სწორედ ამგვარი უბედური ათი კეთროვანი შეეგება უფალ იესო ქრისტეს ერთ-ერთი დაბის შესასვლელში
ბიბლიაში, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში, ძალიან ხშირად არის ნახსენები დაავადება, რომელსაც კეთრი ჰქვია.
ეს უსაშინლესი სენი ალპობს და არღვევს ადამიანის სხეულს. ერთხელ თუ ეუფლა იგი კაცს, ვერანაირი სამკურნალო საშუალება ვეღარ შეაჩერებს და ნელ-ნელა, მაგრამ შეუჩერებლივ ანადგურებს მის სხეულს, ცოცხალ ლეშად აქცევს, სანამ რომელიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოსაც არ მისწვდება და საერთოდ არ მოუსპობს სიცოცხლეს სნეულს. ებრაულად კეთრს "თცირა აზატ" ჰქვია, ანდა "ნეგა-თცარატ". პირველი კეთრის ყველაზე მძიმე სახეობაა - ელეფანტიაზი. განარჩევენ ელეფანტიაზის ორ სახეობას: ტუბერკულოზურს და ანესთეზიურს (ანუ მგრძნობელობას მოკლებულს).
ელეფანტიაზის ყველაზე ჩვეულებრივი ფორმა ტუბერკულოზური კეთრია. ჩვეულებრივ, ეს სნეულება ვლინდება სახეზე ანთებითი ლაქების სახით, აგრეთვე ხელებსა და ყურებზე რამდენიმე სანტიმეტრი დიამეტრის მქონე მუქი-წითელი თუ ძოწისფერი ლაქებით. ეს ლაქები მალე იცვლის ფერს და ხდება ყავისფერი ანდა ბრინჯაოსფერი ლითონისებრი თუ ზეთისებრი ელვარებით. თანდათანობით კანის ზედაპირი უხეშდება და ამოიბურცება, თავიდან მოწითალო - ბრინჯაოსფერი ანდა თეთრი ხდება. ხშირად მთელი კანის ზედაპირი იქერცლება და ნაწილ-ნაწილ სცილდება სხეულს. რამდენიმე ხნის შემდეგ ტუბერკულები ცვივა, ტოვებს ნაჭრილობევის მსგავს ჭდეებს და სხეულზე ბრინჯაოს თუ თეთრი ფერის თხელი კანით დაფარული ნაიარევი რჩება. ის ტუბერკულები, რომლებიც კვლავ ჩნდება, ჩვეულებრივ, ჩირქდება, თეთრი ფერის ქსოვილით იფარება და ამ სახით რჩება დიდი ხნის განმავლობაში, მათი სიდიდე იცვლება და მდოგვის მარცვლისოდენიდან მტრედის კვერცხისოდენამდე აღწევს, ჩირქოვანი ტუბერკულები კუნთებში ინერგება და სპობს მათ ისე, რომ ძვლები ჩანს ხოლმე. ანდა ზოგჯერ დაიხურება კიდეც და თავის ადგილას თეთრ ჭდეებს ტოვებს. ჩვეულებრივ, ტუბერკულები თმის ცვენას იწვევს, ავადმყოფს წარბებიც უშიშვლდება, მთელი სახე სივდება, დიდდება და ლომისებური ხდება, კანის ფერის მიხედვით ამ სნეულებას შავ კეთრს ანდა სველ კეთრს უწოდებენ. ექიმ ტომსონის აღწერით, "როცა სნეულება განვითარების ზენიტს აღწევს, კეთროვანს უმახინჯდება სახე, ტუბერკულები უჩირქდება, ხმა ეხრინწება, თვალები უქუთუთოა, სუნთქვა - მყრალი, შესახსრებანი - ტუბერკულების გამო, დარღვეულია, ავის მომასწავებელი წითელი ლაქები მთელ სხეულზეა მოდებული, რაც უსაშინლესი სანახავია. არაფერს ძალუძს ამ სნეულების შეჩერება. კეთროვანის ერთადერთი ბედნიერება ის არის, თუკი სნეულება რომელიმე სასიცოცხლო ორგანოს შეეხება, რადგან ამ დროს ნანატრი სიკვდილიც დადგება".
ელეფანტიაზის სხვა სახეობა - ანესთეზიური ანუ უგრძნობელი - ყოველთვის შუბლიდან ეწყება ადამიანს (შდრ. მეფე ოზიას სნეულება - II ნეშტთა 26,19-20) მოელვარე თეთრი თუ სპილენძისფერი ლაქებით ანდა კანის ამობურცვით, რაც უმტკივნეულოდ ვითარდება - ბურცობები იზრდება, სკდება და სხეულს სცილდება თეთრი, რძისფერი ქსოვილი, ამობურცვის გასკდომის შემდეგ კი რჩება გაღიზიანებული, ჩირქოვანი ზედაპირი, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ იხურება და ჩნდება თეთრი, გლუვი, უგრძნობელი შიშველი ადგილი. ზოგჯერ ამ ადგილას კვლავ წამოიზრდება ხოლმე თეთრი ბუსუსი. გარკვეული ხნის შემდეგ ისევ წარმოიშობა ბურცობი და პროცესი მეორდება და ა.შ. მაშინ კეთრი ხელ-ფეხის შესახსრებას მოსწყლავს, შემდეგ იდაყვებს, მხრებს, მუხლებს და თეძოებს (იხ. II სჯული 28,35) და სპობს არა მხოლოდ კუნთებსა და ხრტილებს, არამედ თვით ძვლებსაც კი, რომლებიც თანდათანობით ნაწილ-ნაწილ სცვივა სხეულს. თვით ბურცობები, სიმსივნეები უჩვეულოდ სწრაფად და მთლიანად შეხორცდება ხოლმე ისე, რომ ელეფანტიაზისაგან წართმეული სხეულის ადგილას სავსებით შეხორცებული ნაჭდევი ჩნდება. სხეულის ის ნაწილები, რომლებიც არ ჩირქდება, მაგრამ უკვე შეეხო კეთრი, იმ ზომამდე უგრძნობელია, გაჭრისას ავადმყოფი ვერაფერს გრძნობს. ყოფილა შემთხვევები, როცა კეთროვანის სხეულის ნაწილები ძილში ვირთხას შეუჭამია, სნეულს კი ვერაფერი შეუტყვია. ელეფანტიაზის ანესთეზიური ფორმის დროს კეთროვანი ადამიანის პირისახე ისე არ ზიანდება და მახინჯდება, როგორც ტუბერკულოზური კეთრის დროს, მაგრამ სახის კანი სნეულს ისე აქვს დაჭიმული, რომ მუმიას ემსგავსება; ქუთუთოებიც ქვედაშვებულია, აქვს ძლიერი ცრემლდენა, ხოლო ჩამოშვებული ქვედა ტუჩი კბილებსა და ღრძილებს უშიშვლებს ავადმყოფს. მხედველობა, გემო და ყნოსვა თითქმის სრულიად ქრება, თუმცა ხმა კეთროვანს არ ეცვლება. წარბები, წამწამები და თმა ან სცვივა სნეულს, ანდა უჭაღარავდება. სნეულების განვითარება უფრო ნელია, ვიდრე ტუბერკულოზური ელეფანტიაზის დროს და სიკვდილიც უფრო გვიან დგება.
კეთროვანს დევნიდნენ ქალაქებიდან, სახლებიდან, ქუჩა-მოედნებიდან, შარა-გზებიდან, სახალხო შეკრებებიდან, წვეულებებიდან, ხალხთან შორიახლოს დგომასაც უკრძალავდნენ, წყაროებთან და ჭებთანაც კი არ უშვებდნენ. იმასაც კი შიშობდნენ, მდინარეებიც არ წაებილწათ. ამიტომაც დაეხეტებოდნენ კეთროვანნი დღე და ღამე - გაღატაკებულნი, ნახევრად შიშველნი, უსახლკარონი, სნეულებით მოწყლულნი, მხოლოდ შეწევნას შეღაღადებდნენ შემოქმედ ღმერთს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ სიარულში, თხზავდნენ საწყალობელ, სევდიან სიმღერებს, რათა ხალხისთვის ლუკმა გამოეთხოვათ, ანდა ძველმანი შესამოსელი, ანდა რაიმე წამალი ტკივილთა შესამსუბუქებლად.
სწორედ ათი ამგვარი უბედური კეთროვანი შეეგება უფალ იესო ქრისტეს ერთ-ერთი დაბის შესასვლელში. შესაძლოა, მათ საერთო უბედურება აკავშირებდა, სულ ერთად იყვნენ, რათა ერთმანეთისთვის შეემსუბუქებინათ ტანჯვა; ანდა ვინ იცის, მხოლოდ ამ ერთხელ შეიყარნენ ერთად, რათა თავიანთი სავალალო შესახედაობით იესოს გული შეეძრათ და მისგან სასწაულებრივი კურნება გამოეთხოვათ. იესო ქრისტეს მოგზაურობისას, მოწაფეების გარდა, ყოველთვის თან ახლდა დიდძალი ხალხი. კეთროვანებმა იცოდნენ იმ კანონის შესახებ, რომელიც მათ საზოგადოებაში გამოჩენას უკრძალავდა; იცოდნენ, რომ ხალხს სძაგდა ისინი, რომ მხოლოდ ძალზე კეთილმოშიში ადამიანები ბედავდნენ მათთან მიახლოებას დახმარების გასაწევად, ამიტომაც ეს უბედური ადამიანები, როცა შეიტყვეს, უფალი იესო დაბისკენ მოდისო, შორიახლო შედგნენ და ასე შეღაღადეს უფალს შეწევნა...
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა