- ჩვენს წინა საუბრებში აღვნიშნეთ, რომ არსებობს ორთოდოქსული და პარადოქსული მედიცინა. თუმცაღა ორთოდოქსულ ანუ კლასიკურ მედიცინაშიც არის ისეთი ჩარევები, რომლებსაც ეკლესია არ იწყნარებს...
- ზოგიერთი მათგანი, გარემოებების მიხედვით, შეიძლება დადებითადაც განვიხილოთ და უარყოფითადაც. მაგალითად ტრანსპლანტაცია, ანუ ერთი ორგანიზმიდან მეორეში ორგანოს ან ქსოვილის გადანერგვა ან გადასხმა, მოვიხმოთ. თუ ადამიანი სპეციალურ დაწესებულებაში სისხლის ჩაბარების სანაცვლოდ ფულს იღებს, - ეს ცუდია. ასე ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც. მართალია, მაშინ ამისთვის არ უხდიდნენ, მაგრამ სისხლის სანაცვლოდ ენერგიის აღსადგენი კომპლექსური სადილის (შოკოლადი, შავი ღვინო) ტალონებს ურიგებდნენ და ზოგიერთი ამ სადილით წახალისებული აბარებდა სისხლს. ასე მოქცევა, ცხადია, არ შეიძლება. მაგრამ თუკი კაცი უანგაროდ აძლევს სისხლს განსაცდელში მყოფ ადამიანს, - ეს გმირობის ტოლფასია, სახარებისეული პრინციპის აღსრულებაა - ვინც დადოს სული თვისი მოყვასისათვის, მან მოიპოვოს იგი.
- ორგანოთა გადანერგვაზე რას გვეტყვით?
- ამის შესახებაც ზუსტად იგივე შეიძლება გავიმეოროთ: როცა ვინმეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება რაიმე ორგანო და მას სჩუქნი, ან ყიდი, მაგრამ იმ მიზნით, რომ ვიღაცის სასიცოცხლო ოპერაცია დააფინანსო თუ უდანაშაულო ციხიდან დაიხსნა, - ეს თავგანწირვაა, მოყვასის სახით ქრისტესთვის გაღებული შესაწირავია. მაგრამ თუ იმისთვის ყიდი, რომ კომფორტი შეიქმნა, ანუ "კეთილი" საქმის მოტივაცია მხოლოდ ფულია, - ეს უკვე ცოდვაა.
- მამაო, ალბათ, ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რატომ არ ხელეწიფებათ საკუთარი ორგანოს შეხედულებისამებრ მოხმარება...
- იმიტომ, რომ ჩვენი სხეული ჩვენვე კი არა, ღმერთმა შექმნა და მასვე ეკუთვნის. ამიტომაც, როცა ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დაინტერესებით ყიდის თავის ორგანოს ან უსხამს სისხლს - არღვევს მცნებას "არა იპარო", რამეთუ სხვისას, ამ შემთხვევაში - შემოქმედის კუთვნილს, იღებს.
- დღეს განსაკუთრებით აქტუალურია პლასტიკური ოპერაციები...
- პლასტიკური ოპერაციები ძირითადად ესთეტიური ქირურგიის საგანია. მედიცინის ეს დარგი თითქმის მთლიანად ცოდვიანია. ქალების სურვილი გაახალგაზრდავებისა, ვნებიანი მომხიბვლელობისა (ხელოვნური ბიუსტები, ნაოჭების გასწორება, ზედმეტი ცხიმის მოცილება, ტუჩების დაბერვა...) მრუშობის ცოდვას უწყობს ხელს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ხანში შესვლა და დაბერება სანეტაროა იმ მხრივაც, რომ ადამიანს უფრო მეტი ცოდვა სცილდება. ისინი კი ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან, სურთ, ახალგაზრდულ ვნებებში დარჩნენ და არამც და არამც არ შევიდნენ ღვთივბოძებულ სიბერეში, რომელიც ადამიანს, სულიერად თუ არა, ხორციელად გარკვეულწილად მაინც წმენდს.
ამასთან, დაწუნებული გარეგნობა შესაძლოა ცხონების საწინდარი გახდეს, სილამაზის გამო კი ადამიანი ისეთ ცოდვაში ჩავარდეს, რომ სამუდამო სატანჯველი გაიმზადოს.
- ზოგიერთი გოგონა თვლის, რომ ოჯახის შექმნაში მაინცდამაინც კეხიანი ცხვირი უშლის ხელს...
- კეხიანი ცხვირის კორექცია არ არის დაოჯახების გარანტია, თუმცა აქ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო - იქნებ გოგონას ოპერაცია სულაც არ სჭირდება და ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური დომინანტაა. არსებობს ფსიქიკური მდგომარეობა, რომელსაც დისმორფომანია ეწოდება - ბავშვს ხშირად ახსენებენ თავის ფიზიკურ ნაკლს, "ცხვირას", "ყურშას" თუ "ჭიპას" ძახილით კომპლექსს უყალიბებენ. უკვე მოზარდს ან ზრდასრულს ტვინში შესაბამისი ფსიქიკური პოზიცია უვითარდება, რის გამოც მტკიცედ სურს ოპერაციის გაკეთება, თუმცა კოსმეტიკური თვალსაზრისით ეს არ სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგის ჩართვაა საჭირო.
- რას იტყვით რეკონსტრუქციულ ოპერაციებზე? ხომ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რაკი განსაცდელი უფლის დაშვებით გვევლინება, მისგან გამოწვეულ შედეგსაც არ უნდა უმკურნალოს?
- პლასტიკური ქირურგია სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანს არ უნდა დავეხმაროთ, თუ მას თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგია აქვს; პირიქით, იგი მოწოდებულია ასეთი ნაკლის კორეგირებისთვის.
კოსმეტიკური კორექცია, რომელიც შესაძლოა არ ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიის სწავლებას, გახლავთ: ცხვირის ტრავმისშემდგომი გარეგანი დეფორმაციის გამოსწორება, მით უმეტეს, თუ ამ დროს დარღვეულია სასუნთქი ფუნქცია; ნაწიბურების კორექცია; სახის, თავისა და ტანის ტრავმული ეტიოლოგიის დეფორმაციის გამოსწორება; კანის აღდგენითი ოპერაციები დამწვრობის შემდეგ და სხვა.
- მამაო, როგორც წესი, პლასტიკურ ოპერაციებს ქალები იკეთებენ, თუმცა მამაკაცებიც ახერხებენ "გალამაზებას", თუნდაც თმის გადანერგვით...
- ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. ადამიანი იმას უნდა დასჯერდეს, რაც ღმერთმა მისცა და ამისთვის მადლობდეს მას.
- თმის გადანერგვის გარდა, სხვა ცოდვიან ოპერაციებს თუ იტარებენ მამაკაცები?
- ასეთია უროლოგიური ოპერაციები, რომლებსაც მამაკაცები სექსუალობის შესანარჩუნებლად იკეთებენ. არ ვგულისხმობთ იმ ჩარევებს, რომლებიც ამ თუ იმ დაკარგული ფუნქციის ან ფორმის აღდგენას ისახავს მიზნად, არამედ ისეთ ოპერაციებს, რომლებიც სოდომის ცოდვით შეპყრობილი ადამიანების (ჰომოსექსუალების, ლესბოსელების) დაცემული ვნებების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული.
ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო სამედიცინო მეთოდები არსებობს თერაპიაშიც (მაგალითად, ჰიპნოზით მკურნალობა), ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაშიც (ჰიპნოსუგესტიური ზემოქმედება), ნარკოლოგიაშიც (კოდირებისა და ჩაკერების მეთოდი), გინეკოლოგიაშიც (კონტრაცეფცია, სტერილიზაცია და აბორტი)...
- ჩაკერების მეთოდში რას გულისხმობთ?
- ძალზე მოდურია ნარკომანებსა და ლოთებში კანქვეშ ფრანგული წარმოების ესპირალის ტიპის ამპულის ჩაკერება. ამ ნივთიერებას არავითარი სამკურნალო თვისება არ გააჩნია; ეს არის შიშის დომინანტა - თუ დავლევ ან გავიკეთებ, მოვკვდები, - რაც დიდი ცოდვაა. ამაზე კურთხევის გაცემა არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი ღმერთს განუდგება - მას არ ეშინია უფლისა და ნამდვილი სიკვდილის, არამედ ხორციელი გარდაცვალებისა. მხოლოდ უფლის შიშია სიბრძნე. ეკლესიური ცხოვრებაა ის ჭეშმარიტი წამალი, რომელიც უპირველესად სულს აჯანსაღებს, შემდეგ კი სხეულსაც. მართალია, ეს უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს პაციენტისგან და გაცილებით რთულია, ვიდრე ამპულის ჩაკერება, მაგრამ უფლის მადლით გაძლიერებული ადამიანი ყველაფერს გადალახავს.
აღარ ვისაუბრებ ევთანაზიაზე, ტრანსსექსუალურ ოპერაციებზე, რაც საშინელებაა, ღვთის უარყოფაა! ეს ყველამ იცის, მაგრამ რატომღაც მაინც მიმართავენ, რაც დიდ ცოდვად ერაცხებათ.
აბორტი უკვე გაცვეთილი თემაა. ექიმმაც, დედამაც, მღვდელმაც - ყველამ იცის, რომ ეს მკვლელობაა, საშინელი მკვლელობა, გაცილებით მძიმე, ვიდრე მოზრდილი ადამიანის მოკვლა: ამ შემთხვევაში იციან, ვინ იყო ის პიროვნება - გარეწარი თუ ნორმალური ადამიანი (თუმცა ესეც იმხელა ცოდვაა, რომ, წესით, მკვლელი სიცოცხლის ბოლოსღა ეზიარება), ხოლო როდესაც დედა და ექიმი უმოწყალოდ ასალმებენ სიცოცხლეს მუცლადმყოფ პატარას, მათ არ იციან, ვის კლავენ - იქნებ ღვთისგან მოვლენილ მღვდელს, ეპისკოპოსს ან წინასწარმეტყველს.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი