ხმლის ქნევაში გაატარა მთელი ცხოვრება მეფე გიორგიმ, გააფართოვა საქართველოს საზღვრები, განსაკუთრებით კი სამხრეთით. გარეშე მტერზე გამარჯვებულს შინ აუჯანყდნენ. სისხლში ჩაახშო ეს აჯანყება. აი, სწორედ მაშინ იფიქრა, ტახტზე თავის სიცოცხლეშივე აეყვანა თანამესაყდრედ უფროსი ქალიშვილი - იცოდა, მამის გარდაცვალების შემდეგ გაუჭირდებოდა თამარს გამეფება და ტახტის შენარჩუნება. ასეც მოიქცა - თორმეტი წლის ქალიშვილი ტახტზე მოისვა და ცრემლებით შესთხოვა ერს, დამორჩილებოდნენ და ერთგულნი ყოფილიყვნენ მისი. ამის შემდეგ მეფე გიორგის სამხედრო მოღვაწეობისთვის თავი დაუნებებია - ალბათ მეფობის წესს ასწავლიდა გვირგვინოსან ასულს და ქვეყნის მართვაშიც ეხმარებოდა. საქართველო მაშინ ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მრავალი და ვრცელი ქვეყნების ბატონად, სხვადასხვა მოდგმისა და სარწმუნოების ხალხის მბრძანებლად, ამიტომაც მის მმართველს დიდი სიფრთხილე, წინდახედულობა, სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა მოეთხოვებოდა.
ექვსი წელიღა იცოცხლა მეფემ და 1184 წელს გარდაიცვალა. ადრევე მომკვდარა დედოფალი ბურდუხანიც.
წმინდა თამარი მამის გარდაცვალებისთანავე არ ასულა ტახტზე; მხოლოდ მამიდისა და "შვიდთა სამეფოთა დიდებულთა" მოთხოვნას "ძალითა სამე" დაემორჩილა და მეფედ იკურთხა.
დიდებული სანახავი იყო დედაკაცის მეფედ კურთხევა, ასეთი რამ ხომ საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაშიც და სხვა ერთა ცხოვრებაშიც იშვიათად მომხდარა. ანტონ ჭყონდიდელმა, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, გვირგვინი დაადგა, სიძლიერის სიმბოლოდ ხმალიც შემოარტყეს, "ჰკრეს სპერჭურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა და იყო ზარი და ზეიმი ქალაქსა შინა".
დრო იხელთეს დიდგვაროვანმა აზნაურებმა და მეფეს მოსთხოვეს, გიორგი III-ის მიერ დაწინაურებული უგვარონი დაამხე და ძველ მეფეთა მიერ ბოძებული პრივილეგიები აღგვიდგინეო. თამარი იძულებული გახდა, მათი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა - ყუბასარი, აფრიდონი და სხვა უგვარო, მაგრამ ერთგული მოხელეები გადააყენა. მათ მაგივრად ჯერ არ ჰყავდა დანიშნული ვაზირები, რომ ახლა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა წამოუყენა პოლიტიკური მოთხოვნა - ისანზე, მეფის სასახლესთან, კარვის დადგმა მოითხოვა, სადაც დარბაზის ერნი სახელმწიფო საქმეებს გადაწყვეტდნენ, თამარი კი მათ უნდა დამორჩილებოდა. ასე რომ, რასაც დღეს "გულაჩუყებით" ქართული პარლამენტარიზმის დასაბამს ეძახიან, მეფობისა და ქვეყნის დასასრულს ნიშნავდა. თამარმა ჯანყის მოთავე შეიპყრო. ეს რომ მისმა თანამოაზრეებმა გაიგეს, სასოწარკვეთილებმა ისნის სასახლის აღებაც კი გადაწყვიტეს. სწორედ აქ გამოჩნდა თამარის გონიერება - მოჯანყეებს ლაშქარი კი არ მიაგება, მოსალაპარაკებლად ორი საპატიო მანდილოსანი - ხუაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი გაუგზავნა. მეამბოხენი თამარს ფიცით მიენდვნენ, მის წინაშე გამოცხადდნენ, მუხლებზე დაემხნენ და ერთგულება აღუთქვეს. ყუთლუ-არსლანის დასის დაშოშმინების შემდეგ თამარი ვაზირთა შერჩევას შეუდგა - მეფე გიორგის ერთგული და ნაცადი მოხელეები გამოარჩია.
აღელვებული ქვეყანა რომ დააწყნარა, ეკლესიაზეც იზრუნა. პაპასავით დიდი საეკლესიო კრება მოიწვია, მთელი სამეფოს ცნობილი სასულიერო პირნი შემოიკრიბა. იერუსალიმიდან ქართლის კათოლიკოსყოფილი ნიკოლოზ გულაბერისძეც მოიხმო. წმინდა კრებულს მეფემ თხოვნით მიმართა: "ჰოი, მამანო, ყოველივე კეთილად გამოიძიეთ, მართალი დაამტკიცეთ და განხადეთ გულარძნილი". მხილება ჩემით დაიწყეთ, განმასწავლეთ, მწურთნეთ, რათა საღმრთო სჯული შეუგინებლად დავიცვაო.
კრებას წმინდა ნიკოლოზი და ანტონ ქუთათელი უძღვებოდნენ. რამდენიმე ეპისკოპოსი კი შეცვალეს, მაგრამ ქართლის მაშინდელ კათოლიკოს მიქაელს ვერაფერი მოუხერხეს - ჭყონდიდელ-მაწყვერლობა და მწიგნობართუხუცესობა მიეთვისებინა და მეფის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიდა. კრებამ მრავალი საეკლესიო წესიც აღადგინა, "უდებთა მიერ დახსნილნი".
დასასრულს სამეფოს სპასალარნი და ერისთავნი შემოვიდნენ და მამებს თამარის დაქორწინებაზე ზრუნვა სთხოვეს. მართლაც შეიკრიბნენ რუსუდანთან, თამარის მამიდასთან ერთად, იმსჯელეს და სასიძოდ რუსთა დიდი მთავრის ანდრიას ვაჟი გიორგი გამოირჩიეს, რომელიც, ექსორიაქმნილი, ბიძასთან, ყივჩაღთა ქვეყანაში იყო გადმოხვეწილი. მის ჩამოსაყვანად დიდვაჭარი ზორაბაბელი გაგზავნეს. ზოგნი კი თამარს ალექსი კომნენოსის შერთვას ურჩევდნენ დაჟინებით. ალექსი ბიძაშვილი გახლდათ ბერძენთა მეფისა და ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა. თამარი კი გათხოვებაზე უარს ამბობდა და მამიდასაც ამას ეხვეწებოდა. ჩამოიყვანეს გიორგი და თამარს აცნობეს, ქორწინებისთვის მოემზადეო. ქალიშვილი კი ბრძნულად მიუგებდა: "ასეთი საქმის გადაწყვეტა მოუფიქრებლად როგორ შეიძლება. ამ უცხო კაცის არც ქცევა ვიცით, არც ხასიათი. ჯერ მისი ავ-კარგი გავიგოთო". მაგრამ ყური არავინ ათხოვა, მეტად "შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს". ძალით დააქორწინეს თამარი. მართალი გამოდგა მეფე-ქალი - მალე გამოაჩინა რუსმა სკვითური თვისებები. უფრო კი მთვრალი იქცეოდა უწესოდ, სოდომურ ცოდვას მიძალებული. ორწელიწად-ნახევარი ითმინა თამარმა, მერე კი მონაზვნები მიუგზავნა გონს მოსაყვანად. მართლაც უბედურმა რუსმა წმინდა კაცნი დააშიშვლა და სცემა. მაშინ თამარმა უთხრა: "მე შენი გამოსწორება არ შემიძლია, ამიტომ იმ მტვერსაც განვიყრი, რომელიც შენ მიერ ამეკრაო". ადგა და განერიდა, ხოლო მამიდამისმა რუსუდანმა და დიდებულებმა გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს.
ახლა სხვა სასიძოები გამოუჩნდნენ თამარს, შორეული თუ მახლობელი ხელმწიფის შვილები, ქრისტიანი თუ მაჰმადიანი უფლისწულები. მაგრამ უკვე ფრთხილობდნენ ქართველები და უცნობს ასე ადვილად აღარ ენდობოდნენ. ბოლოს განიზრახეს, საქმროდ ოსთა უფლისწული, დედით ბაგრატოვანი დავით სოსლანი აერჩიათ. მამიდა რუსუდანიც დათანხმდა. თამარიც მიენდო მამიდას, თუმცა ერთი კი თქვა გულდაწყვეტით: "ღმერთია მოწამე, ქმროსნობის მოწადინე არასოდეს მქონია გული; ჩემგან ამას სამეფო ტახტი რომ არ მოითხოვდეს, რომელიც ღვთისა და მშობლებისაგან მომებარა, ახლაც უქორწინებლობის მთხოვნელი ვიქნებოდიო".
დავითს და თამარს ჯვარი დიდუბეში დასწერეს. დიდებული ქორწილი გადაიხადეს. ზეიმობდა ერი და ბერი. მადლობა ღმერთს, დავითი მშვენიერი ვაჟკაცი გამოდგა, მალე ყველას აჯობა სამხედრო საქმესა და მწიგნობრობაში.
წელიწადი იქნებოდა გასული ქორწილიდან, "ძნელბედი და სვე უსვეო" გიორგი რუსი კონსტანტინოპოლიდან რომ წამოვიდა და კლარჯეთს მოადგა. პირველი გუზანი მიემხრო, კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი, მერე - სამცხის სპასალარი ბოცო და სამცხელი დიდებულები, ივანე ციხისჯვარელის გარდა. საბოლოოდ რუსმა მთელი დასავლეთ საქართველო მიიმხრო და თამარს აუჯანყა. განცვიფრდა თამარი კაცთა უკეთურებით, მრავალგზის ჰკითხავდა ამ ჯანყის მიზეზს თეოდორე პატრიარქს და ანტონ ქუთათელს, რომელიც მარტო დარჩენილიყო ლიხთიქით მეფის ერთგული. ღვთისმბრძოლთა კრებულის ნახევარმა ქართლი მოაოხრა, ნაჭარმაგევამდე მივიდნენ. დანარჩენები კი, დადიანის წინამძღოლობით, სამცხეში ჩავიდნენ და ბოცოს ჯარს შეუერთდნენ. მყის იხმო თამარმა ამირსპასალარი გამრეკელი, მხარგრძელები, თორელები, ქართლელები, კახელები და ჰერები, კავკასიის მთებიდანაც მოვიდა ჯარი... ძმათა შორის ომი ერუშეთსა და თმოგვს შორის გაიმართა. იძლივნენ მოღალატენი. ნიშნად მორჩილებისა ყელზე საბელდადებულნი ეახლნენ მეფეს. თამარმა კიდევ ერთხელ აპატია ქმარყოფილს და ისევ კონსტანტინოპოლისკენ გაისტუმრა, არც სხვა დამნაშავენი დაუსჯია. ამ დროს გარდაიცვალა ამირსპასალარი გამრეკელი და მის მაგივრად ზაქარია მხარგრძელი დაინიშნა.
გადიოდა წლები, თამარს კი შვილი არ ეძლეოდა. მთელი ერი ლოცულობდა მეფის შვილიერებისთვის. ქორწინებიდან 3-4 წლის თავზე თამარი დაორსულდა. ეს რომ შეიტყვეს, მარხვით, ლოცვითა და ლიტანიობით შეევედრნენ უფალს, მეფისთვის ვაჟი მიეცა. მართლაც იშვა ძე, "ყოვლითურთ მსგავსი პაპისა", რომელსაც გიორგი დაარქვეს. წელიწადის შემდეგ კვლავ დაორსულდა თამარი და შვა ასული - რუსუდანი. დიდძალი საგანძური გასცა მეფემ სამადლობლად, მხედართმთავრებმა კი ლაშას სახელზე ილაშქრეს, მოარბიეს ბარდავი, კარნუ ქალაქი, გელაქუნი და ნადავლიც წამოიღეს.
საქართველო იმდენად გაძლიერდა, რომ მეზობელი ქვეყნები დახმარებასა და მფარველობას სთხოვდნენ. შირვანის შაჰმა აღსართანმა და მისმა სიძემ თამარს დახმარება სთხოვეს აბუ-ბექრ ათაბაგის წინააღმდეგ, რომელმაც მათ სამეფო წაართვა და გამოაქცია. ქართველები საომრად მოემზადნენ. ეს არ გამოჰპარვია ათაბაგის ხალხს, დიდძალი ჯარით დახვდნენ შამქორთან. თამარმა დალოცა ლაშქარი, განამხნევა, ძელი-ცხოველი და ანტონ ჭყონდიდელი უწინამძღვრა, თვითონ კი ფეხშიშველი მივიდა მეტეხის ღვთისმშობლის ხატის წინ და ცრემლთა დენით გამარჯვება შესთხოვა უფალს. მანამდე ლოცულობდა, ვიდრე ღმერთმა მისი სათხოვარი არ შეისმინა. ქართველებმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვეს და თან უთვალავი სიმდიდრე წამოიღეს. მეფემ გამარჯვებული მხედრობა ღირსეულად დააჯილდოვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნადავლი, ხალიფას დროშა, გელათში გაგზავნა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა.
თუმცა მალე დამარცხებულ აბუ-ბექრს განაწყენებული მაჰმადიანი ამირები და ათაბაგები მიემხრნენ და მეორედ გალაშქრება გახდა საჭირო. ამჯერად ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო. ერთმა დავით სოსლანის ხელმძღვანელობით განძა აიღო, მეორემ კი თამარის წინამძღოლობით - დვინი. სამეფოს საზღვრებთან ერთად დაპყრობილი მიწების დაცვა და შენარჩუნებაც იყო საჭირო, განსაკუთრებით - სამხრეთით, საიდანაც საქართველოს მაჰმადიანი სულთნები და ათაბაგები უტევდნენ. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო კარის (ყარსის) აღება. თამარი ამ ქალაქის დაპყრობის სამზადისს შეუდგა, თვითონვე წავიდა ჯავახეთს და იქიდან მეთვალყურეობდა ლაშქრობას. ქართველებმა კარი აიღეს და თამარმა მის გამგებლად ივანე ახალციხელი დანიშნა.
რუმის სულთანმა რუქნადინმა კარის აღების ამბავი რომ შეიტყო, ძალიან იწყინა და 400000-კაციანი არმიით ბასიანთან გაჩერდა. თამარს კი უკმეხი, უკადრისი წერილი გამოუგზავნა. საყვარელი მეფის შეურაცხყოფამ ფეხზე დააყენა ერთგული ყმები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა დავით სოსლანი და ქართველთა მხედრობა თამარმა, თვით კი ცრემლთა ღვრით ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს. მტრის ბანაკიდან ერთი დღის სავალზე დაბანაკდნენ ქართველები. თამარი უმაღლეს ადგილზე ავიდა, თავის ლაშქარს გადახედა, მერე კი მუხლი მოიდრიკა და დიდხანს ილოცა. შემდგომ პატიოსანი ჯვარი მოატანინა. სათითაოდ მოდიოდნენ ჯარისკაცნი და ჯვარს ეამბორებოდნენ. როცა განსრულდა თაყვანისცემა ჯვრისა, წმინდა თამარმა სამგზის ჯვრის ნიში გამოსახა თავის სამწყსოს, დალოცა და წარემართნენ ქართველნი ბასიანისკენ "მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი". მეფე თამარი კი სამცხეში დაბრუნდა, ოძრხეში მივიდა და მარხვითა და ლოცვით ღვთის წყალობას გამოითხოვდა. მასთან იყვნენ პატრიარქი თეოდორე, ეპისკოპოსნი და მონაზონნი, მათ შორის - იოანე შავთელი და ევლოგი სალოსი. ღამისთევებითა და ლიტანიობით განვლიდნენ დღეებს. ერთხელაც ევლოგი ანაზდად მიწაზე დაეცა და მაშინვე წამოხტა. ასე მოიქცა სამგზის. ბოლოს კი აღმოხდა: "აჰა წყალობა ღმრთისა მოიწია თამარის სახლზეო". მალე მაცნე მოვიდა და მეფეს ამ უთანასწორო ომში ქართველთა სახელოვანი გამარჯვება აუწყა, რომელიც სწორედ მაშინ უზეიმიათ, როცა სალოსმა უცნაური სიტყვები წარმოთქვა. მცირე იყო კაცთაგან დანაკლისი, "არცა ერთი ვარგი მეფისგან შესწავლილი კაცი მოკვდაო", - გვამცნობს ისტორიკოსი. რუქნადინი გაიქცა. ქართველებს ტყვედ ჩავარდნიათ ერზინკიელი (ერზენჯანის მმართველი). როცა ტყვე თამარის წინაშე მოიყვანეს, მიწაზე დაეცა და გველივით იწყო გრეხა. გონს რომ მოვიდა და უცნაური ქცევის მიზეზი ჰკითხეს, თქვა, თქვენი მეფის თავს ზემოთ ის ვიხილე, ვინც ამ ბრძოლაში გვებრძოდა და გვძლია კიდეც და თავზარი დამეცაო. კედელზე კი მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ეკიდა. ეს ერზინკიელი საბოლოოდ ცხენის ნალის ფასად გაუყიდიათ.
მაგრამ ვაი, რომ ხშირად "ესრეთ სიხარულს შეუდგს მწუხარება"... ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა დავით სოსლანი. უზომო იყო ქართველთა მწუხარება...
გავიდა ხანი. ჩამოვარდა მშვიდობა. მეფე თამარი გეგუთში ბრძანდებოდა. მხარგრძელნიც თან ახლდნენ. შეიტყო ეს არდაველის სულთანმა, შეიჭრა ანისში და აღდგომა დღეს 12000 ქრისტიანი ეკლესიაში ცხვრებივით ამოხოცა. ანელთაგან ცოტა თუ გადარჩა. გამწარდნენ ქართველები, დაიწყეს მზადება. თავდასხმას რამაზანის მარხვაში განიზრახავდნენ.
მაჰმადიანთა უმთავრესი დღესასწაული თენდებოდა. ქართველებმა უომრად აიღეს არდაველი. სულთანი მოკლეს, მისი ცოლ-შვილი კი ტყვედ წამოასხეს. 12000 რჩეული კაცი მიზგითში დახოცეს და ასე იძიეს შური ქრისტიანთა დათხეული სისხლისთვის.
სპარსეთში ლაშქრობამ ზაქარია ამირსპასალარს, მსახურთუხუცეს ივანეს და სხვა სარდლებს ქვეყნის ნამდვილი ვითარება დაანახვა, მისი უძლურება და დაქსაქსულობა. ამიტომაც მივიდნენ მეფესთან და ხორასანზე გალაშქრება ურჩიეს. სალაშქროდ მიმავალმა ჯარმა თავი თბილისში მოიყარა. მეფემ მხედრობა დაათვალიერა, აბჯარი და ცხენკეთილობა მოუწონა, მერე კი "მოიღო დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი და დავითიანი", შეავედრა იგი ვარძიის ღვთისმშობელს, ზაქარია მხარგრძელს გადასცა და ომში მიმავალი მხედრობა დალოცა. ლაშქარმა თავრიზი, მიანა, ზანგა, ყაზმინი აიღო, იქიდან კი ხორასანზე გაილაშქრეს და გურგენის ქალაქს მიაღწიეს. იმდენი ალაფი დაჰგროვებიათ, წინ წასვლა გასჭირვებიათ. ამიტომაც უკან დაბრუნება არჩიეს. ამ ლაშქრობამ ქართველებს სპარსეთში სახელი გაუთქვა. ამის შემდეგ ამირსპასალარ ზაქარიას დიდხანს აღარ უცოცხლია. თამარს მის მაგივრად მისი ძმა ივანე დაუყენებია და თან ათაბაგობაც უბოძებია. ამ დროს ფხოველნი და დიდოელნი განდგომილან და ივანეს ჩაუხშია მათი ჯანყი.
საქართველოში მშვიდობა სუფევდა. სპანი განსვენებაში, ნადირობასა და ბურთაობაში ატარებდნენ დროს. წარჩინებულნიც განისვენებდნენ და მეფის საბოძვარით აღივსებოდნენ. თამარის ფერხთით ნებივრობდა შარვანშას გამოგზავნილი ლომის ბოკვერი, რომელიც მართალია წამოზრდილიყო, მაგრამ თამარის მორჩილება და სიყვარული მაინც გამოჰყოლოდა.
მეფე თამარი საქართველოს ძლიერების თავიდათავი იყო, "სამეფო განუხეთქელად დაიცვა, ყოველნივე შეიტკბნა და მშვიდობა ჰყო ყოველთათვის". თუ მამამისი ქურდს და ავაზაკს სიკვდილით სჯიდა, თამარმა დამნაშავის დასახიჩრებაც კი აკრძალა. თავისი ხანგრძლივი მეფობისას "არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვისადმე დაკვრად". მეფის ამდენი მოწყალების შემყურე, ქათმის მოპარვასაც კი ვერავინ ბედავდა. ქვეყნებს დალაშქრავდა, მაგრამ რამდენი დაგლახაკებული მეფე განამდიდრა და რამდენს დაუბრუნა სამეფო! ყველა მისი ქვეშევრდომი თავს თავისუფლად და უსაფრთხოდ გრძნობდა ტრაპიზონში, შირვანსა თუ დურძუკეთში.
უაღრესად მორწმუნეს ღამისთევით ლოცვა, მღვიძარება, და მუხლთადრეკა ჰყვარებია. კარის ეკლესიაში ყველა ლოცვა და წესი პალესტინის მონასტრის ტიპიკონის მიხედვით აღესრულებოდა. თვითონ ხომ არ დააკლდებოდა ლოცვას, ამას ვერც მისი მხლებელნი იკადრებდნენ. საკუთარი შრომით მომუშაკებულ ფულს მოწყალებად გასცემდა. ასე განსაჯეთ, თავის ყოველ ულუფას შეაფასებდა და იმის საფასურ ხელთსაქმარს გაჰყიდდა და გლახაკებს ურიგებდა. უთვალავ ქონებას გასცემდა და აავსებდა გლახაკს, ქვრივსა და ობოლს. ეკლესია-მონასტრები საქართველოში თუ საზღვარგარეთ ხომ თამარ მეფის წყალობით არსებობდნენ. უაღრესად გულმოწყალე, თავისი ხელით გაუმზადებდა სარეცელს მის კარზე მცხოვრებ სნეულ მონაზვნებს. თვალთაგან ცრემლი ბევრჯერ დასდენია, როცა გადამტერებული კაცის სიკვდილი გაუგია. სწორედ ეს ხიბლავდა ერს და სხვადასხვა ტომისა და სარწმუნოების ხალხს ერთ მუშტად შეჰკრავდა. მეფეს ხალხმაც მიბაძა, ქართველებს ღვთის შიში ჩაუდგათ გულში და წმინდა ცხოვრება შეიყვარეს. ქვეყანა ეკონომიკურადაც გაძლიერდა: ლამის მეორე ციხეს თუ ეკლესიას დღესაც თამარის აშენებულს ეძახიან; გაუყვანიათ ორი არხი: ერთი კახეთში, ალაზნისა, 119 კილომეტრის სიგრძის, რომელიც 53000 ჰექტარ მიწას რწყავდა, მეორე კი სამგორში, 20 კილომეტრისა. თამარის ბრძანებით ანტონ ჭყონდიდელს სხალტბიდან შიომღვიმისთვის 7-კილომეტრიანი წყალსადენით წყალი მიუწოდებია. სულ ოქროს მილებით აწვდიდა წყალსო, - ამბობდა ხალხი.
"ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა".
ეჰ, ნეტავ იმ დროს და იმ ყმობას!..
მოდი და ნუ გეყვარებოდა ასეთი მეფე, რომელიც ვერც საკუთარმა სილამაზემ ვერ გააზვიადა, ვერც მეფობამ, ვერც მტერთა ზედა ძლევამ და ვერც ურიცხვმა ქონებამ. ვერაფერმა შეცვალა მისი მარტივი და მიმზიდველი ქცევა. წარბი ერთხელაც კი არ აუწევიაო.
ნაჭარმაგევში იდგა მეფე, სენი რომ გამოაჩნდა. დიდხანს მალავდა, არავის აწუხებდა. ჭირი მხოლოდ მაშინ გაამჟღავნა, როცა კურნება დაგვიანებული იყო. სენის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავს იდვა შეუმთხვევლად მიშვება აგებულებისა".
შეწუხდა ხალხი. ჩამოიყვანეს ტფილისში, დაასიეს მკურნალები. ცალკე ღამისთევებითა და ლიტანიობით ითხოვდნენ მეფის გამოჯანმრთელებას. ხალხი სიკვდილს ნატრობდა, შვილებსაც კი გასწირავდნენ, ოღონდ მეფე გადარჩენოდათ...
სიკვდილის სარეცელზე მწოლმა სამეფოს წარჩინებულნი მოიხმო, გამოემშვიდობა და გიორგი და რუსუდანი ჩააბარა, მერე კი მაცხოვარს შესთხოვა: "ქრისტე ღმერთო ჩემო, შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩვენთა, რომელნი შენ მომეც და მერმე სულსა ჩემსა". და ასე ლოცვით წარდგა უფლის წინაშე.
დაბნელდა ქართველთა მზე იანვრის თვრამეტში (სხვა ვარიანტით კი თორმეტში). არადა მეფე თამარი ორმოცდაოთხი წლისა თუ იქნებოდა. მწარედ დასტიროდა დას რუსუდანი (მან ოთხმოც წლამდე მიაღწია, მტკიცედ დაიმარხა ქალწულება, შეიყვარა სიწმინდე, სიკეთე და მოწყალება...).
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა. დაიკარგა თამარის საფლავი, მაგრამ სათაყვანებელი მეფის წმინდა ხატებას, ქართველის სულში ღრმად აღბეჭდილს, დრო-ჟამმა ვერა დააკლო...
წმინდა მეფე თამარის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს ჩვენი ერი - პირველ მაისს (ძველი სტილით) და მენელსაცხებლე დედათა კვირას, ნიშნად მისი მოციქულებრივი ღვაწლისა.