ველისციხის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე მეტიჩაშვილი: "ვიდრე სემინარიის სტუდენტი გავხდებოდი, უწმიდეს ეფრემთან კარგა ხნის პირადი ნაცნობობა მაკავშირებდა. მისი რჩევით ჩავაბარე სასწავლებელში. უწმიდეს ეფრემს ადამიანების გამოცდა უყვარდა. თუ ივარგებდი და მის იმედს გაამრთლებდი, ყოველნაირად შეგიწყობდა ხელს. თუ რაიმე არ მოეწონებოდა, იმასაც დაგანახებდა, ტაქტიანად მიგითითებდა და ნაკლის გამოსწორებაშიც დაგეხმარებოდა. ფიცხი კაცი იყო, მაგრამ მეტად სამართლიანი და პრინციპული, ტყუილუბრალოდ და უმიზეზოდ არავის გაუჯავრდებოდა.
პატრიარქს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი სემინარიის რექტორთან მეუფე ილიასთან. მახსოვს, ერთხელ ყველას გასაგონად სიყვარულით თქვა მასზე: "ჩემი ილიკოს სიტყვა ჩემთვის კანონიაო".
გაივლის წლები და პატრიარქ ეფრემის სასულიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებით თავის მადლიერებას და კმაყოფილებას გამოხატავს მეუფე ილია შიოლაშვილი. "მამათმთავრობას თქვენსას შემოასხა შარავანდედი იმ ფაქტმა, რომ თქვენი წყალობით საქართველოში გაიხსნა სასულიერო სკოლა - მცირე, მაგრამ საიმედო ლამპარი. თქვენი ინიციატივით გამოცემული და დაბეჭდილი იქნა "ახალი აღთქმა", მე-11 საუკუნეში ბრწყინვალედ თარგმნილი გიორგი მთაწმინდელის მიერ. დღეს ქართველ ადამიანს აქვს საშუალება, თქვენ მიერ გამოცემული "ლოცვანით" აღავლინოს უფლისადმი თავისი მხურვალე ვედრება", - ასეთი შეფასება მისცა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე ილია შიოლაშვილმა პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ გაწეულ ღვაწლსა და ამაგს მისი დაბადებიდან 70-ე წლისთავზე.
"სემინარიის წლები დაუვიწყარია ჩემს ცხოვრებაში, - იგონებს მოწამეთის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მამა გიორგი (ბასილაძე), - ისეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კომუნისტების პერიოდში ვის მოუნდებოდა სასულიერო სემინარიის დაარსება? უწმიდესმა ეფრემ II-მ და ილია II-მ შეძლეს ეს.
სემინარიის რექტორს ილია II-ს ისე ჰქონდა საქმე დაყენებული, ერთ დღეს ვერ გავატარებდით უქმად, მუშაობის გარეშე. რადგან შენობა ძველი იყო, ყოველდღიურ მზრუნველობას საჭიროებდა. მეუფე ილიას დავალებას ყოველთვის ხალისით ვასრულებდით, რადგან მართებული კაცი იყო. იგი გაჯავრებული არასდროს გვინახავს, მისი ხმამაღალი სიტყვა არ გაგვიგონია. ტკბილად, მეგობრულად ახერხებდა ჩვენთან ყოველი საკითხის მოგვარებას. თერთმეტი სტუდენტიდან ერთსაც რომ დაგვეტოვებინა სასწავლებელი, მოსკოვი ამ მიზეზით სემინარიას გააუქმებდა. ამიტომ სწორედ ეს ორი დიდი პიროვნება იბრძოდა მის შესანარჩუნებლად, რადგან ამაში ხედავდნენ ეკლესიის გადარჩენას და ასეც იყო ეს.
პატრიარქმა ეფრემმა სხარტი, ღრმააზროვანი ლაპარაკი იცოდა, საუბრისას ხშირად ჟესტებსაც იყენებდა მეტი დამაჯერებლობის მისაღწევად. მის სიტყვას ვერავინ გადავიდოდა. გვიყვებოდა კირიონის, ამბროსის, კალისტრატეს და სხვა დიდ პატრიარქთა ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
ცნობილი ხალხი მეგობრობდა მასთან. ისეთი, როგორიც აკადემიკოსი აკაკი შანიძე იყო.
პატრიარქმა ეფრემმა დიდი წვლილი შეიტანა არგვეთის მთავართა, დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილების კვლავ მოწამეთის მონასტერში დასაბრუნებლად. ჩემი ცხოვრების უმეტესი წლები მეც ამ მონასტერში გავატარე და აქ რამდენჯერმე შევხვედრივარ ერთ უსინათლო კაცს, გვარად ჯიქიძეს, რომელიც ტირილითა და მუხლისჩოქვით უვლიდა გარს ჩვენს მონასტერს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სწორედ ამ კაცს გაუტანია წლების წინ მონასტრიდან დიდმოწამე დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები, მათი თავის ქალები ერთმანეთისთვის შეუხეთქებია და უთქვამს, ამათ რა უნდა მიყონო. იმ წუთშივე წართმევია თვალისჩინი. მას შემდეგ ინანიებდა თავის საქციელს და პატიებას შესთხოვდა წმიდანებს.
პატრიარქების ეფრემ II-ისა და ილია II-ისგან ჩვენ, სემინარიელები, ცოდნა-განათლებასთან ერთად ვსწავლობდით მორჩილებას, სიმდაბლით ცხოვრებას და სამშობლოს სიყვარულს. საღმრთო ლიტურგიაში არის ქერუბინთა საგალობელი "რომელი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით..." თუკი საქართველოში ვინმე ღირსია ამ საგალობელზე მოხსენიებისა, მე ვიტყოდი, პირველ რიგში, ესენი არიან ილია II და ეფრემ II (ორივე მეორე). ამ ადამიანებმა დიდი ამაგი დასდეს ჩვენს ქვეყანას".
ბატონ იპოლიტე ვართაგავას ოჯახში დღემდე დიდი სასოებით ინახავენ "ლოცვანის" ეფრემისეულ გამოცემას, რომელიც პატრიარქს ასეთი წარწერით დაუმშვენებია: "ჩემს ძვირფას მასწავლებელს - "მიმყვანელს ჩვენდა ცნობად კეთილისა..." სიმდაბლით, ეფრემ მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".
ერთ-ერთ წერილში უწმიდესი ეფრემ მეორე მცხეთის სამოძღვრებო კურსებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებასა და ჩანაფიქრს უზიარებს ბატონ იპ. ვართაგავას. "კ.პ. (კათოლიკოს-პატრიარქ) ლეონიდეს დროსაც (იგულისხმება უწმიდესი ლეონიდე ოქროპირიძე - ავტ.) გვქონდა სამოძღვრებო კურსები, რომელიც მათ სახელს ატარებდა... ბატონი ლეონიდე ხორციელი ნათესავია ჩვენი, მაგრამ ჩვენს დღევანდელ მცხეთის სამოძღვრებო კურსებს მივაკუთვნეთ იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის სახელი", - წერს უწმიდესი ეფრემი თავის მასწავლებელსა და დიდ მესაიდუმლეს და აქვე მას ეპისკოპოს გაბრიელის უსაზღვრო სიყვარულშიც გამოუტყდება. ბათუმში, ეპარქიისთვის შეძენილ სახლში, საპატიო ადგილას თავისი ხელით ჩამოუკიდია განსვენებული ეპისკოპოსის პორტრეტი, თბილისში ძველი საპატრიარქოს შენობის ერთ-ერთი მოზრდილი დარბაზიც გაბრიელის ფოტოსურათით დაუმშვენებია. "უნდა გამოგიტყდეთ, უამსურათოდ მე ვერ ვძლებო", - გულწრფელად აღნიშნავს იგი თავის წერილში. უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქობის წლებში წმინდანად შერაცხული იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) იქნებ იმიტომაც უყვარდა უწმიდეს ეფრემს ასე გამორჩეულად, რომ დიდმა გაბრიელმაც ისევე შესვა "სიმწარისა და სიმწუხარის" ფიალა და უდრტვინველად ატარა უმძიმესი ჯვარი ქრისტესი, როგორც პატრიარქმა ეფრემმა. ისინი ხომ ორივენი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოდნენ წუთისოფლის ბოროტებას და ცხოვრების ბედისწერით ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს.
"ჩვენმა სასწავლებელმა ხელი შეუწყო სასულიერო კადრების გამრავლებას საქართველოში, რაც მაშინ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს წარმოადგენდა და რაც ორივე პატრიარქის დიდი დამსახურებაა. ღმერთმა ინებოს, ღირსეულად დაფასდეს მათი ამაგი.
მახსენდება, როცა ამ სასწავლებლის პირველკურსელი ვიყავი, რამდენიმე სტუდენტს მოგვეცა კურთხევა პატრიარქ ეფრემის წიგნების დალაგებისა, - იგონებს გარდასულ წლებს ამჟამად თბილისის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე. წიგნებს შორის შემთხვევით აღმოვაჩინეთ უწმიდესი ეფრემის მიერ გამოწერილი ქვითრები. მათში ნაჩვენები იყო თანხა, რომელსაც იგი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ქართველ სტუდენტებს სტიპენდიის სახით უგზავნიდა.
პატრიარქ ეფრემისა და მეუფე ილიას ლოცვა-კურთხევით, მე, როგორც სემინარიის სტუდენტს, მათთან ერთად მომიხდა რამდენიმე დღით მოსკოვში გამგზავრება ქრისტიანულ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მახსოვს, ჩვენი პატრიარქის მიერ ამ კონფერენციაზე გაკეთებულმა მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების საერთო მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. უწმიდესი ეფრემი ხელისუფალთა მიმართ, ერთი შეხედვით, ლოიალური ჩანდა, მაგრამ, ამავე დროს, მწარე სიმართლის თქმას მათთან არასდროს ერიდებოდა; ყოველთვის დამცველი და ქომაგი იყო ქართული ეკლესიისა".
როგორც უწმიდეს ეფრემთან დაახლოებული პირი, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) აღნიშნავს: "უწმიდეს ეფრემ მეორეს დიდი სიყვარული და მეტად თბილი ურთიერთობა აკავშირებდა ჩვენს დღევანდელ პატრიარქთან ილია მეორესთან. მას მოფერებით ილიკოს ეძახდა და თავის პირდაპირ მემკვიდრედ ასახელებდა.
პატრიარქის სიცოცხლის ბოლო წელს, მისი ანგელოზის დღეს, მასთან უახლოესი ადამიანები შევიკრიბეთ. სულ ათიოდე კაცი თუ ვიქნებოდით. ყველამ ჩვენ-ჩვენი სიტყვებით მივულოცეთ, როგორც შეგვეძლო, ისე. ბოლო სიტყვა პატრიარქმა ეფრემმა წარმოთქვა. გრძნობდა თავისი აღსასრულის მოახლოებას. ჩემი ყურით მოვისმინე მისი სიტყვები, მეუფე ილიას რომ უთხრა: "ჩემო ილია, ჩემო შვილო, ისე უნდა დაგიტოვო ეკლესია, ათი წელი მაინც ნაკლები საზრუნავი რომ გქონდესო". მე ამ სიტყვებიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე: უწმიდესი ეფრემი მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობისთვის ამზადებდა, რაც მისი ანდერძითაც დასტურდებოდა".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მეუფე ილიას განსაკუთრებულ ურთიერთობაზე არქივში დაცული დოკუმენტები და პირადი წერილებიც მოგვითხრობენ. "მეუფეო და ჩემო მლოცველო ილია შემოქმედელო, იდღეგრძელეთ! მეუფეო, შეიძლება წირვაც ინებოთ ჩვენთან, უკუეთუ ხასიათზე იქნებით!"
ერთ-ერთ წერილში პატრიარქი ეფრემი მეუფე ილიას უცხო ქვეყნის მაღალი სასულიერო პირის მიტროპოლიტ ბარნაბას საქართველოში სტუმრობის შესახებ ატყობინებს. წერილში ზუსტად არის მითითებული მისი ჩამოსვლისა და გამგზავრების დრო და თარიღი. ბოლოს პატრიარქს ასეთი მინაწერი გაუკეთებია: "თუ ვინიცობაა გეზარება ჩამოსვლა, შენ ჩამოდი 28-ში დილით, ე.ი. სამშაბათს, და საღამოს შეხვდებით აეროპორტზე. შენი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. 27.VI.66 წ."
პატრიარქისთვის უჩვეულო მოკრძალება იგრძნობა მეუფე ილიასადმი გაგზავნილ სხვა წერილებშიც. როცა მათ ეცნობი, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი უწმიდესობა ეფრემ მეორე ილია მეორის სახით საქართველოს მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს ესაუბრება. თავის მხრივ, მეუფე ილიაც მხარდამჭერი და დამფასებელია პატრიარქის საქმიანობისა. "დღეს საქართველოს ეკლესიას, როგორც ავტოკეფალიურ, დამოუკიდებელ ერთეულს, იცნობს და სიმპათიით ეპყრობა მსოფლიოს ყველა ხალხი. რატომ? იმიტომ, რომ იგი არასდროს არ ატარებდა შავი რეაქციის ტენდენციებს. იგი მუდამ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოწინავე იდეებით. ამ საქმეში დიდი წვლილი მიგიძღვით თქვენ, უწმიდესო პატრიარქო", - აღნიშნავს პატრიარქ ეფრემის ანგელოზის დღეს მეუფე ილია, რომელმაც თავისი საპატრიარქო მოღვაწეობის წლებში ეს ტენდენცია განავითარა და კიდევ უფრო მაღალ რანგში აიყვანა.
მანამდე კი ამ ორ პიროვნებას ერთად უხდებოდა მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა ქართული ეკლესიისთვის სასიცოცხლო ძალის შესანარჩუნებლად.
პირველი წარმატებებით გამოწვეული სიხარული სასწავლებლის გახსნიდან 7 წლის თავზე მწუხარებით შეიცვალა. სემინარიის რექტორი, ცხუმელი ეპისკოპოსი ილია მთავრობის სასახლეში რელიგიის საქმეთა რწმუნებულის სახელზე ასეთ დეპეშას აგზავნის: "დიდი მწუხარება გვეწვია. სემინარიის შენობა დამწვარია. ხუთშაბათს, დილით, მისი უწმიდესობა და მე ვიქნებით მცხეთაში". ძნელი სათქმელია, ხანძარი უყურადღებობისა და დაუდევრობის შედეგად გაჩნდა თუ ვიღაცამ ეს წინასწარგამიზნულად ჩაიდინა. ამის გარკვევა შეუძლებელი იყო. ან კი დაინტერესდებოდა იმდროინდელი გამოძიება სიმართლის დადგენით?!
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი დროზე აღდგენილიყო, პედაგოგთა და სტუდენტთა ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო შენობის განახლებისთვის ზრუნვა. "ეს იყო ახალი დიდი საქმე, რომელსაც სჭირდებოდა დიდი ენერგია და გამოცდილება. ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ბევრ წინააღმდეგობას და სიძნელეს. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, მაინც შევძელით, დაგვეყენებინა სასწავლებელი მყარ ნიადაგზე", - იტყვის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია უწმიდესი სინოდის წინაშე გაკეთებულ მოხსენებაში სემინარიის რექტორობიდან მე-9 წლისთავზე. მანამდე კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე მას მიტროპოლიტობას მიუბოძებს. მოტივი ასეთია: "სასულიერო სასწავლებლის პედაგოგიური ხელმძღვანელობისათვის და მასში კეთილი წესრიგის დამყარებისათვის, უმეტესად ვგულისხმობ რა ფიცსა შენსა, რომელი იტყვის: "თანავხმობდე, ერთვგონიერებდე უნეტარესისა და უწმიდესისა მამისა ჩვენისა თანა, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვამდე ჩემდა" - გულმოდგინედ აღსრულებისთვის მოგიბოძებთ მიტროპოლიტის პატივს. თბილისი, 1970წ., მაისის 17".
ამავე წლის მაისში უწმიდესი სინოდის სხდომაზე იმსჯელეს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის პატრიარქობიდან მე-10 წლისთავის სათანადოდ აღნიშვნის თაობაზე. მომზადდა საიუბილეო პროგრამაც. ღონისძიებებისთვის განკუთვნილ თანხას საპატრიარქო გაიღებდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა და არ დაეთანხმა იუბილეს აღნიშვნას. "ჩემო ილია, მშვიდობა! მაშასადამე, იუბილე არ არის, გვექნება წირვა, თუ ჩვენი შვილები ჩამოვლენ, იმ ანგარიშით, რომ მცხეთაში ექნებათ სადილი. შენთვის მლოცველი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე".
იუბილეს ნაცვლად გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც პატრიარქთან დაახლოებულ ადამიანთა მცირე ნაწილი ესწრებოდა. მეუფე ილიამ საღამოზე სიტყვა წარმოთქვა: "გზა თქვენი სულიერი მოღვაწეობისა დაიწყო ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის დროს. აქედან დაწყებული, თქვენი მოღვაწეობა, როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო, იყო ფრიად ნაყოფიერი, მაგრამ განგებამ ღვთისამან თქვენ არაერთხელ დაგაყენათ განსაცდელის წინაშე. ბევრჯერ გაბედულად აღგიმაღლებიათ ხმა საეკლესიო საქმეების დასაცავად და მიგიღწევიათ კიდეც მიზანს..."
მისია შესრულებულია, მტკიცე საფუძველი - ჩაყრილი. უწმიდესი ეფრემ მეორე ღირსეულ მემკვიდრეს უტოვებს საქართველოს. ანდერძში იგი თავის შემცვლელად და საქართველოს მომავალ კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილს ასახელებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ანდერძი მისი გარდაცვალებისთანავე საეჭვო ვითარებაში იკარგება. აკადემიკოს როინ მეტრეველის აზრით, პატრიარქ ეფრემ მეორის ანდერძის გაუჩინარება რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით მოხდა, რადგან კრემლის ცენტრალურ ხელისუფლებაში მოკალათებულ რეაქციულ ძალებს ხელს არ აძლევდა, ისეთი განათლებული, ენერგიული, ეროვნულ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებზე ორიენტირებული ახალგაზრდა კათოლიკოს-პატრიარქი ეხილათ, როგორიც ილია შიოლაშვილი იყო.
ფიზიკურ სიკვდილს დანატრებულ პატრიარქ ეფრემს ჯერ კიდევ ქუთათელ-გაენათელ-ჭყონდიდელი მიტროპოლიტობის დროს შეუდგენია თავისი საფლავის ქვის ეპიტაფია: "მეყვსეულად განვეშორე მიწიერსა ღვთივმშვენიერსა საკურთხეველსა და მიწა მიწასა შთავებნიე საწყალობელი; სული ჩემი იხმო ზეციერმან მსაჯულმან პასუხის-გებად. ამისთვისცა გევედრებით, ლოცვა ჰყოთ ჩემთვის, რათა გამომაჩინოსმცა მსახურად ზეციერსა საკურთხეველსა. ხელდასხმულ ვიქმენ მღვდელმთავრად 1927.III.27. დავიბადე 1896წ. გარდავიცვალე ... მიტროპოლიტი ეფრემი, სიდამონიძე".
სიმბოლური და წინასწარმეტყველური გამოდგა მეუფე ილია შიოლაშვილის მიერ რამდენიმე წლით ადრე უწმიდესი ეფრემის ანგელოზის დღეს ნათქვამი სიტყვები: "ვნების კვირიაკე წავიდა, წინ - აღდგომაა", რომელიც მაშინ პატრიარქის სანუგეშებლად და გასამხნევებლად ითქვა.
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორე სიდამონიძემ 76 წელი იცოცხლა ამქვეყნად და ღვთით განისვენა 1972 წლის 7 აპრილს, ვნების კვირეულის მიწურულს, წითელ პარასკევს, რომელიც იმ წელიწადს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, მისმა გარდაცვალებამაც სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. ვნების პარასკევი, წელიწადის ყველაზე მძიმე დღე, დღე მაცხოვრის ჯვარცმისა, წამებისა, უფლის მიწიერი სიცოცხლის დასრულებისა, თითქოს გამოძახილი ეფრემ მეორის ამქვეყნიური წამებული ცხოვრებისა და მისი ფიზიკური მიცვალებისა; მეორე მხრივ, დღესასწაული ხარებისა, კაცობრიობისთვის მაცხოვრის ქვეყნად მოვლინების იმედის გაცისკროვნებისა და ამასთან, თითქოს ზეციური ნიშანი ქვეყნისთვის დამაშვრალი პატრიარქის ღვთიურ სასუფეველში გადასახლებისა და ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მოახლოებით გამოწვეული უდიდესი სიხარულისა...