- ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, მართალია, მორწმუნე ხალხი ცხოვრობს, მაგრამ აქ სასულიერო ცხოვრებას გარკვეული თავისებურებებიც ახლავს. ლენტეხის რაიონის ზოგიერთ ტაძარში არიან ე.წ. "სტაროსტები", რომლებიც მეფის რუსეთის დროს მღვდლის დამხმარე პირები - მამასახლისები იყვნენ. ღვთისმსახურება მათ ფუნქციაში არ შედიოდა; მათ ევალებოდათ ტაძრის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, სიწმინდეების დაცვა, ადმინისტრაციული საქმიანობა. მღვდლების განდევნის შემდეგ, ძნელბედობის ჟამს, სტაროსტამ ღვთისმსახურების გარკვეული ელემენტებიც მიისაკუთრა და თანდათან რაღაც რიტუალურ მსახურებად ჩამოყალიბდა. მიუხედავად ეკლესიის დევნისა, ხალხს არ სურდა სიწმინდეების მიტოვება. ერთადერთი, ვინც ტაძართან რჩებოდა, მამასახლისი ანუ სტაროსტა იყო, სასულიერო პირები კი სასტიკად იდევნებოდნენ. ამის გამო დღესასწაულზე ტაძრებში მისულ ხალხს სტაროსტები ხვდებოდნენ თავიანთი რიტუალური მსახურებით. დღეს მოვლენის არსში ჩაუხედავი ზოგიერთი პირი ამას სვანების ძირძველ ტრადიციად ასაღებს, სინამდვილეში კი ყველა სტაროსტა მართლმადიდებლურ ტაძარს ემსახურებოდა. ამ ტაძრებში შემონახულია საეკლესიო ნივთები, მართლმადიდებლური საღვთისმსახურო წიგნები - სახარება, სამოციქულო, პარაკლიტონი... ყოველივე ეს მოწმობს, რომ ამ ტაძრებში ჩვეულებრივი მართლმადიდებლური მსახურება აღესრულებოდა. სტაროსტამ არ იცის ამ წიგნების შინაარსი, არც მათი კითხვა, არც მართლმადიდებლური ხატების თაყვანისცემის სწორი ფორმით გამოხატვა. მის მიერ შესრულებული რიტუალები სრულიად არ შეესაბამება იმ ტაძრებისა და ხატების შინაარსს, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ. ჩვენ სტაროსტებს იმ ფუნქციის აღდგენა შევთავაზეთ, რაც წარსულში ჰქონდათ. თუნდაც ტაძრის მოვლა-პატრონობისა. ნამდვილად გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მთაში მდგარ ეკლესია-მონასტრებს დაიცავს, ოღონდ იმ პირობით, თუ ტაძრებში არ შეიტანენ ისეთ ნივთებს, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ ექნება. ერთ-ერთი ტაძრის საკურთხეველში ყურანის ფურცელიც კი ვნახე. ეკლესიებში ისეთი ხატებია შეტანილი, რომლებიც არანაირ კანონიკურ ფორმას არ ეთანხმება. ამას გარდა, ტაძრებში ინახავენ ჭურჭელს და ეკლესიისთვის შეუფერებელ სხვა ნივთებს. ტაძარი მხოლოდ მღვდლის ლოცვა-კურთხევით უნდა მოეწყოს. მღვდელმა უნდა არეგულიროს ეს საკითხი, ხოლო მამასახლისს ევალება ტაძრის დაცვა და დასუფთავება. თუ ვინმეს აქვს ამის სურვილი, მზად ვართ, გარკვეული ანაზღაურებაც დავუნიშნოთ. მაგრამ ყველაფერში მოძღვარს უნდა დაემორჩილონ და ღვთისმსახურება საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ.
- სვანეთის უძველეს ხატებზე რას გვეტყვით, როგორ შემოინახა ამ კუთხემ ეს საგანძური?
- ადგილობრივი მოსახლეობა სათუთად უფრთხილდება ძველ ხატებს. ეკლესიები რამდენჯერმე გაიძარცვა და სოფელი თავად იცავს სიწმინდეებს მძარცველებისაგან, ამიტომ ხატები გარეთ უმთავრესად დღესასწაულებზე გამოაქვთ, შემდეგ ისევ ინახავენ. ეკლესიაშიც აღარ ტოვებენ, ეშინიათ, კვლავ არ დაიკარგოს ძვირფასი ნიმუშები. ამ ეტაპზე შეიძლება ასე სჯობდეს კიდეც. ხატების და, საზოგადოდ, სიწმინდეების აღწერა ჩვენი უმთავრესი მიზანია, მაგრამ უსახსრობა და უგზობა ამის განხორციელებაში ხელს გვიშლის. იმედია, ეს პრობლემაც მოგვარდება.
- ცაგერსა და ლენტეხში ეპარქიასთან გიმნაზიები დაარსდა. უმთავრესად რა საგნებს ასწავლით?
- ეს ორი გიმნაზია ერთი წელია არსებობს და უკვე ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა. ჩვენთან ისწავლება ყველა ის საგანი, რასაც ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ. ყველაფერი ქრისტიანულ პედაგოგიკაზეა დაფუძნებული. ბავშვებს მეტი ურთიერთობა აქვთ ეკლესიასთან, ვასწავლით მედავითნეობას, საეკლესიო ხელოვნებას, გალობას. მსოფლიო ისტორიასთან ერთად მსოფლიო ეკლესიის ისტორიაც ისწავლება, საქართველოს ისტორიასთან ერთად - საქართველოს ეკლესიის ისტორია. ცაგერში სულ ორმოცი მოსწავლეა. მათგან უმეტესობა წარჩინებულია. იგივე მდგომარეობაა ლენტეხშიც.
- როგორც ვიცი, ეპარქიაში საგამომცემლო საქმითაც ხართ დაკავებული...- როცა ერში ვცხოვრობდი, არაფორმალურ გაზეთს გამოვცემდი. მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გამოდიოდა გაზეთი "საფარა". ჭულევში გადასვლის შემდეგ იქ ჟურნალი "ჭულევი" გამოვეცი, ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ კი სახელი შევუცვალე. ახლა ეპარქიაში გამოდის ჟურნალი "ხვამლი" და გაზეთი "აღმსარებელი". გარდა ამისა, გამოვეცით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და სხვადასხვა საეკლესიო წიგნი.
- მეუფეო, როგორ დაგვმოძღვრავდით?- მინდა, ერთი რამ ვუსურვო ყველას (პირველ რიგში - საკუთარ თავს): ღვთის ნებით გვევლოს და სასუფევლისთვის გვეღვაწოს. ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი სასუფეველში შესვლაა. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჩვენი ცხოვრება დროებითია და მზადებაა სასუფეველში დასამკვიდრებლად. ღმერთმა დაგლოცოთ!