ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან ესპანეთში, ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში მდებარე წმინდა გიორგის სახლობის ქართული მართლმადიდებლური სამლოცველოს მრევლი, ქალაქ ვიტორიაში არსებული ქართველთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნონა ბერიკაშვილი და მისი მეუღლე ვანო მინაშვილი.
საქართველოსა და უფლის სიყვარულმა ამ ადამიანებს ბასკეთში ქართული სამლოცველო დააარსებინა. აქ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის ქართულმა მართლმადიდებლურმა სამლოცველომ დაიდო ბინა, მოძღვრად კი მამა სერაპიონი (გრიგოლაშვილი) დაადგინეს. მამა სერაპიონის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით დავუკავშირდით ქალბატონ ნონას.
- ჩემმა მეუღლემ 1997 წელს დატოვა საქართველო და ესპანეთში წამოვიდა საცხოვრებლად. ხოლო 1999 წელს შვილებთან ერთად მეც ჩამოვედი. თავიდან ძალიან მიჭირდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეგუეთ. რაღა დაგიმალოთ და ძალიან რთულია სამშობლოს დატოვება. სხვადასხვა ქალაქში მოგვიწია ცხოვრება. ამჟამად ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში ვცხოვრობთ. მთელი ოჯახი დასაქმებული ვართ, ყველას სამსახური გვაქვს.
ვიტორიაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და თითქმის ყველასთან გვაქვს ურთიერთობა. გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა ქართველთა ასოციაცია. როცა მამა სერაპიონი გავიცანით, გაგვიჩნდა სურვილი, ქართული მართლმადიდებლური სამლოცველო დაგვეარსებინა. ძალიან დაგვეხმარა ჩემი მეუღლე ვანო მინაშვილი. ასოციაციის დაფუძნების შემდეგ მომზადდა საფუძველი წმინდა გიორგის სამლოცველოს გახსნისა. ჩვენი ასოციაციის დაარსების ძირითადი მიზანი გახლდათ ტაძრის გახსნა. მომავალში ვაპირებთ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას.
საქართველოს გარეთ მცხოვრებნი მონატრებულნი ვართ ყველაფერ ქართულს, წირვა-ლოცვას. სულიერი საზრდო გვაკლდა და მადლობა ღმერთს, რომ ეს შევივსეთ. ტაძრის გახსნაში ბასკეთის ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობამაც დიდად შეგვიწყო ხელი.
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი 12 აპრილს, ბზობას გაიხსნა. ამ დღეს უამრავი ქართველი შეიკრიბა ვიტორიაში. პროვინციებიდან ჩამოსულმა ქართველებმა ძალიან გაიხარეს, უდიდესი ნუგეშია ჩვენთვის ეკლესია.
წმინდა გიორგის ტაძარი საქართველოდან ჩამოტანილი ხატებით და ინვენტარით მოვაწყვეთ. დიდი სანთლის შანდლები კი აქ დავამზადებინეთ. ტაძარმა გაგვაერთიანა ემიგრანტი ქართველები. ახალმა თაობამ გაიცნო ერთმანეთი. მათ ძირითადად ესპანურად უწევთ საუბარი და ქართველ ბავშვებთან ნაკლები ურთიერთობა აქვთ. ტაძარში მოსვლამ კი ქართველობა დაუბრუნათ. ჩემი შვილები 6-7 წლისანი იყვნენ, როცა საქართველოდან წამოვედით. ძალიან გამიჭირდა მათი აღზრდა უცხოეთში. ქართულად ბავშვები მხოლოდ მშობლებთან ურთიერთობისას საუბრობენ. რწმენისგან კი ძალიან შორს არიან. მოგეხსენებათ, როგორია რელიგიის გარეშე აღზრდილი ბავშვის ცნობიერება.
მამა სერაპიონის უდიდესი სურვილია, წმინდა გიორგის ტაძართან დაარსდეს სამრევლო სკოლა. ღვთის მადლით, მომავალში ამასაც დავაფუძნებთ. ვიდრე ტაძარს გავხსნიდით, საქართველოდან ჩამობრძანდა ქალბატონი თამარ გამილაღდიშვილი, მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში.
ქალბატონმა თამარმა სათანადო ინვენტარი მოგვაწოდა ბავშვებისთვის. იმედი გვაქვს, მომავალშიც დაგვეხმარებიან. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს გვერდით დგას მამა სერაპიონი. ძალიან ღვთისნიერი და კეთილშობილი ადამიანია, ყველას შეგვაყვარა თავი. უფალთან მიახლოებაში ძალიან გვეხმარება.
საუბარში ბატონი ვანოც ჩაგვერთო: - ძალიან გვიხარია, რომ სამლოცველო გაიხსნა. ყველანაირად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები, კულტურა, რწმენა. მართალია, დღეს ესპანეთში ვართ, მაგრამ მთელი გულით, სულით და ცნობიერებით საქართველოში ვცხოვრობთ. უკეთესია, რაც უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს და სიყვარული გვექნება მოყვასისა. ღვთის წყალობაა, რომ ჩვენთან ტაძარში მამა სერაპიონი მსახურობს. ვიტორიაში მცხოვრებმა ქართველებმა ტაძარში სულიერი შვება იგრძნეს, რწმენა დაიბრუნეს. მოძღვრის წყალობით ღმერთისკენ ისეთი ადამიანები შემობრუნდნენ, რომ ვერც წარმოვიდგენდი. მეც მათ რიცხვში ვარ. ცხოვრება რთულია, მაგრამ უფალი გვაძლებინებს. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით სამშობლოში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი