ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი
ამჟამად იმ წიგნს ვკითხულობ, სადაც "ეგვიპტის წმინდა მეუდაბნოეთა გამონათქვამების" ნაკრებია შეტანილი (ხსენებული გამოცემა სლავურ, რუსულ და სხვა ენებზეც მაქვს).
ეს გამონათქვამები მართლაც ფასდაუდებელი მარგალიტებია!მყვინთავები ზღვის სიღრმეებს იმიტომ მიესალმებიან ხოლმე, რომ უძვირფასეს მარგალიტებს მისწვდნენ. წმინდა მამებიც გადიოდნენ უდაბნოებში, საკუთარ არსებას უღრმავდებოდნენ და ისეთ მარგალიტებს აღმოაჩენდნენ, როგორიც თავმდაბლობაა, რითაც ქრისტეს ბაძავდნენ. ჩვილის უბრალოებასა და უბოროტობას, ანგელოზთა სადარ უვნებობას, სულიერ განსჯასა და სიბრძნეს - მოკლედ თუ ვიტყვით, იქ სახარებას პოულობდნენ.
დღეს სისო დიდის ის გამონათქვამი ამოვიკითხე, რომელიც ჩემს გულს ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებოდა. როდესაც მას ერთმა მონაზონთაგანმა აუწყა, - "გამუდმებით მახსოვს ღმერთიო", ღირსმა სისომ მიუგო: "დიდი საზომი ეგ კი არა, ის არის, როცა თავს ყოველ ქმნილებაზე უარესად მიიჩნევო".
დიდი სიმაღლეა, მუდმივად ატარებდე ღმერთის ხსოვნას, მაგრამ ეს მდგომარეობა მეტად სახიფათო გახდება, თუ მისკენ აღმყვანებელი კიბე სიმდაბლის შეურყეველ კლდეს არ დაეყრდნო.
ნახეთ, როგორ ეთანხმებიან მამები წმინდა წერილს! წერილი ღაღადებს: "საკუერთხი არა გთნდეს... მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს". თუ კაცთაგან გაღებული მსხვერპლი სულიერი სიგლახაკისა და სინანულის გრძნობას არ დაეფუძნა, ღმრთისგან განიგდება.
ძალიან მომწონს პიმენ დიდის გამონათქვამიც: "თუკი ყოველთვის ყველაფერში საკუთარ თავს დავადანაშაულებთ, ყველგან ვპოვებთ სიმშვიდეს". ხოლო სხვა მამა ამბობს: "ჩვენ საკუთარი თავის დადანაშაულების მსუბუქი ტვირთი სხვათა ბრალდების მძიმე ტვირთზე გავცვალეთო". მსგავსი გამონათქვამები ხომ სქელტანიანი წიგნების ტოლფასია!
ასე მგონია, წმინდა მეუდაბნოეების მსგავსად ვერვინ ჩასწვდა სახარებას. ისინი ცდილობდნენ, ცხოვრებით, ნააზრევითა და შეგრძნებებით განეხორციელებინათ წმინდა წერილი, ამასთან, ჰქონდათ უღრმესი სიმდაბლე, ფიქრით მუდამ ადამიანის დაცემას უტრიალებდნენ, მათი საქმე კი საკუთარ ცოდვებზე გოდება იყო.
სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ დასავლეთის ეკლესიის მამები და მოსაგრეთა შესახებ მწერლები, რაც მათი აღმოსავლეთის ეკლესიისგან გამიჯვნისა და ერესის დამღუპველ წყვდიადში დანთქმის დროიდან დაიწყო. თუ ღირსი ბენედიქტე, წმინდა პაპი გრიგოლ დიოლოღოსი აღმოსავლეთის ასკეტიზმის მოძღვრებს ჯერ კიდევ ეთანხმებოდნენ, ბერნარი მათგან განსხვავდებოდა, ხოლო უფრო გვიანდელნი კიდევ უფრო გადაიხარნენ... ეს უკანასკნელნი თავადაც დაუყოვნებლივ ისწრაფვიან და მკითხველსაც აქეზებენ, ახალდამწყებთათვის მიუღწეველ სიმაღლეებს მისწვდნენ. აღგზნებული, ხშირად კი გახელებული მეოცნებეობა მათში ყოველგვარ სულიერს ცვლის, რის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არ აქვთ და ამგვარი მეოცნებეობა მადლმოსილება ჰგონიათ.
აღმოსავლეთის წმინდა მამები მკითხველს ხილვათა სიმაღლეებისა და სიყვარულის ბადეებისკენ კი არა, საკუთარი დაცემისა და ცოდვის შეცნობის, გამომსყიდველი აღიარების, შემოქმედის გულმოწყალების წინაშე საკუთარ თავზე გლოვისკენ მიუძღვებიან. ისინი უპირველესად ჩვენს სულში უწმინდურ მისწრაფებათა მოთოკვას გვასწავლიან, რომ ამგვარად შემსუბუქებულებმა სულიერი ღვაწლი შევიძლოთ, შემდეგ კი გონებას მიმართავენ, მისი აზროვნების ფორმას და შეგნებას ასწორებენ, დაცემის შედეგად შეძენილი ფიქრებისგან განწმენდენ და მათ წმინდა წერილში ცოცხლად ასახული ახალი ადამიანის აზრებით ცვლიან.
განწმენდენ რა გონებას, წმინდა მამები შემდგომ გულის განწმენდაზე, მის ჩვევათა და შეგრძნებათა შეცვლაზე იწყებენ ზრუნვას, რაც გაცილებით რთულია: როგორც კი გონება ახალი აზრის მართებულობაში დარწმუნდება, ძველსაც იოლად განაგდებს, მაგრამ ჩვევის - ახალი ჩვევით, თვისების - ახალი თვისებით, შეგრძნების სხვა, საპირისპირო შეგრძნებით შეცვლა შრომას, ძალისხმევასა და ხანგრძლივ ჯაფას ითხოვს.
ამგვარი ბრძოლის წარმოდგენა ძალზე ძნელია, მის სისასტიკეს წმინდა მამები ასე გამოხატავენ: "გაიღე სისხლი და მიიღე სული", რაც ნიშნავს, რომ ხორცისა და სისხლის ყოველი ცოდვილი გულისთქმა და მათზე დამოკიდებული გონებისა და გულის ყოველი მოძრაობა უნდა ჩავკლათ, ხოლო გონებაც და გულიც სულს დავუქვემდებაროთ. სისხლსა და ნერვებს მრავალი ვნება აღაგზნებს: მრისხანება და ვერცხლისმოყვარეობა, გემოთმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა, რომელთაგან ბოლო ორი უკიდურესად უხელებს სისხლს მათ, ვინც არარჯულისაებრ მოსაგრეობს და გაშმაგებულ ფანატიკოსებად აქცევს.
დიდებისმოყვარეობის გამო კაცი ნაადრევად ისწრაფვის იმგვარი სულიერი მდგომარეობისკენ, რომლის მიღწევაც თავისივე ბიწიერების გამო ჯერ არ ძალუძს, ამიტომ, ჭეშმარიტებას რომ ვერ აღწევს, ოცნებათა შეთხზვას იწყებს.
გემოთმოყვარეობა კი დიდებისმოყვარეობასთან ერთად ადამიანს მაცდურ, ცრუ ნუგეშს, ტკბობასა და თრობას უღვიძებს გულში. სწორედ ამგვარ თვითცდუნებულ მდგომარეობაში იმყოფება ყოველი უკანონოდ მოსაგრე, ეს მდგომარეობა კი იმის მიხედვით ვითარდება, თუ რამდენად ძლიერია კაცის ღვაწლი.
სწორედ ამგვარ მდგომარეობაში დაწერეს დასავლელმა მწერლებმა მრავალი წიგნი. ასეთ წიგნებს ეწაფება ასე ხარბად ბრმა და ამპარტავანი წუთისოფელი და მათ განსაკუთრებულ სიწმინდეებად, წმინდა წერილის მხარდამამშვენებლებად მიიჩნევს, წუთისოფელი, თავი ზედმიწევნით განათლებული რომ ჰგონია და ამიტომაც არ საჭიროებს აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემათა განუხრელ დაცვას.
აღმოსავლეთის წმინდა მამებში ოდნავაც არ შეიმჩნევა აღგზნებული მდგომარეობა. ისინი არასოდეს აღინთებოდნენ სისხლისმიერი ენთუზიაზმით, რომელიც დასავლეთში ხშირად სისხლისღვრის მიზეზი გამხდარა.
აღმოსავლეთის წმინდა მამების ნაწერები ჭეშმარიტი თავგანწირვითა და ვნებათა წარმხოცი სულიწმინდის კეთილსურნელებით სუნთქავს...