ტაისი ტორონჯაძე, მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგი, რეგენტი: "უწმინდესი ეფრემი დიდ დროს ატარებდა ახალამოქმედებულ სასწავლებელში. იგი მეუფე ილიასთან ერთად თავს დასტრიალებდა პედკოლექტივს და ახალგაზრდობას, რათა მისი ცოდნა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება სასწავლო პროცესს სასიკეთოდ წასდგომოდა. მაშინ დაჩაგრული იყო ჩვენი ეკლესიის მრევლი, ამიტომ კათოლიკოს-პატრიარქი და სემინარიის რექტორი ყოველ ღონეს ხმარობდნენ ეკლესიის პრესტიჟის ასამაღლებლად.
იმ წლებში უწმინდეს ეფრემს მეტი საშუალება მიეცა, სვეტიცხოვლის განახლებისთვის ეზრუნა. საკათედრო ტაძრის კანკელი, რომელიც თავის დროზე რუს ეგზარქოსებს გადაუკეთებიათ, კვლავ ქართული ხუროთმოძღვრული ტრადიციების გათვალისწინებით გარდაიქმნა. მაშინ, როცა მთელ საბჭოთა კავშირში იხურებოდა ეკლესიები და სასულიერო სასწავლებლები, უწმინდესი ეფრემი წერილობით მიმართავდა იმდროინდელ მთავრობას, დაეკმაყოფილებინა მორწმუნე საზოგადოების კონსტიტუციური უფლება და საღვთო ლიტურგია აღედგინათ მათ მიერ დახურულ ტაძრებსა და ეკლესია-მონასტრებში. მისი დიდი ძალისხმევით, ღვთისმსახურების ჩატარება საქართველოს ძირძველი კუთხეების არაერთ ტაძარში გახდა შესაძლებელი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოდბის მონასტერში განახლდა წმინდა ნინოს საფლავი; ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან მოწამეთის მამათა მონასტერში თავის ძვალშესალაგს დაუბრუნდა არგვეთის მთავრების, დიდმოწამე დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილები; ფოთში აღიმართა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია, რასაც მადლიერებით შეხვდა ადგილობრივი მრევლი.
უწმინდესი ეფრემი ბევრს ლოცულობდა წინაპართა სულების უკვდავსაყოფად, რადგან მათ მიმართ სიყვარულით იყო გამსჭვალული. მახსოვს, დიდი სია ჰქონდა ჩამოწერილი და ყოველ წირვა-ლოცვაზე მოიხსენიებდა. მისგან ვისწავლეთ, როგორი სიყვარულით უნდა ვიყოთ დაკავშირებულნი გარდაცვლილ წინაპრებსა და ნათესავებთან. ჩემს მოსახსენებელში უწმინდეს ეფრემს საპატიო ადგილი უკავია და სანამ ვცოცხლობ, ყოველთვის მოვიხსენიებ სხვა გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქებთან ერთად, რადგან, დარწმუნებული ვარ, ისინიც ლოცვით შემეწევიან, რაც სასიკეთოდ წაადგება ჩემს სულს.
უწმინდესი ეფრემის ფიქრი და გონება ძირითადად წარსულისა და მომავლისკენ იყო მიმართული. მახსოვს მისი დარიგება: "თუ ერზე გული არ შეგტკივა და სამშობლო შენს თავზე მეტად არ შეიყვარე, შენი საქმე ვერ მოიტანს სიკეთეს. აწმყო იმისთვის არსებობს, კარგად განვჭვრიტოთ მომავალი, ვიფიქროთ იმაზე, როგორ წაადგება ჩვენი დღევანდელი ნამოქმედარი მომავალ საქართველოს და როგორ ნაყოფს გამოიღებს იგი. ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ და მერე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯი. თუ უფალს მივანდობთ ჩვენს კეთილ განზრახვას, ღირს გვყოფს, ერის სამსახურში ჩაგვაყენოს და რადგანაც ეს ყველაზე მძიმე ჯვარია, შეგვეწევა კიდეც ამ საქმეში. ნურასდროს მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, რათა ქვეყანას არ ავნოთ. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ყველაფერზე პასუხი მოგვეთხოვება".
უწმინდესი ეფრემი ჩვენი სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად მუდამ ხმალშემართული იდგა. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი ქართველები".
გასული საუკუნის 60-იან წლებში სახელმწიფომ ეკლესიაზე ზეწოლა უფრო გააძლიერა, რაც საერო და სასულიერო ხელისუფლების უთანხმოებისა და დაპირისპირების საბაბი გახდა. ხელისუფლებას არ გამორჩენია მხედველობიდან, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე ყველა საშუალებას მიმართავდა, რათა ხალხში ეროვნული ცნობიერება გაეღვიძებინა. ამიტომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ აღარ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ყოველთვიური საეკლესიო ჟურნალის გამოცემის თაობაზე, რაზეც უწმინდეს ეფრემს უკვე დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკება ზვიად გამსახურდიასა და მის თანამებროლებთან, რომელთაც "დისიდენტებად" მოიხსენიებდა მაშინდელი ხელისუფლება. ისინი სურვილს გამოთქვამდნენ, ჟურნალის გამოცემაში მიეღოთ მონაწილეობა.
ამ წინააღმდეგობის ფონზე ეკლესიაში საგრძნობლად იმატა მორწმუნეთა რიცხვმა, რამაც საბჭოთა ჩინოვნიკებს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. აფხაზეთის სოფელი კომანი მართლმადიდებელთა თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც რუსეთიდანაც კი მოემგზავრებოდნენ მორწმუნეები იქაური წმინდა ადგილების მოსალოცად. საქართველოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა დ. შალუტაშვილმა აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვა, სასწრაფოდ გადაეკეტათ დიდმოწამე ვასილისკოს წმინდა წყლებსა და მონასტერთან მისასვლელი გზა. მომლოცველთა ნაკადის შესაკავებლად ღორების ფერმის აშენებაც კი დაუპირებია წმინდა წყლების მიდამოებში, მაგრამ გარემოებათა გამო, ღვთის შეწევნით, ბოლომდე ვეღარ განუხორციელებია ჩანაფიქრი.
ხელისუფლებას ისღა დარჩენოდა, დაეშინებინა ხალხი და არეულობა შეეტანა ეკლესიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის ძმის შვილიშვილმა, დეკანოზმა გიორგი სიდამონიძემ თავისი ბავშვობისდროინდელი ერთი ასეთი შემთხვევა გაიხსენა: "დაახლოებით 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა ბაბუაჩემმა ლადომ სიონში წამიყვანა სააღდგომო ლიტანიობაზე დასასწრებად. ტაძრის ეზო სავსე იყო ხალხით. საეკლესიო გალობის ფონზე სიონის ზარები ახმიანდა. ცოტა ხანში უწმინდესი ეფრემიც გამოჩნდა სასულიერო დასის თანხლებით. ბაბუაჩემს მაგრად ჩაეჭიდა ჩემთვის ხელი. ამდენ ხალხში ძლივს მოვახერხეთ ტაძრის კარამდე მისვლა. უცებ სქელი კვამლი წამოვიდა და ცოტა ხანში მთელ ტაძარს მოედო. თანდათან ხილვადობა გაძნელდა. შეშინებული ხალხი ყვირილით დაიძრა ტაძრიდან. ცისფერ-მომწვანო სქელ ბურუსში რომ ვეღარაფერს არჩევდნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. ზოგი ხმამაღლა გაიძახოდა: "ხანძარია, ხანძარი!.. ტაძარი აფეთქდება!" ზოგი ფეხსაცმელს იხდიდა, რათა სწრაფად გამოეღწია გარეთ და ხელების ქნევით ცდილობდა, გაეფანტა თვალწინ აღმართული კვამლის ფარდა. გარეთ გამოსულები კი ცდილობდნენ, ხარბად ჩაესუნთქათ ჰაერი. შეშინებულ ბაბუაჩემს ჩახუტებული მოვყავდი. მადლობა ღმერთს, იმ ღამით ხალხს არ გადაუჯეგავს ერთმანეთი და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ცოტა ხანში სიონის ტაძარი მილიციელთა ალყაში მოექცა. ძლივს გამოვაღწიეთ ამ არეულობიდან და რადგანაც უვნებელი გადავრჩით, ბაბუაჩემმა შინ წამიყვანა".
იმ ღამით, ბევრი იმასაც შეესწრო, როგორ იდგა ტაძრიდან გამოსული სახეგაფითრებული პატრიარქი სიონის ეზოში და "სამართალდამცავებს" მიმართავდა: "რაღას ელოდებით, დამაპატიმრეთ, მე მომაქციეთ ალყაში, მზად ვარ ჩაგბარდეთო" (არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ნაამბობიდან). ამის შემდეგ მილიციას სასწრაფოდ დაუტოვებია ტაძრის ტერიტორია. ხალხში ხმა გავრცელდა, იმ ღამით "კა-გე-ბემ" სააღდგომო ლიტანიობის ჩასაშლელად "დიმავაია შაშკა" გამოიყენაო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მორწმუნეთა ერთი ნაწილი მოგვიანებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადასულან სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად.
გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანში" გამოქვეყნებული ბ-ნი არჩილ ლაზაშვილის წერილიც 1965 წლის 25 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე მოგვითხრობს: "არავინ იცის, ვინ ჩაშალა სააღდგომო წირვა 1965 წელს - საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურის აგენტებმა თუ ათეისტური პროპაგანდით გაბრუებულმა რიგითმა ადამიანმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს იყო ათეისტური წლების მანძილზე უღმერთოების ტოტალური ქადაგების შედეგი", - ვკითხულობთ წერილის თავსართში.
იმავე ღამეს მოწამეთის მამათა მონასტერშიც მომხდარა დაპირისპირება სააღდგომო ლიტურგიაზე მისულ ახალგაზრდებსა და ტყიბულის რაიონული განყოფილების მილიციის თანამშრომლებს შორის. 1966 წლის 10 აპრილს, აღდგომის სადღესასწაულო წირვის მიმდინარეობის დროსაც, მოწამეთის მონასტერში მკვლელობა მომხდარა. 1967 წელს ბოროტმოქმედებს ჩაულეწავთ ამავე მონასტრის ფანჯრები, ჩამოუხსნიათ ტაძრის კარები და ხევში გადაუყრიათ. "ამ დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალაო", - ატყობინებდა ამ ეპარქიის მღვდელმთავარი ნაომი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს, რომელიც ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და პროკურატურას კატეგორიულად სთხოვდა საქმის ობიექტუად გამოძიებას, დანაშაულის ჩამდენთა გამოვლენას და მათ სამაგალითოდ დასჯას.
ეკლესია-მონასტრებზე თავდასხმისა და ყაჩაღობის ფაქტებს ათეისტური ხელისუფლება ღვთისმსახურების ჩაშლის, მრევლში პანიკის გამოწვევისა და სასულიერო პირთა დაშინების მიზნით მიმართავდა. მსგავსი შემთხვევები უმეტესად დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ხდებოდა.
ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე) უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში წერდა: "დღესასწაულის დროს (ალავერდობაზე) შემოვიდნენ ახმეტის რაიაღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე პოლიციელებით და შეტევით მომმართეს, თუ როგორ გავბედე ალავერდში მისვლა და ეკლესიაში შესვლა. როდესაც ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება, ამაზე დაცინვით მიპასუხეს: "ვინ ეპისკოპოსი ხარ, აბა, საბუთი წარმოგვიდგინეო. აქ დ. მექვაბიშვილმა დაგვინიშნა მღვდელი კუკუნაშვილი და სხვას არაფერი ესაქმებაო..." მოკლედ, შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ, დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთ-მეთქი. მათ უნდოდათ, ლოცვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით ეკლესიიდან გავსულიყავი. როდესაც ამას ვერ მიაღწიეს, მაღლაკელიძემ მითხრა: "შენს მოხუცებულებას ვცემთ პატივს. წირვას რომ დაამთავრებთ, სასწრაფოდ წადიო".
თბილისის მამადავითის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ბარნაბიშვილის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 1968 წლის 18 ივნისს, ღამის 5 საათზე, მთაწმინდის პანთეონის ეკლესიაზეც მომხდარა თავდასხმა. წაუღიათ ხატები და საეკლესიო ნივთები. სახელმწიფოს არც ერთ ფაქტზე არ მოუხდენია რეაგირება.
1967 წლის 24 ივლისს საქართველოს მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა რწმუნებული დ. შალუტაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს უგზავნის ქუთაისიდან მიღებულ უსახელო საჩივარს მღვდელ გიორგი ჟორჟოლიანის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ. საჩივარში აღწერილი ფაქტების მიხედვით, ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ფარულად აკეთებს და ყიდის საეკლესიო სანთლებს და ამის გამო ოქტომბრის რევოლუციის #11 და #13 სახლებში მცხოვრებ მეზობლებთან გაუთავებელი უსიამოვნება აქვს. "გთხოვთ, არსებითად შეისწავლოთ წერილში აღნიშნული მდგომარეობა და თუ იგი შეესაბამება სინამდვილეს, მიიღოთ საჭირო ზომები", - დასძენს რწმუნებული. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე), რომელმაც უწმინდესი ეფრემის დავალებით შეისწავლა ეს საკითხი, პატრიარქის სახელზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავდა: "უსახელო საჩივარში მოყვანილი ფაქტები სრულებით არ შეესაბამება სიმართლესო". სამწუხაროდ, მსგავსი უსაფუძვლო საჩივრები და ანონიმური ბარათები სახელმწიფოს გასაიდუმლოებულ ორგანიზაციებში ითხზვებოდა სასულიერო პირთა სახელის გატეხისა და ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით.
ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი) უწმინდესი ეფრემ მეორისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავდა: "კულტურის მინისტრმა ო.თ-მა ტაძარში ცეკვა-თამაში მოაწყობინა. მე გაკვირვებული ვარ და მწყინს, რომ ამ ამბის მომწყობია კულტურის მინისტრი. ასე მასხრად აგდება ძველი ისტორიული სიწმინდისა, რომლის ტრაპეზქვეშ განისვენებენ იოსებ ალავერდელი და წმიდა ქეთევან დედოფალი, წარმოუდგენელია".
იმ ავად მოსაგონარ წლებში ხშირად შემოდიოდა ხანდაზმული სასულიერო პირების განცხადებები, რომლებიც პენსიაზე გასვლას მოითხოვდნენ. როცა არქიმანდრიტ შიოს (ძიძავა) განცხადებით უწმინდესმა ეფრემმა მისი ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, წერილზე ასეთი რეზოლუცია გაუკეთა: "ღმერთმა ულხინოს და მალე აღადგინოს სნეულების სარეცელიდან". მოგვიანებით ამავე განცხადებაზე ასეთი მინაწერი გაუკეთებია: "არქიმანდრიტი შიო გარდაიცვალა 1969 წლის მარტის 19-ში". წმინდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარი არქიმანდრიტი ევაგრეც ითხოვდა პატრიარქისგან პენსიაზე გადაყვანას 82 წლის ასაკში ავადმყოფობისა და ღრმად მოხუცებულობის გამო; თბილისის წმინდა სამების ტაძრის დეკანოზი შიოც (თურქაძე) რამდენიმეჯერ მიმართავს პატრიარქს: "განა არ გეცოდებით, უწმიდესო, რომ ამ ხნის განმავლობაში მარტო ერთი მოხუცი მღვდელი გთხოვთ პენსიაზე გამიყვანოთ ან მომცეთ დასვენება ერთი თვით, ან კიდევ გამოგვიგზავნოთ ვინმე დამხმარე მღვდელი". 1968 წლის 29 მაისით დათარიღებულ განცხადებაში მამა შიო აღნიშნავდა: "არ ვიცი, რა გაწყენინეთ, რომ ჩემი პენსიაზე გაშვება არ გსურთო". უწმინდეს ეფრემს დეკანოზ შიოსთვის ასეთი პასუხი გაუგზავნია: "ვმადლობ დეკანოზ შიო თურქაძეს დავალების კეთილად შესრულებისათვის. შ. თურქაძეს ჩემთვის არაფერი უწყენინებია. სხვა არავინ მყავს და მიზეზიც ეს არის, რომ პენსიაზე არ გადამყავს. ცოტაც გავუძლოთ საერთო გაჭირვებას. ამას გვეუბნება დღევანდელი სინამდვილე". უწმინდეს ეფრემს მის ბოლო განცხადებაზეც მიუწერია: "გარდაიცვალა 1970 წლის 23 მარტს".
აი, ასეთი ვითარება სუფევდა საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში. "განვმარტავ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კულტის მსახურს არ აქვს უფლება ჩაერიოს რელიგიური საზოგადოების სამეურნეო და ფინანსურ საკითხებში. მათი უფლებები განისაზღვრება მხოლოდ რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებით. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ მისცეთ წერილობითი მითითება ეპარქიების ეპისკოპოსებს ზემოაღნიშნულის შესახებ, რათა მომავალში გამორიცხულ იქნეს სასულიერო პირების ჩარევა", - წერდა 1970 წლის 13 იანვარს რელიგიის საქმეთა რწმუნებული დ. შალუტაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხებში აქტიურად ერეოდა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საბჭოს თავმჯდომარე კუროედოვიც, რომელსაც დ. შალუტაშვილის გარდა, კიდევ ორი ჩინოვნიკი ემსახურებოდა - აფხაზეთის ასსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებული ა. ლაგვილავა და აჭარის ასსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებული მ. ვანდიში. სწორედ ამ სამი ადამიანის მეშვეობით აკონტროლებდა კრემლი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
"ცხოვრება ჯერ კიდევ სასტიკი შერკინებაა ბოროტისა და კეთილის, - წერდა უწმინდესი ეფრემ მეორე 1971 წლის საშობაო ეპისტოლეში, - იტყვიან - თვითეული მჭედელია თავის ბედისაო... მაგრამ ეს ყოველთვის ესე არ არის... სული ბოროტი, ბელიარი ბელზებულითურთ - დამშვიდებულ ცხოვრებაშიც სთესავს ღვარძლს და კუროსთავს. უნდა აამღვრიოს ბუნება და კეთილ მადლიანი მოქმედება, შრომას თავისი ღვთიური შინაარსი დაუკარგოს... ხალხი ერთმანეთს შეაჯახოს და შეაძულოს... კაცი შესტრფის სიცოცხლეს, სწყურიან იგი უმეტესად, ვიდრე აგარს და იზმაილს გადახრუკულ, უწყლო და უღაწო ბერსაბეთის უდაბნოში წყალი და ჩრდილი...
ცხოვრება ჩვენ არ გვიცდის, მიდის წინ თავისი გზით და ხშირად საიდუმლო და ჩვენთვის გაუგებარი გზით..."