გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე:
- ნევროზი ბერძნული სიტყვაა და ნერვული სისტემის გარკვეულ დაზიანებას ნიშნავს. ნევროზი სამედიცინო დიაგნოზია.
დაავადებათა ნახევარზე მეტი სტრესებით არის გამოწვეული. სტრესი ადამიანის ცხოვრების ძალზე ცუდი თანამგზავრია, იგი არა მხოლოდ ნერვულ აშლილობას, არამედ სხვა სომატურ დაავადებებსაც იწვევს. მაგალითად, ნერვული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული წყლულოვანი დაავადების გამწვავება თუ ჩაცხრობა, არტერიული წნევის მომატება თუ მოწესრიგება.
ურბანიზაციის შედეგად დიდ ქალაქებში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ურთიერთობებიც ხშირია, ცხოვრების სწრაფი ტემპიც თავისებურ მზადყოფნას მოითხოვს, ამიტომ სტრესულმა მდგომარეობებმაც იმატა. სამედიცინო თვალსაზრისით, სტრესები დამანგრეველია ადამიანის ორგანიზმისთვის - სტრესის დროს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება, რომლებიც სხეულის ქსოვილების დესტრუქცია-განადგურებას უწყობს ხელს. თავისუფალი რადიკალების გარდა სომატური დაავადებების განვითარებას ხელს უწყობს სტრესის ფონზე ჭარბად გამომუშავებული ადრენალინიც, რომელიც გულის პირობით უკმარისობას იწვევს. ეს არღვევს პერიფერიულ სისხლმომარაგებას - პერიფერიულ ქსოვილებს საკმარისად ვეღარ მიეწოდება სისხლი და შინაგანი ორგანოებიც ადვილად ზიანდება. ასე ვითარდება კუჭის წყლული თუ სხვა სომატური პათოლოგიები. მუდმივი სტრესები და ნევროზული მდგომარეობა იმუნიტეტსაც აქვეითებს, ამის ფონზე ხშირად ძველი, მიძინებული ინფექციებიც იღვიძებს. ხშირად ნევროზის მქონე ადამიანს არაფერი სტკივა, ანალიზებიც ნორმალური აქვს, მაგრამ თავს მაინც ცუდად გრძნობს.
- რას მიიჩნევენ ნევროზის სულიერ მიზეზად?
- მართალია, მედიცინა ნევროზის მიზეზად სტრესს განიხილავს, მაგრამ იგი უფრო სულიერი სნეულებაა, ვიდრე ხორციელი, ამიტომ მისი მიზეზებიც სულიერ სფეროშია საძიებელი. ეკლესიის თვალთახედვით, ნევროზის თავი ამპარტავნებაა. ამ ცოდვის გამო გამოიდევნა ადამიანი სასუფევლიდან, სხვა ყველა ცოდვასაც ამპარტავნებამ დაუდო საწყისი. მართალია, სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ - სამსახურში, ტრანსპორტში - ყველგან დაძაბულობაა, მაგრამ კონფლიქტური ან გამაღიზიანებელი სიტუაციის დროს მორწმუნე, თავმდაბალი ადამიანი არ მრისხანებს, თვლის, რომ მეტის ღირსია, თავს იდანაშაულებს. თავმდაბალი კაცისთვის ნევროზი უცხოა. ხოლო თუ ადამიანი მის მიმართ ნებისმიერ გამაღიზიანებელ ქცევაზე მკვეთრად რეაგირებს, შეურაცხმყოფელს პასუხს სცემს, ნევროზულ მდგომარეობაში ვარდება. ეს კი შესაძლოა ერთხელაც მოხდეს ან მუდმივად განმეორდეს.
- რა ნიშნებით ვლინდება ნევროზი?
- ნევროზით დაავადებული აგზნებულია, აქვს ქრონიკული გადაღლილობის ნიშნები, ვერ ისვენებს, ცუდად სძინავს ან საერთოდ ვერ იძინებს, ადვილად მრისხანებს, ყვირის, თუმცა შესაძლოა ამის მიზეზი არც ჰქონდეს; ზოგიერთი ადამიანის მიმართ ზიზღი უჩნდება, კონფლიქტურია. ეს ნევროზის პირველი ნიშნებია.
ფსიქიატრები ნევროზის სამ საფეხურს გამოყოფენ. ჩამოთვლილი სიმპტომები პირველს - ნევრასთენიას ახასიათებს. მას მოსდევს აკვიატებული ფორმა, რომლის დროსაც ნევრასთენიის ნიშნებს აკვიატებული აზრები ერთვის. მაგალითად, ნევროზის ამ ფორმით დაავადებული გარეთ გასვლისას სამჯერ აფურთხებს, კატის წინ გადარბენის ეშინია, მსგავს სიტუაციაში ერთნაირად იქცევა. ესენი ბოროტისგან შთაგონებული აზრებია, ადამიანს კი საკუთარი ჰგონია. აკვიატებული მოქმედებები გარკვეულწილად შეპყრობილობა, ბოროტის ბრძოლაა.
ნევროზის მესამე ფორმა - ისტერია შეპყრობილობის უფრო ღრმა სტადიაა. საქმე კვლავ ამპარტავნებასთან გვაქვს. ადამიანი ცდილობს, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს, ზოგჯერ მისი მოძრაობა და მანერები თეატრალიზებულია - ამით ცდილობს, უკეთ წარმოაჩინოს თავი. თუმცა ეს სიცრუე და სიყალბეა. თუ ყურადღების ცენტრშია, თავს ბედნიერად გრძნობს. როცა ისტერიული ადამიანი ამ მიზნის მიღწევას ვერ ახერხებს, შესაძლოა ისტერიული გულყრა და კრუნჩხვები დაემართოს.
- ზოგჯერ ნევროზი ადამიანს ავადმყოფობის დროს ემართება...
- დიახ, შეიძლება ნევროზი სნეულების შემდეგ განვითარდეს, ნერვული სისტემა მეორეულად დაზიანდეს, მაგრამ ესეც ადამიანის სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ კაცი განსაცდელისას ლოცულობს, არ მრისხანებს, არც ბობოქრობს, იცის, მეტის ღირსია და მადლობს უფალს, უარესი რომ არ დაემართა, მისი ავადმყოფობა ნევროზში არ გადადის.
ამპარტავანი კი ნევროზამდე სწორედ თავისი ამპარტავნებით მიდის.
- კიდევ რას უკავშირდება ნევროზი? მოქმედებს თუ არა მის განვითარებაზე ადამიანის ფსიქოტიპი?
- ცხადია, ფსიქოტიპსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა. მაგალითად, ქოლერიკს უფრო ფეთქებადი ხასიათი აქვს და ადვილად მრისხანებს.
ბავშვობიდან ნევროზული ადამიანები წყდებიან საზოგადოებას, იზოლირებულები და ჩაკეტილები ხდებიან.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნევროზი გაახალგაზრდავდა, იგი საკმაოდ გახშირდა მცირეწლოვან ბავშვებშიც კი. ალბათ, გინახავთ, პატარა ჯიუტად როგორ სთხოვს დედას სათამაშოს თუ ტკბილეულს. დედა უარს ეუბნება, ბავშვი კი ჭირვეულობს, ძირს გაგორდება, ტირის და არ წყნარდება. მოთმინებადაკარგული და ტირილით გაბეზრებული დედაც იძულებულია, სურვილი შეუსრულოს. ეს პირველი ნევროზული გამოვლინებაა ბავშვებში. უხილავი ბრძოლა ადამიანს ბავშვობიდან აქვს, მაგრამ მშობელმა თავისი არ უნდა გაატანინოს, იმთავითვე უნდა აღკვეთოს ასეთი საქციელი - თავნება ბავშვის გამოსწორება მერე ძალიან ძნელია. მშობლის სწორი მიდგომით ბავშვი სიმდაბლესა და მორჩილებას მიეჩვევა. თუმცა მხოლოდ დასჯით არაფერი გამოვა; დედა მლოცველი უნდა იყოს და ღმერთს სთხოვდეს დახმარებას ბავშვის აღზრდაში.
- როგორც წესი, ნევროზის დროს დამამშვიდებლებს ნიშნავენ...
- იწყებენ დამამშვიდებლებით, მსუბუქი ტრანკვილიზატორებით, რთული ფორმისას კი მკურნალობაც უფრო სერიოზულია. მაგრამ ნევროზი ხომ ხორციელზე მეტად სულიერი სნეულებაა, ამიტომ მკურნალობაც სულიერი "რეცეპტით" უნდა ჩატარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს აღმსარებელი, შეეცადოს, დათრგუნოს საკუთარი მე, დაამარცხოს ამპარტავნება, დაიმდაბლოს თავი. თავმდაბლობა ყველაფერს ამარცხებს, მაგრამ მისი მოპოვება საკმაოდ ძნელია. ამისთვის ეკლესიურ საიდუმლოებებში უნდა ვმონაწილეობდეთ, არ გავაცდინოს კვირის წირვა, ათორმეტთაგანი დღესასწაული, ყოველ დილით ვიხმიოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი, მოვილოცოთ წმინდა ადგილები... ამ ყველაფერს კი უნდა უძღოდეს გულწრფელი აღსარება, რომელიც თავის დამდაბლებაში დაგვეხმარება.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი