ვ. როინაშვილი დაიბადა 1879 წლის 25 დეკემბერს დაბა დუშეთში. 1897 წელს ალ. როინაშვილის ხელშეწყობით ჩამოვიდა თბილისში და მისივე სახელოსნოში დაეუფლა ფოტოხელოვნებას. პარალელურად სწავლობდა ხატვას გიგო გაბაშვილის სტუდიაში. 1898 წელს ალ. როინაშვილმა ვასილი, როგორც ნიჭიერი მხატვარი, მოსე თოიძესთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნა პეტერბურგის სამხატვრო სკოლაში. იქ მას პედაგოგობას უწევდა ცნობილი რუსი ფერმწერი ილია რეპინი. დღემდე შემონახულია მისი გრაფიკული ნამუშევრები შესრულებული გ. გაბაშვილის სახელოსნოსა და პეტერბურგის სამხატვრო სკოლაში. ისინი ინახება ვასილის შვილიშვილის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თენგიზ ბერიძის ოჯახში.
ვასილი ყველა მნიშვნელოვან წამოწყებასა და საქმეში გვერდით ედგა თავის მასწავლებელს ალექსანდრე როინაშვილს. იგი იხსენებდა: "ალექსანდრეს გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი მუზეუმი წაეღო მსოფლიო გამოფენაზე საფრანგეთში, პარიზს, რომელიც უნდა გახსნილიყო 1900 წელს. ამისათვის მე დამაწყებინა ორი წლით ადრე ფრანგული ენის შესწავლა". ვასილს თარჯიმნობა უნდა გაეწია ალექსანდრესთვის ევროპაში, თუმცა ეს სურვილი ალექსანდრეს მოულოდნელი გარდაცვალების გამო განუხორციელებელი დარჩა. როდესაც ალექსანდრე დუშეთში აარსებდა სამკითხველოს, ამ დროსაც ვასილი მის გვერდით იდგა და ეხმარებოდა სამკითხველოს საჭირო საგნებით მომარაგებაში.
ალ. როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თხოვნით, ერთი წლის განმავლობაში ვასილი ხელმძღვანელობდა ალ. როინაშვილის ფოტოსტუდიას. ალექსანდრეს მსგავსად ვასილიც ეხმარებოდა ღარიბი ოჯახის შვილებს. ჯერ კიდევ გ. გაბაშვილის სტუდიაში სწავლის დროს მან უარი თქვა დანიშნულ სტიპენდიაზე ორი ობოლი ბავშვის სასარგებლოდ. ისინი ვასილს თავისი ხარჯით სათავადაზნაურო სასწავლებელში მოუწყვია. შემდგომშიც ვასილს არაერთხელ დაუცავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების უფლებები საჯაროდ და გაუწევია მათთვის შუამდგომლობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან დაფინანსების თაობაზე.
ერთი წლის შემდეგ ვასილმა დატოვა თბილისი და დროებით სიღნაღში გადავიდა სამუშაოდ, შემდეგ კი შუა აზიაში, ბუხარაში გაემგზავრა, სადაც ეწეოდა ფოტოგრაფიულ საქმიანობას. შემონახულია ვასილის მიერ გადაღებული შუააზიური პერიოდის ფოტოსურათები.
1901 წელს ვასილი დაბრუნდა საქართველოში. იგი ჯერ კახეთში, სოფ. მატანში, ჩოლოყაშვილებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა და დამკვიდრდა თელავში, სადაც აქტიურად ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას. ამ დროს არის გადაღებული საინტერესო ფოტოები, რომლებზეც ასახულია იმდროინდელი თელავის ყოფითი ცხოვრება, მოქალაქეთა ტიპაჟები, ქალაქის ხედები, რომლის მიხედვითაც დღეს თელავში აღდგა არაერთი უძველესი შენობა-ნაგებობა. 1905 წელს ვასილმა თავისი ბედი დაუკავშირა თელაველ ულამაზეს ქალბატონს სოფიო ნიკოლოზის ასულ ყაზახაშვილს. სოფიო იყო მისი მხატვრული შთაგონების წყარო, რაზეც მეტყველებს სოფიოს ფოტოები გადაღებული უწყვეტად მათი ერთობლივი ცხოვრების მანძილზე. სოფიოს გარეგნულ და სულიერ სილამაზეს აღტაცებაში მოჰყავდა პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ვასილის ოჯახის ახლო მეგობარი იოსებ იმედაშვილი, რაც კარგად ჩანს მის მიერ სოფიო ყაზახაშვილი-როინაშვილისადმი მიძღვნილი ლექსში:
გაზაფხული ხარ ხალისიანი
თუ შემოდგომა ბარაქიანი,
ღიმგაუქრობი მარად მზიანი,
დაუცხრომელი, მხნე და ფხიანი!
რაგინდ იცვალოს გარემოება,
არ გეკარგება მაინც შნოება,
გულთ გიმარხია ყოვლთგამძლეობა,
იმედი, რწმენა და სასოება!
მრავალჟამიერ ნათობდე ქვეყნად,
ვით მზე და მთვარე ჩაუქრობელი,
ქართველო ქალო, ერის სალხენად,
იფურჩქნებოდე დაუჭკნობელი!.."
1910 წელს ვასილმა და სოფიომ თელავში, ნადიკვრის ქ. #5-ში ააშენეს სამსართულიანი სახლი მანსარდით. შენობის არქიტექტურული სტილი აერთიანებდა ქართულ და ევროპულ არქიტექტურულ ელემენტებს. შენობის ფლიგელი და ულამაზესი ეზო გამოყენებული იყო სახელოსნო-პავილიონად. დღეს ეს ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობა სავალალო მდგომარეობაშია და ესაჭიროება დროული აღდგენა. ვ. როინაშვილის სახლი იყო ერთგვარი სალონი, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ვასილ ბარნოვი, იოსებ იმედაშვილი, ნიკო სულხანიშვილი, გიორგი ქუჩიშვილი და სხვა. ზოგიერთ მათგანთან ვასოს (ასე ეძახდნენ შინაურობაში) ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ვასილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კერძოდ, თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან, საბიბლიოთეკო განყოფილებასთან, იყო "ილიაობის" მომწყობი კომისიის წევრი.
ვასილი არ ერიდებოდა მეფის რუსეთის მთავრობისთვის საშიში დაჯგუფების წევრებთან ანუ, როგორც კახელები უწოდებდნენ, "ტყეში გასულ ბიჭებთან" ურთიერთობას (ხარებასთან და გოგიასთან და მათ თანამებრძოლებთან). ვასილი კარგად იცნობდა დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს ზალიკო სვიმონიშვილს. იგი მალულად უღებდა სურათებს შეფიცულებს, ნეგატივები სახლში ჩამოჰქონდა და ამჟღავნებდა, შემდეგ კი ფოტოები ვრცელდებოდა მოსახლეობაში, სადაც დიდი მხარდაჭერით და სიყვარულით სარგებლობდნენ "ბიჭები". ვასილს ამის გამო არაერთხელ შექმნია პრობლემები იმდროინდელ პოლიციასთან. ერთ-ერთი შემთხვევის დროს ვასილი დაპატიმრებას პოლიციის უფროსმა, ეროვნებით რუსმა გადაარჩინა. მისი ქალიშვილი ვასილის მეუღლის, სოფიოს მეგობარი აღმოჩნდა. ისინი ერთად სწავლობდნენ თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, რომელიც ერეკლეს სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
ვასილი მონაწილეობდა ხანმოკლე საქართველო-სომხეთის ომში 1918 წელს კახეთის რაზმის შემადგენლობაში (ამ დროს ვასილი უკვე სამი შვილის მამა იყო), რომელსაც ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. შემორჩენილია ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი რამდენიმე ფოტო.
ვასილ როინაშვილს მოუწია ცხოვრება 1924-37 წლების სისხლიანი რეპრესიების დროს, რომელსაც მისი მრავალი მეგობარი შეეწირა. არსებულმა მძიმე რეალობამ ვასილში გამოიწვია სულიერი გაუცხოება ყველასა და ყველაფრის მიმართ. აქედან გამომდინარე, იგი ცდილობდა მხოლოდ შიდა ფოტოსტუდიური საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული და იშვიათად ტოვებდა საცხოვრებელ ბინას. თუმცა 40-იანი წლებიდან ვასილი ჩვეული ენერგიით კვლავ ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.
1946 წელს თბილისში დაარსდა კინო-ფოტო-ფონო საბუთების ცენტრალური სახელმწიფო არქივი. ახალდაარსებულ დაწესებულებას სათავეში ჩაუდგა ბესარიონ ტაბიძე. 1949 წლის მაისში თელავში მოეწყო ექსპედიცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფოტოსურათების შესაგროვებლად. ამ საქმეში ბესარიონ ტაბიძეს დიდი დახმარება გაუწია ვასილ როინაშვილმა. მან უსასყიდლოდ გადაიღო ისტორიული მნიშვნელობის მქონე სურათების ასლები და გაუგზავნა არქივს. ასევე საჩუქრად გადასცა თავისი პირადი მდიდარი ფოტო არქივი. "ჩვენი ექსპედიცია ტყუილად ჩაივლიდა, თქვენ რომ არ დახმარებოდით", - აღნიშნავდა შემდგომში მადლიერი ბ. ტაბიძე.
"ტყეში გასული ბიჭები". I რიგში მარცხნიდან მეორე -
ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკიშვილი
ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკიშვილი
40-იანი წლებიდან დაიწყო დროებით მივიწყებული ალექსანდრე როინაშვილის სახელის გამომზეურება. 1949 წელს მთავრობის მიერ თბილისში დაიგეგმა ალ. როინაშვილის გარდაცვალებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს მოწყობა. ამ საღამოს ერთ-ერთი განყოფილების ორგანიზება დაევალა ვასილ როინაშვილს. ეს ითვალისწინებდა ალექსანდრე როინაშვილის ფოტოების (100-მდე), ნაშრომების და ჩანაწერების თავმოყრას და გამოფენას. ვასილს კვლევითი სამუშაოც უნდა ეწარმოებინა. იოსებ იმედაშვილი პირადად ატყობინებდა ამ დავალების შესახებ: "ერმაკოვისგან (თბილისში მოღვაწე ფოტოგრაფი დიმიტრი ერმაკოვი, 1846-1916 წ.წ.) მითვისებული (ალ. როინაშვილის ფოტოები) ან სხვაგან მიმალული ნაშრომის შეკრება, დადგენა თქვენ დაგევალებათ".
ვ. როინაშვილი და ბ. ტაბიძე მთავრობაში აყენებდნენ თხოვნას, რათა დუშეთში დაარსებულიყო მუზეუმი, სადაც ერთ-ერთი კუთხე ალ. როინაშვილს დაეთმობოდა (ალ. როინაშვილი წარმოშობით დუშეთიდან იყო).
ვასილს ჰქონდა შექმნილი შესანიშნავი ფოტოსურათების სერია კახეთის მთიანეთზე, კერძოდ თუშეთზე. ამ სურათების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მოსაკვლევი და შესასწავლია.
ვასილის ბოლო სურვილი იყო, გაეკეთებინა ეთნოგრაფიული ჩანახატები. დაეხატა ხევი, მისი ცხოვრებისეული სიუჟეტები: ქორწილი, ჯირითი, ყეენობა, ხალხური სპორტი და შეეგროვებინა ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები. სურვილი დიდი იყო, თუმცა ღრმა სიბერემდე მისულს აღარ ეყო ამქვეყნიური დრო ამ საქმის შესასრულებლად. იგი 1958 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვ. როინაშილი დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მისი შთამომავლები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ თბილისში.
ვასილს გადაღებული აქვს თელავის უნიკალური ფოტოები, ცნობილი ადამიანები: აკაკი წერეთელი, ნიკო სულხანიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, იოსებ იმედაშვილი, ვასილ ბარნოვი და სხვები, ადამიანთაAტიპაჟები, ხელოსანთა გაერთიანებები (ამქრები), ქალაქის ხედები. მის ფოტოებში უწყვეტად არის ასახული თელავი და მისი მოსახლეობა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ამავე საუკუნის 50-იან წლებამდე. ნათლად და მხატვრულად არის ასახული ის ცვლილება, რომელიც განიცადა ქალაქმა და მისმა მოსახლეობამ ამ პერიოდის მანძილზე.
შეინიშნება გარკვეული მსგავსება ვ. როინაშვილისა და ნ. ფიროსმანის შემოქმედებას შორის. ორივე შემოქმედი ხაზს უსვამს ადამიანის არა დაყენებულ მანერებს, არამედ მის უბრალოებას და ინდივიდუალობას.
დიდი ადგილი ეთმობა ვასილ როინაშვილის შემოქმედებაში ქალთა პორტრეტულ სახეებს. მათში ფოტოგრაფი წარმოაჩენს ქართველი ქალის სილამაზეს, კდემამოსილებას და თავშეკავებულობას.
ვასილის ზოგიერთ ფოტოში შეინიშნება მსგავსება აღორძინების პერიოდისა და მე-19 საუკუნის რუსი კლასიკოსი მხატვრების ფერწერულ ტილოებთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვასილი მხატვრობიდან მოვიდა ფოტოგრაფიაში და მოიტანა მხატვრული ხედვა და სიფაქიზე. იგი თავის ფოტოებში იყენებდა რეტუშს ანუ ფოტოების ფანქრით დამუშავების ტექნიკას, რაც გამოარჩევდა კიდეც მის ნამუშევრებს სხვა ფოტოგრაფთა სურათებისგან.
40-50-იან წლებში ვასილ როინაშვილის ხედვა ფოტოგრაფიაში უკვე მოდერნისტულია. ავტორი ცდილობს მეტი თავისუფლება მიანიჭოს სურათს, წუთიერი განცდა-შთაბეჭდილებით დატვირთოს ის და ამით გამოხატოს თავისი სათქმელი. "იმპრესიონისტი ფოტოგრაფი" - ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ ფოტოების სერიის ავტორს ვასილ როინაშვილს.
ვ. როინაშვილის ფოტოების მიხედვით შეიქმნა მხატვრული ფილმი "ხარება და გოგია" (რეჟ. გ. შენგელაია), სადაც მსახიობთა ტიპაჟები და მათი ჩაცმულობა სწორედ ვ. როინაშვილის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით შეირჩა.
ვ. როინაშვილს ეკუთვნის ათასობით ფოტო. მათი გარკვეული ნაწილი დაცულია თელავის ისტორიის მუზეუმში, კერძო კოლექციონერებთან და ცალკეულ ოჯახებში.
დიდი მასწავლებლის ალ. როინაშვილის მსგავსად, რომელიც ღრმა ქრისტიანული მორალის მატარებელი ადამიანი იყო, ვასილმაც შექმნა თავისი ცხოვრების წესი, მიმართული სიკეთეზე, საქმის ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე, რაც ყველა დროში იშვიათი და ფასდაუდებელია.
დღეს დადგა ის დრო, როდესაც იწყება ვასილ როინაშვილის ფოტოარქივის მოძიება, თავმოყრა და შესწავლა. წინამდებარე სტატია არის ვასილ როინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ქართველი საზოგადოებისთვის გაცნობის პირველი მცდელობა (იდეის ავტორი გახლავთ ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზეუმის კურატორი ლიკა მამაცაშვილი).
ფოტომასალა მოწოდებულია ვ. როინაშვილის შვილიშვილის, პროფესორ თენგიზ ბერიძის საოჯახო არქივიდან, ასევე თელავის ისტორიული მუზეუმის არქივიდან და კერძო კოლექციებიდან (გივი დათიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი).
მოამზადა
მაია ყაზახაშვილმა
მაია ყაზახაშვილმა