რატომ ითვლება ცოდვად ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხმარება და სამედიცინო თვალსაზრისითაც რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება, ჩვენი რუბრიკის მუდმივი სტუმარი, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე გიორგაძე განგვიმარტავს:
- ქორწინების, ოჯახის შექმნის მთავარი მიზანი გამრავლებაა. სამოციქულოში პირდაპირ წერია, რომ დედას შვილთა სხმა აცხოვნებს. რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა, რომ მეუღლეები ერთმანეთს ემსახურებოდნენ. უფალმა ადამს სამოთხეში დედაკაცი დაუდგინა დამხმარედ, რადგან მისი მარტო ყოფნა არ იყო სათნო. ქალი მამაკაცს არა მხოლოდ საოჯახო საქმეში, არამედ გამრავლებასა და შვილების აღზრდაზე ზრუნვაშიც უნდა ეხმარებოდეს. როცა ადამიანი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს ხმარობს, არღვევს უფლისგან სამოთხეშივე მოცემულ კურთხევას - გამრავლდით, ინაყოფიერეთ და აავსეთ ქვეყანაო. ეკლესია წყვილს დაოჯახებაზე, გამრავლებაზე აკურთხებს და, ცხადია, ამისთვის თავის არიდება ცოდვაა.
- კონტრაცეფციის მომხრეებს ასეთი არგუმენტი მოჰყავთ: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ხმარებამ ბევრად შეამცირა აბორტების რიცხვი, აბორტი კი გაცილებით მძიმე ცოდვააო.
- დიახ, ცოდვას აქვს გრადაციები, თუმცა გრადაციები ჯოჯოხეთსაც აქვს - იქაც მეტ-ნაკლებად იტანჯებიან, მაგრამ ჯოჯოხეთი მაინც ჯოჯოხეთია.
რაც შეეხება კონტრაცეფციის სამედიცინო ასპექტებს, მაგალითად განვიხილოთ ყველასთვის კარგად ცნობილი სპირალი...
- ...რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ყველაზე მიღებული მეთოდი იყო.
- მართალი ბრძანდებით. საშვილოსნოსშიდა სპირალი საშვილოსნოს ყელში იდგმება და ხელს უშლის ჩასახვას. მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ერთი მოსაზრებით, სპირალი ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს შიდა შრეზე) ზემოქმედებს; მეორით - თითქოს მექანიკურად აბრკოლებს სპერმატოზოიდის მისვლას კვერცხუჯრედამდე, აკარგვინებს მას მუხტს, უსპობს მოძრაობის საშუალებას, რის გამოც ვეღარ ხდება განაყოფიერება; სხვა ვარაუდით, ის ხელს უშლის უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას - მის ჩანერგვას საშვილოსნოს ღრუში, რაც, ფაქტობრივად, მკვლელობაა, რადგანაც, მართლმადიდებლური სწავლებით, ადამიანს სული უფლისგან ჩასახვისთანავე ანუ განაყოფიერებისას ეძლევა.
ასე რომ, მართალია, მკვლელობის ცოდვა მეტია გამრავლების კურთხევის შეუსრულებლობაზე, მაგრამ ეს უკანასკნელიც ხომ ცოდვაა.
ამ ცოდვას კი ხორციელი შედეგებიც მოჰყვება - ხშირად სპირალის ფონზე საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს. მისი განვითარების რისკს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატებიც ზრდის, რადგან აჩქარებს ატიპური უჯრედების ზრდას და შესაბამის ფონს ქმნის.
- მოსახლეობის დიდ ნაწილს ისედაც ეშინია ნებისმიერი ჰორმონული პრეპარატისა. კიბოს განვითარების რისკის ზრდის გარდა, სხვა რა არასასურველ შედეგს იწვევს ეს პრეპარატები?
- მოგახსენებთ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც აშშ-ში მასობრივად დაიწყეს ამ ჰორმონული პრეპარატების მიღება, ამერიკელების ფიზიკური აღნაგობა შეიცვალა - ისინი დიდები და პათოლოგიურად მსუქნები გახდნენ. მათი მეტაბოლური ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებების გამოყენებას თვლიან.
არც ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებია (მაგალითად, მექანიკური სარქვლები) სრულიად უსაფრთხო. სამედიცინო სტატისტიკით, მათი გამოყენებისას შესაძლოა დაზიანდეს ორგანოები, განვითარდეს სხვადასხვა ანთებითი პროცესი, ალერგიული რეაქციები.
გარდა ამისა, ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენებისას ცოლქმრული კავშირი არაბუნებრივი, არაღვთიური ხდება. ხოლო რაც არაღვთიურია, სავალალო შედეგით მთავრდება სულიერადაც და ხორციელადაც. უფლის ნებასთან შეწინააღმდეგება ცოდვაა, რომელიც სულს სამსჯავროზე მოეკითხება.
- ჩამოთვლილთა გარდა არსებობს კონტრაცეფციის შეუქცევადი მეთოდიც - სტერილიზაცია. რას გვეტყვით მის შესახებ?
- არის შემთხვევები, როცა აჩენენ, რამდენი შვილიც უნდათ და შემდეგ მიმართავენ სტერილიზაციას - კვერცხსავალი მილების გადაკვანძვას. ამ ცოდვის სულიერი მხარე გასაგებია - გამრავლების კურთხევა ირღვევა, ხორციელად კი ქალი თავის ფუნქციას კარგავს. ადამიანის ორგანიზმი ხომ მთლიანია და უფალმა ისე შექმნა, რომ ორგანოთა ფუნქციონირება ერთიმეორისგან გამომდინარეობს. სტერილიზაციისას ირღვევა ციკლი, ვითარდება ენდომეტრიოზი, ხშირდება სიმსივნური პროცესების წარმოშობა. მართალია, მათი განვითარების მექანიზმები ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ფაქტია - სულიერი დარღვევის გამო ხორციელი სნეულებები ჩნდება.
- ზოგჯერ ქალი მილებს ექიმის რჩევით იკვანძავს, რადგან მისთვის მეტი შვილის გაჩენა არ შეიძლება. ამ დროს ადამიანი, განსაკუთრებით - არაეკლესიური, მხოლოდ ექიმს არის მინდობილი და მის ნებას ემორჩილება...
- ეკლესიის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ექიმმა არც კი უნდა მიანიშნოს ამაზე, რადგანაც ოჯახი, ცოლ-ქმრის, შვილების ურთიერთობა მოწამებრივი ღვაწლია, მძიმე ჯვარია. ორსულობისა და მშობიარობისას დედა თავს დებს შვილისთვის. ბუნებრივია, არ არის ღვთისთვის სათნო, როცა ექიმი ქალს შვილების გაჩენას უკრძალავს და მილების გადაკვანძვას სთავაზობს; უფალმა უკეთ იცის, ვინ, სად და როდის დაბადოს, ვის როგორ დაეხმაროს და ვინ გადაარჩინოს.
- ზოგჯერ ექიმი არჩევანის წინაშე დგება: დედის სიცოცხლე გადაარჩინოს თუ შვილის...
- ძალიან ცუდია, როცა საკითხს ასე სვამენ. რაკი დედა ხილულია და იცნობენ, მას ამჯობინებენ ბავშვს, რომელსაც ვერც ხედავენ და არც იცნობენ. ჩემი აზრით, ექიმმა ორივეს გადასარჩენად უნდა იზრუნოს და დანარჩენი უფალს მიანდოს. არ შეიძლება, ქალს ბავშვი მოუკლა მუცელში, თვითონ გადაარჩინო და ამით ღვაწლში ყოფნა და შვილისთვის თავდადება აუკრძალო. რა აზრი აქვს ისეთ გადარჩენას, თუ სულს დაიღუპავ? როცა უფლის წინაშე მოუწევს წარდგომა, ასეთი საქციელი ცოდვად მოეკითხება.
- არსებობს თავდაცვის კალენდარული მეთოდი, რომელიც ყველაზე ბუნებრივ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახის მიზანი შვილთა სხმაა, არც ამ მეთოდს უნდა ვიყენებდეთ, თუმცა იგი ყველაზე მისაღები საშუალებაა და ეკლესიაც უშვებს მას, მით უმეტეს - კალენდარული მეთოდი თავდაცვის 100%-იან გარანტია ვერ იძლევა; თუ ღმერთის ნებაა, ბავშვი ჩაისახება. ასე რომ, ასეთი მიდგომა მაინც უფალზე მინდობაა.
საზოგადოდ, როცა გარკვეული მიზეზის გამო დაორსულებისგან დროებით თავშეკავება უმჯობესია, ყველაზე უკეთესი თავშეკავების ღვაწლია, მაგრამ ეს ახალგაზრდებისთვის ძნელია, ამიტომ ასეთ დროს კალენდარული მეთოდი ყველაზე მისაღებია.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ყველაფერი ეკლესიის ზოგადი პოზიციაა, თორემ საორჭოფო საკითხებს ადამიანი ინდივიდუალურად წყვეტს მოძღვართან. მაგალითად, როცა ექიმი თვლის, რომ ორსულობა ქალის სიკვდილით დამთავრდება, ასეთ შემთხვევაში ხისტი მიდგომა არ შეიძლება. მსგავსი საკითხები უმეტესად ეპისკოპოსთან თანხმდება. ხოლო როცა ადამიანი ლოცვა-კურთხევით აკეთებს რამეს, ცოდვა უმსუბუქდება.
ძველად, როცა ქალები შინ მშობიარობდნენ, სულიერად უფრო დაცულები იყვნენ, რადგან ღმერთი უფრო ახლოს იყო მათთან. ფიზიოლოგიურადაც მეტად იყვნენ მომზადებულნი, იმუნიტეტიც ძლიერი ჰქონდათ, ფიზიკურად მუშაობდნენ და ამიტომ ადვილად მშობიარობდნენ, ახლანდელ ქალებს კი სხვაგვარი ხელშეწყობა სჭირდებათ და ეკლესია ამასაც ითვალისწინებს. ასე რომ, უფალთან გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი