ამას წინათ ქ-ნმა თაისი ტორონჯაძემ ასეთი რამ მიამბო: თეთრიწყაროელ მიტროპოლიტს ზინობი მაჟუგას ერთხელ უწმინდესი ეფრემისთვის უთხოვია: "თქვენო უწმინდესობავ, ძალიან გადავიღლე, იქნებ რამდენიმე დღით დამრთოთ ნება, შიომღვიმის მამათა მონასტერში ავიდე ფიზიკური და სულიერი ძალების მოსაკრებადო". მეუფე გაოცებულა, როცა პატრიარქს კატეგორიული უარი გამოუცხადებია მის თხოვნაზე, მაგრამ დამორჩილებია კურთხევას და თბილისში დარჩენილა.
რამდენიმე დღის შემდეგ, შიომღვიმის მონასტერზე თავდასხმის დროს, სიცოცხლეს გამოასალმეს არქიმანდრიტი გიორგი (დადიანი). მეუფე ზინობი მაშინ მიხვდა, რომ უწმინდესმა ეფრემმა ცუდი წინათგრძნობის გამო არ გაუშვა შიომღვიმეში, ამიტომ მადლიერებით უთქვამს მისთვის: თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთო.
60-იანი წლებიდან კომუნისტურმა ხელისუფლებამ ახალი კამპანია გააჩაღა ეკლესია-მონასტრების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მისათვისებლად.
ქ-ნ თაისი ტორონჯაძეს, რომელიც იმხანად დიდუბის ეკლესიის სამეურნეო საქმიანობას განაგებდა, პანთეონის ადმინისტრაციისთვის არ დაურთავს ნება, უნებართვო მშენებლობა ეწარმოებინათ ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე.
"რამდენიმე დღის შემდეგ უწმინდეს ეფრემს მცხეთის სასულიერო სემინარიაში შევხვდი, - გაიხსენა ქ-ნმა თაისიმ, - პატრიარქმა გამიღიმა, მხარზე ხელი გადამხვია და მითხრა: "თაისი, შვილო, გავიგე, რაც მოხდა დიდუბის ეკლესიაში. რა თქმა უნდა, შენ ძალიან სწორად მოიქეცი, მაგრამ ზოგჯერ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. სწორად გამიგე: თუ ახლა შევეწინააღმდეგებით, ისინი ჩვენი ტერიტორიის ოფიციალურად დაკანონებას შეეცდებიან. ახლა დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. თუ დამიჯერებ, ჯობია, ახლა დავუთმოთ და სამომავლოდ ტაძრის ეზოც და ეკვდერიც ისევ ჩვენ დაგვიბრუნდებაო". გავიდა წლები და როგორც ყოველთვის, უწმინდესი ეფრემის სიტყვები ასრულდა - დავიბრუნეთ ეკვდერიც და ეკლესიის ეზოც. რომ არა მისი წინდახედულება და შორსმჭვრეტელობა, შესაძლოა, ეს ტერიტორია მართლაც დაკარგულიყო".
ამით ამოიწურა ჩვენი საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით დაკავშირებულნი იყვნენ პატრიარქ ეფრემის მოღვაწეობის პერიოდთან და მასზე ბევრი საინტერესო მოგონება შემოგვინახეს, თუმცა არსებობენ ისეთი პიროვნებებიც, რომლებსაც პირადი ნაცნობობა არ აკავშირებდათ განსვენებულ პატრიარქთან, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად უყვართ იგი და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ვესაუბრებით თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს.
- მამა არჩილ, როგორც ვიცი, უწმინდესი ეფრემი არასოდეს გინახავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამორჩეულად გიყვართ და პატივს სცემთ...
- მოგახსენებთ. მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი დაიღუპა. ისე განვიცადე, რომ მძიმე სულიერმა მდგომარეობამ დეპრესიაში ჩამაგდო და აღარ ვიცოდი, როგორ გამოვსულიყავი ამ დიდი მწუხარებიდან.
ერთხელაც სიზმარში ვხედავ, ვიწრო ორღობეში მივდივარ თითქოს, თან გულში ეკლები მესობა და სიმწრისაგან ვკვნესი. ვიძახი: "ვაი, დედა!.." - და ასე მივიწევ წინ. როგორც იქნა, ეკლიან ორღობეს გამოვცდი და უცებ ჩემ თვალწინ მწვანე ბალახით აბიბინებული ულამაზესი მდელო გადაიშალა. მინდვრის შუაგულში სასულიერო პირი შევნიშნე, რომელიც ჩამუხლულიყო. რომ მივუახლოვდი, თავი წამოსწია. როგორც შევიცანი, ეფრემ პატრიარქი გახლდათ. მე პირადად მას არ ვიცნობდი, სემინარიაში ფოტოსურათზე მყავდა მხოლოდ ნანახი და პირველი დანახვისთანავე რატომღაც ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში მისი შთამბეჭდავი გარეგნობა, რომელშიც გამჭოლი მზერაც იგრძნობოდა და აკურატულობაც (ფოტოს ვგულისხმობ). სიზმარში მონაზვნის ჩოხა ემოსა. როცა შემომხედა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ჩემს გამოჩენას ელოდა. ვერ გეტყვით, რატომ იყო საპატრიარქო რეგალიების გარეშე. "ვიცი, ძალიან გიჭირს", - მითხრა და დარიგებაც მომცა. შემდეგ უბეში ჩაიყო ხელი, გულთან, სეფისკვერი ამოიღო, რომელზეც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო გამოსახული. კიდევ ერთხელ გაიმეორა: "ვიცი, ძალიან გიჭირს, მიიღე ეს და ბოროტი დაგეხსნებაო". მერე დაიხარა და ორ ნაწილად გაყოფილი ტოტის მდელოში ჩარჭობა დააპირა. როცა მიხვდა, რომ მეც იმავეს გაკეთება მინდოდა, გაჩერდა და ჩემს მოქმედებას დააკვირდა. საკვირველი იყო, ასეთ რბილ მდელოში ვერაფრით შევძელი ხის ტოტის ჩარჭობა. ერთხანს მიყურა, მერე გამიღიმა და მითხრა: "ამას შენ მარტო ვერ შეძლებო", დამეხმარა და შემდეგ უცებ გაუჩინარდა თვალსაწიერიდან.
ამის შემდეგ იცით რა მოხდა? იმ დღიდან საგრძნობლად გამოვჯანმრთელდი. მომხდარმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, აღმიდგა სასიცოცხლო ძალები და ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა.
იმ პერიოდში ჩემი სულიერი მოძღვარი მამა რაფაელი (კარელინი) გახლდათ, რომელიც სლავურს მასწავლიდა სემინარიაში. დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი. მითხრა: "ეს იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი ეფრემი შენთვის ლოცულობს. ორნაწილიანი სეფისკვერი ქრისტეს ორბუნებოვნებას ნიშნავს. რაკიღა მასზე ღვთისმშობელიც იყო გამოსახული და არა რომელიმე წმინდანი, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფები. ორნაწილიანი სეფისკვერი ადამიანის სულისა და ხორცის ერთობასაც განასახიერებს, მდელო - სამოთხეს, ერთმანეთთან დაკავშირებულ ხის ორ ტოტსაც იგივე განმარტება შეიძლება მოვუძებნოთ, რაც ორნაწილიან სეფისკვერს. შენი მონაყოლიდან, პატრიარქი ეფრემი არა მხოლოდ სიტყვითა და ლოცვით შეგეწევა, რადგანაც ტოტის ჩარჭობაშიც დაგეხმარა, სასუფეველში შენს დასამკვიდრებლადაც ზრუნავსო" და მირჩია, სკვნიზე მელოცა მისთვის. იმ დღიდან ვასრულებ მამა რაფაელის კურთხევას და უწმინდეს ეფრემ პარიარქს არა მარტო ჩემს პირად ლოცვებში მოვიხსენიებ, არამედ წირვებში და საზოგადო მსახურების დროსაც.
ამის შემდეგ დავინტერესდი, რა განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება ჰქონდა ამ პიროვნებას ეკლესიის წინაშე, როგორი იყო მისი ცხოვრება.
ჩემი სტუდენტობის დროს სასულიერო ლიტერატურა საერთოდ არ მოიპოვებოდა. ამიტომ უფრო სხვათა მონაყოლითა და გადმოცემით შევიტყვე ზოგიერთი რამ პატრიარქ ეფრემის ცხოვრებაზე. როდესაც მისი გადასახლების წლებს გავეცანი, წარმომიდგა პიროვნება, რომელმაც უმძიმეს წლებში უდიდესი სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა გამოიჩინა.
როგორც მოგეხსენებათ, ეფრემ პატრიარქი საბჭოურმა ხელისუფლებამ ჩასვა ციხეში. რომ დაემცირებინათ და აბუჩად აეგდოთ, დიდმარხვის დროს ერთი კვირა უშიმშილებიათ, მერე კი, როგორც მომიყვნენ, ძაღლი დაუკლავთ და საჭმელად მიუტანიათ. ერთ-ერთმა საულიერო პირმა, ისე შიოდა, ეჭამა თურმე ძაღლის ხორცი, რის შემდეგაც მისთვის უთქვამთ: "თქვენნაირი მღვდლები ღმერთსაც ატყუილებენ და ხალხსაცო" და იქვე დაუხვრეტიათ. პატრიარქ ეფრემს და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირს, რა თქმა უნდა, უარი განუცხადებიათ ასეთ დამამცირებელ ტრაპეზზე. ესეც გარკვეული შტრიხია ამ პიროვნების დასახასიათებლად.
უწმინდესი ეფრემი თავის დროშივე გახდა ცნობილი როგორც მართლისმთქმელი და სიცრუისა და ბოროტების მამხილებელი. საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა ბრძანება გამოსცა, ნათლობა იქნებოდა ეს, ჯვრისწერა თუ წესის აგება, ჩეკი უნდა გამოეწერათ ღვთისმსახურისთვის. ბუნებრივია, საკავშირო ბრძანება საქართველოზეც ვრცელდებოდა. როცა უწმინდესი ამ საკითხზე მინისტრთა საბჭოში დაუბარებიათ, რწმუნებულისთვის უთქვამს, რომ არასოდეს დაუშვებდა ასეთ რამეს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქის მტკიცე პოზიციას რწმუნებული განურისხებია, მუშტი დაურტყამს მაგიდაზე, სკამიდან წამოწეულა და დაუყვირია: "ამას როგორ მიბედავო!" პატრიარქს რწმუნებულის მაგიდიდან ბრძანება მშვიდად აუღია, გადაუხევია და სახეში შეუყრია მისთვის: "შენ თვითონ როგორ უბედავ ივერიის ეკლესიის წინამძღვარს ამის თქმასო!" კვერთხიც დაუკაკუნებია მაგიდაზე: "ამ კვერთხს განა იმიტომ ვატარებ, რომ სიარულის დროს მოვიშველიო, იმისთვის, რომ ქრისტეს ცხოვარნი დავმწყემსო და შენნაირ მგლებს თავი გავუტეხოო" და ამ სიტყვებით დაუტოვებია მისი კაბინეტი.
კიდევ ბევრი რამ შეიძლება გავიხსენო ისეთი, რაც ჩემს გულს სწვდება. უწმინდესი ეფრემი, ერთი მხრივ, ძალზე უკომპრომისო, მამხილებელი პიროვნება გახლდათ, მაგრამ ამასთანავე უაღრესად უბრალო და თავმდაბალიც. იგი ხშირად უნახავთ უბრალო ჩოხით მჯდომი, როცა სიონის წინ ხელგაწვდილი ითხოვდა დახმარებას და დაგროვილი გროშებით გლახაკებს შეეწეოდა. როგორც კი მოიცლიდა, საპატრიარქოს ეზოში გამოვიდოდა, რათა სასარგებლო რჩევა-დარიგება მიეცა დახმარებისთვის მისული მრევლისთვის. ყოფილა შემთხვევები, წირვა-ლოცვაზე სხვადასხვა ტაძარში შეივლიდა და თუ სადმე მნათე არ ჰყავდათ, თვითონ სწევდა მნათეობას. როდესაც ერთი დიაკონი უმიზეზოდ დააკავეს, პატრიარქი თავისი ფეხით მივიდა სამინისტროში და ყველაფერი გააკეთა, რომ იგი პატიმრობიდან გამოეხსნა.
ეფრემ პატრიარქი ცნობილი იყო როგორც მჭევრმეტყველი მქადაგებელი და უაღრესად განათლებული პიროვნება, მაგრამ რამდენადაც ლმობიერი და შემწყნარებელი იყო, იმდენად მომთხოვნი და წესრიგის მოყვარული გახლათ, რადგან მასთან ვერავინ გაბედავდა უდისციპლინობასა და თავაშვებულობას.
ჩემს წარმოსახვაში ასეთი პორტრეტი შეიქმნა ამ უდიდესი პატრიარქისა, რომლის მიმართაც მართლაც განსაკუთრებული სიყვარული და სასოება მაქვს. ამიტომ ხარბად ვკითხულობ ყველაფერს, რაც კი მასზე დაიწერება. თქვენს ჟურნალში რეგულარულად გამოქვეყნებულ წერილებსაც ინტერესით ვეცნობი და მოხარული ვიქნები, თუ ახლო მომავალში მას წიგნადაც ვიხილავ.
- მადლობას მოგახსენებთ ამისათვის. მამა არჩილ, სტუდენტობის შემდეგ კიდევ ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- როდესაც დიდუბის ეკლესიაში ვმსახურობდი, მაშინაც უჩვეულო სიზმარი ვნახე. დამესიზმრა, თითქოს ამ ეკლესიის ამბიონის წინ მთელი სამღვდელოება ვართ ჩამწკრივებული და ველით ჩვენი აწინდელი პატრიარქის ილია მეორის ტაძარში შემობრძანებას. უეცრად მის მაგივრად ერთიანად თეთრ სამოსში გამოწყობილი უწმინდესი ეფრემი შემოდის სასულიერო პირთა თანხლებით. მე გულმოდგინედ ვათვალიერებ ტაძრის ყველა კუთხეს, რომ უწმინდესი ილია დავინახო სადმე, მაგრამ რატომღაც ვერსად მოვკარი თვალი. ავიხედე და ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატის გვერდით კედელზე რუსული ასეობით დაწერილი სიტყვები ამოვიკითხე: "სვიატოი პატრიარხ ეფრემ ვტაროი". ვერ გეტყვით, რატომ დაიწერა ეს სიტყვები რუსულად და ახლა არც შევეცდები ამის ახსნას.
მე ეს სიზმარიც და ადრინდელიც მოვუყევი ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რამაც ძალიან დააფიქრა იგი.
უწმინდესმა ილიამ თბილად მოიგონა პატრიარქი ეფრემი, ისაუბრა მის გასაოცარ პიროვნულ თვისებებზე, რითაც იგი ყველასგან გამოირჩეოდა.
მადლობას მოვახსენებ მამა არჩილს საინტერესო საუბრისთვის. ამ წერილის დასასრულს კი ერთ მეტად საგულისხმო ინფორმაციას მოგაწვდით.
ამას წინათ ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში სრულიად შემთხვევით უწმინდესი ეფრემის ნაქონი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც მისი პირადი ბიბლიოთეკის ბეჭდით იყო დამოწმებული. წიგნის სახელწოდებაა "სიტყვები და წერილები ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეზე", შეკრებილი და გამოცემული ზაქარია ჭიჭინაძის მიერ. თავფურცელზე მოთავსებულ ალექსანდრე ოქროპირიძის სურათის ქვეშ მიტროპოლიტ ეფრემს ასეთი მინაწერი გაუკეთებია: "ესე ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ბრძანდებოდა ჩემი ნათესავი - ჩემი პაპის (მამაჩემის მამის) დედის დის წული - ტირძნელი (გორის მაზრა) ზერეკლიანთ ქალიშვილისაგან, ე.ი. პაპიჩემის დედა და ალექსანდრეს დედა ალალი დები იყვნენ".
უწმინდესი ეფრემის ხელწერა გარეკანზე მოთავებულ ალექსანდრე ოქროპირიძის სურათის ქვემოთაც შევიცანი. მას იისფერი მელნით მიუწერია: "სულმნათო, მადლი შენს გამჩენს". წიგნის დანარჩენ გვერდებზე კი ლურჯი ფანქრით არის ხაზგასმული ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს ის ცხოვრებისეული მონაკვეთები, რომელთაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენიათ უწმინდეს ეფრემზე. მას ეამაყებოდა ისეთი ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანის ნათესაობა, როგორიც ეპისკოპოსი ალექსანდრე იყო და თავის მასწავლებლად მიაჩნდა იგი.
ვინც ამ ორი დიდი პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობას სათანადოდ გაეცნობა და შეისწავლის, მათ შორის ალბათ ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს, რაც მომავალი კვლევის დიდ პერსპექტივას გვისახავს.