ამ ბედს ვერ გადაურჩა - ფასდაუდებელი, მსოფლიო მნიშვნელობის გენიალური "ვეფხისტყაოსანიც" და რაც მტერს გადაურჩა, შინაურებმა ავნეს მას!" - წერს პატრიარქი ეფრემ მეორე თავის მონოგრაფიაში "რუსთაველის წიგნის "ვეფხისტყაოსნის" შესახებ" და ვაჟას სიტყვები მოჰყავს:
"კეთილს თან დასდევს მარადჟამს
ბოროტი ახირებული!"
ჯერ კიდევ საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში, 1960 წლის 18 ოქტომბერს, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე იერუსალიმის პატრიარქს ბენედიქტე პირველს საგანგებო თხოვნით მიმართავს: "მაქვს პატივი თქვენს უწმინდესობას ვაუწყო, რომ თბილისიდან იერუსალიმს მოემგზავრება სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული შეისწავლოს ადგილობრივი ქართული კულტურის მასალები და შეკრიბოს ახალი ცნობები ქართველების მოღვაწეობის შესახებ პალესტინაში. ჯვრის მონასტრის ექსპედიციის წევრები არიან: პროფესორები: აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, პოეტი ირაკლი აბაშიძე, რომელთაც პირადად ვიცნობ.
თქვენს უნეტარესობას ვთხოვ, რომ აღმოუჩინოთ მათ ყოველგვარი დახმარება მეცნიერული მუშაობის დროს მონასტრებსა და ტაძრებში, წიგნსაცავებსა და არქივებში", - წერილში უწმინდესი ეფრემი აღფრთოვანებას გამოხატავდა წმინდა მიწაზე ახალი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქართული მოზაიკური წარწერის აღმოჩენის გამო და გამოთქვამდა მზადყოფნას წმინდა ქალაქის - იერუსალიმის მონახულებისა, რათა საშუალება მისცემოდა გასცნობოდა იქ დაცულ ქართულ ხელნაწერებს, რაც მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
სამწუხაროდ, მისი ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ უწმინდესი ბენედიქტე პირველისადმი გაგზავნილმა წერილმა უდავოდ კეთილი ნაყოფი გამოიღო. რომ არა იერუსალიმის პატრიარქის თანადგომა, ქართველ მეცნიერებს არც კი შეუშვებდნენ ჯვრის მონასტერში და შესაძლოა, შთამომავლობასაც აღარ შემორჩენოდა მხცოვანი შოთას პორტრეტი, რომლის სახებაც საწინდარი გახდა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშვნისა. მაშინ, როცა მრავალმილიონიან საბჭოთა იმპერიაში ხალხი მარქსისტულ-ლენინური იდეებით ცხოვრობდა, სწორედ შოთას უკვდავ ქმნილებას შეეძლო, ასე შორს გაეტანა საქართველოს სახელი.
იურუსალიმში გამგზავრებამდე სამეცნიერო ექსპედიციის წევრებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ჯვრის მონასტერში შექმნილი ვითარება, იცოდნენ იმის შესახებაც, რომ შოთას პორტრეტი მუქი საღებავით იყო გადაღებილი.
გადავხედოთ ისტორიას. 1945 წელს იერუსალიმში ცნობილ ქართველ მეცნიერსა და ლექსიკოგრაფს ნიკო ჩუბინიშვილს უმოგზაურია ჯვრის მონასტრის ახალი ცნობების მოსაძიებლად და შოთას პორტრეტის სქემატური ჩანახატიც გაუკეთებია.
XIX საუკუნის მიწურულს რუსთაველის სახელთან დაკავშირებული ადგილების გასაცნობად კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მოღვაწეს უმოგზაურია, მაგრამ ჯვრის მონასტერში მას საზარელი სურათი გადაეშალა თვალწინ - ეკლესიის მხატვრობა გადაშლილი აღმოჩნდა.
რუსთაველის ფრესკა ვეღარც ნიკო მარს უხილავს, რომელიც 1902 წელს იმყოფებოდა წმინდა მიწაზე.
"ჯვრის მონასტრის პირველი ნახვა სანუგეშოს არაფერს იძლეოდა, - წერდა პროფესორი სარგის ცაიშვილი, - ის ადგილი, სადაც აღწერილობით შოთას ფრესკა მდებარეობდა, გადაღებილი იყო მუქი ლურჯი ფერით. გასაოცარი იყო ისიც, რომ დღეს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ქართული ეკლესიის მიმტაცებლები კვლავ ძველ პოლიტიკას ადგნენ. ბერძენთა პატრიარქმა არათუ სინანული არ გამოთქვა ეკლესიის სიძველეთა წახდენის გამო, არამედ აკრძალა კიდეც ფრესკის სარესტავრაციოდ ხელის ხლება, მაგრამ უკან დახევა შეუძლებელი იყო, ქართველმა მეცნიერებმა შეძლეს ფრესკის აღდგენა".
რა იცოდა მაშინ ბატონმა სარგისმა, რომ ერთმორწმუნე ბერძნები არც სამომავლოდ უღალატებდნენ ჩვეულებას და XXI საუკუნეში რუსთაველს კიდევ უფრო ვანდალურად გაუსწორდებოდნენ - მისი კვალი სამუდამოდ რომ გამქრალიყო, საგულდაგულოდ გადაფხეკდნენ ფრესკას, ჯვრის მონასტრის კარების თაღზე გადაშლიდნენ ქართულ წარწერებს, მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აღმართულ რუსთაველის ძეგლს კი სახეს ჩამოამტვრევდნენ.
"რუსთაველის ეპოქაში ქრისტიანულ ეკლესიას დიდად სათნოდ უჩნდა "ვეფხისტყაოსნის" ავტორი, - აღნიშნავს პატრიარქი ეფრემ მეორე სამეცნიერო შრომაში "რუსთაველის აღმსარებლობისათვის და "ვეფხისტყაოსნის" დევნისათვის", - XIX საუკუნიდან მკვლევართა ერთ ნაწილში ფეხი მოიკიდა ახირებულმა და აკვიატებულმა აზრმა, შეხედულებამ, თითქოს ეკლესია ებრძოდა და სდევნიდა რუსთაველს, რადგან თითქოს "ვეფხისტყაოსანი" ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობას. შემდგომში, განსაკუთრებით XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ეს ყალბი შეხედულება ხელზე დაიხვიეს რელიგიაში და კულტურის ისტორიაში ნაკლებად ჩახედულმა ან სულაც უვიცმა პირებმა, უპრეტენზიო, არამკითხე მკვლევარებმა და პუბლიცისტებმა, რომლებიც ჭეშმარიტებას დიდად არ დაგიდევენ, ოღონდ კი თავიანთი ნახელავის დაბეჭდვა და გასაღება მოახერხონ. "ბრმაი ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შტაცვივიან". ასე გადაიქცა მოარულ შეხედულებად მითი ეკლესიის მიერ რუსთაველის დევნისა", - აღნიშნავს პატრიარქი ეფრემი და ცდილობს განმარტოს, თუ რას ემყარება აღნიშნული შეხედულება.
იგი რუსთაველის აღმსარებლობის საკითხს ორი თვალსაზრისით განიხილავს: 1. რას გვეუბნება რუსთაველის აღმსარებლობის თაობაზე ტრადიცია - საეკლესიო, სამეცნიერო, წერილობითი, ზეპირგადმოცემითი; 2. რას გვეუბნება ამის შესახებ თავად "ვეფხისტყაოსანი". იგი დაასკვნის: "უკეთუ ამ საკითხს - ამ თვალსაზრისით მიუკერძოებლად განვიხილავთ, უცილობლივ ცხადიქმნების, რომ რუსთაველი ქრისტიანი მწერალია და მისი "ვეფხისტყაოსანი" კი დიდებული ძეგლია ქრისტიანული შემოქმედებისა და კულტურისა".
უწმინდესი ეფრემ მეორე ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ უტყუარ წყაროდ ასახელებს ჯვრის მონასტრის აღაპთა წიგნში შეტანილ შოთა რუსთაველის სახელს და ამავე მონასტრის კედლის სვეტზე დიდ ქრისტიან მოღვაწეთა ფრესკებს შორის გამოსახულ "დაჩოქილი, ორივ ხელაღპყრობილი, თვალცრემლიანი, მხურვალე მლოცველის" - შოთა რუსთაველის პორტრეტს. "ორივე ეს წყარო უაღრესად, სიზუსტით შესწავლილია და არავითარ ეჭვს და გაუგებრობას არ იწვევს, რომ აღაპთა წიგნში მოხსენიებული შოთა და მონასტრის ფრესკის შოთა ერთი და იგივე პიროვნებაა - ეს არის ავტორი "ვეფხისტყაოსნისა", მეჭურჭლეთუხუცესი შოთა რუსთაველი (მეცნიერებამ არ გაიზიარა მკვლევარ პ.ი-ს (იგულისხმება პავლე ინგოროყვა - ავტ.) შეხედულება, ვითომ "ქართლის ცხოვრებაში" შოთა კუპრი, მანიქეიზმის მიმდევარი, არის იგივე შოთა რუსთაველი - ავტორი "ვეფხისტყაოსნისა"), - აღნიშნავს მონოგრაფიის ავტორი და საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს: - თვით რუსთაველის ეპოქაში აზრად არავის მოსვლია, ქრისტიანობისაგან განდგომილად - ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით რაიმე მხრივ საეჭვო პირად დაესახათ შოთა რუსთაველი, პირიქით, როგორც ჩანს, ამ ეპოქაში მას მიიჩნევდნენ ჭეშმარიტ ქრისტიან სახელმწიფო და დიდ კულტურულ მოღვაწედ... სხვა გაგებით, ვერასგზით ვერ აიხსნება რუსთაველის პორტრეტის დახატვა ჯვრის მონასტერში (და ისიც იოანე დამასკელთან და მაქსიმე აღმსარებელთან ერთად) და მისი სახელის შეტანა ამავე მონასტრის აღაპთა წიგნში; და განა რჯულიდან განდგომილს დიდი მეფე თამარი შეუშვებდა სასახლეში და დაიახლოვებდა ან ისეთ საპატიო ნდობას მიაფრქვევდა, რომ მას მეჭურჭლეთუხუცესად დანიშნავდა?!.
თვითეულ ერს თავის ცხოვრების ისტორიაში აქვს ხანა აღმავლობისა და ხანა დაქვეითებისა. დაქვეითება თუ აღმავლობა ამა თუ იმ ერისა სტოვებს თავის კვალს ერის შემოქმედებაზე. ერის შემოქმედება, მისი სიმძლავრე და უძლურება საუცხოოდ აისახება მის ხუთივე ხელოვნებაში... ხელოვნება ამა თუ იმ ერისათვის არის სიმწიფის მოწმობა და პასპორტი", - აღნიშნავს უწმინდესი ეფრემი. მისი აზრით, რუსთაველიც თავისი ერისა და დროის შვილია, რომლის აკვანიც აღორძინებულ, ძლიერ საქართველოში დაირწა.
მონოგრაფიის პირველ ნაწილში ავტორი კიდევ ერთ საკვანძო საკითხს ეხება, რომელიც სადავოდ გაუხდიათ რუსთაველის მოწინააღმდეგეებს. კერძოდ, ხელნაწერებში "ვეფხისტყაოსნის" დასაწყისს უცნობი ინტერპოლატორის მიერ მიწერილი აქვს ყბადაღებული სტროფი:
"პირველ თავი დასაწყისი, ნათქვამია იგ სპარსულად,
ვუხმობთ "ვეფხისტყაოსნობით", არსსა შეიქმს ხორც არ სულად,
საეროა, არ ახსენებს სამებასა ერთარსულად,
თუ უყურა მონაზონმან, შეიქმნების გაპარსულად".
ამ მინაწერის რაობა გამოუკვლევია აკადემიკოს კორნელი კეკელიძეს. პატრიარქ ეფრემს მისი აზრი იმდენად კომპეტენტურად მიუჩნევია, რომ ინტერპოლატორის მინაწერი სტროფების გასაბათილებლად ამონარიდი მოჰყავს მეცნიერის გამოკვლევიდან, რომელიც თავის დროზე "ძველი ქართული ლიტერატურის" მე-2 ტომში დაბეჭდილა: "ვერავის გაუგია, რა უნდოდა ეთქვა მის ავტორს, - გამოთქვამს გაკვირვებას კ. კეკელიძე, - განა შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა მეტი უაზრობა და სისულელე, ვიდრე ეს მოცემულია წინადადებაში: "არსსა შეიქმს ხორც არ სულად"? განა ასეთი სისულელის მთქმელის დამოწმება შეიძლება სერიოზული სამეცნიერო კვლევა-ძიებისას, განა შეიძლება მას რაიმე ანგარიში გაეწიოს? მით უმეტეს, შეიძლება მის ნათქვამზე ავაშენოთ თეორია პოემის ავტორის რელიგიური მსოფლმხედველობის შესახებ?"
"ეს ამომწურავი შეფასება დამატებას აღარ საჭიროებს, - აღნიშნავს პატრიარქი ეფრემი და ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლაში" რუსთაველის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებაზეც უზიარებს მკითხველს თავის შეხედულებას: - რატომღაც არავის მიუქცევია ყურადღება ერთი საგულისხმო გარემოებისათვის - ეს სტრიქონები ("მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ ბილწება და გარყვნა ქრისტიანობა" - ავტ.) "მიმოსვლის" თავდაპირველ ტექსტში არც ყოფილა და 1956 წლის ძირითად ტექსტშიც არაა შეტანილი. ეს სტრიქონები შემდეგ ყოფილა მიწერილი ტიმოთეს ხელნაწერის კიდეზე, ახალ გამოცემაში კი მოთავსებულია სქოლიოში.
სამწუხაროდ, რუსთველოლოგებს ეს გარემოება ჯერაც არ გაუხდიათ სპეციალური გულმოდგინე კვლევის საგნად, ამგვარ კვლევას კი, შესაძლოა, ძალზე საგულისხმო შედეგი მოჰყოლოდაო", - დასძენს ავტორი.
იმ მეცნიერთა საყურადღებოდ, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს "ვეფხისტყაოსნის" ავტორი შორს იდგა ეკლესიური აზროვნებისგან და ამ თვალსაზრისის გასამყარებლად ანტონ კათალიკოსის მიერ რუსთაველის შესახებ გამოთქმული ერთი ფრაზა მოჰყავთ - "...ამაოდ დაშურა, საწუხარ არს ესე", პატრიარქი ეფრემი ამბობს: "ვინც ამ სტრიქონებს იშველიებს "კლერიკალური წრეების მიერ რუთაველის დევნის" დასამტკიცებლად, ელემენტარული მეცნიერული პატიოსნება (სინდისიერება) რომ ჰქონდეს, ბ-ნ ანტონის "იამბიკოს" მთლიანად ამოწერდა და არა მხოლოდ ნაწყვეტებს. მთლიანად კი, როგორც ცნობილია, ბ-ნ ანტონის "იამბიკო" ამგვარად იკითხება: "შოთა ბრძენი იყო, სიბრძნისმოყვარე ფრიად, ფილოსოფოსი, მეტყველი სპართა ენის, თუ რამ სწადოდა, ღვთისმეტყველიცა მაღალი, უცხო საკვირველ პიიტიკოს მესტიხე, მაგრამ ამაოდ დაშურა, საწუხარ არს ესე".
აკადემიკოსი კ. კეკელიძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს "ამაოდ დაშურა". "ეს" განქიქება და გაკიცხვა კი არ არის, არამედ ისეთივე გულისტკივილი, რომელსაც იჩენენ, მაგალითად, ფეშანგი ფეშვიბერტყაძე და თეიმურაზ მეორე, როდესაც რუსთაველს უსაყვედურებენ, რომ ის "დაშურა", თავისი ნიჭი და ენერგია მოახმარა ფანტასტიკური, არარსებული პირების ქებას და არა ისტორიულის, ნამდვილისას. ანტონი იოსებ თბილელის შესახებაც კი ამბობს, რომ ის, როგორც ავტორი "დიდმოურავიანისა", "დაშურა ამაოთათვისო". ის ასეთ შემთხვევაში ესარჩლება სარწმუნოებრივ-რელიგიურ თემატიკას. საყვედურის თქმა არამც, თუ სხვებისადმი, არამედ თავისთავისადმი საეკლესიო ლექსების მაგიერ საეროს თქმისათვის ტრაფარეტული ამბავია აღორძინების ხანაში. იოსებ თბილელი და მამუკა ბარათაშვილი პრინციპულად უარყოფდნენ საერო პოეზიას, მაგრამ ამ გარემოებამ მათ ხელი არ შეუშალა, თავიანთი შემოქმედებითი პრაქტიკა და უნარი ამ პოეზიისათვის შეეწირათ, - აღნიშნავს პატრიარქი ეფრემი და შეხედულებას გვიზიარებს საქართველოს ცრუ ეგზარქოსად წოდებული ევგენი მიტროპოლიტის ცნობის თაობაზეც, რომელიც თავის ინფორმაციაში ვახტანგ VI-ის მიერ დასტამბული "ვეფხისტყაოსნის" განადგურების ფაქტზე ამახვლებს ყურადღებას: - ეს ევგენი მიტროპოლიტი ქართველი მკვლევარი არ გეგონოთ; ეს არის მე-4 ეგზარქოსი საქართველოს ეკლესიის რუსეთის რეაქციის მიერ გაუქმების შემდეგ. ევგენი ბაჟენოვი ეგზარქოსობდა 1837-1844 წლებში. მას სრულებითაც არ აინტერესებდა არც "ვეფხისტყაოსანი", არც მისი ავტორი და მით უმეტეს ანტონ კათალიკოსის პიროვნება... მათი მისიის უმთავრესი მიზანსწრაფვა იყო - რაც შეიძლებოდა მალე წაეშალათ ყოველივე ქართული და გაერუსებინათ ქართველი ერი... იგი ანგარიშში მისაღები არ არის, რადგან ტრაფარეტულად იმეორებს პლატონ იოსელიანის მიერ სხვისგან (უხეიროს) ნასესხევს "აზრს", "ბრალდებას".
არსებობს ზაქარია ჭიჭინაძის ცნობა: "ანტონ კათალიკოსმა უმეტესი ნაწილი ვახტანგ VI-ისგან აღბეჭდილის "ვეფხისტყაოსნისა" დააწვევინა".
ამ ნაწილობრივ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების მომწოდებელთაგან არც ერთი არ ასახელებს რაიმე წყაროს, თუნდაც მცირე საბუთს. სამი ავტორის განცხადება ლიტონ განცხადებად რჩება. და ვიდრე ეჭვშეუტანელი ფაქტები არ იქნება მოპოვებული (და ალბათ არასდროს არ იქნება მოპოვებული), არავითარი საფუძველი არ არსებობს, "ვეფხისტყაოსნის" მოსპობა დავაბრალოთ იმ მოღვაწეს, ვინც რუსთაველის შესახებ წერდა, რომ "შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის მოყვარე ფრიად..."
ამით ამოიწურება ის საბუთები, რომლებსაც ემყარებიან ეკლესიის მიერ რუსთაველის დევნის მღაღადებელნი, - აღნიშნავს ავტორი და ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე მიუკერძოებელ მკვლევარს სათანადო დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდებს: - დავაჯამოთ ის, რაც ზემოთაც ითქვა:
ა) არ შეიძლება სერიოზული ანგარიში გაეწიოს ისეთი პირის მიერ ჩამატებას, რომლის მეტყველების კულტურა იმდენად დაბალია, რომ აზრის რიგიანად გამოთქმაც ვერ მოუხერხებია.
ბ) არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს იმ ფაქტს, რომ რუსთაველის განმაქიქებელი სტრიქონები ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლის" პირვანდელ ტექსტში საერთოდ არ ყოფილა, ეს სტრიქონები შემდეგაა მიწერილი ტექსტის კიდეზე და აქედანაა ტექსტში მოხვედრილი.
გ) არასგზით არ შეიძლება ანტონ კათალიკოსის მოტანილი "იამბიკოს" საფუძველზე იმის მტკიცება, თითქოს ანტონი მტრულად იყოს განწყობილი რუსთაველისადმი. პირიქით, ეს "იამბიკო" გამოხატავს ანტონ კათალიკოსის აღტაცებას, უაღრეს პატივისცემას რუსთაველისადმი.
დ) არ შეიძლება უეჭველ ფაქტად ვაღიაროთ ცნობები ანტონ კათალიკოსის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მოსპობის შესახებ. ეს არის მხოლოდ ლიტონი განცხადებები, რომელთა ჭეშმარიტებას არაფერი ადასტურებს და არავითარი სინდისიერი და საბუთიერი დასაყრდენი არ აქვთ!!!"
უწმინდესი ეფრემი მონოგრაფიის პირველ თავში ეკლესიის მიერ რუსთაველის დევნის მხარდამჭერ მეცნიერთა საყურადღებოდ ერთ მეტად საგულისხმო განცხადებასაც აკეთებს: "დავუშვათ ერთი წუთით, რომ მაინც, მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დასახელებული საბუთები სანდოა და ეჭვშეუვალი. მაშინ როგორი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა? მხოლოდ შემდეგის: რვა საუკუნის მანძილზე შემოგვრჩა სახელი სამად-სამი კაცისა (ერთი გაურკვეველი ვინაობის ინტერპოლატორის და ორი საეკლესიო მოღვაწისა), რომელთაც რუსთაველს დასწამეს ქრისტიანული მოძღვრების წინააღმდეგობა. განა ვინ მოგვცა უფლება, რომ ამ სამი ადამიანის სუბიექტური შეხედულებები და მოსაზრებები მთელ ქართულ ეკლესიას მივაწეროთ? როდის, სად, რომელ ეკლესიაში უქადაგიათ მრევლისთვის -"ვეფხისტყაოსანი" სიწმინდის წილ ბილწებას გასწავლით და ნუ კითხულობთო? არასდროს და არსად. ქართული ეკლესია ვერ იტვირთავს იმ ბრალდებას, რასაც ზოგიერთი მეცნიერის თუ პუბლიცისტის აღგზნებული ფანტაზია თითქმის ყოველგვარი საბუთის გარეშე ბრალად სდებს სამ პირს", - აღნიშნავს უწმინდესი ეფრემი და რუსთაველის აღმსარებლობის შესახებ იმ ცნობილ ქართველ მოღვაწეთა მოსაზრებებს იშველიებს, რომელთა ავტორიტეტი და განსწავლულობა ქრისტიანული თეოლოგიის საკითხებში არავითარ ეჭვს არ იწვევს ჩვენს საზოგადოებაში.