მაშინდელი ადამიანი, რასაკვირველია, ტყით ინახავდა თავს, მისი პირველი საკვებიც, ალბათ, ხორბალი და ვაზის ნაყოფი იქნებოდა. ამიტომაც, კაცობრიობისგან ყველაზე დიდი პატივი ღვთის ორ უდიდეს საჩუქარს - ვაზსა და ხორბალს ერგო.
შეისისხლხორცა კაცმა პური და ღვინო, და თავის ფიზიკურ, სულიერ საზრდოდ აქცია. მთავარ საუფლო ლოცვაში სულიერად შესავსებად "პური ჩვენი არსობისას" ითხოვს იგი, ხოლო უფალთან ზიარსაყოფად ღვინოს იხმევს.
ვაზის არსებობა დედამიწაზე ათასობით წელს ითვლის. მისტერიად ქცეული ნაყოფი ჯერ წარმართმა კაცობრიობამ გააღმერთა, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ კი ღმერთკაცის სიმბოლოდ აქცია.
წარღვნის აღმწერელი შუმერულ-აქადური ლურსმნული წარწერებიდან, აგრეთვე პირველი მხატვრული ნაწარმოებიდან "გილგამეში", რომლებიც ვაზისა და ღვინის შესახებ ცნობათა პირველწყაროს წარმოადგენენ, ვიგებთ, რომ მცენარე, რომელიც წარღვნას გადაურჩა, სამოთხის წალკოტის ერთ-ერთი ატრიბუტი ყოფილა.
საინტერესოა, სად უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, სადაც ვაზი ღვთიურ სასმელს იძლეოდა.
ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევის შედეგად აღიარებულია, რომ ეს ისტორიული პროცესი სამხრეთ ამიერკავკასიაში 7 ათასი წლის წინ დაიწყო, იქ, სადაც იბერიულ-კავკასიური ტომები ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს ზემოთ აღნიშნული შუმერული წყაროები. ანტიკური ლიტერატურა გვიამბობს იმის შესახებ, რომ ძველ კოლხურ სამყაროში ღვინო შადრევნებად მოედინებოდა. სპარსული და ძველებრაული ლეგენდების მიხედვითაც ვაზის სამშობლო ამიერკავკასიაა.
საქართველო მართლაც რომ ითვლება ვაზისა და ღვინის სამშობლოდ მთელი ევრაზიის ტერიტორიაზე.
შულავერში ნაპოვნი VI ათასწლეულის ყურძნის წიპწებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში იმთავითვე დაწყებული იყო ვაზის გაკულტურულება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სიმბოური ნიშნებით შემკული ქანდაკება კი ისევ შორეულ წარსულში გააქანებს ჩვენს ცნობისწადილს. იქ ასვენია ქალი - დედამიწის, სიცოცხლის სიმბოლოდ და მის მკერდზე გამოსახულია ხემცენარე - ვაზი ზეციური საზრუნავით სავსე მტევნებით, ნიშნად ადამიანთა მოდგმის განღმრთობისაკენ სწრაფვისა. ასეთი საზრუნავით დაწურა ქართველმა ყურძენი, იგემა მისი ღვთიური გემო და ღვინის სახელი მსოფლიოს მოსდო. ეს არის ქართული ცივილიზაციის დასაწყისი.
ქართველი კაცისა და ვაზის ამ უბადლო ურთიერთობის გამო, ღვთისმშობელმა საქართველოს მოსაქცევად ვაზის ლერწისგან ქალის თმით შეკრული ჯვარი აირჩია.
სასწაულმოქმედი ჯვრით ქართველ ხალხთან ერთად, თითქოს ვაზიც მოექცა და ერთ დროს კერპებისათვის შეწირულმა, ახლა ჯვარცმულ ქრისტესთან ერთად გაიდგა ფესვი ივერიაში.
ქართველი კაცის გულის მწვერვალი უპყრია ამ დალოცვილ მცენარეს, ამიტომაც მან მისთვის ყველაზე ძვირფასი - ღმერთი, ღვთის დედა და შვილი უწოდა მას.
***
"ზოგი ადამიანი თავისი შეუმჩნევლობით ხდება შესამჩნევი, ასეთები მუდამ თვალში მხვდებოდნენ ხოლმე" - კ. გამსახურდია.დიდი სიყვარულის გამო ქართველ კაცს არასოდეს მიუტოვებია ვაზი. ომებისგან მოისვენებდა თუ არა, მაშინვე მის გაშენებას მოკიდებდა ხელს. მან ოფლით, რუდუნებითა და ლოცვით უამრავი საუკეთესო ჯიში გამოიყვანა და შეინახა, მაგრამ ჟამთა სიავემ, მტერმა თუ დაავადებამ იავარქმნა მრავალი ამ ჯიშთაგანი. დაბერდა უკვდავებისთვის გაჩენილი ვენახი, ბევრი შვილიც დაკარგა. ჯიშთა უმრავლესობის სახელები კი მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ისტორიულ წყაროებს შემორჩა.
მრავალფერი, განსაკუთრებული მადლითაა დაჯილდოებული ქართული მიწა-წყალი, ერი: წალკოტისდარი ბუნებით, სიბრძნით, სიყვარულით, მაღალი ესთეტიზმით, შემოქმედების უნარით და ვაზით.
ქართულ ფენომენს კი ზემოთ ჩამოთვლილ ღირსებათაგან ვერაფერი შეავსებს ისე, როგორც ღირსება ვაზის ერთგულებისა და ნიჭი მის საოცარ ჯიშთა შემოქმედებისა.
მაგრამ არის კი დღეს ვაზი შვილივით მოვლილი და ნალოლიავები? ამ ფიქრით ვეწვიეთ მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, დავით მაღრაძეს. თავმდაბლობით გვიამბო მან ბოლო წლებში ქართული ვაზისათვის გაწეული ღვაწლის შესახებ, ისე რომ, კაცი იფიქრებდა, ვაზის მზრუნველებში მთელ საქართველოს გულისხმობს და თვითონ არაფერ შუაშიაო.
ამავე განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფესორმა ლარისა ვაშაკიძემ მოკრძალებულად ითხოვა, დასწრებოდა ბატონ დავითთან ჩვენს საუბარს იმ მიზნით, რომ მის ყოფილ ასპირანტს არ მიეჩქმალა თავისი დიდი დამსახურება ქართული ვაზის გენოფონდის მოვლა-პატრონობის საქმეში. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მეცნიერი და პრაქტიკოსი ხელმძღვანელობს ვაზის გენოფონდს და მუხლჩაუხრელად უვლის მთელ საქართველოს ველური თუ კულტურული ჯიშების მოსაძიებლად. ამყნობს და ამრავლებს მას. დავით მაღრაძემ გააგრძელა რევაზ რამიშვილის საქმე - ველური ვაზის მოძიება. ქართული მევენახეობის სინამდვილეში პირველად შეისწავლა ვაზის დნმ, რისი საშუალებითაც შეიძლება დადასტურდეს ქართული ვაზის "პრეისტორიული როლი ცნობილი ევროპული ჯიშების წარმოშობის საქმეში. აქვს მილანის უნივერსიტეტის კვალიფიკაცია. იგი გახლდათ საერთაშორისო პროექტ "Ioversiti international"-ში მონაწილე კავკასიისა და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონის ქვეყნების მეცნიერთა ჯგუფის კოორდინატორი, ხელმძღვანელი.
ქვეყანა უნდა იცნობდეს ქართული ვაზის ასეთ მოამაგეს, ის უანგაროდ, ბევრჯერ საკუთარი ხარჯით დადის "დაკარგული შვილების" საძებნელად და მუდამ ცდილობს, არსად დააფიქსიროს თავისი დამსახურება, წვლილიც კი.
- ბატონო დავით, დაახლოებით რამდენი წლისაა ქართული ვაზი, თუნდ ცნობილი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი და ა.შ.
- მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში საწყისს საუკუნეთა სიღრმეში იღებს. საქართველო ვაზის წარმოშობისა და გაკულტურების უძველესი კერაა მსოფლიოში. ასეთი სიძველის გამო ქართული ჯიშების ზუსტი ხნოვანების დადგენა გაძნელებულია. ივანე ჯავახიშვილი მელაკუდას, ცხენისძუძუს, ჩინურს, რქაწითელს უძველეს ჯიშებად მიიჩნევს და I-V საუკუნეებს მიაკუთვნებს. აკ. ჩოლოყაშვილის აზრით, XII საუკუნეში არსებობდა საფერავი, ბუდეშური, ხიხვი, ბუერა, მჟღრია, ფეროვანი და სხვა. სულხან-საბას "სიტყვის კონაში" შეტანილი აქვს ბუდეშური, კამური, კიჩირი, ქველოური, ვახტანგ VI "დასტურლამაში" ახსენებს საფერავს.
- როგორც ცნობილია, ჯიშთა უმეტესობა აღარ არსებობს. დაახლოებით რამდენი ჯიში იყო და რა შემორჩა ამჟამად, რა მდგომარეობაშია ახლა ქართული ვაზის გენოფონდი?
- საქართველო უნიკალურია იმით, რომ ადგილობრივი ჯიშების საერთო რაოდენობა, რომელიც "საქართველოს ამპელოგრაფიის" (1960 წ.) მიხედვით 525 დასახელებას შეადგენდა, ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში. ჯიშების მრავალფეროვნება ხანგრძლივი ხალხური შემოქმედების (სელექციის) შედეგია.
დღეს კი საქართველოს ვენახებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველა მათგანი უკვე აღარ გვხვდება. მათ შესანარჩუნებლად და შესასწავლად საჭიროა ჯიშების შეგროვება მინდვრის კოლექციებში.
30-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არსებობდა სხვადასხვა სიდიდის კოლექციები, სადაც ქართულ ჯიშებთან ერთად უცხოური ჯიშებიც იყო დაცული.
XX საუკუნის ბოლოს ეკონომიკურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული კოლექციების მდგომარეობაზე. მწვავედ დადგა საკითხი ვაზის ქართული ჯიშების გადარჩენისა. უპირველესად, უნდა აღინიშნოს მცენარეთა გენური რესურსების საერთაშორისო პროექტი.
- რას ითვალისწინებდა ეს პროექტი და რა შედეგები ჰქონდა მას ქართული ვაზის ჯიშთა მოძიების საქმეში?
- ამ პროექტის ფარგლებში ვაზის ქართული ჯიშებისა და ველური ფორმების გამოკვლევა დაიწყო მილანის უნივერსიტეტმა. მათ შეისწავლეს 150 ქართული კულტურული ვაზის ჯიში და 10 ველური ფორმა.
ამ პროექტიდან მიღებული დაფინანსების წყალობით საქართველოს კოლექციებში თავი მოვუყარეთ 350 ქართულ ჯიშს. პირველად განხორციელდა მათი დნმ-ის შესწავლა თქვენი მონა-მორჩილის მიერ, რათა შეფასებულიყო ჩვენი ჯიშების პოტენციალი. დადგინდა, რომ რამდენიმე ევროპული ვაზის ჯიშთა წინაპარი სწორედ ქართული ჯიშებია.
ამ პროექტის ფარგლებში იალტისა და მოლდავეთის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტმა უსასყიდლოდ გადმოგვცა მათ კოლექციებში არსებული ქართული ჯიშები, რომლებიც საქართველოში აღარ არსებობდნენ. უცხოელი პარტნიორების ძალისხმევით საქართველოში თავი მოიყარა ბევრმა ისეთმა ჯიშმა, რომლებიც დაკარგული გვეგონა. საერთაშორისო პროექტი დამთავრდა და დაფინანსებაც შეწყდა. თელავში, სკრასა და ზესტაფონში არსებული კოლექციები დიდ მზრუნველობას საჭიროებენ, რასაც სახსრები სჭირდება. ამ საქმის მესვეურებს კი არ შეგვიძლია, დამოუკიდებლად მოვუაროთ ნარგავებს, რომლებიც ჯერ ძალიან პატარაა. მსოფლიომ დაინახა ქართული ვაზის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა. გასაკეთებელი ბევრია ქართველებისგანაც. იმათგან, ვისაც გული შეტკივა ამ დიდი საგანძურისთვის, რათა დავიცვათ ის და მომავალ თაობებს შევუნახოთ.
ვაზის ქართული ჯიშები მთელი ქვეყნის, ერის, ყველა ქართველის მონაპოვარი და საკუთრებაა. იგი ჯაჭვია საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. როდესაც დღეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ და მსოფლიო ჭრილში ჩვენი ადგილის განსაზღვრას ვლამობთ, უმნიშვნელოვანესი და უპირველესი უნდა იყოს ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაცია. გახსენება და მოძიება იმ ათეულობით ჯიშისა, რომლითაც იამაყებდა ქვეყანა. ჯეროვანი ყურადღება და დაფინანსება ჭირდება უნიკალურ კოლექციებს, სადაც პაწაწინა ვაზის ნერგები საქართველოს ძლევამოსილების, მარადიულობის საიდუმლოს ატარებენ.
ვაზშია ჩამყნობილი ქართველი კაცის სიბრძნე და სიყვარული. ამიტომაც ვაზის ქართულ ჯიშებს ცნობილი მევენახე, პროფესორი რევაზ რამიშვილი "ისტორიის ცოცხალ ძეგლებს" უწოდებდა. იგი წერს: "თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითლის, საფერავის, თავკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ქმნილებების აღმშენებლობაზე."
P.ს. მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის ევროპის წამყვანი მეცნიერები კარგად იცნობენ დავით მაღრაძეს. ბატონი დავითი კი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კაცის მარცხენამ არ იცოდეს მარჯვენათი გაწეული ღვაწლის შესახებ. ბედნიერი შემთხვევა რომ არა, ვერც მე და ვერც "კარიბჭის" მკითხველი ვერ გაიგებდა, რომ დღეს ქართულ ვაზს ჰყავს მეჭურჭლეთუხუცესი, უანგარო, მოკრძალებული, თავმდაბალი და მიჩქმალული პატრონი. ღმერთმა ინებოს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც მასთან ერთად გვერდში დაუდგებიან ჩვენს ეროვნულ საგანძურს... ჩვენი გადარჩენისა და საბოლოო გამარჯვების გზა იქნებ ვაზზე გადის... ვინ იცის?!
ესაუბრა
ბელა ბარკალაია
ბელა ბარკალაია