"ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა".
"ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა".
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე. ამიტომ, ძალზედ მტკივნეულად განვიცდი ხოლმე როცა მთას და მის ტრადიციებს ხისტად ეხებიან.

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი ტაძრის ამბიონიდან ქადაგებისას,  მღვდელმა მამა N-მა კიდევ ერთხელ გაკიცხა კახელები და არა მარტო ისინი საზედაშეო ქვევრების სიყვარულისთვის, რაც მისი თქმით კერპთაყვანისცემაა. მისი ქადაგებით, ასე გამოდის, რომ ჩვენი წინაპრების მიერ ღვთის სადიდებლად ჩაყრილი ქვევრები, სადაც ეკლესიისთვის შესაწირი ღვინო ინახებოდა, უნდა ამოვიღოთ, დავამტვრიოთ და მდინარეს გავატანოთ. ზედაშეს კულტურაზე კარგად წერს გიორგი ბარისაშვილი, კარგი მეღვინე, კარგი ქრისტიანი: "ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ტერმინ "ზედაშეს" შესახებ ვკითხულობთ შემდეგ განმარტებებს, ასე მაგალითად: სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული: "ზედაშე - შესაწირავი ღვინო". ნ.ჩუბინაშვილის ქართული ლექსიკონი: "ზედაშე - ღვინო, ხმარებული ჟამის წირვასა ზედა სეფისკვერსა თანა, მსოფლიონი უხმობენ ღვინოსა შენახულსა სთულის დროს პატარა ქოცოში, ვიდრე დღეობადმდე სალოცავის ადგილისა და მაშინ მოხდიან, თან წაიღებენ ნაკვების ზვარითურთ ეკლესიის კარს, სადაცა ნაწილსა ზედაშისა და დაკლულის ზვარისას მიართმევენ სამღუდელოთა. ზოგს დაურიგებენ გლახაკთა და დანაშთენს მიიღებენ თჳთ მუნვე".ტერმინ ზედაშის შინაარსში პირველ ყოვლისა ღვინო იგულისხმება, მაგრამ, მაგალითად ქართლ-კახეთში და ალბათ უპირველესად კახეთში, აღნიშნული სიტყვა ქვევრებთანაც ასოცირდება, ანუ საზედაშე ქვევრს კახეთში მოიხსენიებენ ზედაშედაც. ზედაშის ქვევრი მარანში ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენდა და მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა. ხოლო დანარჩენი ქვევრები სწორედ ზედაშის ქვევრისა თუ ქვევრების მდებარეობის გათვალისწინებით განლაგდებოდა მარანში. ძველად, პრაქტიკულად არ არსებობდა არც ერთი მარანი, სადაც ზედაშის, თუნდაც ერთი ქვევრი არ ყოფილიყო ჩაფლული. ამავე ადგილას იყო მოწყობილი სახატე ნიშაც, სადაც ინთებოდა სანთელი. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა მარნის მფლობელ ოჯახს ჰქონდა ზედაშის ქვევრი, რომელშიც მზადდებოდა, როგორც ტაძარ-მონასტრებისათვის შესაწირი, ისე საეკლესიო დღესასწაულებზე, საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილი ღვინო. ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის, მაგალითად გიორგობისთვის, მარიამობისთვის, შობისთვის და სხვ. ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი წესი ვენახის ზვრებზეც ვრცელდებოდა. ასეთ დროს, ვენახის მეპატრონე წინასწარ გამოყოფდა ვენახში გარკვეული რაოდენობის ზვრებს, რომლიდან დაკრეფილი ყურძენიც განკუთვნილი იყო რომელიმე წმინდანის სახელზე თუ დღესასწაულზე ზედაშის ღვინის დასაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, განსაკუთრებით კახეთის მხარეში, არაერთი ტრადიციული მარანი აშენდა და აღდგა, ის ძირძველი ქართული ადათი, რასაც წარმოადგენს ზედაშის ღვინის დაყენება, თითქმის დავიწყებულია, რაც სამწუხაროდ, საქართველოს ღვინის კულტურის დაბალ დონეზე მიანიშნებს, რადგანაც ზედაშის ღვინის დაყენება პირდაპირ კავშირშია ადამიანის სულიერ სიმაღლესთან და მდგომარეობასთან. მარანში საზედაშე ქვევრის არსებობა იგივეა, რაც, მაგალითად ოჯახში ხატისა და სალოცავი კუთხის არსებობა...როგორც სხვადასხვა ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, საზედაშე ღვინის დაყენების პროცესის დროს არა მხოლოდ ჰიგიენური წესების დაცვა იყო აუცილებელი, არამედ ეთიკურისაც. კერძოდ, ღვინის დაყენების პროცესში ნასვამი მამაკაცი მონაწილეობას არ იღებდა, ხოლო ვინც ამ დროს მარანში ბილწსიტყვაობდა ან ზედმეტს ხმაურობდა, მას მარნიდან ითხოვდნენ. ყურძნის წურვის დროს მარანში აუცილებლად ინთებოდა წმინდა სანთელი. რაჭაში ძველად უარსებია ერთ წესს, რომელსაც ვკითხულობთ ლ.ფრუიძის წიგნში "მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში". კერძოდ, მამაკაცი, რომელიც საწნახელში უნდა ჩამდგარიყო ყურძნის დასაწურად, გარკვეული დროით, რამოდენიმე დღე, მეუღლისგან განცალკევებულად იძინებდა" (იხილეთ: ზედაშის კულტურა საქართველოში - გ.ბარისაშვილი)..

კახეთში ყოველ სოფელში უამრავი ტაძარია აშენებული, ზოგან 21 ეკლესიაც კი დაგვითვლია. დიდი იყო ძველი კახელების რწმენა და სასოება. ისინი რასაც იქმოდნენ ღვთის სადიდებლად იქმოდნენ. და რა გასაკვირია, თუ მარანში ნიშს გააკეთებდნენ, იქ დაბრძანებული ხატის წინ დაანთებდნენ სანთელს, იქვე მარანთან საკლავსაც დაკლავდნენ, ღვინისა და ხორცის ნაწილს ტაძარში ღვთისმსახურებს მიართმევდნენ. ზედაშეს ის საკრალური მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ როცა გვარი მრავლდებოდა, ოჯახი იყოფოდა, მარანი და საზედაშეო ქვევრები უხილავად ჰკრავდა გაყოფილ, გამრავლებულ ოჯახსა, თუ გვარს.

და თუ მაინც ვფიქრობთ ვინმე არასწორად იქცევა, და რომ საზედაშეო ქვევრების სიყვარული წარმართობაა, არ სჯობია, ეს ტრადიცია "გავაქრისტიანულოთ"- ვაკურთხოთ ეს ქვევრები, სადაც სადღესასწაულო ღვინო ინახებოდა და კვლავ შეინახება?! ბოლოსდაბოლოს ქრისტიანული ტაძრების დიდი ნაწილი ხომ სწორედ რომ წარმართული ტაძრების ადგილას არის აშენებული.

საზედაშო ქვევრების ამოღების და გატეხვის მოწოდება მორწმუნეს გულს ატკენს, მტერს კი გაახარებს. ზედაშეს სიყვარული, ხომ ერთი ლამაზი ხალხური ტრადიციაა.

ანდა რატომ გვიკვირს ხალხური ტრადიციები, რომლებიც კი არ აკნინებენ, არამედ განამშვენებენ და ამრავალფეროვნებენ ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. მაშ რატომ ვაცხობთ ბარბარობას ლობიანებს, საშობაოდ გურულები ღვეზელს რატომ აცხობენ. ან თუშები და სხვა მთიულები საშობაო კვერებს, რომელსაც ქრისტეს პურს, ქრისტეს საგძალს (საკვებს) ეძახიან...

ნათლისღების დილას ჩემთან მთაში, დილით ადრიანად დგებიან, უჩუმრად (უნძრახად) აავსებენ წყალს ხევიდან, ან წყაროდან, მიაქვთ ეს "უნძრახი" წყალი და თავიანთი მიცვალებულების საფლავებზე ღვრიან. ბოლოსდაბოლოს ნათლისღებას ხომ მთელი სამყაროს წყლები იკურთხება და მთიულები თავიანთი ბალღური რწმენით ნაკურთხი წყლის მადლს უზიარებენ თავიანთ მიცვალებულებს.

მამა N-მა ზედაშეს სიყვარულის გამო კახელების გაკიცხვის და მის მკითხაობასთან და ჯადოქრობასთან გაიგივების შემდეგ დაუმატა: მთაში რომ ხატებს და ნიშებს, რომ აგებენ, დეკანოზები და ხევისბერები რომ ლოცულობენ და ნიშებს საკლავს სწირავენ, სისხლს რომ ღვრიან და შუბლზე იცხებენ, კერპთათაყვანისცემააო. მთაში ათენგენობით იწყებენ ამ დღესასწაულებსო...

ადრე მეგონა, რომ ასე მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან გამოსული სამღვდელოების ნაწილი ფიქრობდა და ზემოდან უცქეროდა აღმოსავლეთი საქართველოს ბარის და უფრო კი მთიულების რწმენას. მათეულ ტრადიციებს კერპთაყვანისცემას და წარმართობას ეძახოდა. მაგრამ კახელი კაცის დეკანოზ Z- ს პოსტი რომ წავიკითხე სოციალურ ქსელში, მივხვდი, რომ სამწუხაროდ კატეგორიულობა არც აღმოსავლეთ საქართველოს სასულიერო და საერო პირთა ნაწილს გვაკლია.

ძალზე საშიშია კატეგორიული მსჯელობა, ახლა როცა ერი ისედაც დაყოფილია, დაქსაქსულია, ჩემი აზრით მის ერთიანობას ვერაფერს ჰრგებს ამგვარი სიმკაცრე. განა სხვა პრობლემები აკლია ერს, რომ მთელ მთას არ ვატკინოთ გული ჩვენი მკაცრი ქადაგებებით?!

როცა სამარიტელებმა მოციქულების ქადაგება არ ისმინეს, მისმა მოწაფეებმა იაკობმა და სიყვარულის მოციქულმა იოანემ მაცხოვარს უთხრეს: "უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?"- იესომ ისინი შეჰრისხა და უთხრა: "არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად".

დალოცვილი პავლე მოციქული "ყველასთან ყველა იყო" რომ ისინი ქრისტესთვის შეეძინა. ათენში, აეროპაგში პავლე მოციქულმა იქ შეკრებილ ათენელებს მიმართა:" ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: "უცნობ ღმერთს"! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით". წმინდა პავლე მოციქულმა წარმართ ათენელებსაც კი არ დაუძახა კერპთთაყვანისმცემლები და ეს დალოცვილები, ჩვენ ქრისტიან მთიელებს გვიწოდებენ კერპთაყვანისმცემლებს?! აბა კერპთაყვანისმცემლები დავუძახოთ სვანებს, ხევსურებს, ფშავლებს, მოხევეებს და ვნახოთ მერე ვინ მიიღებს ჩვენს ქადაგებას...


"აქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა"-ასე გასცა პასუხი ვაჟამ "მარადის მძრახავ" დიდ აკაკის, სამწუხაროდ ისტორია მეორდება.


დიახ, აქაც ქართველები ვართ.საწყალი ჩვენი სამშობლო, სადაც მისი შვილები ერთმანეთის ტკივილს და სიხარულს ვერ იგებენ. რაც აღმოსავლეთ საქართველომ ჭირი და უბედურება გამოიარა, რამდენი რბევა, რამდენი სისხლის ღვრა. იმიტომ დაცარიელდა მესხეთ-ჯავახეთი. უჯიშო შაჰ აბასმა და მისმა მემკვიდრეებმა 500 000 ათასამდე ქართლ-კახელი გადაასახლა ირანში... მრავალი მოწამე შეემატა მაშინ ქრისტეს მხედრობას, გეგონებოდა, მთელმა ქართველობამ მიწიერი სამშობლო დაუტევა და ზეციურ საქართველოში გადასახლდაო... დარჩა ჩვენი ქვეყანა "ჩიქილამოხდილ ქალად".

ვაჟას " ბახტრიონი" კარგად გვიჩვენებს იმდროინდელი ფშავის სავალალო ყოფას. ქმარი და შვიდი შვილი მტერთან ბრძოლაში დაეხოცა სანათა აფხუშორელს. ორი კვირა მარტომ გაუთხარა მათ სამარე და ახლა ხოშარის სალოცავში:

"მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოს დაუკლავ საკლავი,
თვითონვე უტყავებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!"

აბა რა ქნას:

"ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია".

მაგრამ ამ შავსაც გაიხდიდა სანათა, და დახოცილ ქმარ-შვილსაც არ იდარდებდა თუ სამშობლოს გამარჯვებულს ნახავდა.

დიახ სანათას და მისნაირი დედაკაცების გაზრდილმა შვილებმა მოაწყეს ბახტრიონის აჯანყება და კახეთი განადგურებას გადაარჩინეს. სანათაც კერპთაყვანისმცემელია, რადგან ხატთან, ნიშთან საკლავი დაკლა, სისხლი დაღვარა, სანთელი აანთო და ღმერთს სამშობლო შეავედრა?! ზეზვა გაფრინდაული, გოგოლაური, ნადირა ხოშარაული, შველა შველაიძე, და თუშ-ფშავ-ხევსურნი, ლაშქრობის წინ საკლავი რომ დაკლეს, ღმერთს სამშობლო შეავედრეს, წამოვიდნენ და თავი დადეს საქართველოსთვის-განა წარმართები იყვნენ?! განა საქართველოს ეკლესიამაც წმინდანად შერაცხა "წარმართი" სამასი არაგველი?! როგორ შეიძლება ენა მოგვიბრუნდეს ამის სათქმელად. ასე ხომ საბჭოთა დროის ეთნოგრაფები წერდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მთამ ქრისტიანობა არ მიიღო და წარმართებად დარჩნენო, ასეთი მიდგომა იყო მაშინ, აბა მათ სხვანაირად წიგნს ვინ დაუბეჭდავდა.

პატივცემული დეკანოზი Z ფიქრობს, რომ "საბჭოთა პერიოდში უამრავი მანკიერი ტრადიცია ჩამოყალიბდა, მათ შორის, ქრისტიანული ტრადიციების შეცვლა, რელიგიური რიტულების არსებითი მნიშვნელობისგან დაცლა, პაგანიზაცია და აღრევა ძველი და ახალი აღთქმის მსახურებებისა, ანუ გახალხურება.ერთი მათგანი ე. წ. დეკანოზების მიერ შესრულებული რიტუალია მთაში, როდესაც საკლავს კლავენ და ამ დროს ზეპირად გადმოცემულ ლოცვებს კითხულობენ. რეალურად ეს მღვდლის საიდუმლო ლოცვებია, დამახიმჯებულად წარმოთქმული, რომელსაც მწირველი მღვდელი ლიტურგიის დროს კითხულობს, ხოლო უსისხლო მსხვერპლშეწირვის ნაცვლად ე. წ. დეკანოზი ხარს ან ყოჩს კლავს, თითქოს ღმერთს სწირავს საკლავს, ღვთისმსახურებას. ეს უფლისა და მის მიერ დადგენილი ღვთისმსახურების შეურაცხყოფაა, საღვთისმსახურო საიდუმლოს პროფანაციას წარმოადგენს".

ჩემს ძვირფას მამებს კატეგორიულად ვერ დავეთახმებით, თუ რატომ გზადაგზა მოგახსენებთ. არა მამებო, არც მთიულები ვართ წარმართები და არც საკლავის დაკვლა მოუგონიათ მთიელთ, თანაც კომუნისტური რეჟიმის დროს .

როცა კარგი დრო იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც აღევლინებოდა წირვა-ლოცვები. იქ ადრეული საუკუნეების ტაძრების ნანგრევებსაც ნახავთ. მაგრამ როდის ჰქონდა ჩვენს ქვეყანას კარგი დრო?! 1774 წელს "მორიგე ჯარის განჩინებაში" მეფე ერეკლე II ბრძანებს: "თუ ერთს სოფელში ერთი მღვდლის მეტი არ იყოს, იმისი წამოსვლა არ იქნება. ბადალი დაიჭიროს - ის გამოგზავნოს, თუ ორი იყოს, თავ-თავეთის რიგზე წამოვიდნენ" მორიგე ჯარშიო. მაგრამ ვაი, რომ მტრის ურიცხვი შემოსევების გამო სოფელში ხშირად ერთი მღვდელიც არა რჩებოდა. უმოძღვრობას თუ ბარის სოფლებში უჩიოდნენ, მთისთვის ვინღა იზრუნებდა...

უამრავი ლამაზი ანდრეზი, გარდამოცემაა ჯერ კიდევ შემორჩენილი მთიელი კაცის ხსოვნაში, ზოგი გულუბრყვილო, ზოგიც საგულისხმო, ზოგიც ძალზედ ამაღლებული. მათში ცხადად იკითხება ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორია. ეს წარმართობა კი არა გახალხურებული ქრისტიანობაა (სწორედ ამას ბრძანებს ბატონი ზურაბ კიკნაძე "კარიბჭის" ჟურნალისტთან საუბრისას, იხილეთ: "ხალხური ქრისტიანობა" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში) .

თუ 30 წლის წინ ლოცვის წიგნს ვერ იშოვიდი, და ხელით გადავწერდით-ხოლმე ლოცვებს. და მაშინ რა ექნათ საცოდავ მთიულებს,როცა მღვდელი ბარში აღარ იყო, მთაში როგორღა ელოცათ, სწორედ ეს დეკანოზ-ხევისბერები იყვნენ ვინც ხალხური ლოცვა იცოდა და ვინც ღვთის სახელს ახსენებდა. ეს იყო ოცდაათი წლის წინ და ახლა წარმოვიდგინოთ, გასული საუკუნეები.

...

საბრალო მთიულები, მათ ხომ ხშირად ეკლესიისთვის სხვა შესაწირავი არაფერი ჰქონდათ და აქვთ საქონლის, საკლავის გარდა. ესეც უნდა ავუკრძალოთ?!

"საცოდავი" ჩემი ბებო-პაპა, ჩემი მშობლები "კერპთაყვანისსმცემლები" იყვნენ და ასე გამზარდეს. დღესასწაულის და ზოგადად კვირის მწუხრიდან სალომე ბაბო მაუქმებდა-ხოლმე, რკინის ნივთს ხელში არ ამაღებინებდა. დღესასწაულის წინ ჩემ დასთან ერთად ჩამოქნიდა სანთელს, ქვრივსა და ქალწულს ჰქონდა ამის უფლება. ქადას გამოაცხობდა, თუ ხატში ვერ წავიდოდა, იქვე სახლში აღმოსავლეთ მხარეს გაჭრიდა ქადას, სანთელს დაანთებდა, საკმეველს აკმევდა და ღმერთს შეავედრებდა თავის ოჯახს. რაღაცით სანათას მაგონებდა ეს დალოცვილი.

ჩემი სოფლის თავზე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ნანგრევებია, კომუნისტებმა დაანგრიეს და მისი ქვებით მეურნეობის გომური ააშენეს. სწორედ იქ ნანგრევებისგან გაკეთებულ ნიშთან ადიოდა 21 სექტემბერს მთელი სოფელი, მოჰყავდათ საკლავი. იქვე დეკანოზი არჩილა (მთიულეთში ხევისბერს ეძახიან დეკანოზს) დაამწყალობებდა ჩვენს მიტანილ ძღვენს, რომლის საკუთარ სახლში შეტანა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და ქვრივ-ობლებს, გაჭირვებულებს ვურიგებდით. დეკანოზ არჩილასაგან გავიგე წმინდა სამების, ღვთისმშობლის სახელი. ვუცქერდი და მისგან ვსწავლობდი პირჯვრის წერას, რომელიც ყოველ წელს მავიწყდებოდა, რადგან იმ დროს ღვთის სახელი მხოლოდ ხატში, ხატობას იხსენებოდა. არჩილ პავლიაშვილი ზედაზენის მონასტრის მორჩილი იყო და როცა იქ ბოლო ბერი, წმინდა ექვთიმე კერესელიძე გარდაიცვალა, იძულებული გახდა სოფელში დაბრუნებულიყო. თან წამოიღო საეკლესიო წიგნები და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. იმ დროს ღვთის რწმენა სიგიჟედ ითვლებოდა და "არჩილაც გაგიჟდაო",. მთავრობამ თავი დაანება და ისიც, ხატობისას ღვთისმშობელში, თუ კვირიას ხატში კვირაცხოვლობას დადიოდა, დეკანოზობდა და ღმერთს ავედრებდა მთიულებს.

ათასი მადლობა მას და სხვა დეკანოზ -ხევისბრებს, რომელთაც უღმერთო კომუნისტების ბატონობის დროს ღვთის რწმენა შემოინახეს მთაში, (მათ ამის გამო დიდ პატივს მიაგებს ჩვენი პატრიარქი, რაც ხშირად აღუნიშნავს ხოლმე). მერე როგორ ხალხი იყო: ბაბო ჭინჭარაული, ქერჩო გოდერძაული... ბიჭურ ბადრიშვილი-შუაფხოს უკანასკნელი ხევისბერი დიდი ადამიანი იყო ბაბო ჭინჭარაულივით, ღვთის მოშიში, წინასწარმეტყველური მადლით დაჯილდოვებული. მერე როგორი დალოცვა იცოდა:

"ღმერთო დიდებულო, წინა ძალი და ბრძანება შენია, შენ გააჩინე და აკურთხე ცანი და ქვეყანანი. დიდება შენდა, დიდო ლაშარის ჯვარო, დიდება შენდა კვირაო კარავიანო, ღვთის და მეუფის კარზედ მდგომელო, სიმართლის წყალობის გამომტანელო ხმელზე ხორციელთათვის.

დიდება შენდა, თამარ ნეფეო, ზემდგომო ანგელოზო;

დიდება შენდა, წმინდა გიორგიო, ხოშარის სათხუთმეტო მთავარანგელოზო;

დიდება შენდა, დედა ხვთისშობელო, ლაღო იახსარო, ხახმატის ჯვარო, წყაროსთავის წმინდაო გიორგი!

თქვენ გადააფარეთ თქვენი კალთა ფშავის ხევსა, სრულიად საქართველოს, ბაგრატოვანთა, წილხვედრსა ღვთისშობლისასა, თავისუფლების გზაზე შამდგარსა. თაობით ღონე მიუმატე. კაცსა კაცრიელობა, თქვენ დაიფარეთ მტრისგანა. მიეც ძალი და ერთობა ქართველთა განალტვე გულისაგან მათისა შური და ღვარძლი და შთააგონე სიკეთე და ერთგულება მოძმისა, ერისა.

თქვენ შეგთხოვთ, ყოველნო წმინდანნო და ანგელოზნო უფლისანო, მიანიჭეთ ქართველთა, თქვენთა მავედრებელთა, შემოდგომა ღალიან–ბარაქიანი, პურ–წყლიანი, ზამთარი ნებისა, რგებისა, ზაფხული მშვიდობისა.

თქვენ მოუმართეთ ხელი: მოლაშქრე–მონადირე იყოს, ლაშქრობა– ნადირობაში გაუმარჯვე. მწყემსი იყოს – ცხვარ–ძროხა გაუმრავლე, მეგუთნე იყოს – ხარ–გუთანი გაუმართე, ნახნავ–ნათესს ბარაქა დაუყენე. ქვრივ–ობოლი იყოს, საწყალ–საბრალო, მიეც ნუგეში, ძალი ჭირთა დათმენისა, შენ გაამრავლე ყმანი შენი..."

სიტყვა " ხევისბერი" აკრთობთ?! როგორც უკვე ვთქვი უმღვდელო კუთხეში, მთიულეთში თუ დეკანოზს ეძახდნენ წმინდა ერისკაცს, რომელიც ღმერთს შეავედრებდა თავის მოყვასს, ფშავში ხევისბერს ეძახიან. ანდა ხევისბერის ლოცვა რად გვიკვირს, განა ჩვენ თვითონ სხვებისთვის არ ვლოცულობთ დილა-საღამოს: პატრიარქისთვის, სამღვდელო პირებისთვის.

ქრისტიანი ხევისბერის ლოცვა გვიკვირს?! განა უფალი გულს არ უყურებს, განა უფალმა არ შეიწირა წარმართი კორნილეოს ასისთავის ლოცვა: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა, -უთხრა მას უფლის ანგელოზმა და ღმერთმა მას მოსანათლად მოციქული პეტრე გამოუგზავნა, რომელმაც ტომით იტალიელ წარმართ ასისთავს უთხრა: მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად...

კიდევ ერთხელ ხევისბერზე ვიტყვი: ბარში თუ თავად-აზნაურობა იყო, მთას ბატონი არ ჰყოლია, ერთი ზურაბ ერისთავმა სცადა მთის დამორჩილებაა, და ისიც დამარცხდა. მთის ხალხი მხოლოდ ქართველი მეფეების უნჯი ყმები იყვნენ. ფშავის თორმეტ თემს არჩეული თორმეტი ხევისბერი და საბჭო მართავდა. ხევისბრები იყვნენ ფშაველთა წარმომადგენლები გარესამყაროსთან ურთიერთობაში.

ხევისბრობა მემკვიდრეობით არ გადადიოდა, მას თავად ხატი ირჩევდა. "სამი დღისა იყო მამაჩემი, როდესაც სინათლის სვეტი წამოვიდა ზეციდან და სახეზე დაადგა; მისი წინაპრები ხევისბრები არ ყოფილან მაგრამ თავად ხატმა გამოარჩია. ანგელოზმა ასწავლა ლოცვა, წესის აღსრულება და საერთოდ ყოველივე"-ამბობს თეკლე ბადრიშვილი (იხილეთ:ხევისბრის ინსტიტუტი ფშავში).

"ხევისბრად არჩევა მისტიკური პროცესია- აღნიშნავს იახსრის ხევისბერი ლაზარე ელიზბარაშვილი-ხატი მას აარჩევს , ვინც ხალხში გამორჩეულია თავისი ავტორიტეტით , წესიერებით , პატიოსნებით. ეს წმინდა საიდუმლოა, რომელსაც წინ უძღვის შეგრძნებები, წვალება, ტანჯვა; ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა, ჯვარი რომელიც შენ უნდა ზიდო. ჩემი მამა-ბიძები ხევისბრები იყვნენ. ახლა მარტო ვემსახურები ხატს, მინდა რომ დამხმარე მომივლინოს, მაგრამ მე არაფერი შემიძლია, ყველაფერი უფლის ნებაა"

ხევისბერს წმინდად ცხოვრება მოეთხოვებოდა. ხატობის წინ რამდენიმე კვირის მანძილზე ის საბეროში ცხოვრობდა. ეს იყო სპეციალური ნაგებობა ხატის ტერიტორიაზე. ძველად , გადმოცემით , ხევისბრები წლობით ცხოვრობდნენ საბეროში. მათ არ შეეძლოთ ღორისა და ქათმის ხორცის, კვერცხის , ნანადირევის ჭამა; მის სამყოფელში ქალი ვერ შევიდოდა; პურსაც კი არ სჭამდნენ ისეთი ქალის გამომცხვარს, რომელიც ხნიერი არ იყო. ხატობის წინ ხევისბერი რამდენჯერმე განიბანებოდა , ფეხშიშველი არ გაივლიდა იქ სადაც ქალები დაიარებოდნენ. განსაკუთრებით უნდა მორიდებოდა მელოგინე ქალს.

ეჰ, რამდენი ეკლესიური ქრისტიანი ვართ, რომელიც წირვის და უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარების წინ და მერეც ასე წმინდად რომ ვინახავდეთ თავს.

კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ პატივცემული მამები, მთაში არავინ ფიქრობს რომ საკლავის დაკვლა და სისხლის დაღვრა მაცხოვრის მსხვერპლშეწირვას ჩააანაცვლებს. არამცდაარამც, ხევისბერის ლოცვა წირვა-ლოცვას ვერ ჩაანაცვლებდა (ამის პრეტენზია არცა ჰქონდათ) თუმცა ხალხს შეავედრებდა უფალს. ხატში ავლენილ ლოცვას დიდი ძალა ჰქონდა, მრავალი სასწაულიც ხდებოდა. ცხონებულ დეიდაჩემს ხშირად უთქვამს, სამი წლის კუტმა ლაშარის ხატის კარზე გავიარეო. საბჭოთა პერიოდის ხევისბერები ხშირად ჩამოდიოდნენ მცხეთაში და ეზიარებოდნენ. და იმ მადლს მთაში დარჩენილ ქართველებს უზიარებდნენ.

ცალკე მსჯელობის საგანია, სიტყვა "ხატის" მნიშვნელობაც. თუ წავიკითხავთ ხევისბერების და დეკანოზების ლოცვებს, მათში დავინახავთ, ძველი ქრისტიანული, საეკლესიო ლოცვების ანარეკლს. დიახ ანარეკლს! ზოგი ლოცვა ისეთი ლამაზია, ექსპრესიული. დამატკბობელი. მოკლედ უნდა გიყვარდეს მთა, უნდა გარკვეული ხანი იცხოვრო მთიელი კაცის მძიმე, ცხოვრებით,უნდა შეძვრე მთიელი კაცის ტყავში, რომ მიხვდე ამ ნიშ-ხატების მნიშვნელობას და იქ ავლენილი ლოცვის მადლს. ბარში მღვდლობა ადვილია, ხოლო ძალზე ძნელია, მთაში, 25 გრადუსიან ყინვაში ემსახურო ღმერთსა და ხალხს. ამიტომაც ცოტაა მთიულეთში სამღვდელო პირნი. მაგრამ, ვიღაცამ ხომ უნდა შეავედროს ღმერთს საწყალი მთიელები?! საუბედუროდ, დაცარიელდა მთა და უკვე თითქმის აღარც ხევისბერნი დარჩნენ და აღარც დეკანოზები, აღარც ქადის გამომცხობი და არც ის ვინც სანთელს ჩამოქნის.

რაც შეეხება ნიშებს, მამა N-ი კერპებად რომ თვლის: ბარში გადმოსახლებული მთიელები მამა პაპის სალოცავში ხშირად ვეღარ ახერხებდნენ ასვლას, ამიტომ თავ-სალოცავიდან ჩამოიტანენ ხოლმე ქვას, და მასზე ააგებენ ხატის ნიშს, სადაც წმინდა ხატებს დაასვენებდნენ. სადაც სანთელს აანთებენ და საკლავსა კლავენ. ხშირად ნიშები იქ მომხდარ რაიმე სასწაულს უკავშირდება. მეფე ერეკლემ და ანტონ კათალიკოსმა კი უბრძანეს ეპისკოპოსებს კერპები, ხეები, ნიშები აღმოეფხვრათ, მაგრამ მათ მერე უკვე სამი საუკუნე გავიდა და, თვით მეფის რუსეთის ბატონობის დროსაც ცუდად არავინ შეხებია მთისა და ბარის სალოცავებს.

რაც ალავერდში უამრავ რჯულიან-ურჯულოს საკლავი დაუკლავს, ნუთუ საუკუნეების მანძილზე არ გამოჩნდა ერთი ალავერდელი მღვდელმთავარი ეს აეკრძალა. ასევე ქაშუეთში, შუა ქალაქში, ისევე როგორც თელეთში, ჩარდახიანი ურმებით ჩამოდიოდნენ მორწმუნენი, ჩამოჰყავდათ ზვარაკი, შესწირავდნენ წმინდა გიორგის ტაძრის გვერდით და შეავედრებდნენ საკუთარ თავს და სრულიად საქართველოს, ნუთუ ერთი თბილელი მღვდელმთავარი არ გამოჩნდა ამ "წარმართული" წესის ამკრძალავი?!

შესაწირავი საკლავი ცოცხლად უნდა შესწიროო, ანდა გასუფთავებულიო- ამბობს პატივცემული დეკანოზი ამ პოსტში (მისი სიტყვების ჩემეული პერიფრაზია-კ.კ.). აბა რა ვთქვა: თუ ბარში საკლავს ეკლესიას შევწირავთ და ხშირად მას ეკლესიის ეზოში, და თუნდაც მოშორებით დაკლავენ, ნუთუ მას სისხლს არ ადენენ ეკლესის მორჩილები, ნუთუ მის ხორცს არ მიირთმევენ. პირუტყვს პითონის გარდა ცოცხლად ვერავინ ყლაპავს. თუ მთიელმა საკლავი დაკლა - ეს კერპთაყვანისცემაა და ხოლო თუ ეკლესიის მორჩილები დაკლავენ - ეს ღვთისმოშიშებაა?! მართლაც, რომ უცნაური ლოგიკაა?!

ერთხელ იესოსთან წმინდა იოანე მოციქული მივიდა და უთხრა: მოძღვარო, ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი სახელით დევნიდა ეშმაკებს და ჩვენ არ მოგვყვება; და ვუშლიდით მას, რადგან არ მოგვყვება ჩვენ. ხოლო იესომ უთხრა: ნუ დაუშლით მას, რადგან არავინ არის, ვინც მოახდენს სასწაულს ჩემი სახელით და შეძლებს ცუდი თქვას ჩემზე; რადგან, ვინც არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ის ჩვენსკენ არის. ვინც გასმევთ თქვენ სასმის წყალს ჩემი სახელით - რადგან ქრისტესნი ხართ - ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ მოიბას წისქვილის დოლაბი თავის ქედზე და ჩავარდეს ზღვაში (შდრ: წიგნი მარკოზისა 9,38-42; ლუკა 9, 49-50).

დიახ, ჩვენი მთიელი ხევისბერები და დეკანოზები, ქრისტეს სახელით ლოცულობენ, ისე როგორც იციან და ღმერთიც შეიწირავს მათ ლოცვას და სასწაულსაც მოუხდენს. ხევისბერები და დეკანოზები ის ქრისტიანი ერისკაცები არიან, რომლებიც იესოს სახელით ჭიქა გრილ წყალს გვასმევენ. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ისინი საკლავის დაკვლით გვაცდუნებენ, ქვემოთ მოყვანილი მაგალითებით შევეწინააღმდეგებით

...

საკლავი.

ხშირად ამბობენ, რომ სისხლიან მსხვერპლშეწირვას სჯულის კანონი გვიკრძალავსო. ვნახოთ რამდენად ასეა და ვის უკრძალავს კანონი სისხლის დაღვრას.

სახარებაში არ არის ფორმულირება, რაც პრინციპულად უარყოფს სისხლიან მსხვერპლს. არც მაცხოვრის სიტყვებში, არც მოციქული პავლეს ეპისტოლეებში, რომელსაც ცხოვლად აინტერესებდა ეს თემა. ალბათ სხვანაირად არც იქნებოდა. იმ დროს როცა რიტუალური მსხვერპლშეწირვა გავრცელებული იყო, როგორც წარმართთა, ისე იუდეველებს შორის, მასთან რადიკალური დაპირისპირება სასურველ შედეგს არ მოიტანდა. აკი, მოციქულმა პავლემ საყვარელი მოწაფე იუდაური წესით წინადაცვითა კიდეც, რომ იუდეველები შეეძინა ქრისტესთვის. ალბათ ისაც უნდა გავიხსენოთ, რომ საიდუმლო სერობაზე, ვიდრე უფალი წმინდა ზიარების სადუმლოს დააწესებდა, საბოლოოთ მიირთვა პასექი. პროფესორი ნ.ბარაბანოვი (იხილეთ: Н.Д. Барабанов - БЛАГОЧЕСТИВЫЕ ЗАКЛАНИЯ• ТРАДИЦИИ ПУБЛИЧНЫХ ЖЕРТВОПРИНОШЕНИЙ В ВИЗАНТИЙСКОМ ПРИХОДСКОМ ПРАВОСЛАВИИ) ბრძანებს: "იუდაური მონოთეისტური რელიგია, ღრმად განსხვავდებოდა ბერძნულ-რომაულ სამყაროს საკულტო პლიურალიზმისგან. სწორედ ეს ასპექტი აისახა მოციქული პავლეს ქადაგებებში, რომელიც არა როგორც ასეთი სიხლიანი ცერემონიების წინააღმდეგი იყო, არამედ იმისა, რომ მათ კერპებს უძღვნიდნენ. "აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან, მიმართავს იგი კორინთელებს, და იქვე ქვემოთ აღნიშნავს -არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ.ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა" (1კორ.10, 14, 20, 21). მოციქული თვლიდა, რომ: "ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა" (ებრაელთა მიმართ 10,4). და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჭეშმარიტი მსხვერპლი მრავალთა ცოდვათათვის შეწირული, არის მსხვერპლი იესო ქრისტესი (ებრ. 9,14,28). კლიმენტი ალექსანდრიელიც მოუწოდებდა სულიერ შვილებს, თავი აერიდებინათ დროსტარებისთვის, რასაც მიცვალებულებისადმი მსხვერპლშეწივა მოჰყვებოდა. მალე წარმართულ ცერემონიებთან დაკავშირებით ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, კანონიკური ფორმა მიიღო. "წმინდა მოციქულთა კანონების" მესამე კანონი განგვაკრძალებს: "უკეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ან ხუცესმან თვინიერ უფლისა მიერ განწესებულისა მის შესწიროს სხვაი რაიმე მსხვერპლად საკურთხეველსა ზედა ანუ თაფლი, ანუ სძე, ანუ ნაცვლად ღვინისა თაფლუჭი რაიმე მოპოვნებული, ანუ მფრინველი ანუ ცხოველთაგანი რაიმე, ანუ ცერცვთაი თვინიერ განწესებულისა მის, განიკვეთენ თვინიერ ახალი იფქლისა კონაი და ყურძენი ჟამსა თვისსა, ვინაიცა არა ჯერ არს სხვისა რაისმე შეღებაი საკურთხეველად თვინიერ ზეთისა სანთებელად და საკუმეველისაი ჟამსა წმიდისა შეწირვისასა". თუ ყურადღებას მივაქცევთ, კანონი უკრძალავს ღვთისმსახურს სისხლიან მსხვერპლშეწირვას ტაძრის სივრცეში, საკურთხეველში, რომ ასე არ დაემსგავსოს წარმართ ქურუმს... მაგრამ საერთოდ თუ კრძალავს, მაგალითად ტაძრის გარეთ? ბიზანტიური წყაროები გვიჩვენებენ, რომ ტაძრის გარეთ სივრცეს მორწმუნე საზოგადოება იყენებდა სხვადასხვა ცერემონიებისთვის, მათ შორის სისხლიანი მსხვერპლშეწირვისთვის.

მეექვსე საეკლესიო კრების (ტრულის კრება გაიმართა 691წელს) #99 კანონი გვამცნებს: "და ესეცა ქვეყანასა სომხეთისასა ქმნილად გვესმა, ვითარმედ შინაგან წმიდისა საკურთხეველთაისა ასოსა საკლველისასა შემწუარსა მიართმევენ მღდუელთა აღსრულებითა ჰურიებრივთა წესთაითა, რომლისათვისაც ...განვასაზღვრებთ, რამეთუ არა უღირს მღვდელთაგანსა არავის, განჩინებული ასოი საკლველვისაი მიიღოს შემწირველთაგან, არამედ გარეგნით ეკლესიისა იხუმიონ ეეგევითარი შესაწირავი მათ, რომელთაი ენებოს შემწირველსა მას. ხოლო უკეთუ არა ესრეთ ჰყოფდეს ამას, უზიარებელ იქმენინ".

"მცირე სჯულის კანონი" რომელიც თარგმნა და ქართული ეკლესიისთვის შეადგინა წმინდა ექვთიმე მთაწმინდელმა, ტრულის კრების ამ კანონს ერთგვარ განმარტებასაც ურთავს: "ხოლო თუ საკლველსა დაკვლიდეს, ლოცვისა წართქმაი საკლველსა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თვით იგი, რომელი დაჰკვლიდეს, მადლობაი თქუას და დაკლას, გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაი და დაკლას გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ხორცი იგი გინათუ მგბარი, გინათუ უმგბარი განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარეშე ეკლესიისასა, და მღვდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიც ჯერ უჩნდეს სახსენებელისა მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდახდენ და ძველითა შჯულითა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაი დასაჯოს".

რეალობა კი ასეთია, როგორც ძველ ბიზანტიაში, ისე ახლანდელ საბერძნეთშიც (იხ. ქვემოთ) "მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო და რჩება ხალხური რელიგიურობის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმად, თავისთვის დამახასიათებელი თვისებებით და ღვთისმოსაობაზე წარმოდგენებით. მღვდლის ან ეპისკოპოსის მონაწილეობა, აგრეთვე სპეციალური ლოცვების წაკითხვა შეწირული ხორცის კურთხევისთვის აძლიერებდა მოქმედების ქრისტიანულ კოლორიტს, ამ შემთხვევაში არ იცვლებოდა საქმის არსი.. " (ნ.ბარაბანოვი). ამასთან, ბიზანტიაში არსებობდა "წესი ლოცვისა ცხვრის ფარაზე, ხარებზე და ყველანაირ ცხოველზე". რომლის აღსრულებისას აქტიურად გამოიყენებოდა ტაძრის შინაგანი სივრცე (მაგალითად შესაწირავი ცხოველი შეჰყავდათ და აყენებდნენ იმ წმინდანის ხატის წინ, რომლის საპატივცემულოდ იკვლებოდა საკლავი. საკლავს ჰკლავდნენ ტაძრის საკურთხეველის ჩაყრისას (არა ყველგან, და არა ყოველთვის), ასევე ტაძრის კურთხევისას, ისე როგორც მოხდა აია სოფიას ტაძრის კურთხევისას.

სამართლიანად შენიშნავს ბატონი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი — ქართველი დიპლომატი, ფილოლოგი და ისტორიკოსი: იმპერატორი იუსტინიანე I რომელიც არ ერიდებოდა წარმართობის ძალადობრივად აღმოფხვრას ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში, და იგი როგორც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, კონსტანტინეპოლში 537 წლის 22 დეკემბერს აია სოფიას ტაძრის კურთხევისას, მონაწილეობდა პროცესიაში,რომელმაც სასახლიდან ავგუსტეიონის კარამდე, ახლადაგებული ტაძრის ახლოს მდებარე ადმინისტრაციულ ცენტრამდე მიაღწია. ამის შემდეგ ტაძრის სიახლოვეს დაიკლა: 1000 ხარი, 6000 ცხვარი, 600 ირემი, 1000 ღორი, ასევე რამდენიმე ათეული ათასი ქათამი და მამალი, რომელიც 30000 საწყაო ხორბალთან ერთად დაურიგდა ღარიბებს. დღესასწაული მსხვერპლშეწირვებით გაგრძელდა 06 იანვრამდე-ნათლისღებამდე.


აქვე გავიხსენებთ წმინდა ნიკოლოზ პინარელის ცხოვრებას (архимандрит Антонин (Капустин) - Св. Николай, епископ Пинарский и архимандрит Сионский) .

იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს ლუკიაში, ქალაქ მირონთან ახლოს მდებარე წმინდა სოფიას მონასტერში მოსაგრეობდა წმინდა მამა ნიკოლოზი, რომელიც შემდგომ მოხუცებულობის ჟამს ქალაქ პინარის ეპისკოპოსი შეიქმნა. წმინდა მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მისი ცხოვრება წააგავდა წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ცხოვრებას, და ალბათ იმის გამოც რომ წმინდა ნიკოლოზ პინარელის ხსენება 10 დეკემბერსაა და წმინდა ნიკოლოზის 06 დეკემბერს. მეცნიერების აზრით, მომდევნო საუკუნეებში მათი ბიოგრაფიები ერთ წმინდანში წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელში გაერთიანდა. ამით აიხსნება, ერთი ისტორიული შეუსაბამობა წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში, რომელიც მოგვითხრობს, რომ წმინდა ნიკოლოზმა პრესვიტორობისას მოილოცა პალესტინა, მაცხოვრის საფლავი, უკან რომ დაბრუნდა ეპისკოპოსად აკურთხეს და დიოკლიტიანეს და მაქსიმიანეს დროს ქრისტესთვის საპყრობილეშიც იყო ჩაგდებული. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღდგომის ტაძარი 335 წლის 13 სექტემბერს აკურთხეს, დიოკლიტიანეს და მაქსიმიანეს მმართველობიდან 30 წლის შემდეგ, ეს ამბავი კი წმინდა ნიკოლოზ პანარელის ცხოვრებას მიესადაგება, რომელიც მოგვიანებით ცხოვრობდა და ფრიად პოპულარული იყო თანამედროვე საზოგადოებაში.

როცა წმინდა ნიკოლოზ პინარელი სიონის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, მთელს ლუკიაში ჭირი გავრცელდა, ამიტომ ხალხი უფრთხოდა ქალაქ მირონში შესვლას და იქ სასოფლო პროდუქტების შეტანას. ხალხი დამშივდა. ჭორი გავრცელდა, რომ სწორედ სიონის წინამძღვარი ნებას არ აძლევს გლეხებს მირონში შევიდნენო. მთავარეპიკოპოს ფილიპეს წაქეზებით, ხელისუფლება მის დაჭერას აპირებდა. ორი სამღვდელო პირი გააგზავნეს, მაგრამ წმინდანი მათ არ გაჰყვა. მაშინ ღმერთმა ინება განედიდებინა თავისი წმინდანი, რომელიც ტრაგალასოსში, მთავარანგელოზ მიქაელის ეკვდერში წავიდა და იქ ეკვდერის სიახლოვეს ორი ხარი დაკლა, ხალხი მოიწვია და გაუმასპინძლდა. ამით წმინდანმა სათავე დაუდო მსხვერპლშეწირვათა სერიებს, რომლებიც ჭირისაგან განრინების გამო ღვთის მიმართ სამადლობელოდ აღესრულებოდა. პირველი მსხვერპლი მთავარანგელოზის ეკვდერთან, მას მერე შესწირა, რაც მთავარანგელოზი მას გამოეცხადა და ლუკიაში ჭირის გავრცელების საფრთხეზე გააფრთხილა. შემდეგ წმინდანი აკალისში წმინდა იოანეს მონასტერში წავიდა, სადაც ხუთი ხარი დაკლა, ხალხი მოიწვია და განაძღო. შემდეგ სულიწმიდით შთაგონებულმა წმინდანმა ყველა ახლომდებარე ეკლესია მოინახულა და თექვსმეტი ხარი შესწირა. იმავე დღეებში ღირსი ნიკოლოზი დაბა პლენასთან მდებარე წმინდა გიორგის ეკვდერში გაემგზავრა. აქ პროცესია მოაწყეს დაბიდან ეკვდერამდე, რომლის მონაწილეები იყვნენ ადგილობრივი სამღვდელობა მრევლთან ერთად, რომლებიც ჯვრებით, ანთებული სანთლებით და საგალობელთა გალობით მიდიოდნენ და თან მიჰყავდათ შვიდი ხარი. როცა ეკვდერთან მივიდნენ წმინდანმა ხარები მსხვერპლად შესწირა და შემდეგ ორას კაცს გაუმასპინძლდა ხორცით, ღვინით და პურით. შემდეგი მსხვერპლშეწირვა ორი წლის მერე აღსრულა. ამის მიზეზად ჰაგიოგრაფი წმინდა ნიკოლოზისადმი სულიწმიდის გამოცხადებას ასახელებს, რომელმაც მას ურჩია, ახლომდებარე ეკვდერები მოენახულებინა და თითოეულ მათგანში ღვთის სადიდებლად უღელი ხარი შეეწირა. წმინდანმა მონასტრიდან წაიღო პური, ღვინო, წავიდა კარკაბოში და წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის ეკვდერთან სამი ხარი შესწირა და ხორცით ხალხს გაუმასპინძლდა, შემდეგ კავსასეში წმინდა თეოდორას ეკვდერთან ორი ხარი დაკლა, ორი ხარი შესწირა ნეა კომაში, წმინდა მთავარანგელოზთა ეკვდერთან. ასევე პარტაისესი, წმინდა აპიფიანეს ეკვდერთან, სიმბოლეში წმინდა დიმიტრის ეკვდერთან, ნავტინეში ღვთისმშობლის ეკვდერთან და სერინაში წმინდა ირინას ეკვდერთან ორ-ორი ხარი დაკლა. წყვილ-წყვილი ხარი დაკლა ტრევანდასეში, მთავარანგელოზის ეკვდერთან, კასტელონეში, წმინდა ნიკოლოზის ეკვდერთან, იმალისეში, წმინდა მელისას ეკვდერთან. სულიწმიდის დავალების აღსრულების შემდეგ წმინდანი თანამგზავრებთან უკან დაბრუნდა სიონის მონასტერში. მის მოგზაურობას ოცდახუთი დღე მოუნდა. სულ ცამეტ ეკვდერთან 59 ხარი დაიკლა. როგორც წმინდანის ცხოვრებიდან ჩანს სახალხო სისხლიანი მსხვერპლშეწირვა მეექვსე საუკუნეში ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე მაგალითად, პროკოფი კესარიელი, როცა აღწერს ანდრია მხედარის გმირობის ამბავს, ამბობს მან მოწინააღმდეგე ისე დაკლა "როგორც სამსხვერპლო ცხოველიო". ჰაგიოგრაფი უჩვეულოს ვერ ხედავს იმაში რომ ამ ცერემონიის ინიციატორი მონასტრის წინამძღვარია, რომელიც ორი ტიპის მსხვერპლს შესწირავს: პირველს, აღთქმის მიხედვით, რომელიც მან შავი ჭირის ეპიდემიისას დადო და ღმერთს გადარჩენა შესთხოვა. მეორეს, ღვთისმოსავ მსხვერპლს, როცა სულიწმიდის ნება აღასრულა და მოისურვა ღვთის განდიდება. აქ იკვეთება დაფარული მიზნებიც: სიონის მონასტრისა და მისი წინამძღვრის ავტორიტეტის ამაღლება და გამოჩენილი ქველმოქმედებით სოფლის მოსახლეობაში ქრისტიანული რწმენის განმტკიცება. წმინდა ნიკოლოზს ამ დროს სამღვდელო ხარისი არ ჰქონდა მიღებული. თანაც ის აღთქმას ასრულებდა და ქმედებებში თავისუფალი იყო. ვიდრე მღვდლები, რომელთაც სისხლიან მსხვერპლშეწირვას საეკლესიო კანონები უკრძალავდა. სიტყვა" დაკლა" არ ნიშნავს, რომ წმინდა ნიკოლოზი თვითონ კლავდა ცხოველებს, თუმცა გამორიცხვაც არ შეგვიძლიან, ის უფრო ორგანიზატორი იყო ამ პროცესისა. როგორც ბარაბანოვი ბრძანებს, შემდგომში როცა ეკლესიაში შენაწირები გაიზარდა, როგორც მოწმობს ახალბერძნული ეთნოგრაფია, სამღვდელო პირნი თავს ნებას აძლევდნენ, მონაწილეობა მიეღოთ მსხვერპლშეწირვაში. ცერემონიის კულმინაცია იყო საერთო ტრაპეზი, სადაც ბევრი იყო წმინდა ნიკოლოზის და მონაზვნების მორთმეული პური და ღვინო. ეს ტრაპეზიც და მსხვერპლშეწირვაც ერთ-ერთი ფორმა იყო მისიონერული ღვაწლისა იმ დროინდელ ნახევრად წარმართულ საზოგადოებაში. სისხლიანი მსხვერპლშეწირვის მნიშვნელოვანი პარალელიც იძებნება კათოლიკური ეკლესიის მისიონერულ პრაქტიკაშიც. რომის პაპი გრიგოლ მეექვსე აბატ მელიტისადმი 601 წლის 18 ივლისს გაგზავნილ წერილში ეხება რა ანგლების ქრისტიანიზაციის ხერხებს, სხვებთან ერთად ესაც მისწერა: "ნუ მისცემ მათ საშუალებსა ეშმაკს მსხვერპლად შესწირონ ცხოველები (იგულისხმება წარმართული ღვთაებები), ოღონდ თავად გამოიყენონ ისინი საკვებისთვის, და მადლობა შესწირონ ყველა ქმნილების შემოქმედს მისი გულუხვი საჩუქრებისთვის".

მას მერე 1400 წელზე მეტი გავიდა.

დღეს, ინტერნეტ სივრცეში წააწყდებით ვიდეოებს საბერძნეთის ქუჩებში, მუსიკის თანხლებით დასაკლავად, რომ მიჰყავთ სამსხვერპლო ხარები, დაბანილი, დავარცხნილი, ყვავილებით და ლენტებით მორთული, ან სამსხვეპლოდ გამზადებული თეთრი ცხვრები, წითელი საღებავით მოხატულები, რაც მათ მომავალ სისხლის დაღვრას მიანიშნებს. სამსხვერპლოდ ყიდულობენ ან ზრდიან ხარს, ცხვარს, უვლიან, ხარს გუთანში არ შეაბავენ. საკლავს კლავენ სოფლის ეკლესიის, ან ეკვდერის წინ, ხეების ჩრდილ ქვეშ, სადაც ხშირად მოედინება სასწაულთმოქმედი წყარო. საბერძნეთისგან იზოლირებულ კაბადოკიის თემებში, მაგალითად ფარასაში, სადაც დაიბადა წმინდა პაისი ათონელი, მეოცე საუკუნემდე შემორჩა ტრადიცია, ეკლესიის დასავლეთ მხარეს, იდო სამსხვერპლო ქვა, სადაც კლავდნენ საკლავს. დღეს საბერძნეთში, წირვას შეიძლება დაემთხვეს ან მოჰყვეს პირუტყვის მსხვერპლშეწირვა. ამის გარდა, საკლავი შეჰყავთ ეკლესიაში იმ ხატის წინაშე წარსადგენად, რომლის სახელზეც იკვლება. თრაკიაში წმინდა გიორგისათვის შეწირულ თეთრ ცხვარს მთელი ღამე ათენებინებენ წმინდანის ხატის წინ. საკლავი შეიძლება აიძულონ გადაახტეს ტაძრის ზღურბლს რათა მან "გაიგონოს" მღვდლის მიერ ნართექსში წაკითხული ლოცვა. ნართექსში შეაქვთ საკურთხებლად მოხარშული ხორცის პირველი ნაჭრები. საკლავს სწირავენ პირუტყვთა მფარველ წმინდანებს: წმინდა მოდესტს, ვლასის, მამანტს, ტარასის. და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა წმინდა გიორგის. ამის გარდა საბერძნეთის კუნძულებზე, წმინდა გიორგი მეღვინეობის მფარველადც ითვლება. წმინდა გიორგისადმი სიყვარული განსაკუთრებით ბერძნულ დიასპორებშია გავრცელებული ყუბანელ ბერძნებში, საქართველოს და კრასნოდარის მხარის ბერძნებში. საკლავს კლავენ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ელიაობას, 20 ივლისს, ან ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა გვალვას დაიჭერს, წმინდა ელიას შესწირავენ საკლავს და წვიმის მოსვლას ევედრებიან. საკლავს შესწირავენ წმინდა პარასკევასაც სამადლობელოდ განკურნებისას და, ანდა შეწევნას ევედრებიან განსაცდელებისას. სამსხვერპლო ხარს რქებზე უმაგრებენ ანთებულ სანთლებს. ლესბოსში წმინდა პარასკევას ხსენების დღეს, ქალები სამსხვერპლო ხარს გადაჰკიდებენ აბრეშუმის ქსოვილებს და სუფრებს, რომ მან ტაძარში მიიტანოს ეს შესაწირი. მღვდელი საკლავზე ლოცვას კითხულობს, უკმევს და ნაკურთხ წყალს ასხურებს. სამსხვერპლო პირუტყვს ერისკაცები კლავენ და ხარშავენ. დაკვლის წინ მსხვერპლს თავს აღმოსავლეთით მიუქცევენ. . ამის გარდა გულმოდგინედ ცდილობენ, რომ დაღვრილი სისხლი სპეციალურ ორმოში ჩაიღვაროს, სადაც ჰყრიან, პირუტყვის არასაჭმელ ნაწილებს და მიწას აყრიან. მსხვერპლის სისხლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს, თითოეული მონაწილე სისხლით თითს დაისველებს და იცხებს შუბლზე, რაც მათი რწმენით მომავალ ყურბანამდე მათ ჯანმრთელობას დაიცავს. ამავე მიზნით სისხლს სხვა პირუტყვებსაც აცხებენ, რომ ისინი გამრავლდნენ. ხორცს ეკლესიის სიახლოვეს ხარშავენ, მღვდელი აკურთხებს ხორცით სავსე ქვაბებს და ნაკურთხ წყალს ასხურებს. ამის შემდეგ დიდი სუფრა იშლება, თავისი წესით და რიგით. აჭარელ ბერძნებში საკლავს კლავდნენ, როგორც დღესასწაულსა წმინდანის ხსენებისას, ასევე თავიანთი გარდაცვლილი ახლობლების მოსახსენიებლად. წალკელი ბერძნები, შეწირულ საკლავს შვიდ მეზობელს ურიგებდნენ.სამსხვერპლო ხარს თუ ცხვარს მღვდელი აკურთხებდა და მასთან ერთად ტაძარს სამჯერ შემოუვლიდა. პირუტყვის სისხლს შემწირველნი, იცხებდნენ თვითონ, სცხებდნენ შვილებს, ასევე ტაძრის კარსა და ზღურბლს...

ეს რაც შეეხება დღევანდელ საბერძნეთს.

...........................................

ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ. დიდად ფასეულია ჩემთვის ჩვენი ორი წმინდა მამის: წმინდა კალისტრატე ცინცაძის აზრი საკლავზე და უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის დადგენილება.

წმინდა კალისტრატე ერთხელ ეგზარქოს ნიკონს შეეკამათა ცხვრის დაკვლაზე:

"ჩვენ გვანადგურებენ, ჩვენ დაგვცინიან იმისთვისაც კი, რომ ჩვენთან ცხვარს ეკლესიების გვერდით კლავენ, ხოლო თვითონ (რუსეთში-კ.კ.) ისეთ უმსგავსობას ურიგდებიან, როგორიცაა რძალ-მამამთილის სქესობრივი თანაცხოვრება!..

ადამიანები სალოცავად დადიან მთაში, სადაც წყაროს წყლისა და სუფთა ჰაერის გარდა არაფერია და, თუ ხალხი იქ ცოცხალ ცხვარს წაიყვანს და არა დაკლულს (გზაში ხორცი შეიძლება გაფუჭდეს), ხოლო ვიდრე შეჭამდეს მას, მსხვერპლს, ხელს დაადებს და ღმერთს ლოცვას აღუვლენს, რა არის აქ დანაშაულებრივი? მართალია, ამას ძრახავს ძველი აღთქმა, მაგრამ ეს გახლავთ ფორმა შინაგანი გრძნობების, მადლიერებისა და ლოცვის გრძნობების გამოხატვისა აკი დიდი ხანია ნათქვამი: "განა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ" (1 კორ. 10.31). რად არის განსაკუთრებულად საძრახისი ის, რომ ადამიანი უფალს ადიდებს ცხვრის ჭამის დროსაც? როცა რუს ეკლესიის სალაროში ორ კაპიკს აგდებს, ეს ღვთის სათნო საქმედ მიგვაჩნია, ხოლო როცა ქართველი ეკლესიას 50-60 კაპიკის საფასურ ცხვრის ბარკალს და ტყავს სწირავს, ეს წარმართობაა, ველურობაა. საგნებს თვალი კი არ უნდა შევავლოთ, უნდა ვუცქიროთ, თან ვუცქიროთ ყოველი კუთხიდან, ჩავწვდეთ მოვლენის არსს და თუ ეს წესჩვეულება ასე საშინელია, ნუთუ თქვენს წინამორბედებს არ უნდა მიექციათ ამისთვის ყურადღება და თავისი სამწყსოსთვის ამ უხეშ ფორმაზე ხელი არ უნდა აეღებინებინათ? დაუკვირდით: დასავლეთ საქართველოში - ეს წეს-ჩვეულება არაა. ეკლესიაში იქაც მიჰყავთ ხოლმე ცხვარიც, ხარიც, მამალიც, მაგრამ არ კლავენ, ცოცხლად სწირავენ ეკლესიას (გნებავთ წაჩხურის მთავარანგელოზი მას მთელი სამეგრელო მოილოცავდა შესაწირავით, ანდა გოგნის "კარუგდებელი" -მას ცხვარსა და მამალს მთელი იმერეთიდან შესწირავენ.იტყვიან -ესენი ცოცხლად სწირავენო, რაო, მერე, იმ ცხვრებს არ კლავენ, სისხლს არ ადენენ?-კ.კ.). აღმოსავლეთ საქართველოში კი ცხვრის ბარკლებისა და ტყავებისთვის სინოდის კანტორა - თეთრი გიორგისა და ანაგის მთავარანგელოზის ეკლესიებს ათას-ათას მანეთს ახდევინებს, ხოლო მარტყოფის ანტონის მონასტერში, ეგზარქოსების საზაფხულო რეზიდენციაში, თვით მეუფეთა თვალწინ კლავენ ცხვრებს".
....

ასევე, იხილეთ "კარიბჭე". 22.03.2015. სადაც წერია:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა. უფლისადმი მადლიერების დღე ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მადლობის ლოცვა და წირვა პირველად სვეტიცხოველში შესრულდება. აღდგომის წინა დღეს, შაბათს მსვლელობა დაიწყება.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, სასურველია, თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. მისივე თქმით, დაიკვლება მოზვერი, 7 ცხვარი და უფალს მადლობას შესწირავენ. ხოლო კვირას, 18.00 საათზე შესრულდება სამადლობელო პარაკლისი და სამღვდელოება ქუჩაში ნაკურთხ წყალს ასხურებს.

"ჩვენ ვლოცულობთ ყოველდღე და გვავიწყდება, რომ უფალს მადლობა შევწიროთ. ათი კეთროვანი მაცხოვარს შეხვდა. მათ შორიდან დაუწყეს ყვირილი და თხოვნა, რომ განეკურნებინა. უფალმა განკურნა, წადით და ეჩვენეთ მღვდელსო. ისრაელში იყო წესი, როცა ადამიანი კეთროვანებისგან განიკურნებოდა, მღვდელთან უნდა წასულიყო და მღვდელს უნდა დაედასტურებინა, რომ ის განკურნებული იყო. როცა კეთროვანები მღვდელთან წავიდნენ, გზაში შეხედეს თავიანთ თავს, რომ განკურნებული იყვნენ. აქედან ერთი მათგანი დაბრუნდა, უფლის წინაშე მუხლებზე დავარდა და მას მადლობა უთხრა. უფალი ეუბნება: ცხრანი სად არიანო. ვერ იპოვეს ძალა თავის თავში, რომ მისულიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის. აი, ეს გვავიწყდება ჩვენ და ეს უნდა გვახსოვდეს. ამ წლიდან, ყოველ წელიწადს აღდგომა დღეს მადლობის პარაკლისი და ლოცვა ღვთისადმი შესრულდება. ყოველი წლის აღდგომა ღვთისადმი მადლიერების დღე იქნება. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც მადლობს უფალს და დიდ მადლს იღებს, დიდ მადლს მიიღებს საქართველო აღდგომის დღესასწაულზე", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

..................................................

აქვე გვინდა გავიხსენოთ ლოცვა, სინას მთაზე დაცული 12-13 საუკუნის კურთხევანიდან:

"მსხუერპლსა ზედა პირუტყუთსა უფლისა მიმართ": უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი შეიწირავ მსხუერპლსა წ (მინდ)ისაგან და შე()უგინებელიზა გონებისა, რ(ომელმა)ნ გუამცენ ჩ″ნ სახსარი ესე შეწირვად შ"ნდა, ვ""ა იგი საყუარელისა შ"ნისა ისაკის წილ ვერძი მიჰმადლე მამათ-მთავარსა აბრაჰამს. შ""ნ აწცა, უფალო, შეიწირე საკუერთხი ესე მონისა ამის შენისგან და ყ(ოვლ)ისაგნ სახლისა მისისა და იყნოსე ეს ს""ლად სურნელებისად, რ" სათნო არს ესე წ(ინაშ)ე წ(მიდ)ისა დ(დიდე)ბისა შ(ენ)ისა. ხოლო დათხევა სისხლისა მისისაი და ჭამაი ხორცისა მისისაი, სავსედ სიპოხითა, წყალ"ბითა შ""ითა გუექმენინ ჩ""ნ, რ", არა ცუდად შეიწირვის ესე, ა""დ მოსახსენებელად მცნებათა შ""ნთა...

აქვე მოსდევს ლოცვა" ტარიგსა ზედა, რაჟამს შესწირვიდენ ეკლესიად".

..............................

ძველ ქართულ სიგელ-გუჯრებში საკლავიც საეკლესიო ბეგარის შემადგენელი ნაწილი იყო. თუმცა ეტყობა ისე უჭირდა მრევლს, რომ სამთავისის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნში საეკლესიო ბეგარად გლეხებს ხუცესისთვის უნდა მიერთმიათ მხარი და ტყავი საკლავისა.

....

წმინდა ათინოგენე

ხშირად გვიფიქრია, საქართველოს მთაში ასე ძალიან რატომ უყვარდათ წმინდა მღვდელმოწამე ათინოგენე. ამის პასუხს, წმინდანის ცხოვრებაში მივაგენით. წმინდანი დიოკლიტიანეს დროს კესარიაში თავის ათ მოწაფესთან ერთად მონასტერში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ისინი ქრისტეს სიყვარულისთვის აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. წმინდა ათინოგენმა ჯალათებს სთხოვა ჩემს მონასტერში მიმიყვანეთ და იქ მომკალითო. როცა მონასტრის ეზოში შევიდნენ, მასთან მოირბინა ირემმა, რომელიც წმინდანს მონასტერში გაეზარდა. ირემმა ბღავილით მიირბინა წმინდანთან და ფეხებში ჩაუვარდა. მღვდელმოწამემ მას უთხრა: "შენ აღარა გყავს ძმები, რომლებიც გამოგკვებავენ. დაე საუკუნო ღმერთმა განგარინოს შენ და შენი თესლი მონადირეთა ხელთაგან. მაგრამ დაე შენი შთამომავლობა მოვიდეს ხოლმე აქ ჩვენი ხსენების დღეს და თავი მისცეს დასაკლავად და საკვებად ღვთის სადიდებლად, მათ, ვინც აქ ჩვენს ხსენებას იდღესასწაულებს". ირემი ცრემლად იღვრებოდა, წმინდანმა მას ჯვარი გადასახა და უდაბნოში მშვიდობით გაუშვა. შემდეგ ილოცა და ჯალათის მახვილს ქედი წარუპყრა. მოხდა სასწაული: ყოველწლიურად, ათინოგენეს ხსენების დღეს სახარების წაკითხვის შემდეგ მოდიოდა ირემი, თავის ნუკრით, რომელიც ეკლესიაში შევიდოდა და თავის ნაყოფს შესწირავდა წმინდანს, ხოლო თვითონ წავიდოდა. ნუკრს იქ მყოფნი დაკლავდნენ და შესჭამდნენ წმინდანისა და მისი ათი მოწაფის მოსახსენებლად და პატივად.

......................................

წმინდა ვლასის სასწაული

მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიის ეპისკოპოსი ქრისტიანების დევნის დროს ჯალათებს ემალებოდა. იგი არა მარტო დიოკლეტიანეს, არამედ ლიცინიუსის დროსაც იმალებოდა ჩრდილო-დასავლეთ კაპადოკიაში არგეოსის უდაბურ მთაზე. მის მწვერვალზე ზამთარ-ზაფხულ თოვლი იდო, ხოლო ძირში, კალთებზე, მშვენიერი ტყე იყო. მღვიმეში დაყუდებული, მუდმივად მომარხულე წმინდანი მოუკლებლად ლოცულობდა. მასთან მიდიოდნენ მხეცები. თუ ამ დროს წმინდანი ლოცულობდა, გაუნძრევლად ელოდნენ, ვიდრე იგი ლოცვას დაამთავრებდა, მერე კი გამოვიდოდა მამა ვლასი და მათ თავებზე ხელებს დაასხამდა, ანუ აკურთხებდა. თუ რომელიმე ცხოველი ავად გახდებოდა, მოდიოდა წმინდანთან და მისგან ხელდასხმული სნეულებისგან განიკურნებოდა. სწორედ მის მღვიმესთან შეკრებილი უამრავი ნადირი შეამჩნიეს წარმართმა მონადირეებმა და ქალაქის თავს მოახსენეს. მან კი რაზმი გაგზავნა მის შესაპყრობად.გზაში წარმართები უცქერდნენ წმინდანის სიმშვიდესა და სიმდაბლეს, უსმენდნენ მის დამოძღვრას, განცვიფრებულნი იყვნენ მისი სასწაულმოქმედების ხილვით და ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოიქცნენ. წმინდანის ლოცვით უფალი კურნავდა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ პირუტყვსაც. როცა ავადმყოფებთან მიჰყავდათ, ის მათ ხელებს დაასხამდა, ლოცვას აღავლენდა და სრულიად ჯანმრთელებს გაუშვებდა ხოლმე. ამგვარი სასწაულების შემდეგ ვლასიმ სახელი გაითქვა არა მხოლოდ სებასტიაში, არამედ ნიკოპოლშიც. სებასტიის სიახლოვეს მცხოვრებ ერთ ღარიბ, ქვრივ დედაკაცს ერთი გოჭის გარდა არაფერი ებადა, იმასაც მგელი მიეპარა, პირი სტაცა და ტყისკენ გააქანა. საწყალი ქალი მწარედ ატირდა, ამასობაში დაინახა, რომ წმინდანი მოდიოდა, ფეხებში ჩაუვარდა და თავის სატკივარი მოუყვა. წმინდანს გაეღიმა და უთხრა: - დედაკაცო, მწუხარებას ნუ მიეცემი, ნუ იტირებ: შენი გოჭი შინ ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდებაო. უთხრა და წმინდანმა გზა გააგრძელა. საცოდავ ქალთან კი იმავე მგელმა მოირბინა; გოჭს პირი გაუშვა და მის წინ უვნებელი დააგდო, თვითონ კი უკან, უდაბნოში გაიქცა. გახარებულმა ქალმა გოჭი გულში ჩაიკრა და ღმერთი ადიდა.

როცა წმინდა ვლასიმ სებასტიას მიაღწია, ქალაქის თავმა, სტანჯა წმინდანი და მერე ბრძანა, ის კვლავ საპყრობილეში ჩაეგდოთ. მაშინ წმინდანის მხნეობით განცვიფრებულმა იმ ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა დაკლა თავისი გოჭი, რომელიც უვნებლად დაუბრუნა მგელმა, მოხარშა თავ-ფეხი, დადო თასზე, შემოუწყო ხილი და ბოსტნეული. დამალა ეს ყველაფერი კალათაში, აანთო სანთელი და ეს კალათა წმინდანს მიუტანა საპყრობილეში. მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა, მისი მიტანილი საჭმელი ეჭამა. ქრისტეს მოწამემ ღმერთი ადიდა და ქალის მირთმეული იხმია; მერე კი ქვრივი აკურთხა და უთხრა:

- დედაკაცო, ყოველწლიურად ამგვარად აღასრულე ჩემი სახსენებელი და ოჯახში რაც კი გჭირდება, არაფერი მოგაკლდება. თუ შენ მსგავსად ვინმე სხვაც აღასრულებს ჩემს ხსენებას, უხვად მიიღებს ღვთის ნიჭებს და კურთხეული იქნება მთელი სიცოცხლე.

ღვთისმოსავი ქვრივი ამგვარი დარიგების მერე დაბრუნდა შინ და ადიდა ღმერთი და მასზე აღესრულა სახარებაში ნათქვამი: "ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა" (მათე 26:13).

მრავალი ტანჯვის შემდეგ ჯალათმა ქალაქ სებასტიის გალავანს გარეთ ერთ ფრიალო კლდეზე წმინდა ვლასის და ორ ყრმას თავი მოჰკვეთა. ეს მოხდა 316 წლის 11 თებერვალს.

როცა წმინდა ვლასის მოწამებრივი სიკვდილის ამბავი შეიტყო, იმ დედაკაცმა, რომელსაც ერთი გოჭი ჰყავდა, შეკრიბა მეზობელ-მეგობრები და წმინდანის ხსენება აღნიშნა. ღმერთმა აკურთხა მისი სახლი ყოველგვარი სიკეთით. მას მიჰბაძეს სხვა ღვთისმოსავებმა, ისინიც ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმინდა ვლასის ხსენებას, ტაძარში სანთელ-საკმეველი მიჰქონდათ, ერთმორწმუნეებს, ღარიბებს და გლახაკებს მოწყალებას აძლევდნენ. მას შემდეგ დაიწყო ეს ღვთისმოსავური ტრადიცია და დღემდე მოაღწია, ანუ იმ ქვრივი დედაკაცის მსგავსად იდღესასწაულება წმინდა ვლასის ხსენება.

...........................
მეშვიდე სასწაული წმიდისა გიორგისი.

ისმინეთ, ძმებო, სხვა საკვირველი სასწაული წმინდა და დიდებული მთავარმოწამე გიორგისი, რომელიც მოხდა ჩვენი კეთილმსახური მეფის თეოდოსის დროს, როდესაც ჩვენს მოდგმაზე ადრე იყო კაბადუკიაში ერთი კაცი,თეოფისტე, ხოლო ეწოდებოდა სახელად მის მეუღლეს ევსებია. იყო იგი კეთილად მორწმუნე და შვიდი წლის დაქორწინებულებს არ ჰყავდათ შვილი.

ერთხელ თეოფისტე თავისი ყანის სახნავად გავიდა ველად. სანამ იგი თავის მონებთან ერთად ხნავდა, მოიწია მისი უღელი ხარისათვის საკვების მიცემის დრო. და მის მონებს მიწაზე მიეძინათ, ხარები კი ძოვდნენ რა ბალახს, ყანიდან გავიდნენ და გაუჩინარდნენ. როდესაც თეოფისტეს გაეღვიძა, ჰკითხა თავის მონას: "სად წავიდა ჩვენი უღელი ხარი?" ხოლო მან უპასუხა: "არ ვიცი, რადგან მეც მიმეძინა". მაშინ ადგა ის კაცი და ეძებდა საღამომდე და ვერაფერი იპოვა. როდესაც თავის სახლში შევიდა, მოუთხრო თავის მეუღლეს: "დავკარგეთ ჩვენი უღელი ხარი!" მან ჰკითხა "სად?" მან მიუგო: "გავუშვით ისინი ბალახის საძოვნელად და ჩვენ ჩაგვეძინა, ხოლო როცა გავიღვიძეთ, ვერ შევძელით მათი პოვნა", მან ჰკითხა: "არ ეძიეთ გულმოდგინედ" ქმარმა მიუგო: "დამიჯერე, რომ ყველა ადგილას ვძებნეთ - ისინი". ქალმა მიაპყრო თვალები ზეცას და თქვა: "მადლობა შევწიროთ კეთილსა და მრავალმოწყალე ჩვენს ღმერთს". მეორე დღეს თეოფისტემ უთხრა თავის მონას: "წაიყვანე ჩვენი სხვა უღელი ხარი და წადი სახნავად, ოღონდ გაუფრთხილდი მათ, ხოლო მე წავალ ჩვენი ხარების საძებნელად".

წავიდა იგი მთელი კვირა და ეძებდა. სახლში რომ დაბრუნდა, თქვა: "ვერაფერი ვიპოვე". მოვიდნენ მისი მეზობლები და დაუწყეს ხუმრობა მას და ამბობდნენ: "აღარ შეგფერის სახლის უფროსობა, რადგან ხარები დაკარგე". შემდეგ უთხრეს მას: "არ თხოვე რომელიმე წმინდანს, რომ დაგეხმაროთ თქვენ და იპოვოთ ისინი?" მან მიუგო: "ყველას ვთხოვე, მაგრამ ვერაფერი ვპოვე". იმათგან ერთმა ჭაბუკმა უთხრა მას: "თხოვე წმინდა გიორგი კაბადუკიელს? გულმოდგინედ იცის დახმარება, რომელმაც ცოტა ზეთისათვის გამოიხსნა კაცი სარკინოზისაგან, ასევე გაპოვნინებს შენს უღლეულს".

თეოფისტემ მიუგო: "სიცოცხლის მომცემია უფალი! თუ ვიპოვე ჩემი ხარები, ერთს დავკლავ და მოვიწვევ მას. მაგრამ გამოჩინებულად ვერ მოვა, რადგან გარდაცვლილია და როგორ შესძლებს ჩვენი მაგიდიდან ჭამას?" ხოლო კაცთმოყუარე ღმერთმა, რომელსაც სწადია ყოველი ადამიანის სიცოცხლე და მისი ჭეშმარიტების შეცნობაზე მოყვანა, ინება განეცხადებინა თავისი მოწამის საკვირველმოქმედება და შერცხვენა იმ მწვალებელთა შემცდარი გონებისა, რომლებიც ამბობენ: "არ არის აღდგომა და შეცნობა მოწამის სწრაფი წყალობისა".

იმ ღამეს ეჩვენა მას წმინდანი და დაუძახა: "თეოფისტე, თეოფისტე"! ხოლო მან უპასუხა: "აქ ვარ, უფალო". წმინდანმა უთხრა: "წადი გზაზე და იპოვი შენს ხარებს, ხოლო რაც მე დამპირდი, სასწრაფოდ შემისრულე: მომიწვიე და მოვალ შენთან". ხოლო მან გაიღვიძა და თავის ცოლს უთხრა: "ასე და ასე ვიხილე". მან უპასუხა: "წადი და გააკეთე, რაც წმინდანმა გამოგიცხადა". იგი წავიდა და გზაზე იპოვა თავისი ხარები, რომლებიც ძოვდნენ. ასე მხიარულ იქნა იგი, მადლი შესწირა მოწამეს და წამოასხა ისინი თავის სახლში. ცოლმა უთხრა მას: "ნუთუ იმ გზაზე საძებნელად არ ყოფილხარ?" უნდოდა მისი შემოწმება. მან მიუგო: "გჯეროდეს ჩემი, რომ მრავალჯერ მივედი იქ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე და არც გზაა გრძელი, სულ ერთი სტადიონია" (125 ნაბიჯი). უთხრა მას ქალმა: "მადლობა ვუთხრათ ღმერთს და დიდებული მოწამეს გიორგის. რაც დაპირდი, სასწრაფოდ შეასრულე". ხოლო მან მიუგო მას: "დავკლათ ერთი თიკანი და და აღვასრულოთ ხსენებაი მოწამისა". და ყვეს ეგრეთ, რამეთუ ეგონათ, რომსაკმარისად მიიჩნევდა მოწამე. , ვითარმედ კმა-იყოს მოწამემან. ხოლო იმ ღამეს წმინდანი ეჩვენა მას და უთხრა: "თიკანზე გინდა ჩემი მოწვევა? გგონია, რომ საკმარისია მარტო თიკანი? რაც დამპირდი, არ შემისრულე. დამიკალი ერთი შენი ხართაგანი და გესტუმრები შენ, თუ არა, იცოდე, რომ ინანებ".

მან გაიღვიძა და მწუხარებამ შეიპყრო და უთხრა თავის მეუღლეს: "ასე და ასე ვიხილე, ახლა კი დავკლათ ცხვარი. ნუთუ კიდევ არ შეიწირავს მას წმინდანი?" ასეც იქნეს და აღასრულეს მოწამის სახსენებელი. იმ ღამეს კვლავ ეჩვენა წმინდანი და დაუძახა მას: "თეოფისტე"! მან უპასუხა: "აქა ვარ". წმინდანმა უთხრა: "ერთი ცხვრის დაკვლაზე გინდოდა ჩემი მოწვევა? თუ არ იცი, რომ მთავარი ვარ და მრავალი მხედრობა მომყვება? ანდა შენ თვითონ არ აღმითქვი? ახლა უკვე შენი უღელი ხარი დამიკალი და დამპატიჟე. მინდოდა ერთი ხარი მეკმარა, მაგრამ არ ვიკმარებ. ორივე შენი ხარი დამიკალი და ღორი და ცხვარი, რამდენიც გყავს. თუ ასე არ გააკეთებ, აღარ შემოვალ შენს სახლში ღორის საჭმელად, არამედ ვითხოვ უფლისგან, რომ შენ და შენი სახლი ცეცხლით დაგწვათ".

და მან გაიღვიძა და ძლიერი შიშით შეპყრობილმა იყვირა დიდი ხმით: "ვაიმე, ვინ არის ეს, რომელიც ძილში მეცხადება და საზარელი სიტყვით მაშინებს? ან მოჩვენება არის რაიმე და მაგიჟებს, რომ ჩემი ქონება ერთბაშად გავანადგურო ღატაკი გავხდეთ მეც და ჩემი მეუღლეც? ან შეიძლება წმინდანისა იყოს ეს სიტყვები: "დამიკალი შენი ყველა ხარ-ძროხა, ცხვარი და მოვალ პურის საჭმელად?" როგორ შეიძლება, რომ მკვდარი ვახშმობდეს? არ ვიზამ ამას, რომ ჩემი სახსენებელი მოვსპო. ნეტავი სულაც არ მეპოვნა ჩემი ხარები!"

მისი მეუღლე ევსებია სიტყვით ნუგეშს-სცემდა და ეტყოდა მას: "ღმერთმა შეგინდოს, რომ წმინდანის გამოცხადებას მოჩვენებად იქნებ თვლი და უპატიო ყოფ წმინდანის წყალობას. ვინ იცის, ჩვენი გამდიდრება აქვს გუნებაში, როგორც სხვები გაუმდიდრებია". ამ სიტყვებით რაღაც ცოტა ნუგეში მიეფინა მის გულს. კვლავ უთხრა მას ევსებიამ: "ისე ჩათვალე, თითქოს არც გიპოვნია ისინი, ან ვითომ ზამთარში დაიხოცა ოცი ცხვარი და ათი ღორი, ვითომც სულაც არა გვყოლია ისინი არასდროს, მით უმეტეს, რომ წმინდანი აპირებს ცეცხლს მისცეს ყველაფერი".

იგი არ უჯერებდა, არამედ დადგა უჭმელად და უსმელად თავს დამტყდარი მწუხარების გამო. ხოლო წმინდა მოწამე იმ ღამეს ეჩვენა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული, ხელში დიდებული ჯვარი ეჭირა და უთხრა: "კაცო, ეშმაკი გყავს შემოჩენილი, ჩემზე ამბობ,რომ მოჩვენება ვარ?" უჩვენა. მას ჯვარი პატიოსანი და ეუბნებოდა: "ჩემი უფლის იესო ქრისტეს ძლიერებას ვფიცავ, თუ ჩემს ბრძანებას არ იქმ, ცეცხლს მოვავლენ ღვთის მიერ და შენ და შენ სახლს ცეცხლით დაგწვავთ". უჩვენებდა მას და ჰპირდებოდა უსასტიკეს სატანჯველებს და უთხრა: "მოიხმე მრავალი მდიდარი და ღარიბი, რომ ემსახურონ ჩემ ტაბლას".

როდესაც მან გაიღვიძა, ძლიერი შიშით იყო შეპყრობილი და კანკალებდა. შემდეგ ხმამაღლა შესძახა: "რასაც მიბრძანებ, ავასრულებ, უფალო ჩემო: არა მარტო ჩემ ცხვარსა და პირუტყვს დავკლავ, მეცა და მთელი ჩემი მონაგებიც შენი არის". უბრძანა თავის მონებსა და ნათესავებს: "დაკალით მთელი ჩემი პირუტყვი, რადგან ასე და ასე ვიხილე". ხოლო ისინი იტყოდნენ: "ალბათ გაგიჟდა და თავისი საცხოვრებლის განადგურება უნდა". ასე დაკლეს ცხვრები, უღელი ხარი და ღორები, მოამზადეს პური და ღვინო, რაც ეყოფოდა ვახშამს. ამ კაცმა მოიპატიჟა ღარიბები და მისი დაბის მაცხოვრებლები რიცხვით ოთხმოც კაცამდე. ასევე მოიწვია მღვდლები და ღამე ათიეს და თქვეს წმინდა გიორგის საგალობლები და აღასრულეს მოწამის ტაძარში საღვთო ჟამისწირვის საიდუმლო, მოვიდნენ სამხრობად, აკურთხეს ტაბლა, დასხდნენ და ელოდნენ წმინდანის მოსვლას.

ამ დროს შეიქნა ძვრა და ძლიერი ჩოჩქოლი და უეცრად გამოჩნდა დაახლოებით ოცდაათი მეომარი ცხენებზე მსხდომარე და ამბობდნენ: "მთავარი ჩვენი მოდის". და სანამ ისინი ამას ამბობდნენ, მოვიდნენ სხვები, მათზე უფრო მრავალი და გამოაცხადეს: "სახლის პატრონო,- მთავარი მოდის, გადი მის შესახვედრად". ხოლო იგი გავიდა დიდი შიშით და ამბობდა: "რა არის, ჩემო ბატონებო?" "ახალი მთავარი, დიდებული და მოდგმით კაბადუკიელი მოდის აქ სამხრობაზე". მან ჰკითხა მათ: "ძნელი არის მთავრის სტუმრობა?" ხოლო მათ მიუგეს მას: "ახლობელი მონა არის მეფისა. მან არა მარტო მთავრის პატივი მიიღო, არამედ ყველაფრის მეთვალყურედ დააყენა იგი". მას გაუკვირდა და უთხრა: "არც პური მაქვს და არც ღვინო საკმარისი, რომ ამათ ეყოთ". და სანამ იგი ამას ფიქრობდა, გამოჩნდა წმინდა მოწამე თეთრ ცხენზე მჯდომარე და ორი ფრიად მშვენიერი ჭაბუკი ახლდა მას იქედან და აქედან. მრავალი ხალხი მოსდევდა მას, ზოგი მხედარი და ზოგი ქვეითად მომავალი. ახლომახლო სოფლებიდანაც იყვნენ მრავლად მოსულნი, ისინი ხმაურობდნენ და ყვიროდნენ: "მთავარი მოვიდა". წმინდანი მოვიდა და უთხრა მას: "გიხაროდეს, თეოფისტე, შენ და ყველა ნათესავს". მათ თაყვანისცეს მას და უპასუხეს: "კეთილად მოხვედი, წმინდაო ბატონო და დიდებულო მთავარო".

მაშინ წმინდანი ჩამოხტა და დაჯდა სამხრობად და უთხრა მას: "როგორც გავიგე, წმინდა გიორგის ხილვა და სტუმრობა გინდოდა.ახლა მის მაგივრად მე მისტუმრე, რადგან მეც გიორგი კაბადუკიელს მიწოდებენ. მაგრამ ნუ ინაღვლებ, რადგან არ დაგიკარგავ შენ შრომას". როდესაც მას ეს ესმა, ცოტა გამხიარულდა და უთხრა: "რამდენს ინებებთ, რომ მოვიდნენ და დასხდნენ სამხრობად?" ხოლო წმინდანმა მიუგო: "აქ კი არა, არამედ სხვა მხედრის სახლში აქვთ განზრახული მაგათ პურისჭამა". უბრძანა ყველას თავიანთ ცხენებზე ამხედრებულიყვნენ და უთხრა: "ნურც თივას, ნურც ქერს ნუ შეეხებით". ხოლო იმ ორ ჭაბუკს უბრძანა, რომ მომსახურებოდნენ ტაბლას და მის წინაშე მდგარიყვნენ. და თქვა: "თეოფისტე, თეოფისტე"! ხოლო მან უპასუხა: "აქ ვარ, ბატონო". წმინდანმა უთხრა მას: "დასხი ყველა შენი მეგობარი, შენ და შენი მეუღლეც დასხედით და სუფრას ეს ორი ჭაბუკი მოემსახურება".

თეოფისტემ უთხრა ჭაბუკებს: "აი, აგერ ღვინის ჭურჭლებია, როცა ისინი დაიცლება, მოხადეთ ეს ჭური". ხოლო მათ აიღეს საღვინენი, რამდენი დაასხეს,უფრო იმატებდა ღვინო. არც ის ჭურჭლები ცარიელდებოდა და არც ჭურს აკლდებოდა. წინ დადებული პური უფრო მატულობდა. ყველამ მოილხინა და გაიხარა. წმინდანმა უთხრა თეოფისტეს: "ხორცი, რამდენიც იყოს, ჭამეთ, ხოლო ძვალი, რამდენიც არ უნდა იყოს, შეინახეთ. არც ერთი არ დაკარგოს ვინმემ, რომ სასტიკად არ იტანჯოს". თეოფისტემ ყურში უჩურჩულა მეუღლეს: "ხომ გითხარი, რომ არა მარტო ჩემს ქონებას შესჭამენ, არამედ მეც და ჩემს მეგობრებსაც ცუდს შეგვახვედრებენ?" ხოლო მან მიუგო: "გაჩუმდი, რადგან არაფერი ცუდი უქნია ჩვენთვის ამ კაცს". იგი გაჩუმდა. როცა იმხიარულეს და გაძღნენ, უბრძანა. მათ წმინდანმა, რომ მოწამის საგალობელი ეთქვათ. ხოლო მათ იგალობეს წმინდანის ჟამნის მეოთხე ხმის გალობა: "ღვთის მიერ შეიქმენი და ღვთისმსახურების დიდებული მსახურად გამოჩნდი, გიორგი, და სათნოების ძნა შეუკრიბე თავს, რადგან ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი ღვარე მოწამეობით შენს და ქრისტე შეიძინე. და ახლა შენი მეოხებით, წმინდაო, მოგვანიჭებ ყველას ცოდვათა მოტევებას".

როგორც კი ეს თქვეს, შესვეს ღვთის დიდებისათვის და ასევე მოწამე გიორგის სახელზე და თქვეს: "ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე" და ადგა ყველა, ხოლო წმინდანი ამხედრდა თავის ცხენზე და ბრძანა: "მომიტანეთ ძვლები", ხოლო ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: "ნუთუ დაითრო და არ იცის, რას აკეთებს". ხოლო თეოფისტემ თქვა: "ალბათ შევეცოდე და უნდა ერთი დრაჰკანის (ოქროს ფული) მოცემა". ძვლები მოიტანეს, მის წინ დაყარეს. მაშინ ქრისტეს მოწამემ თვალები ზეცას მიაპყრო და თქვა: "უფალო იესო ქრისტე, რომელიც შეგიყვარე და რომლის მონა გავხდი, მოაწიე შენი კურთხევა შენს მონა თეოფისტეზე და მის სახლზე. და როგორც გაამრავლე ვარსკვლავნი ცისანი და მიწა ქვეყანისა, ასევე გაამრავლე შენი სიკეთე შენ მონა თეოფისტეზე". და როგორც ეს თქვა, იმ წამს იქმნა ისეთი მიწისძვრა, რომ ყველანი მიწაზე დაცვივდნენ.

გაცოცხლდა ყველა პირუტყვი, სამჯერ მეტი იმაზე, რაც ადრე დაეკლათ. წმინდა მოწამემ უთხრა მას შიშის მომგვრელი ხმით: "მშვიდობა იყოს თქვენთან, იცოცხლეთ" და უეცრად გაუჩინარდა თვალთაგან. იხილა რა ეს დიდებული საკვირველება, ხალხი დიდხანს იძახდა: "უფალო, შემიწყალე". ხოლო თეოფისტემ და მისმა მეუღლემ მოთქმა იწყეს და იტყოდნენ: "რატომ არ მოვეხვიეთ მის წმინდა ფეხებს?" და იძახდნენ ხმამაღლა:"გვაპატიე ჩვენ, უფალო, ცუდი უმეცრება ჩვენი".

ამის შემდეგ მიწაზე მისი ფეხის კვალი ნახეს. რომელიც დაემჩნია წმინდანს მიწაზე, აკრიბეს ის მიწა და მისი შემწეობით უამრავი სასწაული აღასრულეს, ვინაიდან ბრმები, კოჭლები, ეშმაკეულნი, მძაფრი - ტკივილებით შეპყრობილნი და სხვადასხვანაირად დაჭრილნაგვემნი განიკურნებოდნენ.

გახმაურდა ეს სასწაული ახლომახლო ქვეყნებში და ღვთისმსახური მეფე თევდოსამდეც მიაღწია და შესწირეს დიდება ღმერთს.

გაითქვა თეოფისტეს სახელიც მთელ ქვეყანაში, მისი ფარის სიმრავლე სამოცდაათი ათასამდე ავიდა, ხოლო მის ფქვილსა და ღვინოს არ ჰქონდა სათვალავი. ჰყავდა მას შვიდი ძე და სამის ასული და ცხოვრობდა იგი წმინდანის წასვლის შემდეგ კიდევ ოცდაორი წელიწადი. შემდეგ მოიკვეცა თმა და მონაზონად წავიდა, ადიდებდა და მადლობას უძღვნიდა წმინდა მოწამეს გიორგის და ყოვლად ძლიერ ღმერთს, რომლისა არის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლად წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ამონარიდი წიგნიდან: "წმინდა გიორგი ძველ ქართულ მწერლობაში". შემდგენელი ენრიკო გაბიძაშვილი. 1991 წ.

...................

წმინდა ათინოგენე, წმინდა ვლასი და წმინდა გიორგი რომელთაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, და ამისთვის მოწამეობრივად აღესრულენ, აწესებენ ღვთის სამადლობელოდ ცხოველთა მსხვერპლად შეწირვას (ისევ ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს დავესესხებით), რომელიც ერთგვარი სოციალური აქციაა და არანაირად, არავინ არ უტოლებდა და არ უტოლებს ლიტურგიკულ მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს.

............................
ქართული ამბებიც გავიხსენოთ:

აი რატომ სწირავენ ღორებს ნეკრესის სალოცავს.


მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ყოველი დღე, ყოველი საათი მტერს გამარჯვებასთან აახლოებს. საკვებიც გამოილია და ხსნაც არსაიდან ჩანს. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ. მაგრამ როგორ გინდა გაარღვიო ალყა - მტერი ხომ შენზე ათჯერ მეტია და უკეთ შეიარაღებული!

უცბად ჩოჩქოლი ატყდა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადდებულ რაზმში ერთს აზრად მოსვლია, მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. "ეგრე ვქმნათ, ეგრეო", - სიხარულით აიტაცეს სხვებმაც. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისაგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა.

სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ ამ სანახაობას, მერე კი გონს მოვიდნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ "დასალაშქრად" მიექანებოდა და თან ირგვლივ ყველაფერს "უწმინდური" სისხლით ბილწავდა. "ოო, წყეული გიაურები, ეს რა მოიფიქრესო!" - ყვირილით გაიფანტნენ ურჯულოები. ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველების რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ.

ღვთის მადლით, იმ დღეს ყველა გადარჩა - დიდიც და პატარაც.

მას შემდეგ ყოველ წელიწადს, შობა დღეს (იმ დღეს, როცა ეს სასწაული მოხდა) იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთი კვირა გრძელდება. საიდან არ მოდის ხალხი! მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტაძარში შესაწირად ღორები მოჰყავთ. თუმცა ღორის შეწირვა რა გასაკვირია, - აკი "უფლისაა ქვეყანა და სავსება მისი".

........................
ოქუმის ირემი

СМОМПК, 1894, №18, გვ. 229-410, "ჩანაწერები ხალხური ფანტაზიიდან და ყოფიდან" (ტიფლისის და ქუთაისის გუბერნიები): ჩანაწერებში მოტანილია რამდენიმე ეტიმოლოგიური გადმოცემა, თქმულება და ლეგენდა. ირემი: სოხუმის ოლქის სოფელ ოქუმში არის წმინდა გიორგის ეკლესია. მას გარს აკრია კედელი, რომლის შიდა მხარე სულ ირმის რქებითაა მორთული. თურმე 22-დან 23 აპრილის ღამეს წმინდა გიორგის აქ მოჰყავდა ირემი, რომელსაც წირვის შემდეგ მრევლი მიირთმევდა, მის რქებს კი კედელზე კიდებდა. ერთხელაც ირემს მოსვლა დააგვიანდა, ვიღაცამ ჯოხი გადაუჭირა, რატომ დააგვიანეო. წირვის დასრულებისთანავე მრევლმა ის მაინც მიირთვა და რქა ცარიელ ადგილზე

მიაჭედა. ამის შემდეგ წმინდა გიორგიმ შეწყვიტა ირმის გამოგზავნა. ამ გადმოცემას ამატებენ, რომ ერთ თურქს ეჭვი შეპარვია წმინდა გიორგის მოვლენილ სასწაულში და უთქვამს: აბა, წმინდა გიორგიმ ჩემი შავლაქებიანი ხარიც მოიყვანოსო. რა თქმა უნდა, წმინდა გიორგის არ გასჭირვებია არც ეს სასწაული.

................................

"ხანში ირემი მოვიდა"


ქ-ნ ჯულიეტა რუხაძის წიგნში "ხანი იმერეთის ხევსურეთია", ერთ ასეთ თქმულებას ვეცნობით:

ტაბეშაძეების სახლიკაცს წმ. გიორგი გამოცხადებია და უთქვამს: ბეთლემის გამოქვაბულიდან გამომიყვანე და ტაბეშაძეების მხარეში დამასახლეო. რატომო? გაკვირვებია ტაბეშაძეს. ძალა შეგწევს და უნდა წამიყვანოო. კაცმა მამას უამბო. მამას უთქვამს, რომ წმ. გიორგი თავისი ჯვრითა და ბურთითურთ ("თეთრი ქვით") მოესვენებინა. წასულა კაცი და წამოუყვანია წმ. გიორგი. გზაზე ერთხელ კალოზე შეუსვენიათ, მეორედ _ სერზე და მესამედ _ ტყელაში, სადაც ახლა წმ. გიორგის ეკლესიაა. აქ ინება წმ. გიორგიმ დამკვიდრება. ხოლო ყველა იმ ადგილას, სადაც კი ხატი ჩერდებოდა, ხალხმა მის სახელზე ჯვრები აღმართა და ნიშები ააგო. წმ. გიორგის მოსვლის დღიდან დღესასწაული დაწესებულა _ "ველთაობა", რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეზე მოდის, მაისში ან ივნისში, ორშაბათ დღეს, "ვარდობას". დღესასწაულზე, ყოველწლიურად, ირემი მოვიდოდა, ეკლესიას სამგზის შემოუვლიდა, კართან დაწვებოდა და, როცა "დაინაცოხრებდა", ტაბეშაძის კაცი დაკლავდა, წმ. გიორგის შესწირავდა. ერთხელ ირემი თავის დროზე ("თავის ალოზე") არ მოსულა, ხალხს კი შიმშილით სული მისდიოდა. დაგვიანებით მოსულ ირემს ტაბეშაძემ "დანაცოხრება" არ აცალა, "რას ქვია, დეიგვიანეო", და წიხლის კვრით წაუქცევია და დაუკლავს. წმ. გიორგი განრისხებულა და ტაბეშაძეთა გვარი გაწყვეტამდე მიუყვანია. გადარჩენილა მხოლოდ სხვა სოფელში ჩასიძებული ტაბეშაძის აკვანში მწოლარე ვაჟი. ბავშვი სხვა გვარის ხალხს მიუყვანია ტყელაში და წმ. გიორგისთვის შეუვედრებია: "წმ.გიორგი კარუგდებელო, ნუ მოკლავ ამ ბავშვს და მისი გვარი ყოველ წელს ირმის მაგივრად სამწლიან კუროს შემოგწირავსო." წმ. გიორგიმ მიიღო ვედრება და ტაბეშაძეთა გვარი კვლავ აღმდგარა და მომრავლებულა. ამ დროიდან ტაბეშაძეების ყველა ბუნს (ბაბუიშვილს, ხევსურულად, მამიშვილობას) ტყელაში შესაწირავად ხარი მიჰყავს და მიაქვს ზედაშე (ჯ. რუხაძე, ხანი იმერეთის ხევსურეთია, 1989, გვ. 92-94).

.........................................

ილორის წმინდა გიორგი

ყოველ გიორგობას უამრავი ხალხი დაიძვროდა ხოლმე ილორის წმინდა გიორგის ტაძრისკენ. მოდიოდა თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო: აფხაზები, მეგრელები, სვანები, იმერლები, გურულები, რაჭველები, ლეჩხუმლები. ჩამოდიოდნენ საკლავით, სანთელ-საკმევლით. გურულები წინ შესაწირავ ხარს ილორას წამოიმძღვარებდნენ ხოლმე, სვანები ჯგრაგ ილორიშს - ილორის წმინდა გიორგის - სანთელ-საკმეველს სწირავდნენ. მუხლის ჩასაკრეფად ვერ იცლიდნენ ილორის ტაძრის მსახურები - მეხატულეები. ისინი უთუოდ მალიშას, ზერეკიას, მარკელიას, ბჟანიას, მერჭულეს, ჯიგანიას, ხასიას, ხოჭას და კიტას გვარებიდან უნდა ყოფილიყვნენ - ილორის წმინდა გიორგი მათ ჯინჯ (საგვარეულო) ხატად ითვლებოდა. მეხატულეებს ევალებოდათ საკლავის დამწყალობება, ეკლესიის მსახურება და დაცვა, თუმცა კი, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ზღვისგან არცთუ შორს გახლდათ, ზღვა კი სავსე იყო მეკობრეებით, ეკლესიის გაძარცვას ვერავინ ბედავდა.

ილორში, გიორგობას ერთი სასწაული ხდებოდა: დასრულდებოდა გიორგობის მწუხრი. ყველა დატოვებდა ტაძარსა და ტაძრის ეზოს. გამობრძანდებოდა თვით ოდიშის მთავარიც სამღვდელოებასთან ერთად. დადიანი საკუთარი ბეჭდით დაბეჭდავდა გალავნის კარიბჭეს. ყველა გულისფანცქალით ელოდა გიორგობის გათენებას. დილით მთავარი პირველ რიგში ბეჭედს გასინჯავდა, მთელია თუ არაო. ბეჭედი დაურღვეველი ხვდებოდათ, ტაძრის ეზოში შესულნი კი სამსხვერპლო ხარს დაინახავდნენ. ატყდებოდა ზარების რეკვა, ადიდებდნენ უფალს, წმინდა გიორგის და მის სასწაულმოქმედ ძალს. როდიდან ხდებოდა ეს სასწაული, არავინ იცოდა. ზოგი ამბობდა, ადრე ირემი მოდიოდაო ტაძარში, ზოგი კი ასეთ ამბავს ჰყვებოდა: ვინმე უცხოქვეყნელს (ერთი ვარიანტით, თურქს) წმინდა გიორგის სასწაულები ვერაფრით დაუჯერებია და სიცილით უთქვამს: "თუ ეს თქვენი წმინდანი მართლა სასწაულმოქმედია, ორას ვერსზე, სახლში, ხარი რომ დავტოვე, აქ მოიყვანოს; თუ ეს მოხდა, თქვენს ღმერთს ვიწამებო". მეორე დღეს მისი ხარი ილორის ტაძრის ეზოში გაჩენილა. განცვიფრებულ კაცს დაუკლავს პირუტყვი და ხორცი ხალხისთვის დაურიგებია, შინ დაბრუნებულა და რაკი დარწმუნებულა, რომ ხარი მართლაც მისი იყო, ცოლ-შვილი ოდიშში წამოუყვანია, ქრისტეს რჯულზე მოქცეულა და იქვე დასახლებულა.

ხარს ტაძრის ეზოდან გამოიყვანდნენ და ადგილობრივ მკვიდრს დააკვლევინებდნენ. მის ოჯახში ინახებოდა საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილი ნაჯახი, რომელსაც გიორგობამდე ხელს არავინ ჰკიდებდა. ორივე რქა და ხორცის უმეტესი ნაწილი ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა. დადიანი რქებს ოქრო-ვერცხლით შეამკობინებდა და დღესასწაულებზე ამ სასმისებით სვამდა ღვინოს. გადმოცემით, ოდიშის მთავარი იმერთა მეფესა და გურიის მთავარს, თუნდაც უთანხმოება ჰქონოდა მათთან, ყოველ წელიწადს უგზავნიდა სამსხვერპლო ხარის ხორცს.

ამის შემდეგ შეწირულ ხარს სამღვდელოება და ოდიშელი დიდებულები ინაწილებდნენ. ნაწილი, რომელსაც თავად ისურვებდა, კუპრას გვარის უხუცესს მიჰქონდა. ეს პატივი მის გვარს ტაძრის აშენებაში გაწეული ღვაწლის სანაცვლოდ ერგო.

დანარჩენ ხორცს წვრილად დაჭრიდნენ და ხალხს ურიგებდნენ. ზოგი იქვე ჭამდა, ზოგი ახმობდა და ავადმყოფობისას წამლად იყენებდა, რადგან იცოდა, რომ ეს ხორცი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, როგორ დაიჭერდნენ ხარს. თუ პირუტყვი ხატის მსახურებს არ ნებდებოდა, ირქინებოდა და წიხლებს ისროდა, იტყოდნენ, წელს უსათუოდ ომი იქნებაო; თუ მწოლიარეს ან მტვერში ამოგანგლულს იპოვიდნენ, ღომის უხვ მოსავალს ელოდნენ; ხოლო თუ ხარი ცვრით იყო დანამული, იმ წელს ბევრი ღვინო დაიწურებოდა.

ხარის მოყვანის სასწაულზე უცხოელი მოგზაურები და მისიონრებიც მოგვითხრობენ, თუმცა შარდენი და ლამბერტი ამ ამბავს, ცოტა არ იყოს, ეჭვით ეკიდებიან: მეგრელები წინა საღამოს იპარავენ ხარს და ჩუმად შეჰყავთ გალავნის შიგნითო. ამასვე უდასტურებდნენ თურმე ოდიშში მცხოვრები ბერძნებიც. სამაგიეროდ, სასწაული გულწრფელად მიიღო რუსმა მოგზაურმა არსენი სუხანოვმა, რომელსაც შეწირული ხარის რქით ღვინოც კი დაულევია ქართლში.1853 წლამდე სასწაული ყოველ წელს მეორდებოდა. წმ. გიორგი შეწყვეტს ხარის გამოგზავნას მას შემდეგ, რაც ხარს ილორის ეკლესიის გალავნიდან მოიპარავენ. ამიერიდან გამოგზავნილ ხარს შინაური ხარი შეენაცვლა

ამ სასწაულის შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა ჯერ ოდიშის სამთავრო გააუქმა, შემდეგ - აფხაზეთისა და სვანეთისა.

ვრცლად იხილეთ: ოქროს სასწორის მოლოდინში.

..............................................

ქსოვრისის ირემი

თქმულებების თანახმად, ასეთი სასწაული სხვაგანაც ხდებოდა. კერძოდ, ქართლში, ქსოვრისში, ლაშარის წმინდა გიორგის სახელზე აგებულ ტაძარში, ყოველ წელს მოდიოდა სამსხვერპლო ირემი, ოღონდ არა ნოემბერში, არამედ 12 ივლისს, პეტრეპავლობას - იმ დღეს, როცა მთაში ლაშარობა იწყება. ერთხელ ირემს დაგვიანებია და როდის-როდის, დაღლილ-დაქანცულს მოურბენია. დაჭრილი ყოფილა - მონადირეს გამოჰქცეოდა თურმე. გაბრაზებულ ხალხს ირმისთვის დასვენება არ უცლია და დაუკლავს. მას შემდეგ სამსხვერპლო ცხოველი ტაძრის ეზოში აღარ გამოჩენილა.

........

ირემი სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანების თქმულებებში:

ღვთისმშობლის ირემი.

შუამთის მონასტერი თურქების ბატონობის დროს მაღალი მთის იქით იყო ჩამალული და არტუსკენ (ქალაქია საბერძნეთის დასავლეთით) მიმავალი გზის მხარეს მდებარეობდა. მისკენ მიდიოდა ციცაბო და სახიფათო ბილიკი, რომელზე სიარული მხოლოდ თხებსა და ადგილობრივ მცხოვრებთ შეეძლოთ. ძველ დროში მონასტერი განთქმული იყო თავისი კეთილმშვენიერებით, მაგრამ მონობის წლებში, ისევე როგორც ყველა სხვა მონასტერი, ისიც გაღატაკდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას, სავანის უმთავრეს დღესასწაულს, დიდი ზეიმით აღნიშნავდა მოსახლეობა. ამ დღისთვის მონაზვნები ნასუქ მოზვერს ჰკლავდნენ, ხარშავდნენ მონასტრის უზარმაზარ ქვაბებში და ლიტურგიის შემდეგ ყველა მორწმუნეს უმასპინძლდებოდნენ.

თუმცა ერთხანს მონაზვნებმა შეწყვიტეს ტაძრის დღესასწაულის ძველი დიდებულებით აღნიშვნა. მონასტერში ლუკმა ხორციც კი არ ჰქონდათ მომლოცველთა გასამასპინძლებლად. ეს ბევრს აწუხებდა. ხალხი ფიქრობდა, მონაზვნებმა დაკარგეს სტუმართმოყვარეობა და შეწყვიტეს ღვთისმშობლის დღესასწაულის ზეიმით აღნიშვნაო.

- აბა, რა ვქნათ? - პასუხობდა ხალხის საყვედურებს იღუმენი, - მამალიც კი აღარ დაგვრჩა, რომ დავკლათ!

მონასტერში იმ დროს ერთი თეთრწვერა მონაზონი ცხოვრობდა, 80 წლის იქნებოდა. ისიც სხვებთან ერთად სწუხდა მონასტერში შექმნილი მდგომარეობის გამო.

"ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, სასწაული მოახდინე! - დღედაღამ შეჰღაღადებდა ის ღვთისმშობელს, - სასწაული მოახდინე, რათა ადამიანებმა იხილონ, რომ შენ არ მიგიტოვებივართ და არ გაუქრეთ შენდამი რწმენა".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა დღეს მოხუცი მონაზონი თავის კელიაში იმყოფებოდა. უეცრად ხილვა ჰქონდა. გათენდა თუ არა, მაშინვე იღუმენთან მივიდა.

- ასე ადრე რამ მოგიყვანა, მამაო?

- მამაო, სულ ახლახან ღვთაებრივი ხილვა მქონდა. ჩემი კელია აივსო კაშკაშა ნათელით და გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ უეცრად ჩემს წინ ღვთისმშობელი ვიხილე. ის მკაცრად, მაგრამ სიყვარულით მიცქერდა. მისი მზერა ერთდროულად მწუხარებასა და სიმშვიდეს გამოხატავდა. მითხრა: "გადაეცი იღუმენს და ძმებს, წელს ჩემი დღესასწაული დიდად იზეიმონ, რადგან იმაზე ცუდი არაფერია, თუ ადამიანები რწმენას დაკარგავენ. დაე, ჩემს დღესასწაულზე შეიკრიბოს ყველა სოფლის მცხოვრები, მე მათ შორის ვიქნები". თქვა და უჩინო შეიქნა.

იღუმენმა ყურადღებით მოუსმინა მოხუც მონაზონს და ეკლესიისკენ გაემართა. მიძინების დღესასწაულზე უახლოესი სოფლებიდან უამრავი მომლოცველი მოვიდა. ბერის ხილვის ამბავს ერთმანეთს გადასცემდნენ და მალე იგი ოლქის ყველა სოფელს მოედო. მოხუცი მონაზვნის წმინდა ცხოვრება საუკეთესო დასტური იყო ამ ხილვის ჭეშმარიტებისა. თვით ეპისკოპოსიც კი ბერს მისაბაძ მაგალითად თვლიდა.

ბევრი მონაზონი მიდიოდა იღუმენთან და ღვთისმშობლის ნების აღსრულებას სთხოვდა. მიძინების დღესასწაულის განტევებიდან ერთი კვირის თავზე იღუმენმა მონაზვნებსა და სოფლის მკვიდრთ სასიხარულო ამბავი აუწყა:

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და მადლით, ამ წელს მონასტერი თავისი ტაძრის დღესასწაულს სათანადოდ იზეიმებს, ისე როგორც ვიქცეოდით მრავალი წლის მანძილზე. თქვენ კარგად იცით, რომ მონასტერს ახლა მძიმე დრო დაუდგა, ამიტომაც ამჯერად მოზვერს არ დავკლავთ. თუმცა სადღესასწაულოდ კი შევიკრიბებით.

ამ ამბავმა ჩიტივით მიმოიფრინა მთის ყველა სოფელი. როგორც იქნა, ყველა შეიკრიბა ყოვლადწმინდა ქალწულის პატივსაცემად, მის საფარველქვეშ. ეს ამბავი თითქოს კარგი ცვლილებების და კარგი დროის დადგომის მაუწყებელი იყო.

ჯერ კიდევ დღესასწაულის წინა დღეს მონასტრის ეზო ხალხით გაივსო. ჯგუფებად მოდიოდნენ მომლოცველები სოფლებიდან. ყველა ადგილობრივი ღვთისმსახური შეიკრიბა და დაიწყო საზეიმო ღვთისმსახურება. ზღვასავით ხალხი მთის ფერდობზე გაიშალა, რადგანაც მონასტრის პატარა ტაძარს ყველას დატევა არ შეეძლო. უეცრად ტყით დაფარული გორიდან ხმაური მოისმა და გაოცებული ხალხის თვალწინ გამოვიდა... ირემი, რომელსაც ხალხისა საერთოდ არ ეშინოდა და სწრაფი ნაბიჯით მონასტრისკენ გაემართა. ხალხი იმდენად იყო გაოცებული, რომ მისი დაჭერა არავის უფიქრია.

ირემი კი თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰყავდა. ხალხში გაიარა და მონასტრის კარებში გაუჩინარდა. პირდაპირ სამზარეულოში მივიდა და შეჩერდა.

მზარეული დაიბნა. პირველად მან ირემს ცივი წყალი დაუდგა. ცხოველმაც ხარბად შესვა. წყურვილი რომ დაიცხრო, კუთხეში მიწვა და კისერი წასწია, თითქოს დანას მოუმარჯვა.

- ეს ღვთისმშობლის საჩუქარია, - თქვეს მოხუცმა მონაზვნებმა.

ეს მაშინვე იღუმენს ამცნეს. მან ირმის დაკვლა და ხორცის ხალხისთვის დარიგება ბრძანა, ნიშნად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევისა. ასეც მოიქცნენ.

მას მერე, ყოველწლიურად, 8 სექტემბერს, მონასტრის ეზოში შემოდიოდა ხოლმე ირემი, თუმცა არავის უნახავს სხვა დროს მონასტრის სიახლოვეს ეს ცხოველი. ირემი კვლავ სვამდა წყალს, ისვენებდა, მერე კი გვერდზე დაწვებოდა და ყელს გაიწვდიდა.

Явления и чудеса Пресвятой Богородицы – 2002

© IEPA MONH ПАРАКЛНТОУ, 2001 г.

....................................

ჩრდილოეთ რუსეთში.

მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის ჩრდილოეთით ოლონეცკის გუბერნიაში შემორჩენილი იყო წესი პირუტყვის შეწირვისა. გუბერნიის სამხრეთ ნაწილში, მოშის მაზრაში მდებარეობს ტბა, ტბაში ილიას კუნძული. კუნძულზე სოფელში მდებარეობდა წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარი. სადაც ყოველ ელიაობას მიჰყავდათ ხარები და ცხვრები და შესწირავდნენ წმინდა ილიას, რომელსაც პირუტყვთა მფარველად თვლიდნენ. შეწირულ ხარს კლავდნენ, ანაწევრებდნენ, დიდ ქვაბში ხარშავდნენ და მოხარშული ხორცით იქ შეკრებილ ხალხს უმასპინძლებოდნენ. ხარს ყურის ნაწილს აჭრიდნენ და წმინდა ილიას ხატთან დებდნენ ეკვდერში. რომელიც შემდგომში დაიწვა და მის ადგილას ეკლესია ააშენეს. შეწირულ პირუტყვის ყურებს შორის ბევრი ირმისა ყოფილა. როგორც ადგილობრივი უხუცესები ამბოდნენ. ადრე სამსხვერპლო ირემი თვითონ მოდიოდა და შეეწირებოდა.მაგრამ, ერთხელაც ირემს შეაგვიანდა და როცა მოვიდა დაინახა, რომ მომლოცველებს მის ნაცლად ხარი დაეკლათ. ამის მერე ირემი აღარ გამოჩენილა.
დაკლული ხარის ტყავსა და უკანა ფეხს მღვდელს შესწირავდენ. " მე გაოცებული ვიყავი მოშელი გლეხების ღრმა რწმენით ამ წესის ძალის მიმართ, რომლითაც მათი აზრით კეთილგანაწყობენ წმინდანს" -ჰყვება თვითმხილველი. საკლავის დაკლვის ტრადიცია გადაედო ამ გუბერნიის სხვა სოფლებსაც.თითქმის ყველგან, სადაც ეს ტრადიცია არსებობდა, ჰყვებოდნენ ზემოდხსენებული ლეგენდას სამსხვერპლო ირემზე.

Воронов А. Древний народный обычай // Олонецкие губернские ведомости. 1887.

..........................................................................................

სამსხვერპლო ირემი.

ირემი - სიმბოლოა, განდეგილობის, ღვთისმოსაობის და სიწმინდისა ქრისტიანულ კულტურაში. ირემს ხშირად წავაწყდებით წმინდათა ცხოვრებებში. წარმართ ევსტატე პლაკიდას, სწორედ ირმის ფრთებს შორის მდგარი ჯვარცმის სახით გამოეცხადა უფალი და ირმებზე მონადირე პლაკიდა აქეთ თვითონ "მოინადირა".

როგორც ზემოთ ვნახეთ არსებობს ლეგენდა სამსხვერპლო ირემზე. ფილოლოგმა და ფოლკლორისტმა ანდრეი მოროზმა 59 ამგვარი ლეგენდა დააფიქსირა, რომელიც სხვადასხვა ადგილას არსებობდა: ბალკანეთის ქვეყნებში, საბერძნეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, სერბეთში, ქრისტიანულ ალბანეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ რუსეთში, კომის ოლქში, კარელიაში.

ლეგენდა მოგვითხრობს: უძველეს დროიდან, გარკვეულ სოფელში, სატაძრო დღესასწაულზე, ეკლესიაში, ეკვდერთან და რაიმე ნიშთან მოდიოდა ირემი რომელიც ნებაყოფლობით მსხვერპლად გასცემდა თავს. მას იქვე კლავდნენ მომლოცველები, ხორცს ხარშავდნენ და ჭამდნენ. ასე ხდებოდა ყოველ წლიურად, ვიდრე ერთხელაც მკაცრად დადგენილი რიტუალი არ დაირღვეოდა. ამის შემდეგ ირემი აღარ მოდიოდა და ხალხი მის ნაცლად ხარს, ცხვარს, ან სხვა შინაურ ცხოველსა კლავდა. ზემოთხსენებული ლეგენდების დეტალები განსხვავებული გახლავთ: ერთ ვარიანტში ორი ირემი მოდიოდა, აქედან ერთსა კლავდნენ, და მას მერე რაც ორივე დაკლეს, იქ ირემი აღარ მისულა. სხვა ვარიანტში ირემს უნდა დაესვენა, მაგრამ ერთხელაც დააგვიანა, ამიტომ არც დაასვენეს, არც წყალი დაალევინეს დ არც ამოაცოხნინეს, და ასე დაკლეს. ამის მერე ირემი აღარ მოსულა. მესამე ვარიანტში, ირემი მოვიდა და ნახა რომ მის ნაცლად ხარი დაეკლათ მომლოცველებს, წასულა და ეს სასწაულიც შეწყვეტილა. მეოთხე ვარიანტში კი თურქმა ქალმა შებილწა ის ქვაბი რაშიც ირმის ხორცი იხარშებოდა. შემორჩენილია ძველი სლავური-ბიზანტიურ კურთხევანები, სადაც მრავლადაა ლოცვა შესაწირავ საკლავზე სათქმელი. ირემი სხვადასხვა ლეგენდაში, სხვადასხვა დღესასწაულებზე მოდიოდა. ანუ იმ წმინდანს "მოჰყავდა" ვის დღესასწაულზეც ხდებოდა ეს სასწაული. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც ვახსენოთ: ბერძნულ ლეგენდებში ირემი მონასტერში მოდიოდა. ხოლო ჩვენში და სხვა ადგილებში, რომელიმე ტაძარში, ანდა პატივმიგებულ ადგილას. მეცნიერის აზრით ( იხილეთ: А.Б. Мороз –Легенда о жертвенном олене география, варианты, источники,параллели) სწორედ წმინდა ათინოგენეს სიყვარულმა დაჰბადა ეს ლეგენდა.

.............................
როცა იეზებიელის რისხვას გაქცეულმა ელია წინასწარმეტყველმა ქორების მთაზე ერთ-ერთ გამოქვაბულს თავი შეაფარა. უფალმა ჰკითხა: აქ რად ხარო. შესჩივლა წინასწარმეტყველმა: "შემშურდა შური უფლისა ღმრთისა, რამეთუ ისრაელის ძეთ დაგიტევეს, შენი საკურთხეველი დაამხეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსრეს მახვილით. მარტო მე დავრჩი და მეც მეძებენ მოსაკლავადო". უფალმა უთხრა: - გამოდი ხვალ ამ მთაზე უფლის წინაშე. ამოვარდება ქარი, რომელიც მთებსა და კლდეებს დაანგრევს და ამ ქარში არ იქნება უფალი, არც ქარის შემდგომ მიწისძვრაში, უფალს ვერ ჰპოვებ მის შემდგომ ცეცხლში. მერე მოჰბერავს ნიავწვლილი და მასში იქნება უფალიო. მეორე დღეს, უფლის სიტყვისაებრ, დადგა მთაზე წმინდა ელია, დაიფარა პირი ხალენით (მოსასხამით) და დაელოდა ნიავწვლილის მობერვას. გამოეცხადა უფალი და ამცნო - მარტო შენ კი არა, ისრაელში დარჩენილია 7 000 მამაკაცი, რომლებსაც ბაალისთვის მუხლი არ მოუდრეკიათო. კიდევ ერთხელ განსწავლა იგი (და არა მარტო ის, ჩვენც ბოლო ჟამის მოშურნე ქრისტიანები), აჩვენა, რომ მისთვის არ არის ძნელი, ცოდვილთა თავზე ცეცხლის, ქარის, მიწისძვრის მოვლინება, პირისაგან მიწისა აღხოცვა, მაგრამ მისი კაცთმოყვარეობა ამ ნიავწვლილივითაა, რომელიც განაგრილებს კაცთა ცოდვით გახურებულ გულებს (შდრ. მესამე მეფეთა. 9,9-18).
...........................................

სიტყვა გამიგრძელდა, შენდობას ვითხოვ გაცხარებისთვის, ჩემი წერილის დასასრულს ისევ დიდ ვაჟას დავესესხები:

"სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა…
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,
მუდამ მთქმელი ვარ ამისა,
ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა (თუნდაც სამსხვერპლო იყოს-კ.კ.)".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
01.10.2021
საზოგადოების უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და ივანე ჯავახიშვილი არჩევნებში მონაწილეობდნენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat