- ბატონო გიორგი, გახსოვთ, როდის და როგორ გაგიღვივდათ რწმენა?
- ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული ღვთაებრივი ნაპერწკალი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ ეპოქაში დავიბადე და ჩამოვყალიბდი, - მაშინ კი ეკლესია ხუროთმოძღვრების ნიმუშად უფრო აღიქმებოდა, ვიდრე სარწმუნოების სიმბოლოდ, - უფლის მიმართ შინაგანი ლტოლვა მუდამ მქონდა. თუმცა ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩეოდით, ღვთის შიში და სიყვარული მუდამ სუფევდა ჩვენს ოჯახში. ბებია ყოველ დილა-საღამოს კითხულობდა ლოცვანს. ვხედავდი ამას და ნელ-ნელა ეს ყოველივე ჩემი ხდებოდა. ეს გახლდათ რწმენასთან ჩემი პირველი შეხება. მერე თანდათან, როდესაც ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისგან, ეკლესიაში სიარულის მოთხოვნილება უამრავ ადამიანს გაუჩნდა. რასაკვირველია, მეც დავიწყე ტაძარში სიარული. შემდეგ დავინტერესდი არა მარტო საეკლესიო ცხოვრებითა და ლიტურგიით, არამედ თეოლოგიის არსითა და აზრით. დავიწყე ფიქრი იმაზე, სად გამეგრძელებინა სწავლა. ჩემდა ბედად, 1992 წელს უნივერსიტეტში პირველად გაიხსნა ფილოსოფიის ფაკულტეტზე თეოლოგიის განყოფილება და მეც იქ ჩავაბარე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. გვასწავლიდნენ ძალიან ძლიერი მოძღვრები და ლექტორები. ვცდილობდი, ყველაფერი, რაც რწმენას ეხებოდა, სიღრმისეულად გამეგო; ერთხანს გალობასაც ვსწავლობდი, მაგრამ ჩემი მუსიკალური სმენა არ იძლეოდა წარმატებების მიღწევის საშუალებას. ასე რომ, ჩემში რწმენა შემოვიდა არა როგორც ლოგიკის ზევით არსებული შემეცნების სამყარო, არამედ იმისადმი ინტერესი, თუ სად არის მისი საფუძვლები და რა დევს იმ დაფარულის მიღმა. როცა მიხვდები, რომ იმის იქით მარტო რწმენაა, მთავრდება ცნობიერი შემეცნება და უნდა ელოდო, მისტიკური ზიარებით მიიღო რაღაც ინფორმაცია. აქედან მოყოლებული, ეკლესიურობა გახდა ჩემი ცხოვრების წესი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ თვალსაზრისით სამაგალითო ვარ. იყო დრო, როცა გაცილებით სიღრმისეულად ვუდგებოდი ამ საკითხს და ეკლესიას ყოველდღიურ ყოფაშიც მეტ დროს ვუთმობდი. გარკვეულ ხანს მონასტერშიც ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემმა ყოველდღიურმა საქმიანობამ, ტელეჟურნალისტობამ, ძალიან შემიზღუდა თავისუფალი დრო. ზოგჯერ შვილის ნახვის საშუალება რომ მეძლევა, თავს ბედნიერად მივიჩნევ. ერთხანს სერიოზულად ვფიქრობდი მონასტერში წასვლაზე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ერში ცხოვრებით შეიძლება გაცილებით მეტი სასარგებლო საქმე გავაკათო, ვიდრე ბერობაში.
- მაგრამ მრევლის წევრად რჩებით...
- რასაკვირველია, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, სამაგალითო ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩევი. ჩემს მოძღვარს, მამა ზურაბს (ანთაძეს), რომ ჰკითხოთ, შეიძლება არც კი ჩამთვალოს თავისი მრევლის წევრად, რადგან ყოველკვირა ვერ მხედავს ტაძარში. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი უდროობის ბრალია. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვაწესრიგებ ამ საკითხს.
- ბრძანეთ, რომ მონასტერში ცხოვრობდით. გვიამბეთ ამის შესახებ.
- მე და ჩემი კურსელები 90-იან წლებში წავედით ბეთანიის მონასტერში. მაშინ იქ მამა ლაზარე იყო არქიმანდრიტი. რასაკვირველია, ბერ-მონაზვნების მაგვარ ჭაპანს ვერ ვეწეოდით, მაგრამ დაახლოებით ერთი თვე ვეცნობოდით მონასტრულ ცხოვრებას ანუ იმ სამყაროს, რომელზეც დგას მთელი მართლმადიდებლური რელიგია. ვსწავლობდით და ვაკვირდებოდით იმ სულიერ მდგომარეობას, რომელიც განაპირობებს ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს გარდატეხას და მონასტერში წასვლას.
- ხომ არ გაგიჭირდათ მონასტრული წესებით ცხოვრება?
- პირიქით, ძალიან გაგვიძნელდა იქიდან წამოსვლა, რადგან ამ ერთ თვეში შევესისხლხორცეთ ბეთანიის მონასტერს. იქ მარტში, მარხვის პერიოდში, ვცხოვრობდით. მახსოვს, დიდი თოვლი იდო, ირგვლივ ენით აუწერელი სიმშვიდე სუფევდა... ძალიან ბედნიერად ვგრძნობდით თავს. იქიდან რომ წამოვედით, კარგა ხანს ეგზისტენციალურ ვაკუუმში ვიყავით, გაგვიჭირდა საერო ცხოვრებაში დაბრუნება, რადგან ვგრძნობდით, თუ როგორ მარტივია მონასტერში ცხოვრება, რომ მთავარი სიბრძნე სწორედ იქაა.
- თქვენი მშობლები ეკლესიურები არიან?
- მამა 1991 წელს, ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. ათეისტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც ეკლესიური ცხოვრებით გამოირჩეოდა. დედა 1994-1995 წლებიდან მოყოლებული გახდა ეკლესიური და ამ თვალსაზრისით, მამა ზურაბის დამსახურებით, დიდ წიაღსვლებს მიაღწია. დედა ადრე მეტად სპორტული სტილისა გახლდათ, სულ ბოტასითა და ჯინსის შარვლით დადიოდა, თინეიჯერი გეგონებოდა. ერთხელ, სკოლაში რომ მომაკითხა, მშობლად ვერ აღიქვეს, ეგონათ, დამ ან მეგობარმა მოაკითხაო. მაგრამ თანდათანობით შარვალი კაბაზე გაცვალა, მანდილიც დაიხურა და დღეს, შეიძლება ითქვას, მრევლის ერთ-ერთი ღრმადმორწმუნე და სტაბილური წევრია, რაც მას ძალიან დიდ სულიერ და ცხოვრებისეულ ენერგიას სძენს და ბედნიერია.
ვფიქრობ, ბედნიერია ყველა, ვინც ეკლესიური ცხოვრებიდან მადლს მიიღებს და ამით აგრძელებს ტაძრის გარეთაც ცხოვრებას. მთავარია, ეს ყველაფერი ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. ამის საშიშროება არსებობს. მინახავს ბევრი, რომელიც რწმენაში რაღაც სიმაღლემდეა ასული, მართლა არის იმ მადლში, რასაც ეკლესია აძლევს მაზიარებელ ადამიანს, მაგრამ იგი ვერ იტევს ამ მადლს, ვარდება ხიბლში და მიაჩნია, რომ სხვებზე მაღლა დგას. როგორც კი ეს განცდა გიჩნდება, მაშინვე ენარცხები იმ სიმაღლიდან და აღარც ღმერთს უნდა შენი ასეთი საქციელი და აღარც კაცს.
- როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ხიბლში ჩავარდნისაგან?
- ალბათ ამასთან ბრძოლის ერთადერთი გზა ცოდნაა. ბუნებრივია, რწმენას ვერ შეისწავლი. არსებობს რაღაც ზღვარი, როცა შენი შემეცნება ლოგიკას აღარ ექვემდებარება. მაგალითად, სამების ურთიერთმიმართებას ლოგიკურად ვერ ახსნი, ეს უნდა ირწმუნო! მაგრამ ის ცნობიერი განვითარება, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია თავისი ლოგიკური აზროვნებით, საკმარისია იმისთვის, რომ მომზადებული შეხვდე უზარმაზარ მადლს, რომელიც მარტო მართლმადიდებლურ სამყაროშია. ამპარტავნებაში ჩავარდნის დიდ რისკს ქმნის ის, რომ ბრმად იწამო და ამ სფეროში არანაირი ცოდნა არ გქონდეს. რასაკვირველია, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოძღვარზე - ტაძარში პირველად მისულის მრევლის წევრად სამუდამოდ დარჩენა, სულიერი ცხოვრების სწორად განვითარება. მოძღვარი არის გზამკვლევი ადამიანისთვის ბნელით მოცულ სამყაროში.
- თქვენი მეუღლე და შვილი გაგვაცანით.
- მყავს მეუღლე, ეკა ეგაძე, და 6 წლის ვაჟიშვილი - სანდრო ახვლედიანი. ძალიან ეკლესიურია, ჯერ კიდევ სულ პატარა ეზიარა. მას შემდეგ ვცდილობთ, რაც შეიძლება ხშირად ვაზიაროთ; მე და ჩემი მეუღლე ვფიქრობთ როგორც მის სულიერ სამყაროზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და როცა ეზიარება, მშვიდად ვართ, რადგან უახლოესი რამდენიმე კვირა მისი სულიერი და ფიზიკური სამყარო დაცულია. ბავშვის სულიერი აღზრდა პატარაობიდანვეა აუცილებელი. მშობლები შვილებს ფიზიკურ საზრდოს ვაძლევთ, სულიერი საზრდოს მასაღებად კი საჭიროა ეკლესიის გარემო და ზიარება.
მე და ჩემი მეუღლე ერთ საქმეს ვაკეთებთ. ის ჩემი გადაცემის შეფ-რედაქტორია და აქედან გამომდინარე ერთნაირად განვიცდით დროის უკმარისობას. მაგრამ გვჯერა, რომ თანდათან უფრო მეტ დროს დავუთმობთ ჩვენს სულიერ სამყაროს.
- თქვენ მოამზადეთ სიუჟეტი კეფალონიაში გველების ტაძრად მიახლების სასწაულის შესახებ, წელს მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლასაც დაესწარით. გვიამბეთ თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ.
- დაახლოებით 15 წლის წინ ვნახე ქართველების მიერ კეფალონიაში გადაღებული ძველი, შავ-თეთრი დოკუმენტური ფილმი გველებისა და შროშანების სასწაულზე. მას შემდეგ ამ კუნძულზე მოხვედრაზე ვოცნებობდი. შარშან ამისრულდა ეს ნატვრა. 15 აგვისტოს (ძველით 28 აგვისტო) მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. საბერძნეთში 6-დან 16 აგვისტოს ჩათვლით ღვთისმშობლის დღეებს უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, მონაზვნები, რომლებიც კუნძულ კეფალონიაზე მდებარე მონასტერში ცხოვრობდნენ, ურჯულო დამპყრობლებისგან შეურაცხყოფისა და წამების აცილებას ევედრებოდნენ უფალს. უფალმა ისმინა მათი. მონაზვნები გველებად გადაიქცნენ და კლდეს შეაფარეს თავი. გველები ყოველ 6 აგვისტოს გამოდიან კლდიდან და მიცურავენ ორ მეზობელ სიფელში - მარკოპულოსა და არჯინიაში. არჯინიაშია სწორედ იმ ძველი, ისტორიული ტაძრის ნანგრევები. თუმცა მარკოპულოს უფრო იცნობენ, რადგან იქ დიდი ტაძარია და ეპისკოპოსი წირავს. ამიტომ მთელ მსოფლიოს ჰგონია, რომ სწორედ აქ ხდება ეს სასწაული. არადა უფრო მეტი გველი მოდის არჯინიაში. ტაძარში გველები მიემართებიან ხატებისკენ, ეკვრიან მათ. როგორც იქ მითხრეს, ეს გველები იმ კლდეში ცხოვრობენ, რომელზეც მიდგმული იყო დედათა მონასტერი, სხვაგან არსად, და მხოლოდ 6-დან 16 აგვისტომდე გამოდიან გარეთ. ამბობენ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცურავები ამ ათი დღის განმავლობაში საოცრად მშვიდნი არიან, გეთამაშებიან, გეფერებიან. ის ორი კბილი საიდანაც შხამი უნდა გამოვიდეს, მიკრული აქვთ სასაზე და მაშინღა აჩენენ, როდესაც იმ კლდეზე გადადიან, საიდანაც გამოვიდნენ, თან საშინელი აგრესიულები ხდებიან, რადგან, როგორც აგვიხსნეს, 16 აგვისტოს, კლდესთან შეხებისთანავე მათ ტოვებს მონაზვნის სული. პირველად კეფალონიაში, ტაძარში შევეხე გველს. ვიცოდი, რომ ის ცივსისხლიანია და გრილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა ხელში ავიყვანე, აშკარად შევიგრძენი მისი სითბო. ბევრი ამბობდა, სამკურნალო ძალა აქვთ, მათი შეხება ტკივილებს ხსნისო. თუ გველები არ გამოვიდნენ კლდიდან, ეს უბედურების მაუწყებელია. პირველად 1940 წელს არ გამოსულან გველები და II მსოფლიო ომი დაიწყო, მეორედ - 1953 წელს და ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ მთელი კეფალონია მიწასთან გაასწორა. მას შემდეგ გველების გამოსვლას გულისფანცქალით ელოდებიან.
ამ სოფლებიდან ერთი კილომეტრის მოშორებით არის სოფელი პასტრა, სადაც შროშანების სასწაული ხდება. ესეც ენით აუწერელი რამ არის. შუა აპრილში საბერძნეთში ყვავის შროშანი. მრევლი კრეფს მას, მიაქვს ტაძარში, აღებენ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის კარებს და იქ აწყობენ. აგვისტოში ეს ყვავილები უკვე კარგადაა გამხმარი, მარტო ყლორტია დარჩენილი და ხელის შეხებით იფხვნება. ღვთისმშობლის დღეებში ეს გამხმარი ყვავილები იწყებენ აყვავებას. მართლაც რომ გამაოგნებელი სასწაულია. გიჭირავს გამხმარი ტოტი (ის ხელშიც კი გეფშვნება) და მოულოდნელად გადაიქცევა აყვავებულ, 5-6 სანტიმეტრის სიგრძის მშვენიერ ყვავილად. თუ გველების გამოსვლას ბევრი პესიმისტი ამ პერიოდის კლიმატს აბრალებს, გამხმარი შროშანების განედლებას ვერანაირი ლოგიკური მსჯელობით ვერ ხსნის. მართლაც, მეცნიერულად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ ხდება გამხმარი შროშანების აყვავება. ადამიანები წლიდან წლამდე ამ შროშანის მოპოვების იმედით არიან და ბევრი, განსაკუთრებით - მოხუცები, ძალიან განიცდიან, თუ ეს სასწაულებრივად აყვავებული ყვავილი არ შეხვდათ. ჩვენ ტაძრის მოძღვარმა დიდი პატივი გვცა, შეგვიყვანა ტაძარში, გადაგვაღებინა ეს სასწაული და თან შროშანებიც გამოგვატანა. დედაჩემი ამბობს, რომ შროშანის შუბლზე მიდება თავის ტკივილს უყუჩებს.
ჩემთვის ყველაზე დიდი და რეალური შეხება ღვთაებრივი სასწაულის გამოვლინებასთან ცეცხლის გადმოსვლა იყო. როცა ამ დროს ტაძარში ხარ, გრძნობ, რომ შენ გარშემო ისეთი რამ ხდება, რასაც სახელს ვერ არქმევ. თუმცა გრძნობ, რომ გარშემორტყმული ხარ უზარმაზარი ზეადამიანური ძალით. ადამიანი ვერ იტევს ღვთაებრივი სასწაულის მოახლოებას, ხდება უსუსური, ვეღარ აკონტროლებს თავის ბუნებას. ცეცხლის გარდამოსვლამდე ტაძარში ადამიანები ისე იქცევიან, ისეთი აგრესიულები ხდებიან, რომ გაგიკვირდებათ. როცა უკვე სასწაული მოხდება, მართლმადიდებელი პატრიარქი გამოდის ცეცხლით. ყველა იღებს ღვთაებრივ ცეცხლს და მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდდება ხალხი, არავინ არავის ერჩის, ყველა კეთილი და ბედნიერია. წელს უამრავი უცნაური რამ მოხდა. ზუსტად იმ დროს, როცა მართლმადიდებელი პატრიარქი შევიდა ქრისტეს საფლავთან ლოცვის აღსავლენად და ელოდა ცეცხლის გარდამოსვლას (ეს დაახლოებით დღის 2 სთ-ზე ხდება, როცა მზე ზენიტშია და პირდაპირ თავზე ადგას ტაძარს), მომლოცველებმა, რომლებმაც ტაძარში შემოსვლა ვერ მოახერხეს, დაინახეს, ტაძრის თავზე მდგარ მზეს როგორ შემოერტყა ცისარტყელა. არადა, აქ ამ დროს წვიმა არ იცის. ეს ცისარტყელა გადაიღეს კიდეც, მაგრამ რატომღაც ყველა ფირზე შავ-თეთრად გამოვიდა. კიდევ ძალიან გამაკვირვა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში ტაძარში არსაიდან გაჩენილმა ნაპერწკლებმა. გასაოცარია, ღვთაებრივ ცეცხლს (მას ცივ ცეცხლს ეძახიან) ეხები და არ გწვავს. მე ხელში მეჭირა 33 ანთებული სანთელი. წარმოიდგინეთ, როგორ ბრიალებდა ცეცხლი, სახეზეც კი შემეხო, მაგრამ არ დამწვა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ცეცხლი უკვე იძენს თავის თვისებას და ხელსაც ვერ მიაკარებ.
გასაოცარი რამ ხდება წმინდა გიორგის საფლავზეც. მარმარილოს საფლავზე წმინდა გიორგის ხატის ბარელიეფია ამოკვეთილი. მის სიღრმეში საფლავიდან ამომავალი მირონი გროვდება. ხალხს თან მიაქვს ეს მირონი. ქართველებს თადარიგი დაუჭერიათ მირონის ამოსაღებად. ერთი სიტყვით, სულ ამოვაცარიელეთ მირონისგან ეს ღრმული. ცოტა არ იყოს, შევწუხდი, მაგრამ იქაურებმა დაგვამშვიდეს - ხვალ დილისთვის სულ აივსება მირონითო. ძალიან დიდი განცდა გეუფლება, როცა მირონმდინარე საფლავის წინ დგახარ, იქ ისეთი სულიერი აურაა, რომ წამოსვლა აღარ გინდა. ვნახე ჯაჭვი, რომლითაც წმინდა გიორგი აწამეს. ხელით გრძნობ, ნახევარ კილომდეა, მაგრამ როცა კისერზე ირგებ, ისეთი მძიმე გეჩვენება, გგონია, საცაა, კისერს მოგწყვეტს. სპეციალურად ბევრჯერ დავიდე ქედზე, რადგან ვერ გავიგე, ამ მჩატე ჯაჭვს რატომ ვერ უძლებდა კისერი.
- რაზე ოცნებობთ?
- მინდოდა იმ რელიგიური სასწაულების გადაღება, რომლებზეც უკვე გესაუბრეთ. ახლაც ყველგან ვეძებ, იქნებ ისეთ მართლმადიდებლურ სასწაულს მივაგნო, რომელიც ვიზუალურად გამოჩნდება და ხალხამდე მივიტან. ძალიან მინდა გადავიღო ტურინში მაცხოვრის სუდარა და რომში - ბარძიმი, რომელშიც, როგორც ამბობენ, მაცხოვრის გულია მოთავსებული.
ნინო ჩარგეიშვილი