ძველი სტილით 30 მარტს (ახ. სტ. 12 აპრილი) ეკლესია იხსენიებს უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ხუთ მოციქულს: წმინდა სოსთენს, აპოლოსს, კეფას, კესარიოსს და ეპაფროდიტეს.
მოგეხსენებათ, იესო ქრისტემ გარდა 12 მოციქულისა, რომლებიც მუდმივად მასთან ერთად დადიოდნენ, ჰყავდა კიდევ 70 მოციქული. იესოს მიერ მათ გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი.
ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ყველა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ, თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, რომ თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის.
ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.
სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.
უთხრა მათ იესომ: ვხედავდი სატანა, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.
მოციქული სოსთენი, რომელიც უფლის სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთია, მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმინდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმინდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: "პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ" (1 კორ. 1,1). მოგვიანებით წმინდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.
წმინდა აპოლოს მოციქულზე მოციქულთა საქმეებში ასეა მოთხრობილი: "ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ; ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლისცემაჲ ხოლო იოვანესი; ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესადრე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქიად წიაღსვლად, უბრძანეს ძმათა და მოუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მოვიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ; რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ" (საქმე 18, 24-28). წმინდა აპოლოსი ერთგულად ეხმარებოდა წმინდა პავლეს. მოციქულთა თავი კორინთოში ქრისტიანობის გავრცელებაზე ამბობს: "მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა" (1 კორ. 3,6). მოგვიანებით წმინდა აპოლოსი სმირნის ეპისკოპოსი გახდა.
წმინდა მოციქული კეფა, გადმოცემით, იკონიის ეპისკოპოსი იყო. ვარაუდობენ, რომ პავლე მოციქული სწორედ მის შესახებ წერს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორ. 15,5).
წმინდა მოციქული ეპაფროდიტე იყო წმინდა პავლეს თანამოღვაწე, რომელიც მან ფილიპელებთან გაგზავნა. შემდგომ იგი ადრიანის (იტალიის) ეპისკოპოსი გახდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი