ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"ადამიანი შესაქმის ყელაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა.
თითოეული პიროვნების სულიერ საყაროში ორი მიმართულება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით".
***
"მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო და განიწმინდეთ გულები, ორგულნო... დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აღგამაღლებთ თქვენ!" (იაკობი 4, 8-10), - გვარიგებს მოციქული.
სიმდაბლე, შემუსვრილობა ამპარტავნებისა, უდიდესი სათნოებაა ღვთის წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი არის მოსე წინასწარმეტყველი. რატომ გამოირჩია იგი უფალმა და შეიყვარა განსაკუთრებით? პირველ რიგში იმიტომ, რომ "იგი იყო ყველაზე მშვიდი და თვინიერი კაცთა შორის" (რიცხვთა 13,3). ამიტომაც მიეგო მას პატივი ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელთა ერის გამოხსნისა და სინას მთაზე კაცობრიობის დასამოძღვრად ათი მცნების მიღებისა. ასეთივე სათნო თვისებებით გამოირჩეოდნენ სხვა წმინდანებიც, რომელთა ცხოვრება მისაბაძია ჩვენთვის".
***
"მადლობა ღმერთს, მისი წყალობით თანდათან ვთავისუფლდებით ცოდვის მონობისგან, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და ამპარტავნებისაგან და ჩვენი ხალხიც იმ ებრაელთა მსგავსად, მოსე წინასწარმეტყველმა ეგვიპტიდან რომ გამოიყვანა, ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს აღთქმული მიწისაკენ - სულიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ".
***
"როგორ გვაკლია სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმინდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: "იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაიმდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია" (ბარსანოფი და იოვანე).
ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. იგივე წმინდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისგან მომდინარეობს".
***
"ბრძენი სოლომონი ამბობს: "მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება" (იგავნი 11,2). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკობი 4,6)...
თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
წმინდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმინდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმინდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: "დიდია ძალა შენი მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იმავეს ვაკეთებ; შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.
- რით? - ჰკითხა წმინდანმა.
- თავმდაბლობით. შენი თავმდაბლობის გამო მე არ მაქვს ძალა შენს საწინააღმდეგოდ.
და როცა ღირსმა მამამ ხელნი აღაპყრნო, დემონი უჩინარ იქმნა.
მსგავსი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დიდი სულიერი შრომით, გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა".
***
"წმინდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. "თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი - გვაფრთხილებს წმინდა ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, - მუდამ გახსოვდეს, მიწა ხარ და მიწად მიიქცევი, ყვავილისა და ბალახისაებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია".
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისგან, თვით ღვთისგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმინდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდალებ, ზეცამდე ამაღლდები, თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღსარებით. ღირსი ისიხი წერს: "სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით".
***
"ნუ დაივიწყებთ ჩემო საყვარელო, ქრისტესმიერო შვილებო, რომ სიამაყეს, სხვის დაჩაგვრასა და სიმდიდრის მოხვეჭას, განდიდება არ მოაქვს ადამიანისთვის, "რამეთუ ეგევითარნი უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონობენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (I რომ. 16,18). თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ, სიყვარულისა და ურთიერთპატიების უმანკო გრძნობა აამაღლებს თქვენს სულებსა და პატიოსნებას. ესეც გახსოვდეთ, რომ პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინადღეს, მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა".