ღირსმოწამე, სასწაულმოქმედი ეფრემის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, წმინდანის მიერ აღსრულებულ სასწაულებს იქვე გავეცანი. წმინდა ეფრემი, ერისკაცობაში კონსტანტინე მორფი, დაიბადა 1384 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, ტრიკალაში, თესალიის მხარეში. პატარაობისას გარდაეცვალა მამა. ოჯახის სიმძიმე დააწვა დედას - დიდად მორწმუნე ქალს, რომელიც შვილებსაც ღვთის სიყვარულით ზრდიდა.
იმ წლებში საბერძნეთში თურქები ბატონობდნენ. ისინი იტაცებდნენ ბერძენ ბავშვებს და გზავნიდნენ სამხედრო ნაწილებში, უნერგავდნენ მუჰამედისა და სულთნის სიყვარულს, ზრდიდნენ მართლმადიდებლების მკვლელებად. დედამ გადაწყვიტა, 15 წლის კონსტანტინე გადაერჩინა და მონასტერში წასვლა ურჩია, რადგან ყმაწვილს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა ეკლესიისა. ღვთის დახმარებით, პატარა კონსტანტინემ დატოვა ტრიკალა, ისაგზლა პური, ცოტა ზეთისხილი, ყველი. დამშვიდობებისას კონსტანტინემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა თქვა: - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო... მივიდა ნეა მაკრიაში, სადაც იყო X-XI საუკუნეების კელიები და მამათა მონასტერი იყო.
18 წლამდე მორჩილად ცხოვრობდა, ხოლო როცა სრულწლოვანი გახდა, ბერად აღკვეცეს ეფრემის სახელით. იგი იყო მაგალითი თავმდაბლობისა და წმინდა ასკეტური ცხოვრებისა. თითქმის 25 წელი მკაცრად ებრძოდა დემონურ ძალებს. უფლის სიყვარულით გალია ორმოცი წელი. თურქებმა შეიტყვეს, რომ ნეა მაკრიას მონასტერში ინახებოდა დიდი განძი. 1424 წელს მიადგნენ მონასტერს და განძეულობა მოითხოვეს. იღუმენმა უპასუხა, განძი არ გვაქვსო. გამხეცებულმა აგარიანელებმა მამები ამოხოცეს, მონასტრის ძვირფასეულობა თან წაიღეს, ნაწილი - გაანადგურეს.
წმინდა ეფრემი იმ დროს არ იყო მონასტერში. მეორე დღეს დაბრუნდა. თავზარი დასცა საზარელმა ამბავმა. დიდი ძალისხმევით დაკრძალა მამები, დახურა მონატერი და მოშორებით, განმარტოებულ სენაკში დაეყუდა. მხოლოდ დღესასწაულებზე ბრუნდებოდა მონასტერში და ატარებდა წირვა-ლოცვას.
ერთი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ აგარიანელები და კვლავ მიადგნენ ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას, ეგებ განძეულობა ვიპოვოთო. 1425 წლის 14 სექტემბერს წმინდა ეფრემი მონასტერში მივიდა წირვის ჩასატარებლად. ურჯულოებმა შეიპყრეს და დაუწყეს სასტიკი წამება, რათა ეთქმევინებინათ, სად ჰქონდა დამალული მონასტრის განძი.
- მონასტერში ერთადერთი განძი სულიერება, უფალი და ღვთისმშობელია, - მიუგო მათ წმინდანმა.
ამის გაგონებაზე უფრო გაამკაცრეს მისი წამება. შემდეგ ერთ-ერთმა უთხრა, - გათურქდი და გადაურჩები წამებასო.
- არასდროს უარვყოფ რწმენას, ღმერთს. არ მეშინია წამებისა და სიკვდილისა, - უპასუხა მათ წმინდანმა.
1384 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, დაიბადა წმინდა ეფრემი და 1425 წლის 14 სექტემბერს აწამეს. რვა თვე გრძელდებოდა მისი გვემა. მიუხედავად სასტიკი წამებისა, წმინდანი ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, გაეძლიერებინა იგი. ურჯულოები აწამებდნენ და მაინც მათთვის ლოცულობდა.
აგარიანელებმა გადაჩხრიკეს ყოველი კუთხე-კუნჭული, მოითხოვდნენ წმინდანისგან რწმენის შეცვლას.
- რწმენის შეცვლას სიკვდილი მირჩევნია. არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ გამიკეთოთო, - გაბედულად უპასუხა წმინდანმა მტანჯველებს.
1426 წლის 5 მაისს, სამშაბათს, დილის 9 საათზე წმინდა ეფრემი ფეხებით ხეზე ჩამოკიდეს და მისი მრავალტანჯული სხეული შანთით დაწვეს.
წმინდა ეფერმის ადგილსამყოფელი 1950 წლის იანვრამდე, 524 წელი უცნობი გახლდათ. მონასტრის წინამძღვარი, დედა მაკარია მოგონებებში წერს: - ძველი მონასტრის ზღურბლზე ვიჯექი და ვფიქრობდი, - წმინდა ძალებმა მომიყვანეს იმ ადგილას, სადაც ერთ დროს წმინდანების ძვლები იყო და მივხვდი, რომ წმინდა ადგილზე ვიდექი. ღმერთს ვევედრებოდი, მისი მონისათვის მოეცა უნარი, მეხილა რომელიმე იქ მყოფი წმინდანი. გავიდა დრო. ვგრძენი, რომ რაღაც ხმამ მითხრა: - გათხარე იქ და იპოვი იმას, რასაც ითხოვ. სასწაულებრივი სულიერი ძალით ვიგრძენი, მონასტრის ეზოში სად უნდა გამეთხარა მიწა. დრო გადიოდა და უფრო ძლიერი ხმა ჩამძახოდა, - გათხარეო. მუშას ვთხოვე, ამ ადგილას გათხარე-მეთქი. არ დამემორჩილა და სხვადასხვა ადგილას თხრიდა. მე უფალს ვევედრებოდი, მისთვის ხელი შეეშალა, მართლაც ასე მოხდა. სამ-ოთხ ადგილას, სადაც ბარი დაჰკრა, ყველგან ლოდები შეხვდა. დაიღალა, მოვიდა ჩემთან და დაიწყო იმ ადგილის გათხრა, სადაც ვიდექი. ნახევრად დანგრეული კედელი მიანიშნებდა, რომ იქ ოდესღაც კელია იყო. მუშა ცოტა აღელდა. შემეშინდა, არაფერი გაეფუჭებინა და ვთხოვე: - ნუ ჩქარობ-მეთქი, მაგრამ რადგან არ მისმენდა, ვუთხარი: - შეიძლება ვინმე იყოს დაკრძალული და არ დააზიანო-მეთქი. მართლაც, ცოტა ხანში გამოჩნდა ადამიანის თავის ქალა და ირგვლივ ყოველივე კეთილსურნელებამ მოიცვა. მუშამ ფერი დაკარგა, დამუნჯდა. დამტოვე მარტო-მეთქი. დავიჩოქე წმინდანის წინაშე. სული სითბოთი ამევსო. ფრთხილად ვაცლიდი ქვიშას. საუკუნეებს არ დაეშალა. შესამოსელიც კი შემორჩენილი ჰქონდა. არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მეტირა. კოკისპირული წვიმა ხელს მიშლიდა და მონასტერში შევედი. მარტო ვიყავი და მწუხრის ლოცვას ვკითხულობდი. მოულოდნელად ფეხის ხმა შემომესმა, რომელიც მოდიოდა ახალგათხრილი საფლავიდან. გამოიარა ეზო, მოუახლოვდა კარს. ნაბიჯებიხ ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სისხლი გამეყინა. შიშისაგან ვერ შევძელი შემოვბრუნებულიყავი. მომესმა: - როდემდე გეყოლები იქ, იმან კიდევ ჩემი თავი როგორ დადო (მუშამ წმინდანის თავის ქალა გადააადგილა). მოვბრუნდი. დავინახე წმინდანი, წვრილ-წვრილი ნაოჭებით დასერილი სახე, პატარა, მრგვალი თვალები, გრძელი წვერი ყელს უფარავდა. მარცხენა ხელში სანთელი უჩანდა, მარჯვენით ილოცებოდა.
სული დიდებული, ღვთაებრივი სიხარულით ამევსო. მოვიკრიბე გაბედულება, შიში გამიქრა და ვუთხარი: - მაპატიე. ხვალ, როგორც კი გათენდება, ღვთის მადლით მოგაწესრიგებ-მეთქი. ამ სიტყვების შემდეგ გაქრა და მე ჩემი მწუხრის ლოცვა მშვიდად გავაგრძელე.
მეორე დღეს წმინდანის სხეული განვბანე და ერთ ძველ კუბოში მოვათავსე. უქრობელი კანდელიც დავდგი. იმავე საღამოს დამესიზმრა რამდენიმე წმინდანი, მარცხნივ - ხატი იმ წმინდანისა, რომელიც იმ დღეს აღმოვაჩინე. ავანთე წმინდა სანთელი და შემომესმა: - გმადლობ, მე მქვია ეფრემი.
***
წმინდა ეფრემის ძალით უამრავი სასწაული მოხდა. ღვთისმშობლის ხარების ეკლესიამ გამოსცა წიგნი წმინდანის სასწაულების შესახებ. პირველი სასწაული თვით მისი უხრწნელი სხეულის აღმოჩენაა.ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა საბერძნეთის ყველა მხრიდან და მთელი მსოფლიოდან ყოველდღიურად მიემართებიან წმინდანის უხრწნელ სხეულთან მადლის მისაღებად.
ღვთისმშობელი გრავიოტისა
სახელი "გრავიოტისა" ხატს ეწოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იპოვეს იგი კუნძულ კეფალონიაზე, სოფელ პასტრაში.სოფლის მთავრის, კონტეს ლიანოსის ბრძანებით, ზვრებს ასუფთავებდნენ ფოცხით (ბერძნულად გრავალა). ანაზდად ერთი მუშის ფოცხზე გამოედო ფიცარი. მუშა შეეცადა მის მოძრობას. ხელში კი შერჩა ღვთისმშობლის ხატი. შეშინებული გაიქცა კონტესთან და ყველაფერი მოახსენა. მან უთხრა, ხატი წაეღო წმინდა დიმიტრის ეკლესიაში. იმ ღამეს კონტეს სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა, - რატომ წამიყვანე ჩემი სახლიდანო. აკანკალებულმა კონტემ დილაადრიანად გასწია ეკლესიაში და მის მიერ უარყოფილი ხატი შინ წამოიღო. კონტეს ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა. გოგონა როგორც კი შეეხო ხატს, ფეხზე დადგა, ნელი ნაბიჯით გაიარა და ხატს ემთხვია. ამ შემთხვევის შემდეგ კონტემ ააშენა ეკლესია იქ, სადაც ხატი იპოვეს.
მას შემდეგ, ყოველი წლის 1-ელ აგვისტოს მორწმუნეებს ხმელი შროშანები მიაქვთ ეკლესიაში. წინამძღვარი აღებს სასწაულმოქმედი ხატის კიოტს და შროშანებს შიგ აწყობს. ათიდან თხუთმეტ აგვისტომდე ხმელი შროშანები აყვავებას იწყებენ, გამოაქვს თეთრი კოკრები და მწვანე ფოთლები.
ტაძრის დღესასწაულზე წინამძღვარი წმინდა ხატთან დადებულ შროშანებს ურიგებს მორწმუნე მრევლს.