საგამოფენო დარბაზში იმ დღეს ათასგვარი თიხის ნამუშევარი ვიხილე. ერთი ციდა ავტორების ხელებით შექმნილი ზღაპრის გმირები მნახველს ელოდნენ. მალე დამთვალიერებლებთან ერთად თითქოს თოჯინებიც აკისკისდნენ და გამხიარულდნენ.
პატარები გაბრწყინებული თვალებით მიჩვენებენ საკუთარ ნამუშევრებს და სიხარულით მიხსნიან "თიხიანი ხელებით" შექმნილ ამბებს.
ბავშვები "თიხიანი ხელების" ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა მზარეულიშვილს ეხვევიან გარს - ის არის მათი "დამხელოვნებელი". ქალბატონ მაკას საუბარი ვთხოვე: - მე და ჩემმა მეუღლემ, გიგიშა პაჭკორიამ სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი დავამთავრეთ. დიდებული პედაგოგები გვყავდა, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ალდე კაკაბაძემ და დოდო იაშვილმა. აკადემიის დამთავრებისთანავე ოჯახი შევქმენით. მერე სულ ვცდილობდით ჩვენი საქმე გვეკეთებინა და თიხასთან გვქონოდა შეხება. მამა მოქანდაკე მყავდა და ბავშვობიდან ამ სფეროში ვტრიალებდი. როცა გავიგე, რომ ჩემი ქალიშვილის სკოლაში ხელოვნების გაკვეთილები არ ტარდებოდა, მე შევდიოდი და ვესაუბრებოდი ბავშვებს ხელოვნებაზე. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა მითხრეს, - ბავშვებს უნდათ, გაკვეთილებზე თქვენთან, სახლში იარონო. ძალიან გამიკვირდა ამის გაგონება. მართლაც, ჩემი შვილის კლასელებმა დაიწყეს ჩემთან სიარული. ბავშვებთან ერთად სამზარეულოში კერამიკაზე ვმუშაობდით. პატარა ღუმელი გვქონდა და იმაში ვწვავდით თიხას. გაჭირვების დროს ნავთის ლამპებს ვძერწავდით. დღეს მე-15 წლიური გამოფენა გვაქვს. პირველად რომ ჩატარდა თეატრალური ფესტივალი ქალბატონ ქეთი დოლიძის ხელმძღვანელობით, მასშიც ვმონაწილეობდით - ქარვასლაში გამოვფინეთ ნამუშევრები და უცხოელებმა შეიძინეს კიდეც.
თიხა ბუნებრივი მასალაა, მასთან ურთიერთობა საგრძნობლად ცვლის ადამიანს. შრომითი თერაპია განსაკუთრებით ბავშვებზე მოქმედებს დადებითად. როცა ნივთი მათთვის მოსაწონი არ გამოდის, ბავშვები ფიქრობენ, ვინმეს ხომ არ ვაწყენინე ან ცუდი რაიმე ხომ არ ვთქვიო. ვარიგებ ხოლმე პატარებს, რომ ერთმანეთს კარგად მოექცნენ, არ გააბრაზონ მშობლები. მათ მოფერებით უნდა გავაკეთებინოთ ყველა საქმე. სიყვარულით გაკეთებულს ეტყობა კიდეც. ძალიან უჭირთ ბავშვებს თავიანთ ნამუშევრებთან განშორება. გასაჩუქებლადაც კი ვერ იმეტებენ. ვინც ჩვენი სახელოსნო დაამთავრა, კვლავ მოდის ხოლმე, ვერ გვთმობენ... ახლა ნამოწაფარის შვილიც მოვიდა სასწავლებლად...
სახელოსნოში ბავშვებს 5-6 წლიდან ვიღებთ. თიხაზე მუშაობა არავის უჭირს. სამუშაო პროცესი არის გაცნობა, ბავშვებთან ურთიერთობა. როცა მივცემ თიხას, მათ ხელებს ვაკვირდები, როგორ ამოძრავებენ. ამის მერე უკვე ვიცი, თუ როგორ ვიმუშავო ამ ბავშვთან. ზოგიერთი ბავშვი თიხისაგან თავისი ფანტაზიით აკეთებს ნამუშევრებს, ზოგი - ჩემი მითითებით. თიხა ისეთი რამ არის, რომ შეიძლება არ გამოხვიდე მხატვარი, მაგრამ გააკეთო ლამაზი ნივთი და ხელობა ისწავლო. ადამიანი, განათლებასთან ერთად, ხელობასაც უნდა ფლობდეს.
ჩვენ გვაქვს ხელოვნების ისტორიის ძალიან საინტერესო გაკვეთილები. გვყავს ძალიან კარგი პედაგოგი, რომელიც საინტერესოდ მოუთხრობს ბავშვებს ისტორიას. გარდა ამისა, ვასწავლით მსოფლიო კულტურების, ცივილიზაციების ისტორიას. ვცდილობთ, ბავშვებმა ნასწავლი გადმოსცენ მოყოლით. კომპიუტერმა ბავშვების უმრავლესობა სრულიად შეცვალა. წიგნთან ურთიერთობას გადააჩვია.
ამას წინათ ზოოპარკში გამოფენა-აქცია გვქონდა ავადმყოფი ბავშვების დასახმარებად. ჩვენმა ბავშვებმა მაშინ კი მოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და გაიმეტეს გასაყიდად. ძალიან მინდა, რომ ასეთი აქცია მომავალშიც მოვაწყოთ. ჯერჯერობით მარტო ერთ ბავშვს დავეხმარეთ.
ქალბატონი თამარ მაისურაძე: - რამდენიმე წელია, ჩემი შვილიშვილი თათია ლომიძე ქალბატონი მაკას სახელოსნოში დაგვყავს. არაჩვეულებრივი პედაგოგები ჰყავს. გარდა იმისა, რომ ბავშვები ძერწავენ და ხელოვნებას, სილამაზეს ეზიარებიან, სწავლობენ კიდევ ხელოვნების ისტორიას, ერთმანეთთან ურთიერთობას.
ალბათ, გარკვეულწილად გენებმაც იმოქმედა თათიაზე. ბაბუა, გოგი ლომიძე მხატვარი-გრაფიკოსი გახლდათ. იმედი გვაქვს, რომ თათიასაც გამოჰყვება წინაპრების ნიჭი - პატარაობიდანვე შევატყვეთ ხელოვნებისადმი მისწრაფება.
თათია ლომიძე, 8 წლის: - ყველაზე მეტად ჩაიდნის გაკეთება მიყვარს. ფორმებში ვაკეთებ ხოლმე. განსაკუთრებით გამხდარ ჩაიდნებს ვაკეთებ. ფერებსაც მე ვარჩევ. კიდევ გოგოებს ვაქანდაკებ. ძალიან მიყვარს ჩემი სახელოსნო და ჩემი პედაგოგები. ახლა გამოფენაზე ჩემი ნამუშევრები გამოვფინე.
შოთიკო კოხრეიძე, 6 წლის: - ერთი წელია დავდივარ ამ სახელოსნოში, თითქმის ყველაფერს ვაქანდაკებ. ყველაფრის კეთება მიყვარს. პირველად კუ გამოვძერწე. ახლა გამოვფინე ცხენი, ბუ, ჭიქა, შადრევანზე დელფინი, ჟირაფი. მე თვითონ ვიგონებ ხოლმე ყველაფერს. მინდა უფრო მეტი გავაკეთო...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი