში მიღებული მადლი და არც კი მოვინანიებთ ამას, ე.ი. რწმენას ვერაფერი მოუცია ჩვენთვის. თუ პატიება ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე, წყენაზე მაღლა დავმდგარიყავი, იმიტომ კი არა, რომ სხვაზე უკეთესი მგონია თავი; უბრალოდ, დამნაშავეს უწინარესად საკუთარ თავში ვეძებ; თუკი საყვედური მივიღე, ე.ი. რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. მაშ, გამოდის, რომ ეკლესიაში ვერაფერი მისწავლია. თუ არ გვესმის, რომ ყოფა არ არის მთავარი, რომ ეს ყველაფერი ამაოებაა ამაოებათა, დროს ფუჭად ვკარგავთ. ბევრ ერისკაცს ვიცნობ, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ შეიძლება, ჭეშმარიტმა მორწმუნემ ერში იცხოვროს და ეს ყველაფერი ყოველდღიურ ყოფაში დანერგოს.
- ახალ წელს როგორ ხვდებით?
- მე ამ დღეს ვმარხულობ და მხოლოდ სამარხვო კერძებს ვამზადებ, მაგრამ რაკი ჩემი შვილი და მეუღლე მარხვას არ იცავენ, შემწვარ-მოხრაკულების გაკეთებაში დედა და დედამთილი მეხმარებიან. ახალ წელს ორჯერ ვხვდებით - პირველშიც და თოთხმეტშიც, შობას კი, რასაკვირველია, მხოლოდ 7 იანვარს აღვნიშნავთ.
- რამეზე თუ ოცნებობთ?
- ადრე უსაშველოდ მეოცნებე ვიყავი. რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, უფრო ზომიერი და მშვიდი გავხდი, თუმცა ოცნება ისევ მიყვარს. ყოფითი საგნებიდან საკუთარ სახლზე ვოცნებობ და იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით, ეს ნატვრა ოდესმე ამიხდება.
- საშობაოდ რას უსურვებდით ქართველობას?
- სამწუხაროდ, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ სხვა რა ვთქვა - გარშემო არაფერი იცვლება. ვუსურვებ, იმედი არ დაეკარგოს და სასო არ წარეკვეთოს. რასაკვირველია, დიდ სიყვარულსაც ვუსურვებ ყველას. დღეს ეს ადვილი არ არის, მაგრამ სიყვარული ყველგან ხარობს. მას იმხელა ძალა აქვს, ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ გარემოში ღრმად გაიდგამს ფესვს. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.
ნინო ჩარგეიშვილი