- არ ვიცი, თავად მოიფიქრე რამე, ღამისთევის ლოცვაზე გავრბივარ...
* * *
- შვილო, ძალიან გთხოვ, დღეს მაინც დაბრუნდი შინ ცოტა ადრე, საერთოდ ვეღარ გხედავ, შინ მხოლოდ ღამეს თუ გაათევ.- რას ამბობ, დედა, ვერ ხვდები? გუშინ ვგალობდით, დღეს დაუჯდომელი უნდა ვიკითხოთ, ხვალ - კანონი, არაფერი არ უნდა გამოვტოვოთ. თავადვე ხარ დამნაშავე, ჩვენთან ერთად რომ არ დადიხარ, შენი მოწყენილობის მიზეზიც ეს არის...
* * *
- გამარჯობა, მე თქვენი ქალიშვილის კლასის დამრიგებელი ვარ... ძალზე გვაშფოთებს ის, რომ გოგონა სკოლაში მუდამ გამოუძინებელი მოდის, ყურადღება გაფანტული აქვს, შეცდომებს ხშირად უშვებს და ადვილი შესაძლებელია, ასეთი ნიშნებით მომდევნო კლასში ვერ გადავიდეს. მითხარით, ყველაფერი წესრიგში აქვს?- დიახ, რაღა თქმა უნდა, უბრალოდ, ძალიან იღლება, გვიან წვება, ჩვენ ხომ თითქმის ყოველ საღამოს ტაძარში ვართ: - ხან მწუხრის ლოცვაა, ხან - გალობა, კანონი, დაუჯდომლები და... ვეღარ გამოიძინა, ასე რომ, მისი მისამართით დამთმობი უნდა იყოთ...
* * *
გეცნოთ ჩამოთვლილი სიტუაციები? ვშიშობ, რომ გეცნოთ... ამას ემატება მრავალი ჩვენგანის მწარე გამოცდილება და მსგავსი დიალოგების მაგალითად მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. მაინც, რა გვჭირს ასეთი? თუ ჩვენ ღვთის სიყვარულს, მის შემწყნარებლობასა და მიმტევებლობას შევიგრძნობთ - ყველაზე მშვენიერს, რაც კი ამქვეყნად არსებობს, რატომ ვეღარ ვამჩნევთ იმათ, ვინც ჩვენს გვერდითაა? ნათლისაკენ გამალებულ სწრაფვაში რატომ ჩავურბენთ ხოლმე ასე გულგრილად ადამიანებს და იძულებით თუ შევეჩეხებით საკუთარ ახლობლებს?!
"- ის ისეთი სულაც არ არის, როგორიც მსურს, რომ იყოს, - შინ არ ლოცულობს, ტაძარში იშვიათად დადის, არ მარხულობს, ამიტომ არ ძალმიძს მის გვერდით ცხოვრება, ვერაფერზე ვსაუბრობთ და რა გასაკვირია, რომ სტუმრადაც კი არ მინდა ასეთ ადამიანთან მისვლა?!" და ასე ნელ-ნელა ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან ძველი მეგობრები, დარდობენ და საკუთარ თავში იკეტებიან მშობლები, უცხოვდებიან და ერთურთის მიმართ ცივდებიან მეუღლეები, შვილებს კი აღარაფრის შესმენა არ ძალუძთ...
ჩვენ კი ვიტანჯებით და ვტირით, ყველა ნაცნობ ღვთისმსახურს მივმართავთ კითხვებით და თხოვნით იმ ამაო იმედით, რომ ისინი გაესაუბრებიან ჩვენს ახლობლებს, თითქოს ჯადოსნურ ჯოხს აიქნევენ და ისინიც შეიცვლებიან და ისეთებად იქცევიან, როგორიც გვსურდა, გვეხილა... მაშინ კი შევძლებთ მათ შეყვარებას...
მაინც, რატომ გვაქვს მსგავსი მოთხოვნები? უფალზე უფრო სრულქმნილნი ვართ? თუ მას უყვარს და ითმენს მათ ისეთებს, როგორნიც არიან და ელის, თუ როდის დადგება მათი მოქცევის ჟამი, ჩვენ რატომღა ვაჩქარებთ, რატომ ვუწყრებით და შეურაცხვყოფთ, როდესაც მათ ჩვენს ტემპში სირბილი არ ძალუძთ, რაღაცას ჯერჯერობით ვერ აღიქვამენ ან არ შეუძლიათ მისი მიღება?
- გვეწვევი უქმეებში? დავსხდეთ, ვისაუბროთ...
- რას ამბობ, ახლა მარხვაა და როგორ შეიძლება სტუმრად სიარული? თვენახევარი მოითმინე და შემდეგ შევხვდეთ.
* * *
ხშირად ვერც კი ვამჩნევთ ან უმნიშვნელოა, რომ ადამიანი მოცემულ მომენტში სევდიანია, თავს მარტო გრძნობს, მთავარია, "გენერალურ ხაზს" არ გადავუხვიოთ, საქმეებზე დავრბივართ და ვეღარ ვამჩნევთ დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს, ვერც მოკრძალებით თავახდილ ჩემოდანს და დაჭმუჭნულ ქუდს ქუჩის მუსიკოსისა, თავისებურად რომ ცდილობს, მცირედი მაინც იშოვოს მცირე პენსიისა და დახმარების "შესავსებად"... ნაგავს ვატანთ ძველ სამოსსა და ჭურჭელს და მეზობლის მრავალშვილიანი ოჯახის დაკონკილი ბავშვების შემყურენი ხმამაღლა ვბუზღუნებთ...სად კარგავენ მცირე ხნის წინ ჯერ კიდევ თავაზიანი და კარგად აღზრდილი ადამიანები უბრალო ადამიანურ ყურადღებას, როგორც კი ეკლესიის ზღურბლს გადააბიჯებენ?..
არაჩვეულებრივად გავითავისეთ საეკლესიო ტერმინოლოგია და თითქმის ნაბიჯს აღარ ვდგამთ კურთხევის გარეშე, მაგრამ ადვილად ვივიწყებთ ელემენტარულ ჰუმანიზმს და როდესაც გვამხელენ, თავს ვერ გავიმართლებთ, - უფალმა არ მაკურთხაო, ჩვენ ხომ არასწორ ცხოვრებას ხშირად ღვთის ნებას მივაწერთ?! სიზარმაცეს, გულმავიწყობას და უგულისყურობას სწორედ "უფლის ნებით" ვამართლებთ, ვზივართ უმუშევრად, გარეთ ფეხს არ ვდგამთ, რომ რამე შევცვალოთ და "დამნაშავე" მაინც უფალია, - თუ მას ნებავს, ახალ სამუშაო ადგილს შინ მოგვართმევს... მას ხომ ყოველივე ძალუძს?!
თუ შუა კვირას რაიმე საეკლესიო დღესასწაულია, სამსახურში ვრეკავთ, ხმას განგებ ვიხლეჩთ, ძალდატანებით ვახველებთ და ხელმძღვანელობას ვატყობინებთ, რომ ავად ვართ და სამსახურში მისვლა არ შეგვიძლია, შემდეგ კი ღვთისმსახურებას ვესწრებით და სინდისიც კი არ გვქენჯნის, რომ ვიცრუეთ.
რატომღაც ხშირად ჩვენი რელიგიური საუბრები იმისთვის გვჭირდება, რომ სამსახურის გაცდენისას თავი უკეთ ვიმართლოთ და საათობით ვზივართ ინტერნეტთან და საკუთარ მოვალეობებს არ ვასრულებთ, სამაგიეროდ დაუსრულებლად ვმონაწილეობთ საღვთისმეტყველო საუბრებსა და ამაო ლაპარაკში და მოვითხოვთ, რომ ჩვენს მიმართ ყველა შემწყნარებელი იყოს - ჩვენ ხომ შუაღამისას ვილოცეთ?!
აი, რად იქცევა ხოლმე ხშირად ჩვენი საუბრები... საკუთარი აჩრდილი გვაშინებს, საკუთარ თავს აღარ ვენდობით, წმინდა მამათა სწავლებებს სათანადოდ ვერ ვწვდებით, საიდანაც ადამიანებმა სიხარული უნდა მიიღონ და არა მწუხარება და ამ დიდი სიხარულის ზიარნი სხვებიც გახადონ... ჩვენი სიტყვები ხომ სიყვარულის გამოხატულება კი არა, მრისხანე მხილებაა ხოლმე იმათი, ვინც ჯერ მზად არ არის, ეს სიყვარული ჩვენთან ერთად გაინაწილოს. რატომ ვიქცევით ხოლმე გულგრილ და აბეზარ ანგარიშმოყვარულებად, ხოლო ის, ვინც თავად სიყვარული, ბედნიერება და ცხოვრებაა, ჩვენს სიტყვებში რატომ ჩანს ხოლმე დაუნდობელ მაძიებლად მცირედი მარცხისა, ყოველგვარი უგუნური და გაუცნობიერებელი საქციელის გამო უთვალავი სატანჯველით რომ გვემუქრება?
რატომ ვართ მზად, დავეხმაროთ მხოლოდ "ჩვენიანებს", მათ, ვინც ქრისტეშია? განა დანარჩენები ადამიანები არ არიან? ასაკოვანი და დაუცველი მოხუცი, ბავშვობაში საბჭოთა იდეოლოგიით ტრავმირებული და ამის გამო ურწმუნო, მის მეზობელ მორწმუნესთან შედარებით, ნაკლებად იმსახურებს დახმარებას? ნუთუ ადამიანი, რომელმაც არ იცის და არც ძალუძს, შეიცნოს მამა, მარტო მხოლოდ იმიტომ უნდა ებრძოდეს უბედურებას, რომ ჩვენ, "მართლებს", ურთიერთობა მხოლოდ "ჩვენიანებთან" ძალგვიძს?!
მართალია, ადვილი არ არის ბალანსის პოვნა ეკლესიურ, სულიერ ცხოვრებასა და გარშემომყოფთ შორის, სამეუფო გზა - ყველაზე რთულია და შესაძლოა, მის ძიებას მთელი ცხოვრებაც დასჭირდეს, თანაც არავინ იცის, ვის უფრო უჭირს - იმ ნეოფიტებს, რომელთა ახლობლები ჯერ ვერ აცნობიერებენ მათ შინაგან მდგომარეობას და საგმირო საქმეებისაკენ ძალდატანებით მოუწოდებენ თუ ოჯახებს, რომლებიც "სრული შემადგენლობით" არიან "ჩაფლულნი" რწმენაში და პირველივე დღეებიდან იწყებენ უკომპრომისო ცხოვრებას ეკლესიური წესდებით. რამდენი მაგალითი შეგვხვედრია იმისა, რომ იძულების გამო ბავშვები თუ ხანდაზმულნი გაუცხოვებიან ეკლესიას... რა კარგი იქნებოდა, უბრალოდ მოგვეცადა, მოგვეთმინა და ადამიანებისათვის იმის შესაძლებლობა მიგვენიჭებინა, რომ ყოველივე თავად გაეცნობიერებინათ, ისეთებად მიგვეღო, როგორებიც არიან - ცოდვილნი, სუსტნი, არასრულყოფილნი და უბრალოდ, გვყვარებოდა ისინი...
მოდით, არც ისე ძნელი რამ გავაკეთოთ: - ახლავე გამოვრთოთ კომპიუტერი და თუნდაც მცირედი გავუკეთოთ ახლობლებს, ხოლო როდესაც ქუჩაში გავალთ, უბრალოდ და უმიზეზოდ გავუღიმოთ პირველივე შემხვედრ, უცნობ ადამიანს, ყოველი ჩვენგანი ხომ ხატია ღვთისა...
ტატიანა ფიოდოროვას
მასალებზე დაყრდნობით
მასალებზე დაყრდნობით