- ბატონო ნუგზარ, ეკლესიურ ცხოვრებამდე რაიმე განსაკუთრებულმა შემთხვევამ ხომ არ მიგიყვანათ?
- ჩემი ასაკის ადამიანი ეკლესიაში უმეტესად განსაცდელს მიჰყავს. რაც შეეხება ახალგაზრდობას, მათი უმეტესობა ეკლესიურ ცხოვრებას სულიერი მოთხოვნილების გამო იწყებს და ეს ძალზე მახარებს. პირადად მე ასეთი ამბავი გადამხდა: დასასვენებლად ვაპირებდი წასვლას, რომ სწორედ იმ დილით წელის ტკივილმა შემაწუხა. კურორტზე წასვლა, ცხადია, გადაიდო და რაკი სამსახურიდანაც თავისუფალი ვიყავი, რატომღაც ამეკვიატა აზრი, ექიმთან წავსულიყავი და გამოკვლევები ჩამეტარებინა. ამეკვიატა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, მათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვინც ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას აქცევს. ჩემი და ჩემი ოჯახის გასაოცრად, ექიმებმა საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დამისვეს და მირჩიეს, სასწრაფოდ ოპერაცია გამეკეთებინა. რამდენჯერმე გადავამოწმეთ დიაგნოზი, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე პასუხი გაგვცეს - დიდი-დიდი, ერთი თვის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. რამდენიმე დღეც რომ დამეგვიანა, შეიძლება, ყველაფერი სავალალოდ დასრულებულიყო.
პროფესორმა თეიმურაზ ჩიგოგიძემ, ამ ღვთისნიერმა კაცმა და ნამდვილმა პროფესიონალმა, უნაკლოდ გამიკეთა საკმაოდ რთული ოპერაცია და ამ საშინელი სენისგან მიხსნა.
დარწმუნებული ვარ, ეს უფლის ნება იყო. ღმერთმა კიდევ ერთხელ გადმომხედა მოწყალე თვალით და დიდი განსაცდელი ამარიდა.
ჩემი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, უკვე დიდი ხანია ეკლესიურად ცხოვრობს. ადრეც შემომთავაზა რამდენიმეჯერ (თუმცა არასდროს დაუძალებია), ჩემს მოძღვართან მიგიყვან, გაესაუბრე და თუ დაინტერესდები, დაიწყე ეკლესიაში სიარული, თუ არა და ძალას არავინ დაგატანსო, მაგრამ ეს ნაბიჯი რატომღაც ვერ გადავდგი, რაღაც მიშლიდა ხელს. მაშინ კი, როცა გამიჭირდა, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და უფლის დახმარება დამჭირდა, დაუფიქრებლად წავყევი მოძღვართან. ვესაუბრე მამა თეოდორე გიგნაძეს (იგი ამჟამად ჩემი მოძღვარიცაა) და მივხვდი, რომ დიდი დრო დავკარგე ფუჭად. ადრე თავი უცოდველი მეგონა. ვფიქრობდი, რაკი ქურდი და მკვლელი არა ვარ, ე.ი ცოდვასაც არ ჩავდივარ-მეთქი. არადა, თურმე ქრისტიანს გაცილებით მეტი მოეთხოვება.
მოძღვართან პირველივე საუბარმა დამარწმუნა, რომ რწმენა და ეკლესიურად ცხოვრება აუცილებელია. ამ ერთსაათიანი დიალოგის შემდეგ ეჭვი უკვე აღარ შემპარვია ჩემს გადაწყვეტილებაში და შემრცხვა, რომ 57 წლისა დავადექი ჭეშმარიტების გზას. ამ დღიდან მოყოლებული ვესწრებოდი წირვებს, ვთქვი აღსარება, ვეზიარე და სულ სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას.
- ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა მარხულობდეს კიდეც, თქვენ კი სულ ახლახან, უკვე ხანდაზმულს დაგიწყიათ ეკლესიური ცხოვრება. არ გიჭირთ მარხვის დაცვა?
- არ მიჭირს. სუფრაზეც მოვხვედრილვარ, მაგრამ მარხვა არასდროს დამირღვევია, თუმცა ვცდილობ, მასპინძელი არ შევაწუხო და ჩუმად, აფიშირების გარეშე ვაკეთებ. ჩემმა მეგობრებმა იციან ჩემი ამბავი და, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ეკლესიურად არ ცხოვრობს, მარხვის დღეებში სუფრის გაშლას ერიდებიან. ისე კი, ჩემი აზრით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო: არც ის ივარგებს, ხსნილში გადამეტებული ღრეობა მოაწყო და არც ის იქნება სწორი, მარხვაში ახლობლებთან არ მიხვიდე ლხინისა თუ ჭირის სუფრაზე.
- ადრე არასოდეს გიფიქრიათ ღმერთზე?
- ითვლებოდა, რომ ნათლია მყავდა, - მე და ჩემი და-ძმა ერთ ქალბატონს, ჩვენი ოჯახისთვის მეტად საპატივცემულო პიროვნებას, ვეძახდით ნათლიას, - მაგრამ ნამდვილად ვიყავი თუ არა მონათლული, არ ვიცოდი. ერთხელ - ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა - ერთმა ამხანაგმა ბავშვის მონათვლა მთხოვა, მეორემ - მეჯვარედ წამომყევიო... მაშინ იყო, რომ გავიკითხე და გავარკვიე, მოუნათლავი ვყოფილვარ. სასწრაფოდ მოვინათლე.
ღმერთი მწამდა, იმ აზრით, რომ გასაჭირში სულ "ღმერთო, მიშველე"-მეთქი, გავიძახოდი. უამრავი პრობლემა მქონია, მაგრამ ყოველთვის იოლად ვაგვარებდი, ამიტომაც მიმაჩნდა, რომ იღბლიანი ვიყავი. ახლა ვხვდები, რომ უფალი მწყალობდა, მისი ნება იყო ყველაფერი და ის დამეხმარა ეკლესიამდე მისვლაშიც.
- თქვენი მშობლები მორწმუნეები იყვნენ?
- როგორც თითქმის მთელი ჩემი თაობა, მეც ურწმუნოებაში გავიზარდე. ჩვენს რაიონში მხოლოდ ჯიხეთის მონასტერი იყო მოქმედი, იქაც თითო-ოროლა კაცი თუ მივიდოდა სალოცავად, ისიც - მოხუცები.
ჩემი მშობლები პარტიულები იყვნენ, თანაც ორივე სკოლაში მუშაობდა - დედა დირექტორი გახლდათ, მამა კი მათემატიკის მასწავლებელი, - ამიტომ მათ ეკლესიურობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ჩვენს ოჯახში მხოლოდ ბებიაჩემი, მამაჩემის დედა იყო მორწმუნე და მისი წყალობით ყველა საეკლესიო დღესასწაული შვილიშვილებისათვის ნამდვილ ზეიმად იქცეოდა ხოლმე. დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ მის გამომცხვარ საშობაო კვერცხიან ღვეზელს, სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს და საკურთხის სუფრებს.
დარწმუნებული ვარ, შინაგანად დედაჩემსაც დიდი სურვილი ჰქონდა, ოჯახთან ერთად ეზეიმა ყველა ქრისტიანული დღესასწაული, მაგრამ ისეთი შიშით იყო შეპყრობილი, აღდგომის დღეებში ბავშვებს შინიდან გასვლისას ხელებს გვიმოწმებდა - კვერცხის საღებავი არ გაჩნდეთო. ასე რომ, ბავშვობაში ეკლესიისგან შორს ვიყავი. სტუდენტი რომ გავხდი, მესამე კურსზე თავადაც მერგო "ბედნიერება", პარტიული ცხოვრება დამეწყო, თუმცა იმ დროისთვის ისეთი დიდი სიმკაცრე აღარ იყო და სხვა სტუდენტებთან ერთად ხანდახან მეც დავდიოდი ეკლესიაში. ღვთისმსახურებას არ ვესწრებოდი, მაგრამ ტაძარში შესვლა მსიამოვნებდა, მამშვიდებდა იქაური ატმოსფერო, სანთლები, საკმევლის სურნელი... სანთელს ყოველთვის ვანთებდი, თუმცა ისიც კი არ ვიცოდი, როდის რომელი წმინდანის ხატთან უნდა დამენთო. ახლა ეკლესიაში რომ შევდივარ და დედაჩემის სახელზე ვანთებ სანთლებს, ასე მგონია, ამით მის აუსრულებელ სურვილს ვასრულებ და მას ყველა ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვის მონანიებაში ვეხმარები.
- შეგცვალათ ეკლესიურმა ცხოვრებამ?
- გურული ვარ, ფიცხი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტაძარში დავიწყე სიარული, ვცდილობ, თავი შევიკავო, არავის ვაწყენინო, ვიყო დამთმობი და მიმტევებელი.
- ვიცი, რომ თქვენ და თქვენმა მეუღლემ გვიან - თითქმის ოცი წლის ცოლქმრობის შემდეგ - დაიწერეთ ჯვარი. რამ გადაგაწყვეტინათ ეს?
- ჩემი მეუღლე ძალიან წუხდა და ხშირად გულდაწყვეტით ამბობდა, ჩვენი ქორწინება უფლის მიერ არ არის ნაკურთხიო. მეც დამაფიქრა ამან და სიხარულით გადავდგი ეს აუცილებელი ნაბიჯი.
- თქვენი მეუღლე ეკლესიურია?
- ახლა კი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ცხოვრობდა ეკლესიურად. მოგვიანებით მამა გარდაეცვალა და ამ განსაცდელმა მიიყვანა ტაძრამდე. ჩვენს ოჯახში რწმენა უმცროსმა ვაჟმა დაამკვიდრა. თუ შვილის ქებად არ ჩამითვლით, გეტყვით, რომ ირაკლიმ თავისი ცხოვრების წესით დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრება. მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად უკრაინაში მოუხდა გამგზავრება; წასვლის წინ ყველა ახლობელს გამოემშვიდობა, მათ შორის, რასაკვირველია, მამა თეოდორესაც. ტაძრიდან რომ მობრუნდა, დედისთვის დარცხვენით, თითქოს პატიებას სთხოვსო, უთქვამს, მართალია, ძალიან მიჭირს, ასე დიდი ხნით რომ გტოვებთ, მაგრამ უფრო მეტად მამა თეოდორეს გარეშე გამიჭირდებაო.
უფროსი ვაჟი მორწმუნეა, მაგრამ მოძღვართან მისვლა ჯერ ვერ გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ, ისიც მალე დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას.
ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი ახალგაზრდობაა. მათ ჩვენზე, მამების თაობაზე, ადრე გააცნობიერეს მართლმადიდებლობის მნიშვნელობა და ეს მხოლოდ სიკეთეს მოუტანს ერს, მე კი ჯერ მხოლოდ იმ ბილიკს ვადგავარ, რომელიც უფლისკენ მიმავალ გზაზე გამიყვანს.
- ბოლო დროს უამრავი ახალი ტაძარი აიგო, მრევლი გამრავლდა, მაგრამ ბევრი ამ გაჭირვებულ ყოფაში ეკლესიების მშენებლობას არ ამართლებს. ზოგი იმასაც ამბობს, ტაძრები ძირითადად ნაქურდალი ფულით შენდებაო...
- შეიძლება, იყოს ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ რა არის ამაში ცუდი?! იქნებ სწორედ თავისი ცოდვები აწუხებს ადამიანს და ამგვარად ცდილობს მონანიებას? უკანონოდ ნაშოვნი ფულის ჯიბეში ჩადებას, არ სჯობს, ერთი კეთილი საქმე მაინც გააკეთოს და ტაძარი ააშენოს? ვინ იცის, რამდენი შევა იქ სალოცავად, რამდენი დაადგება ჭეშმარიტების გზას... ერთსაც დავძენ: ყველაფერი უფლის ნებით ხდება; სანამ ადამიანს ქურდს ვუწოდებთ და ამის გამო ასეთ კეთილშობილურ საქციელსაც დავუგმობთ, დავფიქრდეთ - იქნებ ღმერთი მას გადარჩენის შანსს აძლევს.
მათ კი, ვინც ამბობს, რად გვინდა ამდენი ეკლესია, როცა ხალხი შიმშილობსო, აი, რას ვუპასუხებდი: სწორედ რწმენამ და უფლის წყალობამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე; ასე რომ, განსაცდელის დროს კიდევ უფრო მეტი ტაძრის აშენება გვმართებს, რათა მრევლი კიდევ უფრო გაიზარდოს და ჩვენი ლოცვა ღმერთმა შეისმინოს, შეგვიწყალოს და დაგვიცვას ხილული თუ უხილავი მტრისაგან.
- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?
- პირველ რიგში მშვიდობას. გვიყვარდეს ერთმანეთი, გულით განვიცდიდეთ ერთმანეთის ჭირსა თუ ლხინს. ვეცადოთ, დავეხმაროთ გაჭირვებულს და თუ სხვა არაფერი შეგვიძლია, კეთილი სიტყვა მაინც არ დავამადლოთ ერთმანეთს.
ნინო ჩარგეიშვილი