- ქალბატონო ია, დიდი ხანია, ეკლესიურად ცხოვრობთ?
- 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ, საშინელი მსხვერპლის მიუხედავად, სულიერი გამარჯვება მოიპოვა. ამ დღის შემდეგ
სუკ-ი ვეღარ უშლიდა ხალხს ტაძრებში შესვლას, რამეთუ მომძლავრდა მრევლი; გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით, გაერთიანდა სრულიად საქართველო.
პირადად მე ეკლესიური ცხოვრება 1990 წლიდან დავიწყე.
- თქვენი წინაპრები, უდავოდ, მორწმუნენი იქნებოდნენ...
- "ბაგრატიონი იცნობის... მხნეობით, ქველმოქმედებით, ერისადმი თავდადებულობით", - ბრძანებს ვახუშტი. მუხრანელთა შტოს დამაარსებელი, მეფე დავით X-ის ძმა ბაგრატ ბაგრატიონი, ბერად აღიკვეცა. ბაგრატიონ-მუხრანელთა შტოდან მეცნიერთა, პოეტთა, მხედართმთავართა გვერდით მრავალი მთავარეპისკოპოსი, ბერმონაზონიც გამოვიდა. ამ გვარის თითქმის ყველა წარმომადგენელი ღრმად მორწმუნე პიროვნება იყო. საკმარისია, გავიხსენოთ XVII ს-ის დიდი მნათობი, აშოთან ბაგრატიონ-მუხრანელის ასული ქეთევანი, ქეთევან წამებულის სახელით შერაცხული წმინდანთა დასში. რწმენა ადუღაბებდა ოჯახს, გვარს, ქვეყანას...
- რა ადგილი უკავია რწმენას თქვენი ოჯახის ცხოვრებაში?
- მე და ჩემი ოჯახი ეკლესიურად ვცხოვრობთ. თუმცა მშვენივრად მესმის, რამდენად ამპარტავნულია ეს განცხადება - ჩვენი ამაღლებული სურვილი, მივუახლოვდეთ უფალს, შორს არის რეალობისგან. გარეგნულად ბევრნი ვართ ეკლესიურნი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული რეალიები მოწმობს, რომ ჯერჯერობით ვერ გაძლიერდა ქვეყანა რწმენაში. პირადად მე მხოლოდ ეკლესიაში ვგრძნობ შვებას, მორჩილებით ვღებულობ უფლის განსაცდელს, მაგრამ, ალბათ, მეტის გაკეთებაც შემეძლო - ლტოლვილთა, დავრდომილთა, სნეულთა, უძლურთა დასახმარებლად.
- რწმენა საქმიანობაში თუ გეხმარებათ?
- სარწმუნოება ანუ მართლმადიდებლობა ილია მართლის საკრალური ტრიადის მთავარი ღერძია. რწმენის გარეშე ქართველი ეროვნულ თავისთავადობასაც დაკარგავს და ქვეყანასაც. მე იმ სისხლიან 1991-1992 წლებში მხოლოდ რწმენამ გადამარჩინა. ჩემმა მოძღვარმა მამა არჩილმა (მინდიაშვილმა), მამა ალექსანდრემ (ჩახვაშვილმა), მამა თეოდორემ (გიგნაძემ) და მრავალმა სხვა მღვდელმსახურმა, ჩვენი ეკლესიის მესაჭემ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, სიტყვით, საქმით, სიყვარულით მიხსნეს სასოწარკვეთილებისგან და რწმენაში გამაძლიერეს.
ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობას, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, რომელიც 1990 წლის 23 ნოემბერს დაარსდა, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) საზოგადოების, მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრებს პირველ რიგში რწმენა, ერისადმი თავდადებული სიყვარული, ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერების იმედი გვაერთიანებს.
- თქვენ დააარსეთ თავად-აზნაურთა სკოლაც...
- 2001 წლის 20 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
II-მ. პატრიარქის დალოცვაში, ფაქტობრივად, მოცემული იყო ჩვენი საქმიანობის მომავალი პროგრამა. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარდა ლიცეუმში გაძლიერებულად ეუფლებიან უცხო ენებს (გერმანულს, ინგლისურს, რუსულს, ბერძნულს, იაპონურს), რელიგიის ისტორიას, კატეხიზმოს, ეკლესიის ისტორიას, ქართულ ცეკვას, ქარგვას... სასწავლებლის მრწამსი მართლმადიდებლობის წიაღში ყოფნაა. უდიდესი ყურადღება ექცევა მონარქისტული სულისკვეთებით აღზრდას, რამეთუ მირონცხებული მეფის მმართველობა ეკლესიური წესის განუყოფელი ნაწილია. ლიცეუმის მოძღვარი მამა ალექსანდრე, მიხეილ ტვერელის ეკლესიის დეკანოზი, ეკლესიის ისტორიის პედაგოგი და სხვანი დღენიადაგ ზრუნავენ ლიცეანტების სულიერ სრულყოფაზე, მათ ზნეობრივ სიწმინდეზე.
- უპირველეს ყოვლისა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა ბავშვი ჭეშმარიტ მორწმუნედ აღვზარდოთ?
- ჩემი თვალთახედვით, საქართველოს უმძიმესი ჟამი დაუდგა. უკანასკნელი თხუთმეტი წლის მანძილზე ჩვენ დავკარგეთ ათიათასობით ქართველი, წაგვართვეს ძირძველი მიწები, დევნას განიცდის ქართული ენა, დაკნინებულია კულტურა, მეცნიერება, ნულს ქვემოთ ჩამოვიდა შობადობა, ორ მილიონამდე ქართველი გაუსაძლისი პირობების გამო, ფაქტობრივად, განდევნილია სამშობლოდან.
გასული წლის სექტემბრიდან ჩვენ მოწმენი ვიყავით კარგად ორგანიზებული მასობრივი დარტყმებისა - პრესითა თუ ტელევიზიით, სხვადასხვა ინსტიტუტის ინიციატივით - მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საპატრიარქოსა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქზე. კარგად მახსოვს უწმინდესისა და უნეტარესის მოკლე და ბრძნული ფრაზა, იმ დღეებში სიონის ტაძარში რომ წარმოთქვა: "ვინც ეკლესიას შეეხება, ეკლესია დაანგრევს მას!"
ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია, რომელიც აერთიანებს სამღვდელოებას, მორწმუნე მრევლს, არის დღეს ის უდრეკი ეროვნული ძალა, რომელიც ქართველ ხალხს რწმენას, ღირსებას დაუბრუნებს და გამარჯვებას მოუტანს. რაც უფრო ადრე მიიყვანენ მშობლები შვილებს ეკლესიაში, მით უფრო ადრე ჩამოყალიბდებიან ისინი მორწმუნეებად, ზნეობრივ პიროვნებებად, რომელთა მრწამსი იქნება "ღმერთი, სამშობლო, მოყვასი". ღვთაებრივი ჯაჭვი - ოჯახი-ეკლესია-სკოლა, სულიერი ერთობა ამ ტრადიციული სამებისა, უცილობლად მოგვიტანს სასურველ შედეგს.
- გამიგონია, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს თქვენი ოჯახი დევნას განიცდიდა...
- ჩვენს ოჯახს 1921 წლიდან დევნიდნენ. მამაჩემს, ლეონიდე ბაგრატიონ-მუხრანელს, წარმომავლობის გამო უმაღლეს სასწავლებელში არ ღებულობდნენ, თუმცა ბაგრატიონთა გვარზე უარი თქვა და გვარის მხოლოდ მეორე ნახევარი - მუხრანელი - დაიტოვა. ეკლესიაში შესვლა აკრძალული იყო. მე ჩუმად მომნათლეს. ერთხელ ქაშუეთთან შემაჩერეს - უშიშროების ორგანოთა წარმომადგენლები თურმე ყოფილი მხატვრის სახლის სადარბაზოდან მითვალთვალებდნენ. ამიკრძალეს ტაძარში შესვლა. ჩემს გოგონას განათლების რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სკოლაში ჯვარი ჩამოჰგლიჯა. საბჭოთა რეჟიმი მართლმადიდებლობას უსწორდებოდა...
1970-1990 წლებამდე მე, ისევე, როგორც მთელი საზოგადოება, დაშორებული ვიყავი ეკლესიას, თუმცა ყველა საეკლესიო დღესასწაული ძვირფასი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ შევიგრძენი სიბრძნე სიტყვებისა, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ტაძარია და ღვთის სული ცოცხლობს მასში.
- სჭირდება თუ არა მართლმადიდებლობას რეფორმა?
- ჩემთვის ეს ცნება მიუღებელია. ეკლესიის ისტორია გავიხსენოთ - არც ერთ რეფორმას სასიკეთო შედეგი არ მოჰყოლია, ისევე, როგორც რევოლუციას. გახსოვთ, რას ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული? "წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე". სახარება მაცხოვარმა გვიბოძა და არც ერთ სულიერს, თუნდაც ბრძენს, არა აქვს მისი შეცვლის უფლება.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი საიდუმლო შემოინახა. ეკლესიური ცხოვრების წლიურ ციკლს - წირვა-ლოცვებს, ნათლობას, ჯვრისწერას, მარხვას, ზიარებას, გალობას - ორიათასწლოვანი ტრადიცია უდევს საფუძვლად. მრავალი "რეფორმატორი" მოგვაწყდა ამ ბოლო დროს. ზოგი საპატრიარქო მმართველობის ტრადიციული წესის სინოდალურით შეცვლას მოითხოვს (ალბათ, ცკ-ის ბიუროების ნოსტალგიის გამო), ზოგი - წირვის შემოკლებას, კათოლიკური ეკლესიების მსგავსად სკამების შემოღებას, ზოგი - ქალებისთვის თავსაბურავების აუცილებლობის უკუგდებას, მორწმუნეებისთვის სიგარეტის მოწევის, მამათმავალთა აღსარების დაშვებას და ა.შ. ვფიქრობ, ყველა ეს "ნოვაცია" გამოწვეულია მზაკვრობით, საქართველოს მტრების მცდელობით, დაშალონ საქართველოს სამოციქულო ეკლესია. თუ კვლავ წმინდა პავლე მოციქულს მოვუსმენთ, ჩვენ უნდა დავდგეთ "სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები, ავიღოთ რწმენის ფარი, რომლითაც შევძლებთ ბოროტების გავარვარებული ისრების ჩაქრობას... ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა" (ეფეს. 6:13-16).
- როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე?
- ჭეშმარიტი მორწმუნე უნდა იყოს თავმდაბალი, მშვიდი, სიყვარულით, იმედით, რწმენით აღსავსე, მებრძოლი, რათა ბოროტებას ქედი არ მოუხაროს, უდრეკი რწმენის, ქვეყნის, ეკლესიის დაცვისას, კაცთმოყვარე, წუთისოფლის მძლეველი.
- გვიამბეთ ფონდ "სამეფო გვირგვინის" საქმიანობაზე.
- ქართველი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების, მოვლა-პატრონობისა და დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "სამეფო გვირგვინი", რომლის საპატიო თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, მრავალ მიზანს ისახავს.
იბერიულ-კავკასიური ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესი სათავეს ათასწლეულების წიაღში იღებს. ქართველი ერი ამ სახელოვანი და ძლიერი მოდგმის ერთ-ერთი მემკვიდრეა. იბერთა ეთნოსის სახელმწიფოებრიობა ძვ.წ. II ათასწლეულში ყალიბდება. ჩვ. წ. IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთში ბაგრატიონთა საგვარეულო დაწინაურდა და გაძლიერდა. ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, უძველესი ისტორიული გვარების შთამომავალნი, სამღვდელოება, თავადაზნაურობა ქართული ეროვნული იდეოლოგიის, ქვეყნის გამთლიანების, კულტურის, მეცნიერების, ხუროთმოძღვრების აღორძინების ინიციატორნი და სულისჩამდგმელნი იყვნენ.
ქვეყნის ისტორია იმ მეფეთა, თავად-აზნაურთა, საეკლესიო პირთა, ერისკაცთა ისტორიაც არის, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ცივილიზაციის წინსვლაში. ამას დაუმატეთ კულტურული ძვრები ხელოვნებაში, ხუროთმოძღვრებაში, ლიტერატურასა თუ ფოლკლორში... მთელ ამ ღვთაებრივ საუნჯეს მოვლა-პატრონობა და განვითარება სჭირდებოდა და სჭირდება.
1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ არა მარტო გააუქმა ქართული სამეფო, არამედ გაანადგურა ან გადაასახლა სამეფო დინასტიის წარმომადგენლები, წაშალა ოცდაათსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციები და მიიერთა ორ გუბერნიად დაყოფილი ქვეყანა. ამის შემდეგ კი დაიწყო ქართული ერის სულიერი, ზნეობრივი ხრწნა, რეპრესიები თავად-აზნაურების, სამღვდელოების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ქართველთა მასობრივი გენოციდი, უნიკალური ძეგლების განადგურება, ფასდაუდებელი განძის ძარცვა-განიავება, მითვისება, საქართველოს ძირძველი მიწების, ტერიტორიების გასხვისება-მიტაცება, რაც საყრდენს აცლიდა ქართველთა სულიერ სამყაროს. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
უდიდესია ბაგრატიონების, თავად-აზნაურთა, სამღვდელოების როლი ქართული სახელმწიფოს, კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების შექმნაში, ქვეყნის აღმშენებლობაში, ღირსების, ტრადიციული ფასეულობების, ეთიკური ნორმების დამკვიდრებაში, ქართველთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. ჩვენ გვსურს ამ ტრადიციების გაგრძელება.
ერი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყალიბდება და იზრდება, თუკი შედუღაბდა რამდენიმე საკრალური პოსტულატი, რომლებიც ბრწყინვალედ ჩამოაყალიბა ილია მართალმა: "მამული, ენა, სარწმუნოება". ჩვენ, მონარქისტული იდეოლოგიის მიმდევარნი, ვაძლიერებთ ამ ტრიადას კონსტიტუციური მონარქიის სახით. მხოლოდ მონარქისტულ ქვეყანაში ექნება პრიორიტეტი არისტოკრატიზმის პრინციპს, რომელიც გააერთიანებს ერს. არისტოკრატიზმი გამორიცხავს კერძო კეთილდღეობას, სხვისი ინტერესების დათრგუნვას, ზოგადსაკაცობრიო ქართული ამოცანების დავიწყებას.
ნინო ჩარგეიშვილი