ვარამი ლევან გოთუასი
ვარამი ლევან გოთუასი
ხშირად გმირებს შორეულ წარსულში ვეძებთ, ამ დროს კი თურმე ჩვენს გვერდით არიან ერის ჯვარისმტვირთველნი, რომელთა ცხოვრებაც უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს, რომელნიც ღირსნი არიან, იყვნენ ჩვენი სულიერი ორიენტირნი განსაცდელით აღსავსე წუთისოფელში. ამიტომაც, ჩვენო მკითხველო, მოიძიეთ თამარ და ალექსანდრე გოთუების წიგნი "თავგადასავალი ლევან გოთუასი", წაიკითხეთ და წააკითხეთ თქვენს შვილებს, და-ძმებს, ახლობლებს, მტერ-მოყვარეს... მანამდე კი მცირედს მოგითხრობთ ამ დიდებულ ადამიანზე.

დაბადებულა 1905 წლის 10 მარტს პართენ გოთუასა და სოფიო კემულარიას ოჯახში. პართენ გოთუას, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, "სამშობლოს ფხიზელსა და ერთგულ დარაჯს" უწოდებდა იოსებ იმედაშვილი. მან ეს უანგარო პატრიოტიზმი, სიწმინდე და პატიოსნება უძვირფასეს მემკვიდრეობად გადასცა თავის შვილებს. იგივე შეიძლება ითქვას სოფიოზეც, ცხრა შვილი გააჩინა, ყველას თვითონ აწოვა ძუძუ, არც ერთი აკვანში არ ჩაუწვენია - ბავშვს ვერ გავთოკავო; არასდროს უმუშავია, ბავშვების აღზრდას ხელს ვერ დავაკლებო, უთქვამს. ისინი კი ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ.

მოსიყვარულე მშობლების ხელში ნეტარებით გაიარა ბავშვობამ. ლევანის მეხსიერებაში ძვირფას მოგონებებად აღიბეჭდა სოფელში გატარებული დღეები.

მაგრამ ერთხელაც დასრულდა ეს უშფოთველი ხანა - საქართველოს წითლები შემოესივნენ. კოჯრისა და უძოს მიდამოებში ბრძოლები მძვინვარებდა. ლევანი და მისი უფროსი ძმა არჩილი ომში გაიპარნენ. გაქცეული ბიჭები 7 დღის შემდეგ დაბრუნდნენ. აღელვებულნი გაიძახოდნენ: ვნახეთ ძმათა სასაფლაო, სადაც თორმეტი ვაჟკაცი ქართველი ერთად ჩავასვენეთ, საშინელ სროლაში მოვყევით და ძლივს გადავრჩითო. თან თურქული შაშხანა და ზარბაზნის ლულა მოიტანეს.

მალე საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ, დაიწყო ტერორი. ბიჭები ამ დროს თოფს დასტრიალებდნენ და ფირალობანას თამაშობდნენ. მაგრამ გამცემი ხომ არ დაილევა! ოჯახს ერთ დღეს ჩეკისტები დაატყდნენ თავს და თოფის ძებნაში მთელი სახლი გადაჩხრიკეს, თუმცა იარაღი, რომელიც იქვე, თვალწინ ედოთ, ვერ იპოვეს.

მშობლებმა გადაწყვიტეს, ბიჭები ამ არეულობისთვის გაერიდებინათ და უცხოეთში გაეგზავნათ, მაგრამ უშედეგოდ.

ამასობაში დადგა 1924 წლის აგვისტო. ბოლშევიკთა წინააღმდეგ ჩაფიქრებული აჯანყება გაიცა და დაიწყო პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დაპატიმრება. ლევანი ამ დროს აბასთუმანში ისვენებდა. იქ აიყვანეს. ქართველი, ოსი და სომეხი ჯალათების სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა ლევანს და მრავალ მისდარს, მაგრამ მათ სულზე ჩაუსწრო ახალციხის მაზრის მილიციის უფროსმა ღვამიჩავამ და დახვრეტას გადაარჩინა, შემდეგ კი ტუსაღნი თბილისში გამოგზავნა.

თბილისში პართენიც დააპატიმრეს. მამა-შვილი ციხეში შვიდი თვე იჯდა. შემდეგ ერთდროულად გამოუშვეს. პართენი თურმე ორჯერ გააღვიძეს შუაღამისას და შეცდომით, ლევანის მაგივრად გაიყვანეს დასახვრეტად. მერე ჯავრობდნენ თურმე ჯალათები: ჩვენ უმცროსი ლევან გოთუა უნდა დაგვეხვრიტა და არა ეს მოხუციო. მე მომკალით, ოღონდ ჩემი შვილი დაინდეთო, ღრიალებდა სასოწარკვეთილი მამა. ამ ტკივილმა ნაადრევად დააბერა პართენი და ერთიანად გაათეთრა.

გაიარა საშინელმა 1924 წელმა. ლევანი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ და სტუდენტებსა და ამხანაგებთან ერთად ძალზე აქტიურობდა. 1925 წლის ზაფხულის არდადეგებზე ოჯახი აბასთუმანში წავიდა დასასვენებლად, მაგრამ აგვისტოს ერთ ღამეს ჩეკისტები დაეცნენ, ლევანი დააპატიმრეს და თბილისში წაიყვანეს. ამჯერად რომელიღაც სტუდენტური ორგანიზაციის მეთაურობა დაბრალდა. "სამეულმა" მას 3 წლით ციხე მიუსაჯა შორეულ ციმბირში გადასახლებით. ისე სწრაფად გააყოლეს ეტაპს, რომ ახლობლებმა ვერც ნახვა და ვერც თბილი ტანსაცმლის გადაცემა ვერ მოახერხეს. ოცი წლის "სამშობლოს მოღალატე" ჯერ მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ჩასვეს, ორი თვის შემდეგ კი სხვა ქართველებთან ერთად შორეულ ჩრდილოეთში, სოლოვეცკის კუნძულებზე უკრეს თავი. აქ ბოლშევიკებს მამათა მონასტერი ციხედ გადაექციათ, სადაც პატიმრებს მორალურად და ფიზიკურად ანადგურებდნენ. ქართველ პატიმრებს ერთად დგომამ, "ერთ მუშტად შეკვრამ" გადაატანინა ციხის მძიმე ცხოვრება.

გულის ფანცქალით მოელოდნენ საქართველოში ლევანის ყოველ წერილს. პართენი ბევრს ეცადა გაეგო, რაში მიუძღოდა ბრალი მის შვილს. როგორც ბოლშევიკების განცხადებებიდან გაირკვა, საქართველოში განსწავლული, დიდგვაროვანი და ინტელიგენტი მნიშვნელოვნად ჭარბობდა სხვა რესპუბლიკაში მცხოვრებთ, დაბალანსებისთვის საჭირო იყო მათი მოსპობა და პროცენტული გათანაბრება. რაღა გასაკვირი იყო ლევანის ხვედრი!

სოლოვეცკში ჩაყვანილი ქართველები ბნელ, მუხლებამდე ჩამყაყებული წყლით სავსე სარდაფში მოათავსეს სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად. დამხვდურებმა ახალმოსულთა დაჩაგვრა მოინდომეს. ქართველებმა უკან არ დაიხიეს, იჩხუბეს კიდეც და ბოლოს შიმშილობა გამოაცხადეს. 30 დღის შემდეგ მიაღწიეს მიზანს, მაგრამ საშინელი მსხვერპლის ხარჯზე - მათგან ძალიან ცოტა გადარჩა.

1927 წელს მოხდა სასწაული - ლევანის საქმეს გადახედეს და სოლოვეცკის მონასტერში პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, ოღონდ ერთი პირობით: მას არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება, საზღვრისპირა და 6 მთავარ ქალაქში დასახლება.

ოჯახში იფიქრეს და ლევანისთვის საცხოვრებლად ვლადიკავკაზი აირჩიეს - პართენი ადრე იქ მუშაობდა და ბევრი მეგობარი ჰყავდა.

ვლადიკავკაზში ლევან გოთუა აგვისტოში ჩავიდა და მამის რჩევით დახმარებისთვის მღვდელ გიორგი ნათაძეს მიაკითხა. იმ დროს იქ 10 000 ქართველი ცხოვრობდა, ჰქონდათ ქართული სკოლა, ეკლესია. მამა გიორგიმ დააარსა ქართული კლუბიც, სადაც იქაური ქართველები იკრიბებოდნენ.

მამა გიორგიმ იქაურებს გადასახლებიდან დაბრუნებული ქართველების დახმარება სთხოვა. ერთმა კეთილმა კაცმა, სიმონ ბურდულმა, სამი ქართველი ახალგაზრდა თავისთან წაიყვანა.

ლევანმა სამსახურის ძებნა დაიწყო. სხვაგან არსად მიიღეს და იძულებული გახდა, დროებით ყიზლარის ქართულ სკოლაში დაეწყო მუშაობა, შემდეგ კი ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში გადავიდა მასწავლებლად. ქართული ლიტერატურა და საქართველო ბავშვებს ისე შეაყვარა, რომ ოცდაათიან წლებში ბევრი ქართული ოჯახი გადმოსახლდა თბილისში. თვითონ კი... კვირაში ერთხელ ჩეკაში უნდა გამოცხადებულიყო, თორემ ისევ დააპატიმრებდნენ.

უფროსი ძმის გარდაცვალება რომ შეატყობინეს, იქ რაღა გააჩერებდა! თბილისში რამდენჯერმე ჩამოსულა მალულად, ყოფილა არჩილის საფლავზე, მამაც უნახავს, შინ კი არ მისულა.

გაიარა გადასახლების სამმა წელმა და სასჯელი კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივეს. მამა გიორგიმ გაამხნევა ახალგაზრდა, უთხრა: წლები მალე გარბის, შვილო; საქართველოში რეპრესიებია, არავინ დარჩა დაურბეველი, ვინ იცის, იქნებ უკეთესიც კია, აქ რომ ხარ გამოხიზნულიო. რაღას იზამდა საწყალი ლევანი, დაემორჩილა ბედს.

ვლადიკავკაზში დაიწყო ლევან გოთუამ ლიტერატურული მოღვაწეობა. ხატვა და ძერწვაც ემარჯვებოდა. მისი გამოძერწილი შოთა რუსთაველი დიდხანს ამშვენებდა სკოლის დარბაზს.

ვლადიკავკაზში ცხოვრებამ ლევანს მთები შეაყვარა და ალპინისტობაც დააწყებინა. ჩეკას აღრიცხვიდან აღრიცხვამდე, ზაფხულში, ჯერ გარეშემო მთები დალაშქრა მალულად, მერე კი მწვერვალთა დაპყრობის სურვილმა მესტიაშიც ჩაიყვანა სხვა გვარით.

ტაატით გადიოდა წლები უცხოეთში. თავს იმით იმშვიდებდა, ჩემი მასწავლებლობით აქაურ ქართველობას გადაგვარებისგან შეძლებისდაგვარად ვიცავო. ერთი პირობა სარატოვში წასვლა და სწავლის გაგრძელება სცადა, მაგრამ ნება არ დართეს, ვადის ამოწურვამდე ვერსად წახვალო, მიახალეს.

უბედურებას უბედურება დაერთო - გადასახლების ვადის დასრულების შემდეგ კიდევ სამი წელი დაუმატეს. "თითქოს ნელი წამებით სიკვდილი მაქვს მისჯილი და ამ წამების ხანგრძლივ გზას სამ-სამ წლიანი სიჩქარით გავდივარ კიდეცო", - წუხდა ცრუ იმედებით გაწამებული. მის მეგობრებსაც იგივე ხვედრი ერგოთ.

"საქართველოდან ამოთხრილმა" ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ გაქცევა გადაწყვიტეს. შეაგროვეს ფული, გამყოლი იშოვეს, გადალახეს ჭოროხის პირველი მუხლი და ისევ ჩეკისტებს ჩაუცვივდნენ ხელში - თურმე მეგზურს გაეცა. მძიმედ დაჭრილი ერთი მათგანი წყალში დაიხრჩო, სამი კი თბილისის ციხეში გამოამწყვდიეს.

ისევ სამეულის სასამართლო, ისევ ციმბირში გადასახლება, ახლა უკვე ხუთი წლით... ბიჭებმა სამართლის პოვნის იმედით შიმშილობა სცადეს, დასუსტდნენ, გაძვალტყავდნენ, მაგრამ ვის მოულბობდა გულს "სამშობლოს მოღალატეთა" სასოწარკვეთილება... მშიერ-ტიტველნი ისევ უცხოეთის გზას გაუყენეს. თავიდან ტაშკენტის გამანაწილებელ პუნქტში მოათავსეს, შემდეგ კი ქალაქ ნარიმში გადაიყვანეს. ოდესღაც მეფის მთავრობა აქ ასახლებდა პოლიტპატიმრებს. ბოლშევიკებმაც ძველი ჯავრი ხალხის აქ წამებით ამოიყარეს.

მშობლებს ანუგეშებდა, ყველაფერს მივეჩვიეო, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად იყო... იმედი მაინც კიაფობდა მის სულში: "დრო მოვა და... წარსულო სიცოცხლევ, ხელახლა დაიწყებიო".

ერთხელ ბანაკის პატიმრებს მდინარე ობში ბანაობის ნება მისცეს. წყალმა ლევანი გაალაღა, მოუსვა მხარული, დიდხანს მიცურავდა, რომ მოიხედა, ნაპირი აღარ ჩანდა. ერთი კი იფიქრა, გადავლახავ მდინარეს და გავიქცევიო, მაგრამ ასე ხომ სამშობლოში დაბრუნების ყოველი იმედი მოესპობოდა. ამიტომაც უკანვე გამოუცურავს. ბანაკში ჰგონებოდათ, ობში დაიხრჩოო, ჩამოეწერათ და მისი ტანსაცმელი სხვისთვის მიეცათ. "ურჩი" პატიმარი ჯერ ერთი კვირა იზოლატორში გამოკეტეს, მერე კი ვიღაცის ჭუჭყიანი ძველმანები მისცეს. მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ უშოვეს და კარგა ხანს ფეხშიშველი დადიოდა.

1935 წლის მარტში ნარიმიდან ახალ ციმბირში, ალტაის მხარის ქალაქ ბიისკში გადაიყვანეს და მარცვლეულის მეურნეობაში გაამწესეს ეკონომისტად.

გარემოს შეცვლამ იმედი გაუჩინა. იმედი სახლშიც ჰქონდათ: იქნებ კარგი მუშაობის გამო ვადაზე ადრე გამოუშვანო, მაგრამ ვინ იცის, ეგებ სჯობდა კიდეც უცხოეთში ყოფნა, რადგან საქართველოში რეპრესიები მძვინვარებდა. დაიჭირეს ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. პართენ გოთუაც ყოველ წამს ელოდა დაპატიმრებას.

მაისის ერთ დღეს პართენი შინიდან გავიდა და კატასტროფაში მოჰყვა. ნაწამები კაცი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვაზე მის მეგობარს ნიკო თავდგირიძეს გულთბილი სიტყვა წარმოუთქვამს, რისთვისაც იქვე დაუპატიმრებიათ და უკვალოდ გაუქრიათ...

სექტემბრის ერთ დილას გოთუების სახლის კარს ჩუმად ვიღაც მიადგა და დააკაკუნა. შეშინებულებმა გააღეს კარები და შინ შემოვიდა ახოვანი ვაჟკაცი, ბრგე, ხუჭუჭთმიანი, მხარზე ზურგჩანთაგადაკიდებული. ეს ხომ ლევანი იყო, მათი ლევანი, დაკაცებული, მრავალჭირგამოვლილი. "ძლივს დავბრუნდი სამშობლოში, - ოხრავდა ვაჟი, - ან რას ერჩიან იმ ხალხს, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად სამშობლო უყვარსო". ბევრის თქმაც სწადდა, მაგრამ დედამ პირზე ათრთოლებული ხელი მიაფარა, კედლისკენ ანიშნა ჩურჩულით: მაგასაც ყურები აქვსო. მამის საფლავზე მოიოხა გული ლევანმა, დიდხანს იდგა მუხლმოდრეკილი და მიწას ცრემლით ასველებდა. მერე კი ამდენი ხნის ნაგროვებმა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა. "ლევან, გაჩერდი, - დაიკივლა თურმე დედამ, - მეტის ატანა აღარ შემიძლია!" ეს დღე იყო და ეს დღე, ვაჟს აღარ მოუგონებია თავისი წარსული.

თბილისში კი ჩამოვიდა, მაგრამ პასპორტი მხოლოდ ათი დღის შემდეგ მისცეს, ჩაწერაზე კი საერთოდ უარი განუცხადეს. იძულებული გახდა, წალკაში წასულიყო სამუშაოდ. იქ ექვსი თვე დაჰყო. ერთხელ სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს, ბიოგრაფია დააწერინეს. როგორ დამალავდა თავის ნასამართლეობას. ერთ ღვთისნიერ მილიციელს უთქვამს: წადი, გამეცალე, შენს ცოდვაში ნუ გამრევო. ისიც იძულებული გახდა, ლუქსემბურგში (დღევანდელ ბოლნისში) გადასულიყო საცხოვრებლად.

ამ პერიოდს ლევან გოთუამ თავისი ლიტერატურული აღმავლობის პერიოდი უწოდა. აქ დაამთავრა ორი დრამა: "მეფე ერეკლე" და "ჩაძირული სოფელი". პირველი საკავშირო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნა მოსკოვში. მეორე დრამით კი რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას მიადგა. ხორავას მოეწონა პიესა, მხოლოდ ფინალის შეცვლა მოსთხოვა - არ შეიძლება, თანამედროვე პიესაში მთავარი გმირი იღუპებოდესო. შეურაცხყოფილმა ლევანმა ხმამაღლა შეჰკადრა: ჩემი სულიერი საზრდოთი და განცდებით მოვაჭრე არასოდეს ვყოფილვარ და არც გავხდებიო, დასტაცა ხელი პიესას და კარი გამოიჯახუნა.

ამის მერე იყო, ვახუშტის "გეოგრაფია" რომ აიღო და მთელი ქვემო ქართლი მოიარა. ჩეკასთან მიჯაჭვას, ბარემ კავკასიონს მივეჯაჭვებიო, - ირონიით ამბობდა ხოლმე. იქ, ყინულოვან სამყაროში, გრძნობდა სრულ თავისუფლებას. მთაში ალიოშა ჯაფარიძე გაიცნო და დაუმეგობრდა. მასთან ერთად დალაშქრა კავკასიონის მწვერვალები, პეშვით შესვა მდინარე ხდეს წყალი და მერე თავისი "ხდედალეულობით" ამაყობდა.

ამასობაში "პატარა კახმა" საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა, რამაც სტიმული მისცა, ეკონომისტობას თავი დაანება და მთლიანად ლიტერატურულ შემოქმედებაზე გადაერთო. 1938 წელს თბილისში ჩაწერის ნებაც მისცეს.

დადგა მშვიდობიანი დღეები. ლევანმა მოიმარჯვა კალამი და წერაყინი და საქართველოს მთა-ბარის შემოვლა იწყო. იმდროინდელი ჩანაწერები შემდგომში "მგზავრულ კრიალოსნად" აიკინძა. "მეფე ერეკლე" კი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა 1941 წელს. ის-ის იყო, სამამულო ომი დაიწყო - პატრიოტული სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდიოდა. დარბაზში ტევა არ იყო. იქვე ისხდნენ და ტაშს უკრავდნენ ლევანის "ჩრდილებიც" - ჩეკას მიერ მიჩენილი აგენტები, რომელთაგანაც მწერალს მოსვენება არ ჰქონდა.

სპექტაკლზე აღფრთოვანებული რეცენზიები იბეჭდებოდა, მაგრამ ლევანზე სიტყვაც არ იყო ნათქვამი.

მწერალს ეს არ ანაღვლებდა. მოიარა ქართლი, რაჭა, ხევსურეთი, ლეჩხუმი, სვანეთი. 1944 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა მისი მეორე პიესა "უძლეველნი". დაიბეჭდა მისი რამდენიმე ნაწარმოებიც. 1945 წლის ზაფხულში ლევანი დაუკავშირდა ალიოშა ჯაფარიძეს, რამდენიმე მეგობარს და კაცხის სვეტზე ავიდნენ. თბილისში დაბრუნდა, მაგრამ "აჩრდილები" არ ასვენებდნენ. სახეტიალოდ დავითგარეჯში წავიდა, დაათვალიერა და გადაწყვიტა, მალე დავბრუნდები და აქაურობას ვუპატრონებო, მაგრამ არ დასცალდა...

მარჯანიშვილის თეატრში "დავით აღმაშენებელი" დაიდგა, მაგრამ "ფეოდალური წყობის განდიდებისთვის" სპექტაკლი მოხსნეს.

1946 წელს ზურგჩანთაში "ვეფხისტყაოსანი" ჩაიდო და მესხეთ-ჯავახეთისკენ აიღო გეზი. სწორედ იქ დაიჭირეს მესამედ. ხელახლა დაიწყო გოთუების ტანჯვა-წამება. საეჭვო ვერაფერი უპოვეს, მაგრამ ბრალდების შეთხზვას რა უნდოდა! კვლავ ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნა დააბრალეს და მასთან ერთად ბევრი მისი მეგობარი გაუყენეს ციხის გზას.

მამაცურად დაუდგა ლევანი განსაცდელს, ჯალათებს სულ მატყუარები და მტარვალები უძახა, დადგება დრო და საბრალდებო სკამზე თქვენ თვითონ მოხვდებითო, უთხრა. შეშინებულ რაფავას, ტირანსა და კაცისმკვლელს, დაუბღავლია: ეს არ მოხდებაო! - და ლევანის ცემა უბრძანებია. მაინც ვერ გატეხეს ვაჟკაცი, ხელი ვერაფერზე მოაწერინეს. ბოლოს ათი წლით ვორკუტაში გადასახლება მიუსაჯეს.

მატარებელი ტაიგის თვალუწვდენელ სივრცეებში მიჰქროდა, ლევანის ფიქრი კი ისევ სამშობლოს დასტრიალებდა თავს.

როგორც იქნა, ჩაიყვანეს ვორკუტაში სურავანდით ნაავადმყოფარი და სიკვდილს გადარჩენილი. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან ახლოს მრავალი ქვანახშირის საბადო იყო. მუშახელი უფასო ჰყავდა ბედნიერ საბჭოეთს... 40-50 გრადუსი ყინვა, თოვლი, ქარბუქი, შიმშილი, არაადამიანური ყოფა, დამცირება - რა ენამ აღწეროს ის მიწისზედა საზვერეები! ყველაფერთან ერთად, შინ წელიწადში ორად ორი წერილის გაგზავნის უფლებას აძლევდნენ, უსამშობლოოდ ცხოვრება უჭირდა, დარდმა ისე გააჭაღარავა, ბანაკში "ბატიას" და "დედუშკას" ეძახდნენ. "ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ... არა მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა", - სწერდა ახლობლებს. წერილებიღა იყო მისი ნუგეში. "როცა წერილს ვწერ, თავი საქართველოში მგონიაო", - ოხრავდა.

გოთუები ლევანის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ამანათების გაგზავნას ვერ აუდიოდნენ, ის კი მხოლოდ წიგნებსა და საწერ ქაღალდს ითხოვდა. მაღალი ძაბვის ქვესადგურში მუშაობდა მონტიორად და აქ ჩუმად, მალულად წერდა რომანს ალექსანდრე დიდის დროინდელ საქართველოზე. ხელნაწერებს მეგობრებს უკითხავდა და სწორედ მათ დაარქვეს ამ წიგნს "გმირთა ვარამი". წიგნი კი დაწერა, მაგრამ ბანაკიდან გამოტანა არ გინდოდა. ჰოდა, ქართველებმა ასეთი რამ მოიფიქრეს: ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები გამოაფუღუროეს და შიგ ნაწერები ფურცელ-ფურცელ ჩადეს, შემდეგ ისევ სათანადოდ დახურეს. ეს მორები კი ქალაქში თავისუფლად მცხოვრებმა ვალიკო ჭუმბურიძემ იყიდა. ყველა მორი ვალიკოს ეზოში შეგორდა... წიგნი საქართველოში ერთ გათავისუფლებულ ქართველს გამოატანეს. ასე დაიწერა და ჩამოაღწია ჩვენამდე "გმირთა ვარამის" ორმა წიგნმაც.

ბანაკში ყველას უყვარდა ლევანი, ყველა მას ეკითხებოდა რჩევას. მეგობრები "ლევან ბერს" ეძახდნენ. ერთმანეთის გატანით გაჰქონდათ ქართველებს ერთმანეთი.

კიდევ ერთი დეტალი: გოთუა თანამემამულეებს "ჩაპარუსკებას" - ქართულად საუბრისას რუსული სიტყვის თქმას უშლიდა და "დამნაშავეს" "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის შესწავლით სჯიდა.

ერთხელ, 1952 წელს, მოულოდნელად სამუშაოდან გამოიძახეს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს. ეტაპმა ვაი-ვაგლახით ჩააღწია მოსკოვში. ბუტირკის ციხეში აბანავეს, ახალთახალი ტანისამოსი ჩააცვეს, წვერი გაპარსეს, თმა შეკრიჭეს და ჩეკაში მიიყვანეს, იქ კი... თავისუფლების სანაცვლოდ აგენტობა შესთავაზეს. წამოიჭრა ლევანი და იღრიალა: "მე ჩემი ერის გამყიდველი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნებიო" და ისევ ვორკუტაში დაბრუნება მოითხოვა. თხოვნა უმალვე შეუსრულეს.

გადიოდა წლები და თან მიჰქონდა ახალგაზრდობა. ერთს ნატრობდა მხოლოდ: "ნეტავ ჩემს დაღლილ და დატანჯულ სხეულს ეღირსოს სამშობლოში საკუთარი აკლდამაო".

1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბანაკში რუსული შოვინიზმი გამეფდა. ამან დიდ გაფიცვას მისცა ბიძგი, მაგრამ ტყვიამფრქვევის ცეცხლით სისხლში ჩაახშეს ეს გაბრძოლება... საგაფიცვო კომიტეტის წევრები დააპატიმრეს და იზოლატორში ჩაამწყვდიეს. საშველი არსაიდან ჩანდა.

ერთხელ ლევანმა თბილისის ლიტერატურის მუზეუმს ფსევდონიმით გამოუგზავნა თავისი პიესა "სამსახეობა რაინდისა". მუზეუმში დიდი ბჭობა გაიმართა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ნაწარმოების ავტორი ვიღაც დიდგვაროვანი, მეფის კარზე გაფუფუნებული ქართველი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ დიმიტრი ბენაშვილს გამოუთქვამს ვარაუდი, პიესა ლევან გოთუასი არ იყოსო, მაგრამ არავინ დათანხმებია.

მიილია გადასახლების წლები, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობდა, ერთი ადამიანისთვის ბევრზე ბევრი იყო გადასატანად და დაუჯერებელიც... მოსკოვიდან კი არა და არ მოდიოდა გათავისუფლების ბრძანება. ბევრი სხვაც იყო ასეთსავე დღეში. და აი, 1955 წლის ზაფხულში ვორკუტის ბანაკებში კვლავ გაიფიცნენ. მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩამოვიდა კომისია, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რუდენკო ხელმძღვანელობდა. დაიწყო პატიმრების საქმეთა განხილვა. კაცმა არ იცოდა, როდის მოუწევდა ლევანს რიგი... ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და კომისიის ოთახში შეიჭრა. რუდენკოსთან საუბარმა ორი საათი გასტანა. ლევანის სიტყვებმა კომისიის თავმჯდომარეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გათავისუფლების ბრძანებას იქვე მოაწერეს ხელი. ყოველი მხრიდან შემოეხვივნენ გახარებული ქართველები. რაღა არ უწოდეს: ერისკაცოო, ბერმუხაო, დიდებულო მამულიშვილოო... ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მის სიყვარულსა და პატივისცემაში.

საქართველოში 1955 წლის აგვისტოში ჩამოაღწია.

დასრულდა ოცდაორწლიანი ოდისეა, დაბრუნდა სამშობლოში მრავალჭირგადანახადი, განწმენდილი, ბალღივით სუფთა და მიმტევებელი გულით. მის ჩამოსვლას თან მის მსაჯულთა დაპატიმრება მოჰყვა. სასამართლო პროცესზე ლევანმა მიწვევა მიიღო, როგორც მოწმემ, მაგრამ სასტიკი უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე, ახალგაზრდები აიყოლია და სულ სხვა მხარეს გასწია - დიდი ხნის ოცნება აისრულა, მყინვარწვერზე ბეთლემის მღვიმეში ავიდა. მერეც, როცა დაღლილობას იგრძნობდა, მოიკიდებდა ზურგჩანთას და საქართველოს მთა-გორებს მოივლიდა. როგორ გაიხარა, როცა ერთი ასეთი მოგზაურობისას ფხენისში ლეონტი მროველის წარწერიანი ქვაჯვარი იპოვა!

ქართველმა ხალხმა შეიყვარა თავისი ნაწამები და ერთგული ლევან გოთუა. გამოიცა მისი წიგნები, მის პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები. ხელიდან ხელში გადადიოდა "გმირთა ვარამი", "კრწანისის სევდა".

სიცოცხლის ბოლო ათი წელიწადი არმაზში გაატარა, თავის აგარაკზე, ისტორიული არმაზის სანახებში. "ტკბილეულს მონატრებული ბავშვივით გასცქეროდა მთებსო", - იხსენებენ.

სიცოცხლის მიწურულს უკურნებელი სენი შეეყარა. ოფიციალურ წამლობაზე უარი განაცხადა და ტკივილთა დათმენით წარდგა ღვთის წინაშე, თავის მამა-პაპათა წინაშე. ძვალთშესალაგიც იქვე, არმაზში პოვა, ქართლოსისა და ფარნავაზის განსასვენებლის ახლოს.

2005 წლის დეკემბერში უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით ლევან გოთუას ნეშტი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა. ჩვენს სათაყვანო ღირს მამა-დედათა საფლავებს შეემატა წმინდა სამარე მამულისათვის ზვარაკად შეწირული ერისკაცისა, სადაც მივა ალბათ წუთისოფლისგან შეჭირვებული ქართველი, დაიჩოქებს, შესჩივლებს გასაჭირს, შეევედრება და უთუოდ მიიღებს ნუგეშსა და შეწევნას...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler