არსებობს სნეულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სულიერ მდგომარეობას. ცოდვით დაცემის გამო ადამიანი ზოგჯერ ბოროტი ძალის ზემოქმედების ქვეშ ექცევა. მაშინ მის სნეულებას ექიმები ვერაფერს უგებენ. მძიმე შემთხვევისას შესაძლოა ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც კი მოათავსონ, თუმცა ასევე უშედეგოდ.
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე:
- მართლმადიდებლური სწავლებით, ადამიანი სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან შედგება, თუმცა ამ ორი უკანასკნელის ერთმანეთისგან გამოყოფა პირობითია. შესაბამისად, ადამიანზე მოწევნული სნეულებებიც შეიძლება დაიყოს ხორციელ, მშვინვიერ და სულიერ სნეულებებად.
ხორციელ სნეულებებს საფუძვლად უდევს ადამიანის ქსოვილის დროებითი ან მუდმივი ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლას იწვევს, რაც მთელ ორგანიზმს აუძლურებს. ეს სნეულებები მთლიანად მედიცინის სფეროს განეკუთვნება და მათ საავადმყოფოებსა და სტაციონარებში მკურნალობენ.
სამშვინველი, რომელიც შეგვიძლია ადამიანის ფსიქიკად განვიხილოთ, ჩვენი გონებისთვის ამოუცნობი და მიუწვდომელი სასიცოცხლო ძალაა, რომელიც ზემოდან მოგვეცა - "და გამოსახა ღმერთმან კაცი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა..." (დაბ. 2,7).
დაბადების წიგნში მოსემ გადმოგვცა, რომ ღმერთმა ადამიანის სხეული და ცხოველთა სამშვინველი მიწისგან შექმნა შემოქმედებითი სიტყვით "იყოს" (დაბ. 1,20,24), ადამიანის ღვთიური სულის შესაქმნელად კი სტიქიური საწყისები აღარ გამოუყენებია, მხოლოდ შემოქმედებითად შთაბერა.
სამშვინველი სიცოცხლის სიმბოლოა, მაგრამ მისი წყარო არ არის; სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელიც თავისი უკვდავი სულის მეშვეობით მოქმედებს - "და შთაბერა..." (დაბ. 2,7).
- რადგან სამშვინველი ადამიანის ფსიქიკაა, მისი პათოლოგიები ფსიქიკური პრობლემებია?
- დიახ, მშვინვიერი სნეულებები ფსიქიატრიული პათოლოგიებია. ეს ადამიანის ფსიქიკის ისეთი ცვლილებებია, რომლებიც მისი მოქმედებისა და აზროვნების სტანდარტულ ჩარჩოებში არ თავსდება. მშვინვიერად დაავადებული ადამიანი არაადეკვატურად იქცევა, აქვს აკვიატებული აზრები, აუტიზმი, ბოდვები, ჰალუცინაციები. მშვინვიერ სნეულებებს ფსიქიატრიულ სტაციონარებსა და დისპანსერებში მკურნალობენ.
- ფსიქიატრიული სნეულებები სულიერ პრობლემებს ხომ არ უკავშირდება?
- როდესაც ადამიანის სულია ავად, ხშირად მასთან ერთად სამშვინველიც და ხორციც ავადდება. შესაბამისად, მშვინვიერი ანუ ფსიქიატრიული სნეულებები გარკვეულწილად სულიერსაც უკავშირდება.
სული ღვთის მადლით გამდიდრებული სამშვინველია. მსგავსი შერწყმა მხოლოდ ადამიანის თვისებაა. "სული სიცოცხლესა და მადლს ერთდროულად იძენს, რამეთუ მადლი არის ღვთის სუნთქვა, ღვთიური წყარო, სულიწმიდის ცხოველმყოფელი არსებობა" (გრიგოლ ღვთისმეტყველი).
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კეთილი - ჯანმრთელი სული, როცა ის ეკლესიურად ცხოვრობს, ან ბოროტი - დაზიანებული, თუ ცოდვაში ცხოვრობს და ეკლესიის მცნებებს არღვევს.
- მაინც რომლებია სულიერი სნეულებები?
- სულიერად მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ ავად, რადგანაც ცოდვები, ვნებები და მანკიერებები (ამპარტავნება, მრუშობა, სიზარმაცე, ნაყროვანება, მრისხანება და სხვა) გვაშორებს უფალს. ჯანმრთელი სულის დაზიანების შემთხვევაში სამშვინველს ბოროტი ძალები იპყრობს, რის გამოც სხეულიც სხვადასხვა დაავადებას იძენს.
ასეთი სნეულების განკურნება არც ფსიქიატრს შეუძლია და არც სხვა ექიმს, რამეთუ აღსარების საიდუმლოს შესრულების გზით ცოდვებისგან განწმენდის ძალაუფლება მხოლოდ მართლმადიდებელ მოძღვარს აქვს მიცემული ღვთისგან.
- რა ნიშნები აქვს სულიერ სნეულებებს?
- სულიერი დაავადებები, სხვაგვარად ბოროტისგან შეპყრობილობას რომ ვეძახით, როგორც წესი, ეკლესიაში ვლინდება. მსუბუქი შეპყრობილობის შემთხვევაში ადამიანს ეკლესიაში შემოსვლისთანავე თავბრუ ესხმის, მთქნარებას იწყებს, თავს სუსტად გრძნობს, გარეთ გასვლა უნდება, ჰაერი არ ჰყოფნის. თუ სიწმინდეებს მიუახლოვდება, განსაკუთრებით - ჯანმრთელობის პარაკლისის აღსრულებისას, შესაძლოა გულიც წაუვიდეს, გონება დაკარგოს. ძლიერი შეპყრობილობისას კი ეპილეფსიის მსგავსი გულყრა ემართებათ, კანკალებენ, პირიდან დუჟი გადმოსდით.
- როგორც ვიცი, შეპყრობილობის ფსიქიატრიულ სნეულებათაგან განსასხვავებლად მამები ავადმყოფს ფარულად რაიმე სიწმინდეს მიაახლებენ ხოლმე...
- დიახ, რადგანაც სიწმინდეებთან მიახლება, ეკლესიური წესის აღსრულება შეპყრობილ ადამიანს ცუდად ხდის.
დღეს ათასი ჯურის "წმინდანი" გამოჩნდა, რომელთაც სხეულზე ჯვრები ესახებათ, მირონი სდით. როდესაც ასეთ "წმინდანებს" ერთ-ერთმა ბერმა კვეთებულის ლოცვა წაუკითხა, ცუდად გახდნენ, ეს კი ბოროტისგან შეპყრობილებს ემართებათ.
უფალი ამბობს, რომ ბოლო ჟამს ხილული სასწაულები აღარ იქნება, სამაგიეროდ, ცრუ სასწაულები მომრავლდება. მართლაც, სატელევიზიო რეკლამები, მორბენალი სტრიქონები სხვადასხვა ნათელმხილველის განცხადებებითაა გადავსებული. ზოგი უცხოეთიდან ჩამოდის, ზოგი ადგილობრივია. გონიერმა კაცმა მათ არ უნდა დაუჯეროს.
- როდის შედიან ადამიანში დემონები?
- მამები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად დემონები იმ ადამიანებში შედიან, ვინც აბორტს იკეთებს, თავს იცავს დაორსულებისგან, სიძვაშია, მრუშობს, განსაკუთრებით - ვინც ხელით ეცემა, სქესობრივ გარყვნილებაშია. შეპყრობილობის მიზეზებს შორის შემდეგ ადგილს იკავებს ნაყროვანება, ლოთობა, ნარკომანია, უმარხველობა, მშობლების დაუმორჩილებლობა და მათი შეურაცხყოფა, სიწმინდეების შეურაცხყოფა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელ მიზეზს ავადმყოფები თვითონაც ხვდებიან და ასახელებენ კიდეც. ადამიანში ბოროტი შეიძლება შევიდეს როკმუსიკის, განსაკუთრებით - მძიმე მეტალის, მოსმენის ან შესრულებისას, პროფესიული სპორტით ძლიერი გატაცებისას, ჰიპნოზისას, ზოგიერთი სატელევიზიო გადაცემის ყურებისას და ა.შ.
სხვადასხვა წიგნი გვთავაზობს მკურნალობას შარდის დალევით, აკუპუნქტურით, უკონტაქტო მასაჟით, "სულიერი" ცენტრების გახსნით, ენერგიის გადმოზიდვით... ადამიანის დასაუფლებლად ბოროტს ეს პროცედურებიც უხსნის გზას.
ზოგჯერ ბოროტი ავადმყოფობას, ტრავმებს, ავარიის შედეგებს ეფარება და ისე მოქმედებს. ხშირად გაიგონებთ: "ანგინა გამირთულდა" ან "ავარიის შემდეგ დავრჩი ხეიბარი". არ სურთ გაგება, რომ სნეულება ცოდვების გამო ღვთისგან მოცემული განსაცდელია, რათა ჭეშმარიტებისკენ მოიხედონ და შეინანონ. სინანული კი ცოდვების გამო მოწეულ სასჯელს უფლის მოწყალებით ცვლის.
- სინანულის გარდა რა მოეთხოვება შეპყრობილს განკურნებისთვის?
- შეპყრობილის განკურნება ძნელია, მაგრამ ღვთის განგებით ეკლესიას ყველაფერი ძალუძს. უნდა ვეცადოთ, მტრის ლუკმად არ ვიქცეთ, ხოლო თუ მაინც რაღაც მოგვიხდა, სახარებაში ნათქვამია, რომ ბოროტი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება. ასეთ ადამიანებს ვურჩევთ, იარონ ეკლესიაში, ყოველ დილას სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი მიიღონ, ზეთი იცხონ, წმინდა ადგილები მოილოცონ.
- შეიძლება თუ არა შეპყრობილის ზიარება?
- თუ ადამიანი სიწმინდესთან მიახლებისას არ ბობოქრობს, მისი ზიარება აუცილებელიც კია. მაგრამ თუ არის საშიშროება, რომ ვერ მიიღოს ზიარება (წმინდა ნაწილები პირიდან გადმოაგდოს, ბარძიმს შეაფურთხოს...), ცხადია, მისი ზიარება არ შეიძლება.
- ვის შეუძლია კვეთებულის ლოცვის კითხვა და რატომ ითვლება იგი ასეთ საშიშ ლოცვად?
- კვეთებულის ლოცვას სულიერად შეპყრობილ ავადმყოფს უკითხავენ. ამ ლოცვას მხოლოდ გამოცდილი და მოღვაწე ბერი კითხულობს. ამ დროს იგი პირდაპირ ებრძვის ბოროტს და ბოროტიც უფრო შმაგდება. ეს ბრძოლა თანასწორი რომ იყოს და მიზანს მიაღწიოს, მოძღვარი იმდენად წარმატებული უნდა იყოს სულიერებაში, რომ მტერი ვერ შეეხოს.
სულის გადასარჩენად ბოძებული დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ბოროტი ძალას იკრებს ადამიანში, სულთან ერთად სხეულის ფიზიკურ ბუნებასაც ცვლის და ხშირად ისეთ დაავადებებამდე მიჰყავს, რომელთა წინაშეც მედიცინა უძლურია. სამწუხაროდ, ხშირად მეტისმეტად გვიან მიმართავენ ექიმსაც და ეკლესიასაც, არადა სულიერ თუ ფიზიკურ კურნებასაც გარკვეული დრო სჭირდება.
მინდა ექიმებს მივმართო: როდესაც ჩვეული მეთოდებით ავადმყოფს დიაგნოზს ვერ უსვამენ, პაციენტს ეკლესიისკენ მიუთითონ და არა სხვადასხვა "მლოცველისკენ", ექსტრასენსისა თუ ბიოენერგეტიკოსისკენ, როგორც ზოგიერთი იქცევა, რითაც სნეულებას ამძიმებს.
სასურველია, ფსიქიატრებმაც ეკლესიასთან ერთად გამოიძიონ ავადმყოფობის მიზეზი. ნებისმიერ შემთხვევაში ეკლესიური ცხოვრება და ხშირი ზიარება სულსაც წაადგება და სხეულსაც. თუ სულის დაზიანებისას სამშვინველიც ზიანდება და ხორციც, სულიერ ცხოვრებას სრული ადამიანის განკურნება ძალუძს.
ღმერთმა დაგლოცოთ!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი