სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ ძალიან გვინდოდა მოვნათლულიყავით
08.01.2009
გულბანების ოჯახი წლების წინ აფხაზეთში - სოხუმში ცხოვრობდა. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღეს საყვარელ ქალაქს დატოვებდნენ და თბილისში ხანგრძლივი სტუმრები აღმოჩნდებოდნენ...
ამ მართლმორწმუნე ოჯახზე საუბარი ერთმა გარემოებამ მაფიქრებინა. მთელი ოჯახი ერთად შეუდგა ქრისტეს გზას. ამის სურვილი აფხაზეთში ცხოვრების დროსაცHჰქონდათ, მაგრამ მაშინ, გარდა ოჯახის უფროსისა, მონათლულები არ იყვნენ. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ კი დედა ღვთისამ თავისი კალთა გადააფარათ და ყველანი უფლის სახლში მიიყვანა. გზა ტაძრისკენ მისასვლელად არც ისე იოლი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ახლობლის რჩევით, ტაძარიც შეარჩიეს და მოძღვრამდე მისასვლელი პირველი ნაბიჯებიც გადადგეს.
მაშინ ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მამა გიორგი რაზმაძე მსახურობდა.Gგულბანები, მამა გიორგის დახმარებით, ქრისტეს გზას შეუდგნენ და დღემდე მოძღვრის ლოცვა-კურთხევით აგრძელებენ ცხოვრებას.
დედასთან ერთად ღვთისმსახურებაზე ხუთი დედმამიშვილიც დადის. თითოეულ მათგანს ნათლობით მიღებული სახელები აქვს. ოჯახის დიასახლისმა, ქალბატონმა მარიამ ზურებიანი-გულბანმა გასული წლების გახსენება ტკივილნარევი სიხარულით დაიწყო: - სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ ძალიან გვინდოდა, მოვნათლულიყავით. აღდგომის მარხვა იწყებოდა. გვეგონა, მარხვაში არ შეიძლებოდა ნათლობა, ნათლობის წინ მარხვის შენახვა აუცილებელი იყო. ამის გასარკვევად, ახლობლის რჩევით, ავჭალაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში წავედით. მამა გიორგიმ ძალიან კარგად, მშვიდად მიგვიღო. გვეგონა, მაშინვე მოგვნათლავდა. ეს ასე არ მოხდა. მისი ლოცვა-კურთხევით, ტაძარში სიარული დავიწყეთ. თან დაგვარიგა, როგორ გვეცხოვრა ეკლესიურად. მთელი ოჯახი დავემორჩილეთ მოძღვრის კურთხევას. ჩემი მეუღლე კი იყო მონათლული, მაგრამ ეკლესიურად არ ცხოვრობდა. მოძღვარმა მასაც მისცა რჩევა-დარიგება. მას შემდეგ წირვა-ლოცვა არ გაგვიცდენია. გაკვირვებულები ვიყავით, მოძღვარი რომ არაფერს გვეუბნებოდა. ისიც კი ვიფიქრეთ, ხომ არ დავავიწყდითო. გავკადნიერდი და ვკითხე ჩვენი ამბავი. გამიღიმა, - თავად გეტყვით, როცა მოგნათლავთ. მანამდე ნათლობისთვის მოემზადეთ, კარგად გაერკვიეთ ნათლობის საიდუმლოს მნიშვნელობაში და თან მრწამსიც ისწავლეთო.
მადლობა ღმერთს, დადგა ჩვენი ნათლობის დროც. აღდგომის მარხვის დიდ ოთხშაბათს დავიწყეთ მომზადება ამ მადლის მისაღებად. ნათლიების შერჩევაც თავიდან მოგვიხდა. ვინც გვინდოდა, ისინი ქალაქში არ აღმოჩნდნენ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მონაზონი დედა მარიამი (მაშინ სამონაზვნე მიტრადორა გახლდათ). ჩემი შვილის, იოანას ნათლია ბრძანდება.
დღემდე დაუვიწყარია ნათლობის პროცესი - დედა ხუთ შვილთან ერთად ინათლებოდა. იმ წუთებში საოცარი სიმშვიდე დაგვეუფლა. მოძღვარმა სახელებიც შეგვირჩია. მე მიწოდა მარიამი (მარიამ მეგვიპტელის სახელი), ჩემს შვილებს - მარიამი (მაგდალინელის პატივსაცემად), იოანა, მარინე, იოანე (იოანე ათონელის სახელი) და იაკობი. ჩემს მეუღლეს ემზარი ერქვა. ნათლობის შემდეგ ეზრა უწოდა. პირველი ზიარება კი აღდგომის დიდ ხუთშაბათს მივიღეთ. მას შემდეგ, ღვთის შეწევნით, ვცდილობთ, მოძღვრის კურთხევით, ეკლესიურად ვიცხოვროთ. როცა მამა გიორგი წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში გადმოიყვანეს, თან წამოვყევით. თორმეტი წელი გვისრულდება, რაც მრევლი ვართ. მადლობელი ვარ უფლისა, რომ ჩემი მეუღლე ამ ქვეყნიდან წავიდა როგორც ქრისტიანი და მაზიარებელი.
თავიდან ტაძარი ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული. ღვთის შეწევნით, მოძღვრისა და მრევლის დახმარებით, ტაძარი მოწესრიგდა და კეთილმოეწყო. ტაძარი გარშემო გატყიურებული იყო. ერთ-ერთი ხის გადანაჭერზე აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. დღეს ეს სიწმინდე ტაძარში ინახება.
ჩვენი გვარი სოფელ იფარიდანაა. იქიდან მოდის ჩვენი ფესვები. მადლობა ღმერთს, რომ დღეს აღდგა იფარის წმინდა გიორგის ტაძარი. გვყავს მოძღვარი ბერი თეოფანე. გვახარებს ის, რომ მამაო ჩვენს სახლში ცხოვრობს და ვცდილობთ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი.
ხშირად მიფიქრია: ასეთი ღვთისნიერი და გულისხმიერი მოძღვარი რომ არ გვყავდეს, ვიცხოვრებდით კი ეკლესიურად? ვიდრე აფხაზეთში დავბრუნდებით, ღვთის შეწევნით, წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში ვივლით. ღვთის ტაძრის, წირვა-ლოცვის გარეშე ცხოვრება ხომ შეუძლებელია. საბრალოა ისეთი ადამიანი, ვისაც ეს მადლი არ განუცდია. უფალს ვთხოვ, ყოველი კაცი მივიდეს უფალთან და ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.