ვულოცავთ ქართველთა სულიერ მამას და წინამძღვარს ანგელოზის დღეს
ვულოცავთ ქართველთა სულიერ მამას და წინამძღვარს ანგელოზის დღეს
2 აგვისტოს აღინიშნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ანგელოზის დღე, რომელსაც წელს დაბადებიდან 80 და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 35 წელი შეუსრულდა. გზა, რომელიც მან მეტად მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით განვლო, არ ყოფილა იოლი და ოდენ ია-ვარდით მოფენილი.

ჯერ კიდევ მოსკოვის სასულიერო აკედემიის მეოთხე კურსის სტუდენტმა დაწერა საკანდიდატო შრომა "ათონის ივერთა მონასტრის ისტორია", რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭეს. აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. სამეცნიერო საბჭომ მღვდელ-მონაზონ ილიას, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, სასულიერო აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა, ლექციების წაკითხვა და სამეცნიერო მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ იგი დაემორჩილა პატრიარქ ეფრემ მეორის კურთხევას და სამშობლოში დაბრუნდა სამოღვაწეოდ. "სამშობლო - ეს არის ჩვენი პირველი მშობელი, ჩვენი დედაც და მამაც! - იტყვის მოგვიანებით, - იშრომეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო"...

15 წლის განმავლობაში ჯერ ბათუმ-შემოქმედის, შემდეგ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობას მეუფე ილიასათვის ხელი არ შეუშლია, სათავეში ჩასდგომოდა ახალდაარსებულ მცხეთის სასულიერო სემინარიას, რომლის პირველი რექტორიც გახლდათ. 1988 წლიდან, მისივე თაოსნობით იხსნება თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემია, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საერთაშორისო ავტორიტეტმა დიდად განაპირობა თბილისისა და გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიების წარმატება.

გამორჩეული სასულიერო და სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს ისეთივე წოდება მიანიჭა მას კრეტის აკადემიამაც. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად. დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, ალექსანდრიის, ბულგარეთის, სერბეთისა და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოებითა და ორდენებით.

მიმდინარე წელი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მართლმადიდებელ ხალხთა დახმარებისა და ეკლესიასთა შორის ძმური ურთიერთკავშირის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემია.

ვულოცავთ ქართველთა სულიერ მამას და წინამძღვარს ანგელოზის დღეს და მცირეოდენი შემოკლებით შემოგთავაზებთ გერმანელი სასულიერო პირის, ბერ-დიაკვნის, მამა ლაზარეს (ბუხჰაგენელი) შეხედულებას პატრიარქ ილია მეორეზე. რომელსაც თავის წიგნში "საქართველო - წმინდა მიწა კავკასიაში", დიდი ადგილი დაუთმო. ვფიქრობ, ამ წერილის გაცნობა უკეთ დაგვანახვებს იმ რეალობას, რომელიც ზოგჯერ მხედველობის მიღმა გვრჩება.

წმინდა სამების ტაძარი საქართველოსთვის იგივეა, რაც აია სოფია კონსტანტინოპოლისათვის და მაცხოვრის საკათედრო ტაძარი მოსკოვისათვის. იგია ქალაქის სულიერი და ფიზიკური გული, საყრდენი ცისა, ქვადქცეული განსახიერება ღვთის მარადიული სამყოფელისა.

დღისით ჩვენი აივნიდან სამებისკენ უწყვეტ ნაკადად მიმავალი ადამიანები პატარა, შავ წერტილებად მოჩანან, ისინი მოედნის გავლით სამების წმინდა ტაძრისკენ მიეშურებიან. ღამით კი ლამპიონებით გაბრწყინებული ტაძრის ოქროსფერი ლოდები რაღაც დაუჯერებლად, არაამქვეყნიურად წმინდა ზარდახშასავით ელვარებს, თითქოს ფიქრი იყოს ღვთისა. საქართველოში პირველი საღვთო ლიტურგიის შემდეგ, საღამოს ტრაპეზის დროს, მამა იოანემ (საუბარია არქიმანდრიტ იოანე კიკვაძეზე), მოულოდნელად დაგვაჩქარა: "წავიდეთ ახლა სამებაში, მწუხრის მსახურება მალე დამთავრდება და შევეცადოთ, უწმინდესს მივუსწროთ, ლოცვა-კურთხევა ვითხოვოთ მოგზაურობის წინ". ცოტა მოგვიანებით მართლაც ვიდექით ტაძრის კართან, ღია ქვიშისფერ ქვის მოედანზე. ტაძარი კი მოჩანდა, როგორც ვეებერთელა, ძველი მონოლითი, რომელმაც თითქოს ეს-ესაა გაარღვია დედამიწის ქერქი და მაცხოვრის სიტყვების თანახმად, შიგნიდან გამონაშუქი ნათელი დააფინა სამყაროს: "არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა" (მთ. 5,15).

უეცრად სუნთქვა შემეკრა, მაგრამ არც ტაძრის სიდიდე, არც ქვისმთლელთა ოსტატობა, არც ბრწყინვალე არქიტექტურული მიგნება არ ყოფილა მიზეზი ჩემი ამგვარი მდგომარეობისა. ამის მიზეზი გახლდათ განცდა იმ ჰარმონიისა, რომელიც ზეციურ არქეტიპსა და მიწიერ ხატს ერთმანეთთან შეანივთებდა. ტაძარი იყო სახე და ხატი ქართველი ხალხის მაღალი სულიერებისა. იგი აშენდა პატრიარქისა და მორწმუნე ქართველი ერის დიდი ძალისხმევით. მიუხედავად ომისა და სხვა გარე კატასტროფებისა, მუხლი არავის მოუდრეკია, დრო არავის დაუკარგავს და მტკიცე კავშირი შეუნარჩუნებია მარადისობასთან, თანახმად უფლის სიტყვებისა: "პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა" (მთ. 6,33). საღამოს მსახურება დასრულდა, ვარსკვლავებით განათებულ ღამეში დიდხანს გაგრძელდა მწუხრის ზარების რეკვა...

მამა იოანე გვერდით გასასვლელისკენ გაგვიძღვა, სადაც უწმინდესის მანქანა იდგა. ყველა ასაკის ასობით ადამიანი მოთმინებით ელოდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევას. როგორც იქნა, ტაძრის მსახურებმა გზა გაიკვლიეს ხალხში, და აი, უბრალო ბერული სამოსით შემოსილი ქვეყნის სულიერი მამაც გამოჩნდა. მიუხედავად ხანგრძლივი დამღლელი ღვთისმსახურებისა, პატრიარქი ცდილობდა, მთელი ძალ-ღონე მოეკრიბა და ყველა ადამიანი დაელოცა. ზოგს თავზე ადებდა ხელს, ზოგს უბრალოდ ეხებოდა, ხოლო ისინი, ვისაც პატრიარქი ვერ სწვდებოდა, წინა რიგში მდგომებს ეხებოდნენ წყალობის მისაღებად.

ასე ეფინება ამ ადამიანში დაბუდებული მადლი ყველას და ქვეყნის დასალიერამდე აღწევს. ალბათ იგივე განცდა იყო, როდესაც პეტრე, იოანე და სხვა მოციქულები იუდეის ქალაქებში დადიოდნენ. ბევრი ადამიანი ხედავდა მათში ქრისტეს და წყალობას ითხოვდა მათგან, ზოგიერთები კი მაინც მოსაკლავად დაეძებდნენ მათ.

როდესაც უწმინდესი მოგვიახლოვდა, მამა იოანემ მის წინ მუხლი მოიდრიკა, რამდენიმე სიტყვით გააცნო ჩვენი თავი და დალოცვა სთხოვა. პატივი გვერგო, მიგვეღო მისგან არა მხოლოდ დალოცვა, არამედ მოწვევაც, რომ კვირა დღეს საპატრიარქო წირვა მასთან ერთად აღგვევლინა.

რა უცნაურად მოხდა ყველაფერი: ჯერ კიდევ სამი დღის წინ ჩვენს მონასტერში, ვეზერბერგლანდის (სადაც მდებარეობს მონასტერი) შემაღლებულ მხარეში, ტყით შეფენილ მთაზე ვიმყოფებოდით, დღეს კი, ნაკლებად ცნობილი წმინდა ქვეყნის შუაგულში, ათასობით ადამიანით სავსე თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ვართ.

სამების ტაძრის საკურთხეველში შესვლამდე ბევრი მორწმუნე დავლოცეთ. საკურთხეველში კი სტიქაროსნები დაგვეხმარნენ შემოსვაში.

საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე სამი ეპისკოპოსი, დიაკვნები და ათამდე ძვირფასი სამოსით მოსილი სტიქაროსანი ტაძრის საკურთხევლიდან გამოვიდა, მათ ტაძრის მთავარ ნაწილში მჭიდროდ მდგარი ხალხი კიდევ უფრო შეამჭიდროვეს, რომ პატრიარქს გაევლო. და აი, დასავლეთის კარიდან მომავალ პატრიარქს ათასობით ადამიანი გალობით შეეგება. მას შემდეგ, რაც ყველა ღვთისმსახურმა მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო, პატრიარქმა, წმინდა გალობის თანხლებით, ნელი და გამართული ნაბიჯით აღმოსავლეთით, საკურთხევლისკენ აიღო გეზი. ორი სტიქაროსანი მისი მანტიის გრძელ ბოლოს მიაბრძანებდა, როდესაც უწმინდესი აღსავლის კარს მიუახლოვდა, მოტრიალდა და ყველა დაგვლოცა: ჩვენ, მისი სულიერი შვილები, ხალხი. მის ხმაში იგრძნობოდა სიმშვიდე და ძლიერება. სწორედ ასეთ დროს ერთიანდება ზეციური და მიწიერი ეკლესია.


მთავარდიაკონმა, რომელიც ლიტურგიის მსვლელობას უძღვებოდა, შემოგვთავაზა, გერმანულ ენაზე გვეთქვა თხოვნითი კვერექსი, მგალობელთა გუნდი კი ქართულად იგალობებდა. თომას კვირა იყო. ეკლესიაში დაახლოებით ხუთი ათას ადამიანს მოეყარა თავი. ისინი დილის რვა საათიდან ნაშუადღევამდე გვერდიგვერდ იდგნენ ტაძარში და ლოცულობდნენ, შემდეგ კი ქრისტეს სისხლისა და ხორცის მოზიარენი ხდებოდნენ. მათ ათამდე მღვდელი აზიარებდა. წირვის დასრულების შემდეგ რამდენიმე ბერმა და მღვდელმა პატრიარქის საკარცხულის (იგივე კატედა, მღვდელმთავრისთვის განკუთვნილი ტახტი) ირგვლივ მოიყარა თავი რჩევისა და ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთი მამაკაცი თავის ვაჟთან ერთად მოსულიყო. მას სურდა, რომ უწმინდესი შეხებოდა მას, როგორც ჩანს, ავადმყოფ ყმაწვილს. ჩვენც დავიჩოქეთ პატრიარქის წინაშე და მამა იოანემ უწმიდესს დაალოცვინა ჩვენი სულიერად სნეული, დაცემული ერი, ჩვენი გერმანული მონასტერი და საქართველოში ჩვენი მოგზაურობა. პატრიარქმა არა მხოლოდ დაგვლოცა, არამედ შუადღის საკვირაო ტრაპეზზეც მიგვიწვია.

ცოტა მოგვიანებით, უკვე საპატრიარქოს შენობაში, მესამე სართულზე ვიმყოფებოდით. ოთახები ლამაზი, ძველი ავეჯით იყო გაწყობილი და დიდებულად გამოიყურებოდა. იგრძნობოდა, რომ მასპინძელი დახვეწილი გემოვნების ხელოვანი იყო. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ უწმინდესი ფაქიზი გემოვნების ხელოვანი იყო. იგი უამრავი ხატის, ფრესკისა და საგალობლის ავტორიცაა. როგორც ჩანს, ნაკლებად მოიძებნება სფერო, რომელშიც პატრიარქი დაუღალავად არ მონაწილეობდეს. 1977 წელს, მისი ინტრონიზაციის პერიოდში, ძლიერ ქართულ ეკლესიაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. ქვეყანაში მოღვაწეობდა სულ რაღაც ათიოდე მღვდელი და მოქმედებდა სულ რამდენიმე ტაძარი. მხოლოდ ორი ბერი შემორჩენოდა ერთ-ერთ ტაძარს, რომელთაც ერთ-ერთ მუზეუმადქცეულ მონასტერში ამავე მუზეუმის მცველის მოვალეობა შეეთავსებინათ (კომუნისტური მმართველობის დროს საქართველოში ორი: გელათის მონასტერი და მეტეხის ტაძარი მუზეუმად იყო გადაქცეული).

ქვეყანაში უამრავი მიტოვებული და დანგრეული ეკლესია და მონასტერი იყო. თუმცა არასდროს გაფერმკრთალებულა იმედის სხივი. ღირსეული ახალგაზრდა თაობა მუდამ ეწინააღმდეგებოდა კომუნისტური რეჟიმის სიყალებსა და სიცარიელეს. ახლა ისინი აქტიურად შეუდგნენ დაკარგული ღვთის ძიებას. საოცარია, მაგრამ ისინი პატრიარქში ხედავდნენ ადამიანს, ნამდვილ წმინდანს, რომელიც მათ დიდი ხნის მონატრებულ ჭეშმარიტებას დაანახვებდა; ჭეშმარიტებას, რომლითაც მთელი მისი ცხოვრება იყო აღბეჭდილი და გასხივოსნებული.

მართლაც მოხდა საოცრება - 80-იან წლებში ბევრი გონიერი ახალგაზრდა ადამიანი - დისიდენტი, ხელოვანი, პოეტი, მუსიკოსი თუ სწავლული მივიდა ტაძარში. ზოგიერთმა სრულად მიუძღვნა თავი ეკლესიას. მომავალში მათ უკვე ბერ-მონაზვნებმა, დააარსეს ახალი მონასტრები. ბევრი მათგანი პატრიარქმა ეპისკოპოსად აკურთხა. ისინი დღემდე შესანიშნავად უძღვებიან ქართულ ეკლესიას, მსგავსად მათი სულიერი მამისა, უამრავ სასულიერო თუ საზოგადო სფეროში მოღვაწეობენ.

მთელი მგზავრობის განმავლობაში ჩვენთვის ყველა კარი მეგობრულად იღებოდა და ამიტომ ისე ნათლად ვხედავდით ამ ხალხის საოცარ სულიერ აღმავლობას, რომ სურვილი გაგვიჩნდა გვეთქვა, - ეს არის ახალგაზრდული ენთუზიაზმით სავსე დრო და ჩვენ პატივი გვერგო, გავცნობოდით, დაგვეფასებინა და შეგვყვარებოდა ამ ხალხის გამორჩეული და დიდი პიროვნებები, აქ ყველგან იგრძნობოდა პატრიარქის მოსიყვარულე, მზრუნველი ხელი. ა.პ. ჩეხოვი ასი წლის წინ რუსეთის კაშკაშა, ღვთიურ ვარსკვლავზე, დიდ სულიერ მამაზე, იოანე კრონშტადტელზე წერდა: "რომელ სახლშიც უნდა შევსულიყავი, ყველგან ვხედავდი წმინდა იოანე კრონშტადტელის სურათს". იგივე შეიძლება ითქვას ილია მეორეზეც. მსგავსი დამოკიდებულებაა მის მიმართაც საქართველოში. აქ არავინ არავის ავალდებულებს, რომ პატრიარქის სურათით დაამშვენოს სახლის კედლები. ამას არც მოვალეობის მოსახდელად ან სხვა რაიმე დატვირთვით აკეთებენ და არც იმას გამოხატავენ, რომ კომუნისტური იდეოლოგია ქვეყანაში ქრისტიანობამ ჩაანაცვლა (თუმცა მისი ადგილი ახლა გლობალურმა ეკონომიკურმა ტოტალიტარიზმმა დაიკავა). ამას აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი გრძნობს მისგან გამონაშუქ ნამდვილ სიყვარულს, თვით ღვთის გულიდან მომდინარე ნამდვილ სიყვარულს, რომელიც თავისი ერთგული მსახურის მეშვეობით მთელ ქვეყანას ეფინება.

ჩატარებული ღია გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ყველაზე მაღალი სანდოობის მაჩვენებელი ეკლესიას გააჩნია.

ეკლესია მხოლოდ მაშინ არის ეკლესია, როდესაც იქ მსხვერპლშეწირვა ხდება, მსხვერპლი, რომელსაც ადამიანი სწირავს არის დრო, ფიზიკური ძალა, მატერიალური სიმდიდრე და ფული. არსებობს მსხვერპლის გაღების კიდევ სხვა სახეც: როდესაც ადამიანი მთლიანად უძღვნის თავს ღმერთს ბერმონაზვნობით ან მოწამებრივი ღვაწლით. როცა ქრისტიანობა მატერიალური კეთილდღეობის მიღების ან სხვაზე ძალაუფლების განხორციელების ინსტრუმენტი ხდება, ნიშნავს, რომ იწყება ანტიქრისტეს თაყვანისცემა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულმა ეკლესიამ დაგვანახვა, თუ როგორ მიჰყავს სიხარულით გაღებულ მსხვერპლს ქრისტიანობა ნამდვილ, ჭეშმარიტ სრულყოფილებამდე.

ჩვენ სხვა ოთახში, სუფრასთან მიგვიწვიეს. თავში უწმინდესი იჯდა. ერთმა მონაზონმა სუფრა ძვირფასი ქართული კერძებით გააწყო. მოგვართვა ასევე ცხვრის ხორცი და შესანიშნავი ღვინო. თარჯიმნის მეშვეობით, ჩვენც ჩავერთეთ საუბარში იქ მყოფ რამდენიმე მეცნიერთან, რომელთა შორის ერთ-ერთი შესანიშნავად ფლობდა გერმანულ ენას. ტრაპეზის დასასრულს ჩვენ გერმანულ ენაზე სამხმიანი "ქრისტე აღსდგა" შევასრულეთ. საქართველოში ყოფნის პერიოდში ამ საგალობლებით მრავალი ქართველი ადამიანის გული დავიპყარით. გამომშვიდობების დროს პატრიარქმა თავისი შექმნილი, რომანული სტილის საგალობლების აუდიოდისკი გვისახსოვრა.

მონასტერში დაბრუნებისას გზაში საშინელი დაღლილობა ვიგრძენით. გაგვიკვირდა, რომ ვაჟკაცურად უძლებდა პატრიარქი ფიზიკურად დღის ასეთ დატვირთულ განრიგს და გულით ვუსურვეთ მშვიდი შუადღე და დასვენება. თუმცა მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ იმავე დღეს, ტრაპეზის შემდეგ, მას წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 500 ბავშვი მოუნათლავს. მშობლების სურვილის შემთხვევაში, იგი ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლია ხდება. პატრიარქის ამ ინიციატივის შემდეგ საქართველოში შობადობამ 20%-ით იმატა და მართლაც, ქუჩებში, განსაკუთრებით კი ტაძრებში, უმეტესად ახალგაზრდებს ვხედავდით (ოჰ, როგორ ვისურვებდი, ჩვენს ქვეყანაშიც მენახა ასეთი რამ). მღვდლებს, რომლებიც ჩვენ აქ გავიცანით, როგორც წესი, ხუთი, შვიდი, ან მეტი შვილი ჰყავდათ. პატრიარქი ყველანაირად ცდილობს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხალხი ტაძარში მოიზიდოს. აქ ღარიბებს ტაძარი აპურებს, შეძლებულებს საშუალება ეძლევათ, შესაწირი გაიღონ, ეკლესია-მონასტრები, სკოლები და ობოლთა თავშესაფრები ააშენონ; პატარებს უწმინდესი ლოცავს, უფროსებს მორჩილებას ასწავლის და ყველაფერი ღვთის სახელით კეთდება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat