უფლის თორმეტ რჩეულ მოციქულს შორის იოანე ღვთისმეტყველი იყო ერთადერთი, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა,
არამედ მშვიდად მიიცვალა ეფესოში დაახლოებით ახ.წ. 110 წლის 26 სექტემბერს. ამიტომ ეკლესია მის ხსენებას ძველი სტილით 26 სექტემბერს აღასრულებს.
იოანეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაცხოვრის რჩეულ მოწაფეთა შორის. ხშირად, იკონოგრაფიულად, იოანე მოციქული გამოისახება სულიერი სიმშვიდით აღსავსე დიდებული მოხუცი, ქალწულებრივად ნაზი ნაკვთებითა და ღრმა მზერით. იოანე მოციქულის სულიერი სახის მეორე, მთავარი დამახასიათებელი თვისება - სიყვარულია. სიყვარულით არის გამსჭვალული მთელი მისი შემოქმედება, რისთვისაც მას სიყვარულის მოციქული ეწოდა. სიყვარულის სამსახური არის იოანე ღვთისმეტყველის მთელი ცხოვრების გზა. წმინდა მახარებელი და ღვთისმეტყველი იოანე მთლიანად იყო მინდობილი ღმერთს და ჭეშმარიტად უყვარდა იგი. ამ სიყვარულს კი ღმერთმა ღვთაებრივი სიყვარული მიაგო: სხვა მოციქულებზე მეტად, მართლაც რომ აღმატებული სიყვარულის გამო, ღვთისშემეცნების მადლით ღმერთმა სწორედ იგი გააცისკროვნა.
იოანე გახლდათ გალილეველი მეთევზის, ზებედეს შვილი, ძმა იაკობ მოციქულისა. იოანე ღვთისმეტყველი, თავდაპირველად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ანდრია მოციქულთან ერთად, თან გაჰყვა მაცხოვარს. მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმინდისათვის უფალმა გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად, განსაკუთრებით დაიახლოვა.
იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.
საიდუმლო სერობაზე პეტრემ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი იყო მოწაფეთა შორის, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა, მოძღვრისთვის ეკითხა, "თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას გამცემლობასა". ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: "ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?" და მაცხოვარმა "მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი".
წმინდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; იოანე გოლგოთის გზაზეც გაჰყვა უფალს; ჯვარცმისას ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და "მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: "დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს უთხრა: "აჰა დედაჲ შენი!". ამ დროიდან მოყოლებული, წმინდა მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმინდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.
როდესაც, ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მის წმინდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა.
ამ დრომდე წმინდა მახარებელი იერუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან. ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ, იოანე, მოწაფესთან, პროხორესთან ერთად, თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი ტიროდა მოძღვრის დაკარგვას, ბოლოს, მარტომ განაგრძო გზა. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამორიყა. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო - იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ამ ხნის განმავლობაში ზღვაში უვნებლად დაეცვა.
მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ. ეფესოში იოანე ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას შეუდგა. მის ქადაგებას მრავალრიცხოვანი სასწაულებიც ახლდა. იოანემ უამრავი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
მისი უმწიკვლო ცხოვრება, სიმშვიდე, მოთმინება, რითაც იტანდა შეურაცხყოფასა და დევნას - ხალხში სიყვარულსა და პატივისცემას იწვევდა. იოანეს შესახებ შემონახული ყველა გადმოცემა ადასტურებს ღვთის სამსახურისადმი მის მგზნებარე თავდადებას, მოყვასისადმი სიყვარულსა და გულმოწყალებას.
ამასობაში ეკლესიას ახალი, სასტიკი დევნა ელოდა. ნერონის სიკვდილის შემდეგ ქრისტიანებმა ცოტა ამოისუნთქეს, მაგრამ სრულად უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობდნენ თავს, რადგანაც წარმართებს სძულდათ ისინი: თუ აშკარად ვერ ავიწროებდნენ სარწმუნოებისთვის, ცდილობდნენ, რაიმე დანაშაული დაებრალებინათ და დაესაჯათ. აღსანიშნავია, რომ ნერონის მემკვიდრეების: გალბას, ოტონის და ვიტელიუსის, ვესპასიანესა და მისი ძის, ტიტუსის, დროს ქრისტიანობის აშკარა დევნა არ ყოფილა, მაგრამ მალე განახლდა ნერონის მმართველობისთვის დამახასიათებელი სისასტიკენი.
როგორც აღვნიშნეთ, იუდეველებმა იერუსალიმის დანგრევის შემდგომაც ვერ პოვეს სიმშვიდე - კვლავ აწყობდნენ აჯანყებასა და არეულობებს. იმპერატორ დომიციანეს (81-96 წწ.) ყურამდე მიაღწია ცნობამ, რომ იუდეველები ელიან თავიანთ მხსნელს მეფე დავითის ტომიდან. ამან დააფრთხო იგი და ბრძანა: მოეძებნათ დავითის ყველა შთამომავალი და მოეყვანათ რომში, ალბათ, სიკვდილით დასასჯელად. იმპერატორს მიჰგვარეს იუდას, უფლის ხორციელი ძმის, ორი შვილიშვილი. დომიციანეს შეკითხვებზე მათ უპასუხეს, რომ ნამდვილად ეკუთვნიან დავითის სამეფო შტოს; უამბეს თავიანთ სიღატაკეზე, აჩვენეს მიწაზე მძიმე მუშაობით დაკოჟრილი ხელები. აუხსნეს, რომ ოცნებობენ სამომავლო ცხოვრებაზე, არაამქვეყნიური სამეუფოს მეფეზე, რომელიც სამომავლოდ მოვიდოდა ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად. დავითის შთამომავალთა ამ პასუხმა, ყველაზე მეტად კი მათმა სიღატაკემ და თავმდაბლობამ, დაამშვიდა დომიციანე, მიხვდა, რომ ისინი იუდეის სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას არ ლამობდნენ, და გაათავისუფლა. მაგრამ მალევე თავისი რისხვა დაატეხა ქრისტიანებს, რომლებსაც უღმერთობა დააბრალეს, რადგანაც კერპებს თაყვანს არ სცემდნენ, და მეამბოხეებად წარმოაჩინეს, რაკი უარს აცხადებდნენ, იმპერატორისთვის მიეგოთ ღმერთისთვის საკადრისი პატივი.
დაახლოებით 94 წელს ქრისტიანების დევნა წამოიწყო დომიციანემ, რომელიც განსაკუთრებით განარისხა მისი საგვარეულოს ზოგიერთი წევრის გაქრისტიანებამ. გამძვინვარებულმა უახლოესი ნათესავებიც არ დაინდო და ქრისტიანობის აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა თავისი ბიძაშვილი ფლავიუს კლემენტიუსი, ხოლო მისი ცოლი, დომიცილა, შორეულ, უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლა.
დევნა მძვინვარებდა იმპერიის ყველა ოლქში. ათენში მოკლეს დიონისე არეოპაგელი, პავლეს მოწაფე; ამავე ქალაქში აწამეს ანტიპა, პერგამონის ეპისკოპოსი. იმპერატორის ბრძანებით ეფესოდან რომში უხმეს იოანე ღვთისმეტყველს და დიდხანს არწმუნებდნენ, განდგომოდა ქრისტიანობას; მოციქულს სასტიკად სცემდნენ და იმედოვნებდნენ, რომ წამებით გატეხდნენ მის ნებისყოფას, მაგრამ იოანე თავისი ღვთაებრივი მოძღვრის ერთგული დარჩა. იგი აიძულეს, მოწამლული სასმელი დაელია, მაგრამ შხამმა მასზე არ იმოქმედა - აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები, რომელმაც მოწაფეებს აღუთქვა: "დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ" (მარკ. 16,18). შემდგომ წმინდა მოციქული მდუღარე ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ აქაც უვნებელი დარჩა. სასწაულით გაოგნებულ დამსწრეთაგან გაისმა: "დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!" მაშინ დომიციანე დარწმუნდა, რომ წამებით ვერაფერს გახდებოდა ადაიანთან, რომელსაც ასე სასწაულებრივად იცავდა უხილავი ძალა, და ბრძანა - იოანე გადაესახლებინათ მცირე აზიის დასავლეთ ნაპირთან ახლომდებარე კუნძულ პატმოსზე.
მაგრამ რა იყო განდევნა წმინდა მოციქულისთვის, რომელსაც ამქვეყნად ვერაფერი განაშორებდა ღვთის სიყვარულს?! მისთვის სულ ერთი იყო - იცხოვრებდა მდიდრულ, ხალხმრავალ ქალაქში, თუ ღარიბ, უკაცრიელ კუნძულზე - იგი ყველგან შეიგრძნობდა საყვარელი ქრისტეს სიახლოვეს. და ამ ღატაკ, უდაბურ კუნძულ პატმოსზე უფალმა ღირსყო თავისი საყვარელი მოწაფე სასწაულებრივი გამოცხადებისა - ერთ მშვენიერ დღეს უფალმა მოჰმადლა იოანეს, ზეციური ხილვით შეეცნო ღვთის დიდება და ეკლესიის სამომავლო ხვედრი. ღვთის ბრძანებით, იოანემ აღწერა ეს სასწაულებრივი გამოცხადება და ამ წმინდა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია სახელწოდებით "აპოკალიფსი", ანუ "გამოცხადებაჲ წმიდისა იოვანესი". მასში უფალი იოანეს პირით შეგონებებს აძლევს მცირე აზიის შვიდ მთავარ ეკლესიას. ჩამოთვლილია: ეფესოს, სმირნის, პერგამის, თეატირის, სარდიკიის, ფილადელფიის და ლაოდიკიის ეკლესიები და დარიგებანი მიმართულია თითოეული მათგანის "ანგელოზის" ანუ ეპისკოპოსისადმი. აღნიშნული ეკლესიების შინაგანი მდგომარეობის დახასიათება და მათ მიმართ უფლის შეგონებანი ეხება მთელ ქრისტიანულ სამყაროს და ეკლესიას ყველა დროში. ამას მოსდევს უფლის დიდების, ეკლესიაზე მისი გამუდმებული ზრუნვის, სახიერებისა და სიყვარულის, ცოდვილთა სამომავლო დასჯისა და მართალთა ნეტარების ამსახველი დიდებული სურათები. იდუმალ, წინასწარმეტყველურ ხილვებში მინიშნებულია სხვადასხვა განსაცდელი, რომელიც ღვთის ეკლესიას შეემთხვევა დედამიწაზე; კაცთა მოდგმის მტრის შებრძოლება ღვთის კრავთან (უფალთან); კრავის ზეიმი, რომელმაც მორწმუნენი თავისი სისხლით გა¬მოისყიდა; საყოველთაო აღდგომა და სამსჯავრო... დაბოლოს, ახალი იერუსალიმის ანუ ზეციური სასუფევლის ბრწყინვალება.
სასწაულებრივი ზეციური ხილვის შემდგომ რად უღირდა იოანეს მიწიერი ცხოვრება, თავისი ჭირითა თუ ლხინით?! როდესაც მისი აღწერა დაასრულა, შესძახა: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!" (გამოცხ. 22,20). ეს სიტყვები გამოხატავდა მის მხურვალე ნატვრას, შეერთებოდა ქრისტეს, ვინც ასე უყვარდა ამქვეყნად! მაგრამ იოანეს კიდევ ელოდა შრომისა და ზრუნვის წლები - მოციქულს ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება მართებდა უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ.
პატმოსზე მას დიდხანს არ უცხოვრია. დომიციანე მოკლეს და მისმა მემკვიდრემ, ნერვამ (96-98 წწ.), გადასახლებიდან გამოიხმო ყველა განდევნილი ქრისტიანი. 97 წელს იოანე ეფესოში დაბრუნდა, სადაც ქრისტიანებმა დაუფარავი სიხარულით მიიღეს. პავლეს მოწაფე ტიმოთე - ეფესოს ეკლესიის ეპისკოპოსი - თავისი მასწავლებლის სიკვდილის შემდეგ იოანეს სულიერი შვილი გახდა და მისი ხელმძღვანელობით შრომობდა. მოციქული ასევე მართავდა მცირე აზიის ეკლესიებს და ზრუნავდა ქრისტეს სწავლების შეუბღალავად შესანარჩუნებლად. ამ დროისთვის ქრისტიანთა საზოგადოებაში თავი იჩინა ერესებმა ანუ ცრუსწავლებებმა, რომელთაც განსაკუთრებით მრავალი მიმდევარი ჰყავდა მცირე აზიაში. პავლე მოციქული ეფესოს ეკლესიის პრესვიტერებს უმიზეზოდ არ აფრთხილებდა გამოთხოვების დროს: "შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა. და თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა" (საქმე 20,29-30).
მართლაც, გამოჩნდა უამრავი ცრუმასწავლებელი, რომლებმაც ღვთის სიტყვის გადაკეთება დაიწყეს - მას ამატებდნენ აღმოსავლური სწავლებებიდან აღებულ არაკებს, მცდარად განმარტავდნენ წმინდა წერილის თავიანთთვის გაუგებარ ადგილებს. პირველი საუკუნის ერეტიკოსების მთავარი თემა უფალ იესო ქრისტეს პიროვნება იყო: ერთნი უარყოფდნენ მის ღმერთობას, მეორენი არ აღიარებდნენ მის ადამიანურ ბუნებას. ერთი ეფესელი ცრუმასწავლებელი, სახელად კვირინთე, ამტკიცებდა, რომ იესო მართალია წმინდად ცხოვრობდა, მაგრამ იგი ადამიანი იყო, რომელ-ზეც ნათლისღების დროს გარდამოვიდა სულიწმიდა და ჯვარცმის დროს კვლავ განეშორა. ამ ცრუსწავლებამ, რომელიც თვით ქრისტიანობის არსს - ძე ღვთისას სიკვდილით ადამიანების გამოსყიდვას - უგულებელყოფდა, იოანეს დიდი გულისწყრომა გამოიწვია; მოციქული ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ქრისტიანები მისი მავნე გავლენისგან დაეცვა. იყვნენ ცრუმასწავლებლებიც, რომლებიც უარყოფდნენ, რომ იესო ქრისტემ ნამდვილად შეისხა ხორცი; მიიჩნევდნენ, რომ იგი სულია ადამიანის გარეგნობით და, მაშასადამე, არც კაცთათვის დაუთმენია ტანჯვა.
რაკი ეს ცრუსწავლებები მორწმუნეებში დიდ შეშფოთებას იწვევდა, ეფესოს ეკლესიის პრესვიტერებმა და ბევრმა ქრისტიანმა დაარწმუნეს იოანე, აღეწერა ქრისტეს სწავლება, ის, რაც მან თავისი ღვთაებრივი მოძღვრისგან მიიღო. გადმოცემა გვაუწყებს, რომ იოანემ ქრისტიანებს მარხვა დაუწესა, თვითონ, თავის მოწაფე პროხორესთან ერთად, მთაზე ავიდა, სადაც სამი დღე დაყო მარხვასა და გამუდმებულ ლოცვაში. ბოლოს, ზეშთაგონებულმა უბრძანა პროხორეს, ჩაეწერა მისი სიტყვები, რაც სულიწმიდით იყო ნაკარნახევი. ასე დაიწერა სახარება, რომელიც იწყება მამა ღმერთის ერთარსისა და მასთან ერთად სამყაროს შემოქმედის - იესო ქრისტეს დიდებული აღიარებით: "და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოან. 1,14) - ამოწმებს მახარებელი ყველა ერეტიკოსის დასამხობად.
გარდა სახარებისა, იოანემ სამი ეპისტოლე დაწერა და მათშიც არაერთხელ მიუთითა მაშინდელ ერესებზე. "ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარყოს, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე?" (1 იოან. 2,22); "ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს" (1 იოან. 4,3) - ამბობს მოციქული. მშვიდი ხასიათის მიუხედავად, იოანე უმკაცრესად ეპყრობოდა ცრუმასწავლებლებს. ერთ-ერთ ეპისტოლეში იგი უკრძალავს ქრისტიანებს მათთან, როგორც ქრისტეს მტრებთან, მისალმებასა და სახლში მიღებას.
იოანეს ღრმა მოხუცებულობის ასაკშიც არ შეუწყვეტია მქადაგებლობითი მოღვაწეობა. ხორციელმა სიბერემ და უძლურებამ ვერ შეასუსტა მასში ღვთისადმი სამსახურის ერთგულება და მოყვასისადმი მგზნებარე სიყვარული. ძველმა ავტორებმა (კლიმენტი ალექსანდრიელმა, ევსები კესარიელმა) შთამბეჭდავად გადმოგვცეს ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელშიც ცხადად ჩანს ქრისტეს მოწაფის კაცთმოყვარეობით აღსავსე სული.
ერთხელ, როდესაც იოანე ეკლესიების მოსანახულებლად დადიოდა, რომელიღაც ქალაქში განსაკუთრებით მოეწონა ერთი ჭაბუკი და მისი მეთვალყურეობა იქაურ ეპისკოპოსს მიანდო, რომელიც თავიდან გულმოდგინედ შეუდგა მის აღზრდას: ასწავლა, მონათლა, მაგრამ შემდგომ იგი საერთოდ მიივიწყა. ჭაბუკი მანკიერი ადამიანების საზოგადოებაში მოხვდა, ავაზაკთა ბანდის მეთაური გახდა და სისასტიკით ყველა თანამზრახველს გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდგომ იოანეს მოუხდა იმავე ქალაქში ჩასვლა და მაშინვე მოიკითხა ჭაბუკი. ეპისკოპოსმა თვალცრემლიანმა უამბო მომხდარის შესახებ და დასძინა: "ყმაწვილი დაიღუპა, მოკვდა ღვთისა და მარადიული ცხოვრებისათვის". ამ ამბავმა ღრმად დაამწუხრა წმინდა მოციქული. "განა ასე გმართებდა შენთვის ჩაბარებული მოძმის სულზე ზრუნვა? ცხენი მომეცით და მეგზური გამაყოლეთ, მე წავალ მის მოსაყვანად", - უთხრა ეპისკოპოსს იოანემ. იგი მართლაც გაეშურა მთებში, სადაც მოთარეშე ყაჩაღებს გადაეყარა, მათ შეიპყრეს წმინდა მოხუცი და მეთაურს მიჰგვარეს. იოანესაც ეს უნდოდა - ის იყო ჭაბუკს იარაღი უნდა აეღო, რომ შეხედა მოხუცს, იცნო, დაიბნა, ვერ გაუძლო ამ შეხვედრას და გაიქცა. იოანე ყვირილით გამოედევნა: "შვილო ჩემო, რატომ გარბიხარ მამისგან? შემიბრალე, შვილო, ნუ გეშინია. კიდევ არის იმედი სიცოცხლისა, მე დაგიდგები თავდებად ქრისტესთან. მზად ვარ, სიცოცხლე გავიღო შენთვის. შეჩერდი და მომისმინე, გჯეროდეს ჩემი - მე თავად ქრისტემ მომავლინა!". ბოლოს მოციქულის სიყვარულით ძლეული ავაზაკი შეჩერდა, იოანეს თვალი აარიდა, იარაღი გადააგდო, მთლად აკანკალდა და ცრემლები წასკდა. იოანე მიუახლოვდა მას, მოეხვია, ღვთის მოწყალებით დააიმედა და ბოლოს თავისთან წაიყვანა: სიყვარულით მოძღვრავდა, მასთან ერთად ლოცულობდა, მარხულობდა და კითხულობდა სახარებას. მხოლოდ მაშინ დაანება თავი, როდესაც შესაძლებელი გახდა მონანული ჭაბუკის დაბრუნება ქრისტეს კრებულში.
როცა მოხუცებულობისა და უძლურების გამო იოანეს აღარ შეეძლო შორეულ გზაზე წასვლა, მაშინ ქრისტიანულ შეკრებებზე დადიოდა და მორწმუნეებს მოძღვრავდა. სიცოცხლის ბოლო ჟამს კი მოციქული ხელში აყვანილი შეჰყავდათ ამგვარ თავყრილობებზე. მისუსტებული ხმა ხანგრძლივი შეგონებების წარმოთქმის საშუალებას აღარ აძლევდა და ქრისტეს საყვარელი მოწაფე მხოლოდ იმეორებდა: "შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას!" ერთხელ მოწაფეებმა ჰკითხეს მას: "მოძღვარო, ასე ხშირად რად იმეორებ ერთსა და იმავე შეგონებას?" - "ეს არის მცნება უფლისა; ამით გამოიხატება მთელი მისი სწავლება" - მიუგო მან.
წმინდა იოანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და სული მიაბარა უფალს უკვე მეორე ასწლეულში გადამდგარმა. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მრავალი მოწაფე გაზარდა, რომლებმაც გაავრცელეს ღვთის სიტყვა და მთელი თავიანთი ცხოვრებით ქრისტიანული სათნოების მაგალითს იძლეოდნენ. იოანეს მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილნი არიან: ეგნატე ღმერთშემოსილი, რომელიც ანტიოქიის ეპისკოპოსად დაადგინეს ევოდეს შემდეგ, პაპიუს იერაპოლელი და პოლიკარპე, სმირნის ეპისკოპოსი.
იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება "ღვთისმეტყველი" წმინდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმინდა იოანეს მიაკუთვნა, როგორც ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.
მიცვალება მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა ტროპარ-კონდაკი
ტროპარი:
ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯვარისა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ გვეყავ ჩვენ.
ტროპარი:
მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიხსნენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს შენ კანდიერებაი მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყუელო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.
კონდაკი:
დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი