"მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის, მაგრამ რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ, საქართველოს თავი შევწირო.
თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასდროს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასდროს აღმოფხვრით", - ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილს მაშინ უთქვამს, როცა 1937 წელს საბჭოთა მართლმსაჯულებამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივ საქმიანობაში დადანაშაულებულ მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
რთული იყო მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების გზა. ჯერ კიდევ ადრეული ჭაბუკობის წლებში ყირიმის სასულიერო აკადემიის სტუდენტს ავაზაკებმა დედა და და დაუხოცეს, მამამისი, საბა, ამ უბედურებამ გადაიყოლა. ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიხეილი იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნებულიყო.
ახალგაზრდა მწერალი საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩაება აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობაში. რედაქტორობდა გაზეთებს "ივერიასა" და "გლეხს". მისი პუბლიცისტური სტატიების ციკლი "გლეხის წერილები" დიდი მოწონებით სარგებლობდა ქართულ საზოგადოებაში, რადგან უბრალო, დაჩაგრული ადამიანებისადმი სიმპათიითა და თანაგრძნობით განაწყობდა მკითხველს. ამ პერიოდში გამოქვეყნებული მისი მოთხრობებიც "ჩანჩურა", "კურკას ქორწილი", "მეჩექმე გაბო" და სხვა მამხილებელი პათოსით გამოირჩევა და გამოხატავს პროტესტს მეფის რუსეთის რეპრესიული, სისხლიანი რეჟიმისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
მიხეილ ჯავახიშვილისთვის ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება მისი გზიდან ჩამოცილებას ცდილობს, ამიტომ დევნის თავიდან ასაცილებლად ევროპაში მიემგზავრება და ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში შედის სასწავლებლად. სამი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ მწერალს ჯერ მეტეხის ციხეში აპატიმრებენ, 1910-13 წლებში კი დონის როსტოვში აგზავნიან სასჯელის მოსახდელად. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ნაყოფიერ შემოქმედებით და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა.
როცა ფიქრობს, რომ მღელვარე, შფოთიანი წლები უკან ჩამოიტოვა, მწერლისთვის ყველაზე რთული პერიოდი იწყება. იგი ვერ ეგუება ქართველი ხალხისთვის იძულებით თავსმოხვეულ ახალ კომუნისტურ რეჟიმს, რომელმაც მიხეილ ჯავახიშვილი იმთავითვე "რელიეფურად გამოკვეთილ დისიდენტ მწერლად" მონათლა. მწერლის იმდროინდელი სულიერი განცდები კარგად ჩანს მის მიერ დავით სულიაშვილისადმი გაგზავნილ წერილში: "ძმაო დავით, მე აქ ცხოვრება არ შემიძლიან. ჩემი გასვლა საქართველოდან ჩემი მეორედ დაბადება იქნება. ამ საქმეში დამეხმარე, სამაგიეროდ მომთხოვე და მიმსახურე... გარწმუნებ, ძმაო დავით, გარეთ უფრო მეტს და თავისუფლად დავწერ, ე.ი. მცირედ სარგებლობას მოვუტან ჩემს სამშობლოს. აქაური ამბები? არავითარ გაზეთს აღარ ვკითხულობ, ყველგან სუფევს ჩვეულებრივი სიმდაბლე, ჭორიკანობა და გულგატეხილობა. დავიშრიტეთ, დავიქანცეთ, მოვიღუნეთ, ეს არის და ეს". მართალია, მაშინ ვერ შეძლო უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ, ახალი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, მწერლის ინტერესთა თვალსაწიერში მოექცა პიროვნების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგნების, სამშობლოს, ოჯახისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი მისი დამოკიდებულების, ადამიანის ყოფის, ზნეობისა და ახალ რევოლუციურ გარემოსთან მათი ადაპტირების საკითხები.
მალე მიხეილ ჯავახიშვილის დაუღალავი, ენერგიული შრომა სასურველ შედეგს აღწევს. 20-იან წლებში მის მიერ შექმნილი თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული მაღალმხატვრული ნაწარმოებები: "ტყის კაცი", "ყბაჩამ დაიგვიანა", "მიწის ყივილი", "ორი განაჩენი", "მართალი აბდულაჰ", "ხუთის ამბავი", "ლამბალო და ყაშა", "მუსუსი", "კვაჭი კვაჭანტირაძე" და სხვა ქართული კლასიკური პროზის ფასდაუდებელ საგანძურს წარმოადგენს.
მეტად ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად, მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არალეგალურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ასეთი ახსნა-განმარტების გაკეთება დასჭირდება: "ჩემი საიდუმლო მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურვა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა, ალღო მოძმის მიშველებისა და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას". ასეთი განმარტება მწერალმა მეორედ დაპატიმრებამდე გააკეთა.
"ვერ უშველა კონსპირაციამ მიხეილ ჯავახიშვილს. "ჩეკა" ფხიზლად ადევნებდა თვალს და მის ყოველ ნაბიჯს პუნქტუალურად აღნუსხავდა, - წერს ბატონი ბონდო არველაძე მწერლისადმი მიძღვნილ სტატიაში, - 1923 წელს დააპატიმრეს და ჰაიჰარად დახვრეტაც მიუსაჯეს. ბოლშევიკების ტყვიას ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის წყალობით გადაურჩა. პავლე ინგოროყვა და სხვანი სერგო ორჯონიკიძეს ეახლნენ თხოვნით, მიხეილ ჯავახიშვილი ნიჭიერი მწერალია და ნუ დახვრეტთო. ეტყობა, ამ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მწერალი შეიწყალა, თორემ ეს ის სერგოა, ვაჟა-ფშაველას შვილზე რომ უთხრეს, ნუ დახვრეტთ, აპატიეთ, ვაჟას შვილიაო. ვაჟას შვილს კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ ცოცხალი იყოს, იმასაც დავხვრეტდითო, - იყო პასუხი.
ამასობაში დადგა საბედისწერო 30-იანი წლები. მიხეილ ჯავახიშვილს უკვე გამოცემული აქვს "ჯაყოს ხიზნები", "არსენა მარაბდელი" და სხვა შედევრები. სტალინის ინიციატივით მწერალთა შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს. ეს ჯილდო მწერალს სიცოცხლის გადარჩენის გარანტია ეგონა, მაგრამ ბერია ასე არ ფიქრობდა..."
მიხეილ ჯავახიშვილის მესამედ დაპატიმრებას ასეთი ისტორია უძღოდა წინ: 1937 წელს ლავრენტი ბერიას თბილისის მეტეხის ტაძრის დანგრევის განკარგულება გაუცია. ვიდრე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთპიროვნული ლიდერის გადაწყვეტილებას დღე-დღეზე აღასრულებდნენ, ამ ინფორმაციით შეშფოთებულმა ქართველ მწერალთა ერთმა ნაწილმა სასწრაფოდ მოითხოვა ბერიასთან აუდიენცია. "ბერიამ დაგვინახა თუ არა, შავმა ალმურმა გადაჰკრა სახეზე. მან მკვახედ გვითხრა: ასე, დელეგაციის სახით, ერთად არ უნდა მოსულიყავით, ცალ-ცალკე რატომ არ მოხვედითო", - გაიხსენა მამის მონაყოლი მწერლის ქალიშვილმა, ქეთევან ჯავახიშვილმა. ქართველი მწერლები შეეცადნენ დაერწმუნებინათ ბერია, რომ ისტორიული მემკვიდრეობისადმი ამგვარი დამოკიდებულება ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ნებას. ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, რომელმაც შუა საუკუნეებიდან მოაღწია ჩვენამდე და მტრის მრავალ შემოტევას გადაურჩა, დღეს ჩვენი ხელით არ უნდა დავანგრიოთო. მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც ამ შეხვედრაზე ყველაზე მეტად აქტიურობდა, ისიც კი უთქვამს: "ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ჩარდახში ჩასვამდნენო!" ბერია იძულებული გახდა, შეეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ რადგან უვიცობაში ამხილეს, გულში წყენა ჩაიდო და მოგვიანებით დელეგაციის თითქმის ყველა წევრი დახვრიტა.
მიხეილ ჯავახიშვილი ამ შეხვედრიდან შინ გაფითრებული დაბრუნებულა და განმარტოებას ცდილობდა, რადგან გრძნობდა, მართალია, მეტეხის ტაძარი დანგრევას გადაურჩა, მაგრამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ბერიას ისიც გაეგონა, როცა იგი საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი გახდა, მაშინ მიხეილ ჯავახიშვილს მეგობარი მწერლისთვის უთქვამს: "ისღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვჯდომოდა თავზეო". ახლა იგი ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რათა გულში ჩარჩენილი წყენა მსხვერპლის განადგურებით გაექარვებინა.
ეს დროც დადგა. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა ყველა ის ქართველი მწერალი, რომელიც მეტეხის ტაძართან დაკავშირებით ბერიასთან იმყოფებოდა.
მიხეილ ჯავახიშვილის პირველ დაკითხვას, რომელსაც მისი გამომძიებლები ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი აწარმოებდნენ, ლავრენტი ბერიაც დასწრებია. როდესაც ლევან აბაშიძეს დაუძლურებული მწერლის ცემა დაუწყია, მიხეილ ჯავახიშვილი გულაღმა დავარდნილა. შურისძიების გრძნობა რომ დაეკმაყოფილებინა, ბერია სიცილით მისულა მასთან, წაქცეულისთვის გულზე ფეხი დაუდგამს და უთქვამს: "აი, ახლა კი გადგას ჩეკისტი თავზეო".
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმისთვის წარდგენილ მოხსენებაში საბჭოთა ქვეყნის მიღწევებსა და წარმატებებთან ერთად მოთხრობილია მიხეილ ჯავახიშვილის, პაოლო იაშვილის, ნიკოლოზ მიწიშვილის, სანდრო ახმეტელისა და სხვა ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა "მავნებლური", "მოღალატეობრივი", "კონტრრევოლუციური" და აგენტურ-დივერსიული საქმიანობის შესახებ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ყიფშიძე აღნიშნავს, "ამ ბრალდებებსა და აღიარებებშიც არის სიმართლის მარცვალი - ეს ადამიანები მართლაც პატრიოტები და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულები იყვნენ და მათი ერთადერთი მიზანიც თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, საბჭოთა უღლისგან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება და საბჭოთა იმპერიის დამარცხება იყო. ამ ბრძოლაში ქართველ მოღვაწეთა იარაღი მხოლოდ კალამი გახლდათ. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში პატრიოტიზმი ყველაზე დიდ და უპატიებელ დანაშაულად ითვლებოდა, რომელსაც "წითელმა მმართველობამ" სასტიკი ომი გამოუცხადა".
მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა ფაშისტური ორგანიზაციის წევრად მონათლეს და ამის საფუძველზე დააპატიმრეს, შემდეგ სასტიკი წამებითა და ოჯახის წევრთა დატერორებით სასურველი აღიარებითი ჩვენებაც ჩამოართვეს. თუმცა ამ აღიარებით ჩვენებას საერთო რომ არაფერი ჰქონდა სიმართლესთან, სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის საბოლოო სიტყვითაც კარგად გამოჩნდა. მან არა მარტო საკუთარი, მისი ბედის მოზიარე ქართველ მწერალთა სათქმელიც თქვა.
მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 30 სექტემბერს დახვრიტეს. სულ მალე მას 57 წელი უნდა შესრულებოდა. დასანანია, რომ შემოქმედებითი აღმავლობის მწვერვალზე მყოფ მწერალს ბევრი საინტერესო იდეა ხორცშეუსხმელი დარჩა. კომუნისტების წარმოუდგენელი ცინიზმი იქამდეც კი მივიდა, რომ რეპრესირებული მწერლების ბიოგრაფიებში არაფერია თქმული 1937 წლის სისხლიანი ისტორიების შესახებ, დახვრეტის შემდეგ კი, ვიდრე წითელი იმპერია არსებობდა, ისინი გამოჩენილ "საბჭოთა მწერლებად" მოიხსენიებოდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი