მალე ეპისკოპოსად მაკურთხეს და ცაგერში გადმომიყვანეს. ეპისკოპოსობა, მართლაც მძიმე ტვირთია. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. მირჩევნია, მონასტერში ვიყო ბერად და საგამომცემლო საქმიანობას მივდევდე, ვთარგმნიდე სასულიერო ლიტერატურას, მონასტრული ტიპიკონით ვცხოვრობდე და ლოცვისთვის უფრო მეტი დრო მქონდეს. ეპისკოპოსის ტვირთი გაცილებით მძიმეა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება უამრავ დროს მართმევს. მაგრამ სულისთვის საცხოვნებელი ღვთის ნებით სიარულია. ადამიანი ყველაზე მეტად იქ არის საჭირო, სადაც უფალი გზავნის.
- ერისკაცობისას თუ გქონდათ სურვილი, სასულიერო პირი გამხდარიყავით?
- ამის არც სურვილი მქონია და არც განწყობა. ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ჩემში სარწმუნოებრივი გრძნობა. შემდეგ უკვე ღვთის ნებით ცხოვრება ვისწავლე. არც ეპისკოპოსობა იყო ჩემი სურვილი, მაგრამ ღვთის ნებას სად გაექცევი?
- მეუფე სტეფანე, რამდენიმე წელია, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას უძღვებით, რა შეიცვალა თქვენი მოსვლის შემდეგ?
- ცაგერში დავაარსეთ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი. იქაურები ამას დიდი სიხარულით შეხვდნენ. მონასტერში ახლახან ვაკურთხეთ მღვდელ-მონაზონი ცოტნე. მასთან ერთად არის ორი მორჩილი. მომავალში, თუ ღვთის ნება იქნება, მონასტრის წევრთა რაოდენობა ნელ-ნელა გაიზრდება. დღეს მონასტერში ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულება. სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იმედია, მსურველთა მიღებას მალე შევძლებთ.
სოფელ ლასურიაშში შენდება მამათა მონასტერი, რომელიც გვინდა, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ვაკურთხოთ. ცაგერში, სოფელ ზუბში, აიგო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც ადგილობრივი მღვდელი მამა გიორგი (მდივანი) წირავს. მამა გიორგი გარშემო სოფლებსაც ემსახურება. სასულიერო პირთა რაოდენობის მხრივ გასაჭირი გვაქვს. როცა ეპარქიაში მოვედი, აქ სულ ორი სასულიერო პირი იყო - არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე) და მღვდელი იოსები (ნიგურიანი), რომელიც ახლა ლენტეხში მსახურობს. ამჟამად ეპარქიაში ოთხი მღვდელმსახურია და ორი დიაკონი - ბერ-დიაკონი ილარიონი და დიაკონი იორამი.
ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულება ცაგერის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარშიც. გვაქვს დედათა მონასტერი, რომელიც საეპისკოპოსო რეზიდენციაშია განთავსებული. მოქმედია ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობისა და ლენტეხის მახლობლად, სოფელ ლექსურაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებიც. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, წირვა-ლოცვა ეპარქიის სხვადასხვა ტაძარში ჩავატაროთ: ცაგერის რაიონში - ნაკურალეშის, ლაილაშისა და ცაგერის მცხეთის ტაძრებში, ხვამლზე, ლენტეხის რაიონში - ლენტეხის ამაღლების ტაძარში, ხოფურში, ცანაში, ფაყში, საყდარში, სკალდის მთავარანგელოზის ტაძარში... ვცდილობთ, უყურადღებოდ ეპარქიის არც ერთი კუთხე არ დაგვრჩეს, მაგრამ ხელს გვიშლის სასულიერო პირების ნაკლებობა, უსახსრობა, ტრანსპორტის სიმცირე და სხვა პრობლემები.
- კადრებს რის მიხედვით ირჩევთ?
- ადრე ახალციხის სასულიერო სემინარიის პრორექტორი გახლდით. ჩემთან იზრდებოდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც მერე ჭულევის მონასტერში გამომყვნენ. მამა ცოტნე და მამა ილარიონი დღეს ჩემს ეპარქიაში მსახურობენ. ადგილობრივებს შორისაც არიან ისეთები, ვისთანაც აქტიური ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ, ეკლესიასთან, ეპარქიასთან ახლოს იყვნენ. მონასტერში ვცხოვრობთ და შეძლებისდაგვარად განათლებასაც ვაძლევთ. ვინც კი სასულიერო სემინარია დაამთავრა, უკან არავინ დაბრუნებულა. ჩვენს ეპარქიაში მოსვლა რატომღაც უჭირთ. ახლა იმ პირობით ვაძლევ რეკომენდაციას სასულიერო სასწავლებელში, რომ სწავლის შემდეგ ჩვენს ეპარქიაში დაბრუნდნენ.
- როგორ მიიღო მოსახლეობამ ეკლესია-მონასტრების ამოქმედება?