მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
მხოლოდ მაშინ ახმიანდება, როდესაც ადამიანის თითი მიეკარება, მღერის ან ტირის: "ეს ყოველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს, ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობა ამაზეა დამყარებული. თუკი ექიმი ამგვარ დამოკიდებულებაშია ავადმყოფთან, მაშინ იქმნება სრულიად ახალი ურთიერთობები... მორწმუნე ავადმყოფებისა და მედიკოსებისთვის ღმერთი ხსნის, სულიერი საზრდოობის, ზნეობრივი მხარდაჭერის, ემოციური ნუგეშის, გონების მოკრების და ხორციელი გაძლიერების დაულევნელი წყაროა. მისდამი რწმენა ექიმებს ეხმარებათ იყვნენ გულმოწყალენი, ავადმყოფის მიმართ თანამგრძნობნი, შეძლონ მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა, არა იმდენად იმისთვის, რომ მასთან ერთად სტკიოდეთ და კვდებოდნენ, არამედ რათა მასთან ერთად გამოჯანმრთელდნენ ან მარადიულ ცხოვრებაში გააცილონ იგი. სულიერად ძლიერი ექიმი ავადმყოფს ამხნევებს და რწმენას უნერგავს, მისი სიტყვები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე სულიერად სუსტი ექიმისა".
მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგან თანამშრომლობდა მედიცინასთან. შესაძლებლობის ფარგლებში სოციალურ, სამკურნალო და, რაც მთავარია, სულიერ დახმარებას ანიჭებდა ღარიბებს, ხეიბრებს, უსახლკაროებს, ობლებსა და ქვრივებს. ინახავდა დავრდომილთა თავშესაფრებს. ეს ტრადიცია გრძელდება. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჯვარისმამის სახელობის ეკლესიასთან 2001 წლის 1 ივნისს დაარსდა სამედიცინო სამსახური, რომლის შექმნის იდეა ეკუთვნის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ტარიელ სიკინჭალაშვილს. ვესაუბრებით ჯვარისმამასთან არსებული სამედიცინო სამსახურის კოორდინატორს, ექიმ-კარდიოლოგს ნინო ნადიბაიძეს.
- როგორ დაარსდა ეს სამედიცინო სამსახური და რას ისახავდა მიზნად?
- ჩემი მოძღვრის, მამა ტარიელის კურთხევით, ავადმყოფებს ვუტარებდი კონსულტაციას და ვუღებდი ელექტროკარდიოგრამას. ჩემი მუშაობის მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება იყო, მაგრამ მათ გარდა მოდიოდნენ სხვა ავადმყოფებიც. საჭირო გახდა სხვა სპეციალობის ექიმების ჩართვაც. მოვიწვიე მაღალკვალიფიციური ექიმები უფასო კონსულტაციების ჩასატარებლად. ჩემი ახლობლები და ნაცნობები სიამოვნებით დამთანხმდნენ თანამშრომლობაზე. კონსულტაცია მოიცავს ავადმყოფობის გარშემო გასაუბრებას და გასინჯვას. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩასატარებლად, რომლებიც ფასიანია, ავადმყოფები იგზავნებიან სტაციონარში; მაგრამ ზოგიერთს გამოკვლევების გაკეთება უსახსრობის გამო უჭირს. კარგი იქნებოდა, გამოჩენილიყო სპონსორი, ვინც დააფინანსებდა მათ და სრულყოფილი იქნებოდა კონსულტაციაც. სამედიცინო სამსახურის მუშაობის მთავარი მიზანი არის სწორი დიაგნოზის დასმა და სწორი მიმართულების მიცემა. ჩვენთან თანამშრომლობენ: ტრავმატოლოგ-ორთოპედი ზურაბ ბერუაშვილი, მტევნის (ხელის) ტრავმატოლოგ-ორთოპედი პაატა ღუდუშაური, ბავშვთა ორთოპედი ნუნუ გეგეშიძე, ქირურგი ვასილ გორგაძე, ანგიოლოგი კახა ქუნთელია, თერაპევტი (გასტროენტეროლოგი) თინათინ გორდაძე, ფთიზიატრი და პულმონოლოგი მარიკა ერისთავი, რევმატოლოგი ნანა ლაცაბიძე, ენდოკრინოლოგები - ნინო ჩაჩანიძე და ნინო გულუა, ოტორინოლარინგოლოგი ნათია სვანიძე, დერმატოლოგი მურმან კიკვიძე, ინფექციონისტ-სეფსისოლოგი ნინო რუხაძე, ნევროპათოლოგები: მირიან წიკლაური და თენგიზ წულაძე, ეპილეფტოლოგი დავით კვერნაძე, ნეიროქირურგი ნატა შენგელაია, ოფთალმოლოგები: ნანა აბესაძე და სოფო იმედაშვილი, ბავშვთა ნევროპათოლოგები: თამრიკო აბზიანიძე და გია მელიქიშვილი, უროლოგი ზაზა ჭანტურია, ნეფროლოგები: ნათელა ბასიშვილი და ქეთო ანჯაფარიძე, გინეკოლოგი ლალი დადიანი, გინეკოლოგი ნანა ხომასურიძე, მამოლოგი გია ნემსაძე, ჰემატოლოგი ირაკლი თოფურიძე, ფსიქიატრი გიორგი ჭეიშვილი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი, ბავშვთა კარდიოლოგი და კარდიოქირურგი გიორგი კაცია.
ექიმები სიამოვნებით ეწევიან ქველმოქმედებას. ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია ის განცდა, რომელიც გეუფლება მაშინ, როდესაც პაციენტი დაგლოცავს და მადლიერია შენი. გარდა ამისა, ექიმებს ეკლესიური ცხოვრებაც ეხმარებათ უანგაროდ მუშაობასა და მოწყალების გაცემაში. გაკურნების თვალსაზრისით რწმენა ავადმყოფებისთვისაც მნიშვნელოვანია, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დანიშვნის შემდეგ კიდევაც ეზიარებიან.
ექიმმა-რევმატოლოგმა ნანა ლაცაბიძემ მითხრა, - 1985 წლიდან ვმუშაობ რკინიგზის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-რევმატოლოგად, ხოლო ჯვარისმამასთან არსებულ სამედიცინო სამსახურში - 2005 წლის 15 ივნისიდან, რასაც დიდ პატივად მივიჩნევ. მადლობელი ვარ, რომ უფალმა მომცა ნება, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით უანგაროდ დავეხმარო ავადმყოფებს.
განსაკუთრებული სიცხადით მახსოვს აქ ჩემი მუშაობის პირველი დღე. ავადმყოფებისგან მივიღე იმდენად დიდი სითბო, დალოცვა და მადლიერება, რომ სიხარულით აღვივსე, არაჩვეულებრივი სიმსუბუქე ვიგრძენი. ყოველი კონსულტაციის შემდეგ ვგრძნობ, რომ გაცემული სიკეთე ათმაგად მიბრუნდება მადლიერი პაციენტების სიყვარულით.
ჩვენი ავადმყოფების უმეტესობა რწმენით არის აღსავსე: იღებენ ნაკურთხ წყალს, სეფისკვერს... რწმენას ემატება მკურნალობა და ეს უმსუბუქებთ მდგომარეობას.
ადამიანის მოვალეობაა, დაეხმაროს გაჭირვებულს. ექიმს ეს ყველაზე მეტად შეუძლია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევს, დავეხმარო ხალხს და მდგომარეობა შევუმსუბუქო.
ექიმი-თერაპევტი თინათინ გორდაძე უკვე თითქმის ოცი წელია, რაც საექიმო საქმიანობას ეწევა.
- ამ ხნის მანძილზე გარკვეული გამოცდილება შევიძინე პაციენტის ხასიათის შეცნობაში. ათი წელია ჯვარისმამის ტაძრის მრევლი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი ტაძარი, ჩემი მოძღვარი, ყველა, ვინც ამ ტაძარში მსახურობს. უფლის შეწევნით და ჩემი ბავშვობის მეგობრის, ექიმ ნინო ნადიბაიძის მონდომებით საშუალება მომეცა, მოკრძალებული წვლილი შემეტანა პაციენტების გამოჯანმრთელებაში, - მეუბნება თინათინი.
ჩვენი სამსახური ეხმარება არა მარტო ამ ტაძრის მრევლს, არამედ ყველა მომსვლელს. პაციენტმა იცის, რომ აქ მას დახვდება რწმენაში გაძლიერებული, მართლმადიდებელი ქრისტიანი ექიმი, რომელიც სრულიად უანგაროდ მოუსმენს, უმკურნალებს, გაამხნევებს და იმედიან სიტყვას ეტყვის - "უფალი მოწყალეა." ექიმისთვის კი ყველაზე საუკეთესო სამადლობელია - "ღმერთმა შეგიწიროს", რომელსაც მადლიერი პაციენტი ამბობს.
რწმენას ძალიან დიდი ძალა აქვს. მინდა გიამბოთ ერთი ამბავი, რომელიც მე გადამხდა. მეგობარმა შვილებთან ერთად გერმანიაში მიმიწვია. წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დამერღვა სისხლის ფორმულა ისეთი მაჩვენებლით, რომ ფრენა შეუძლებელი იყო. დამინიშნეს მედიკამენტური მკურნალობა. შედეგი არ გამოიღო. გაფრენამდე რამდენიმე დღე რჩებოდა. ოჯახში წმინდა მიწიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი გვაქვს. ათი დღე გულში ჩაკრული და ჩამუხლული ვკითხულობდი ღვთისმშობლის დაუჯდმელს და მოხდა სასწაული - გერმანიაში შვილებთან ერთად გავფრინდი.
დიდია ძალა რწმენისა და უფლის სიყვარულისა.
დერმატოლოგი მაია დათუაშვილი თბილისის კანისა და ვენერულ სნეულებათა კლინიკურ დისპანსერში მუშაობს. ამას გარდა, რამდენიმე სამედიცინო ცენტრის კონსულტანტია, ლექციებს კითხულობს გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
- ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში ვმუშაობ 2003 წლიდან, - მიყვება მაია, - ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფასიან მედიცინაზე გადასვლამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მოსახლეობა. ჩვენთან თავისუფლად შეუძლია მოსვლა ნებისმიერ ადამიანს და სამედიცინო კონსულტაციის მიღება, მიუხედავად მისი ეკონომიკური მდგომარეობისა. ჯვარისმამაში სიმშვიდის გრძნობა მეუფლება, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, მაინც ხალისით ვასრულებ ჩემს მოვალეობას.
რწმენა ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის ავადმყოფობის დაძლევაში. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და ექიმობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგ-ორთოპედი ზურაბ ბერუაშვილი მიამბობს: - ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში ეპიზოდურად - მისი დაარსებიდან, რეგულარულად კი 2003 წლიდან ვმუშაობ. აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესიაში ხშირად დავდივარ და საექიმო კონსულტაციას ვუწევ ყველა სოციალური ფენისა და ეკონომიკური შესაძლებლობის მქონეს.
ჯვარისმამის სამედიცინო სამსახურში მოსვლისას მეუფლება ისეთივე განცდა, რაც საერთოდ ეკლესიაში მოსვლისას ეუფლება ადამიანს. რწმენა და ქველმოქმედება და ექიმის საქმიანობა ხომ განუყოფელია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი