ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "შენ ხარ ვენახი" სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევისას პირველად ესტუმრა ელიას მთას.
უამრავ სიწმინდესთან ერთად წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა მრევლთან ერთად ლიტანიობით მიაბრძანა "შენ ხარ ვენახის" ახალშექმნილი ხატი.
შეგახსენებთ, რომ ამ ხატის შექმნის იდეა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს კაბადოკიაში მოგზაურობისას დაებადა, როცა 1994 წელს გიორემის ხეობაში ტოვალის ეკლესიის კანკელის ზემოთ გამოსახული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იხილა.
მამა არჩილი იგონებს: "ენით აუწერელი მშვენიერება გამოსჭვივის მისი სახიდან, ძალიან ღრმა გამომეტყველება აქვს, თითქოს დროისა და სივრცის მიღმა იმზირება, ერთგვარი სევდაც დაჰკრავს. სწორედ ამ ენით გამოუთქმელმა მშვენიერებამ და მიუწვდომლობამ გაგვიჩინა აზრი, ამ ფრესკის მიხედვით შექმნილიყო ხატი ღვთისმშობელ მარიამისა და დაგვესვენებინა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში, რომლის მოხატვაც მაშინ ის-ის იყო დაიწყო. საბედნიეროდ, ჩემთან ერთად იყო ხატმწერი ირაკლი ცინცაძე. მოვუხმე და ვუთხარი: "აღიბეჭდე გონებაში ამ ხატის მშვენიერება და იდუმალება"...
და აი, 1996 წლის ქრისტესშობის წინა საღამოს ხატი წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში მწუხრის ლოცვაზე პირველად იხილა მრევლმა. პირველი სასწაულიც იმავე საღამოს მოხდა. მოგვიანებით კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა შეადგინა დაუჯდომელი ლოცვა-აკათისტო "შენ ხარ ვენახის" ხატისა.
განითქვა ხატი. უამრავი ხალხი ლოცულობდა ამ წლების განმავლობაში მის წინაშე და თითოეული, თავისი რწმენისაებრ, იღებდა შეწევნას, ჩვენშიც და ქვეყნის გარეთაც...
"ღვთის განგებულებას ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება. სწორედ ამ მიუწვდომელი განგებულებით, პატრიარქმა გასცა ლოცვა-კურთხევა, "შენ ხარ ვენახის" ხატი პეტრე-პავლეს ეკლესიიდან სამების საკათედრო ტაძარში იქნეს გადასვენებული", - განუცხადა მამა არჩილმა მრევლს და აღავლინა დაუჯდომელი ლოცვა ხატის მიმართ. იყო სიხარული, ცრემლი, მადლიერება, გამოთხოვება, ამაღლება და გალობით გავლილი გზა პეტრე-პავლედან სამების ტაძრამდე.
2 დეკემბერს "შენ ხარ ვენახის" ხატი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მწუხრის ლოცვაზე მიბრძანდა. 3 დეკემბერს, წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა: "ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სიხარული ენაცვლება მწუხარებას. აღმოსავლური სიბრძნე გვეუბნება: "ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!" ასე რომ, როცა მოდის სიხარული, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მადლობა უნდა შევწიროთ ამ სიხარულისთვის; როცა მოდის მწუხარება, მაინც მადლობა უნდა შევწიროთ. ეს აუცილებელია ადამიანისთვის. სულ სიხარული რომ ჰქონდეს, ის დაივიწყებს უფალს და დაიღუპება მისი სული. დღეს ჩვენ გვაქვს სიხარული, სულიერი სიხარული. ჩვენთან მოაბრძანეს ხატი "შენ ხარ ვენახი". არ არის დიდი ხანი, რაც ეს ხატი დაიწერა და უკვე ისმის მრავალი სასწაული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის რწმენა. ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს რწმენას, ითხოვდეთ და მოგეცემათ - ჩანს, რომ მრავალი ადამიანი ლოცულობდა ამ ხატის წინ, მრავალ მორწმუნეს შეუსრულა თხოვნა.
საოცრებაა, რომ ეს ხატი დაწერილია კაბადოკიის ერთ-ერთი ხატისგან... მოხდა სასწაული, - უფალი განაგებს ყველაფერს, - და ახლა ის ხატიც ჩვენთან აღმოჩნდა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ ტოვებს თავის მამულს (როგორც შევიტყვეთ, თურქებს ეს ფრესკა გაუყიდიათ და ღვთის ნებით, იგი საპატრიარქოში აღმოჩნდა - რედ.).
ღვთის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეგისრულოთ ყოველი თხოვნა, ლოცვა-ვედრება და დაიცვას და გააძლიეროს სრულიად საქართველო".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი