ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მართლმადიდებლური სწავლებისა და მედიცინის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე გიორგაძე პროფესიით ექიმია. მას სანკტ-პეტერბურგში ქირურგად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ამიტომ ორმხრივად უფლებამოსილია, ამ რუბრიკის მუდმივი სტუმარი და წარმმართველი იყოს.
- მედიცინა ღვთივკურთხეული პროფესიაა. როდესაც ფარისევლებმა და სადუკეველებმა უფალს უსაყვედურეს, რატომ ზიხარ და ჭამ მეზვერეთა და ცოდვილთა თანაო, მაცხოვარმა მიუგო: "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა" - ექიმი ავადმყოფს სჭირდება და არა ჯანმრთელსო. ამ სიტყვებით მან აკურთხა სნეულთა მკურნალობა ანუ მედიცინა.
სამოთხეში ადამიანს ექიმი არ სჭირდებოდა, რადგანაც იქ არ იყო სნეულებები, არ განიცდიდა ვნებებს, შიმშილს, სიცივეს. მხოლოდ უფლის ჭვრეტით ტკბებოდა. დაცემისა და სასუფევლიდან გამოძევების შემდეგ კი მას ხორციელი კურნება დასჭირდა. არ მიატოვა უფალმა გამიწიერებული ადამიანი - თუ სამოთხეში სულიერადაც და ხორციელადაც ზრუნავდა მასზე, ამქვეყნადაც მისცა სულიერად გადარჩენის საშუალება ეკლესიისა და მისი წინასწარმეტყველების სახით და ხორციელი კურნება მისნაირი მიწიერი ადამიანების მეშვეობით.
- როგორ განიხილებოდა ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანის ხორციელი სხეული?
- ძველი აღთქმის წიგნებში, ზოგადად წმინდა წერილში, ფიზიოლოგია და ანატომია არსად განიხილება. იქ მარტივად არის ნათქვამი, რომ ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა და მას უკვდავი სული შთაბერა.
მართლაც, ქსოვილების ჰისტოლოგიური და ქიმიური ანალიზით დგინდება, რომ ჩვენი სხეული მიწაში არსებულ ყველა ელემენტს შეიცავს. აქედან ჩანს, რომ ადამიანი მიწისგან შეიქმნა და მიწადვე მიიქცევა და სულაც არ ჩამოსულა სხვა პლანეტიდან, როგორც ზოგიერთი თეორიის მიმდევრები აცხადებენ.
თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ადამიანის სულსა და ხორცს, ერთ მხარეს იქნება მიწა - გვამი, მეორეზე კი სული, ან რაღაც მოჩვენება. მათი შეერთებით სრულყოფილ ადამიანს ვიღებთ, რომელიც სამუდამოდ ასეა შექმნილი. და ეს ერთობა სასუფეველში ყოფნის აუცილებელი პირობაა. გარდაცვალება და სხეულის დაფვლა დროებითი განშორებაა სულისა და ხორცისა, საყოველთაო აღდგომის შემდეგ სული აღდგება სხვა თვისებების მქონე სხეულით, როგორითაც აღდგა უფალი, და მასთან ერთად აღდგნენ ის ადამიანები, რომლებიც იერუსალიმში შევიდნენ და ხალხს ეჩვენნენ.
- რა უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა ძველი აღთქმის დროს - ფიზიკური კურნება თუ სულიერი?
- რამდენადაც აღემატება სული ხორცს, იმდენად მეტია სულიერება ხორციელებაზე. წმინდა წერილში ყველაფერი ცოდვას უკავშირდებოდა. ითვლებოდა, რომ თუ სული ჯანმრთელი იყო, ხორციც ასეთივე გახლდათ. ამიტომ ძველ აღთქმაში ავადმყოფობა, თუ სიბერით ან ტრავმით არ იყო გამოწვეული, ძირითადად ცოდვის შედეგად განიხილებოდა. ამდენად, სნეულებებს ძირითადად სულიერად მკურნალობდნენ. თუმცაღა სახარებიდან გვახსოვს ბრმადშობილი, რომელზეც მაცხოვარმა თქვა, რომ მისი სიბრმავე უფლის სადიდებლად იყო დაშვებული და არა საკუთარი ან მშობლების ცოდვის გამო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მრავალტანჯულ იობზე, რომელსაც ბოროტმა მრავალი განსაცდელი მოუვლინა.
- დღევანდელობასაც ამ თვალით უნდა შევხედოთ?
- დიახ. ვფიქრობ, ჩვენს ეპოქაშიც სნეულებები უმეტესად სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. თუ დავუკვირდებით, ყველა ცოდვას შესაბამისი ავადმყოფობა მოსდევს: მრუშობას - ვენერული სნეულებები, შიდსი და სხვა; ჰიპოდინამიას (უმოძრაობას) და თამბაქოს წევას - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ლოთობასა და ნაყროვანებას - ღვიძლისა და სისხლძარღვების პათოლოგიები...
ძველ აღთქმაში ზოგიერთი სნეულება ჭარბ კვებასთან იყო დაკავშირებული - ყველაფერს ერთბაშად ნუ მიეძალებით, ვინც მეტს ჭამს, ავადდება და ცოტა ხანს ცოცხლობს, ხოლო თავშეკავებული - დღეგრძელიაო.
- როდიდან არსებობს ოფიციალური მედიცინა?
- ექიმები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ჰიპოკრატემ მედიცინა სისტემაში მოიყვანა და ექიმებისთვის ფიცი შემოიღო. ამიტომ მედიცინაზე საუბრისას ათვლის წერტილად მაინც ჰიპოკრატეს მივიჩნევთ.
ზუსტად როდის დაიწერა ჰიპოკრატეს ფიცი, არავინ იცის, თუმცა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში იგი უკვე არსებობდა და მედიცინაც მას ფართოდ იყენებდა. სხვათა შორის, მისი შეხედულებები ეთანადება მართლმადიდებელი ექიმის ფიცსაც, რომელიც 14-ე საუკუნით თარიღდება (ეს ფიცი შემდეგ ნომერში გავაცნოთ მკითხველს).
მართლაც საოცარი დებულებებია ჰიპოკრატეს ფიცში. იგი ჯერ თავის ღმერთებს - აპოლონს, ზევსს, ჰელიოსს ეფიცება და აღნიშნავს, რომ მედიცინაში არაფერი ხდება ღმერთების გარეშე (მოგეხსენებათ, იმხანად საბერძნეთში მრავალღმერთიანობა იყო), ამიტომ მედიცინა რელიგიას უნდა დაემორჩილოს, ხოლო ექიმებმა მუხლი მოიდრიკონ ღვთის წინაშე და ისე უმკურნალონ ავადმყოფებს.
ჰიპოკრატე თავის ტრაქტატებში ძალზე მკაცრ მოთხოვნებს უყენებს მკურნალებს. ექიმს მკურნალობის უფლება რომ მიეღო, აუცილებლად კარგად განსწავლული უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა, მას ევთანაზიისთვის მიემართა ("არ მივცემ ავადმყოფს საწამლავს, რომელიც მის სიკვდილს შეუწყობს ხელს") ან აბორტისთვის შეეწყო ხელი. იგივე პუნქტები მართლმადიდებელი ექიმის ფიცშიცაა გათვალისწინებული.
ჰიპოკრატეს ფიცით, ექიმს მომაკვდავი ადამიანის მდგომარეობაში ჩარევაც ეკრძალებოდა...
- ჩარევა სიცოცხლის გაგრძელების მიზნით?
- დიახ. როცა ცხადი იყო, რომ ადამიანი ვეღარ გადარჩებოდა, აღარ აწვალებდნენ. თუმცა დღეს ამ საკითხს სხვაგვარად უყურებენ. არსებობს რეანიმაციული განყოფილებები, სადაც ყველა ღონეს ხმარობენ უმძიმესი ავადმყოფების მდგომარეობიდან გამოსაყვანად. "რეანიმაცია" სულის დაბრუნებას ნიშნავს ("რე" - დაბრუნება, "ანიმა" - სული).
- რა შეიწყნარა ეკლესიამ წარმართული მედიცინიდან?
- მედიცინა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იყო ჭეშმარიტი და არაჭეშმარიტი მედიცინა, სხვაგვარად რომ ვთქვათ - ორთოდოქსული და პარადოქსული მედიცინა.
ტრადიციული მედიცინა დღევანდელი სახით ორთოდოქსულია - მიღებულია ეკლესიის მიერ, მაგრამ მის პარალელურად არსებობენ სხვადასხვა ჯურის "მკურნალები", რომლებიც სიცრუით მოდიან და ჭეშმარიტ კურნებას ვერ ახდენენ, მათ მიერ გამოწვეული ეფექტები ავადმყოფს მხოლოდ დროებით თუ უმსუბუქებს მდგომარეობას, შემდეგ კი თავდაპირველზე მეტად უმძიმებს და განკურნებასაც ართულებს.
- ძველად საქართველოში ფართოდ იყენებდნენ კარაბადინებს...
- კარაბადინებში, რა თქმა უნდა, ბევრი კარგი რეცეპტია, რადგანაც ეს წიგნები დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზეა დაწერილი.
მათ რეცეპტებს მეტ-ნაკლები ეფექტი ჰქონდა და, ალბათ, ახლაც ექნება. მაგრამ მედიცინა იმდენად განვითარდა, რომ ეს ყველაფერი უარყოფილია, არსებობს ახლებური მიდგომები, მეთოდები, დახვეწილი აპარატურა, რაც რადიკალურად ცვლის შეხედულებას ძველ მედიცინაზე. თუმცაღა, ჩემი აზრით, ძველი და ახალი მედიცინის შერწყმა მეტად გამოსადეგი იქნებოდა.
დღევანდელი გადასახედიდან ბევრი რამ გაოცებას იწვევს: შუა საუკუნეებში არსებობდა ვერცხლის მილებით სისხლის გადასხმის პროცედურები, ჭრილობას საქართველოში ძროხის ან ხარის გამხმარი სისხლის დადებით მკურნალობდენენ, კეთდებოდა ტრეპანაციები - ოპერაციები თავის ქალაზე და სხვა.
- რას წარმოადგენდა სამონასტრო მედიცინა და რით განსხვავდება მისგან თანამედროვე მედიცინა?
- მონასტრების ჩამოყალიბებამდე დედა ღვთისმშობელსაც ჰქონდა ავადმყოფთა მოვლის მორჩილება - მათ საკუთარ წილ საჭმელს უზიარებდა.
შემდეგში მონასტრებთან არსებულ ქსენონებში მოხუცებსა და სნეულებს უვლიდნენ. ხორციელის გარდა მათზე სულიერადაც ზრუნავდნენ. უტარდებოდათ ზეთისცხება (იგულისხმება შვიდგზის ზეთისცხება), რომელსაც განსაკუთრებული მაკურნებელი ძალა აქვს. აზიარებდნენ, სხეულს კი იმ დროისთვის არსებული საშუალებებით მკურნალობდნენ. ძველად მღვდლებს შესაბამისი განათლება ჰქონდათ.
XX საუკუნეში მედიცინამ ნახტომისებურად წაიწია წინ. შედეგად, ზოგიერთი ავადმყოფობა დაიძლია და აღარ არსებობს, თუმცა მათ სანაცვლოდ სხვები მომრავლდა. მედიცინაშიც მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა.
დღევანდელ მედიცინაში უკვე რადიკალური მიდგომებია, თუნდაც რეანიმაცია, სხვა რადიკალური ოპერაციები.
- რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას ავადმყოფის განკურნებისთვის?
- თუ ადამიანი ლოცულობს და სულიერად იკურნება, მეტწილად ის ხორციელადაც გამოჯანმრთელდება, თუმცაღა, მხოლოდ უფალმა უწყის, ჩვენივე გადასარჩენად როგორ და რამდენ ხანს უნდა ვიავადმყოფოთ. ხორცით სნეულება სულისთვის დიდი სარგებელია, ეს ის ცეცხლია, რომელიც ოქროს ბაჯაღლოდ აქცევს. წმინდა პავლე მოციქულის თქმით, სხეული სულიწმინდის ტაძარია, ჭურჭელია. სულის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის აღსავსეა ან სიწმინდითა და სიკეთით და მართლაც სულიწმინდის სადგურს წარმოადგენს, ან სიბინძურითა და ბიწიერებით, რისგან განკურნების საშუალებაც ლოცვით, აღსარებით, უფლის სისხლისა და ხორცის ზიარებით გვეძლევა, რაც ხორციელი კურნების საწინდარიცაა.
- პირადი ლოცვების, აღსარებისა და ზიარების გარდა, კიდევ რომელი მსახურებები არსებობს სნეულთათვის?
- მათთვის ტარდება შვიდგზის ზეთისცხება, პარაკლისები და, რასაკვირველია, აუცილებელია მათი პროსკომიდიაში ანუ კვეთისას მოხსენიება.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი