ყველაზე უკეთესია, როცა ადამიანს გააქრისტიანებ
"თუ ღმერთთან ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა", - ამბობდა წმინდა ტიხონ ზადონელი.
ქალაქ შტუტგარტში მცხოვრები ქართული დიასპორის ერთობლივად აღვლენილმა ლოცვამ შედეგი გამოიღო და დღეს საშუალება გვაქვს, მშობლიურ ენაზე ლიტურგიაც მოვისმინოთ, - მითხრა სკაიპით საუბრის დროს ეკა ცირიკაშვილმა.2005 წლის 19 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებელი სამყარო დედამიწაზე ეკლესიის დაფუძნებას ზეიმობდა, შედგა შტუტგარტში მცხოვრები ქართველების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დასავლეთის სულიერ სიცარიელეში მყოფი ქართველი მართლმადიდებლებისთვის ნავსაყუდელის შექმნა. ღვთის მადლით და შეწევნით ვძლიეთ გერმანიის სასამართლოს თუ ფინანსური ორგანოების წინააღმდეგობებს. აღსრულდა მრავალრიცხოვან ქართველთა სურვილი, რომელთაც რუსული ეკლესია ვეღარ იტევდა და ქართულ ენაზე შესრულებული წირვა-ლოცვა გვენატრებოდა. რა თქმა უნდა, ამაში მორალური და სულიერი მხარდაჭერა გაგვიწია მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლომ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და არქიმანდრიტმა ლაზარემ (სამადბეგიშვილი). შეიქმნა გამგეობა, საბჭო და საერთო წევრთა კრება. მართლმადიდებლური გაერთიანება დაექვემდებარა საქართველოს საპატრიარქოს, ხოლო 2006 წლის ივნისში მეუფე აბრაამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, გვეწოდა წმინდა ილია მართლის სამრევლო. აი, უკვე სამი წელი გახდა, რაც ყოველთვიურად ჩამოდის ჩვენთან დეკანოზი თამაზი და აღავლენს ქართულად წირვა-ლოცვას. გვყავს ქართველ მგალობელთა გუნდი, ტარდება ნათლობა, ჯვრისწერა, პარაკლისი და პანაშვიდი. მართალია, სამშობლოს ფიზიკურად დავშორდით, მაგრამ სულიერი სამშობლო ბევრმა ვიპოვეთ. მრავალი ჩვენგანი აქ უფრო დაუახლოვდა დედაეკლესიას და დაიწყო სულიერი ცხოვრება. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა მამა თამაზის ქადაგებებმა, რომელმაც ხალხი ეკლესიისკენ შემოაბრუნა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს საპატრიარქოს, რომ საშუალება მოგვცა, ევროპაში ქართული ეკლესია დაგვეფუძნებინა".
***
შტუტგარტის წმინდა ილია მართლის სახელობის მრევლია მეგი ბოჭოიძე-ბიმანი. მეგის გერმანელი მეუღლე ჰყავს. ჰერბერტს იმდენად შეუყვარდა ქართველი მანდილოსანი, რომ მართლმადიდებლურად მოინათლა. ცოლ-ქმარი ტაძარში ერთად დადის. მეგისა და ჰერბერტის ურთიერთობა კი ასე დაიწყო:- ჩემი და გერმანელის ცოლია, - მიყვება მეგი, - ჰერბერტი ჩემი სიძის მეგობარია. ერთ დღეს ჰერბერტმა ჩემი დის ოჯახში ვიდეოკასეტაზე ჩაწერილ ქართულ ტრადიციულ სუფრასთან მნახა. თურმე მოვეწონე.Mმაშინ გერმანული არ ვიცოდი. ტელეფონით დამიკავშირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერაფერი გავიგე. მერე ჩემმა დამ მითხრა, რაც სწადდა ჰერბერტს.
თავიდან ვერ წარმომედგინა საქართველოს გარეშე ცხოვრება. მეგონა, უცხო ტრადიციებთან შეგუება გამიჭირდებოდა, მაგრამ როცა გავიცანი ჰერბერტის ოჯახის წევრები, ვიგრძენი, რომ მათთან არაფერი გამიჭირდებოდა. თავიდან ერთადერთი პრობლემა მქონდა - მინდოდა, ჯვარი დამეწერა და ქმარი მართლმადიდებელი მყოლოდა. ჰერბერტსAდიდხანს არ უყოყმანია. ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში, ოჯახში გვესტუმრა. მოვიარეთ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე. იმდენად მოეწონა საქართველო, ჩვენი სტუმარმასპინძლობა, რომ აქედან წასვლა აღარ უნდოდა.
თბილისში ბავშვთა მეორე საავადმყოფოში ვმუშაობდი, მაშინ ახალი დამთავრებული მქონდა სამედიცინო უნივერსიტეტი... გერმანიაში 2001 წლიდან ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად. გერმანიაში მოვაწერეთ ხელი. ჯვარი კი საქართველოში, ქაშვეთის ტაძარში ჩემმა მოძღვარმა, მამა ღვთისომ დაგვწერა. მამა ღვთისომ იმ დღესვე, ჯვრისწერამდე მონათლა ჰერბერტი. გახარებული ამბობდა, - ყველაზე კარგია, როცა ადამიანს გააქრისტიანებო.
დღეს იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს ვუსურვებ, ჩემნაირი ბედი ჰქონდეთ. ძალიან კარგი ადამიანია ჰერბერტი. ის რომ ასეთი არ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ შევეგუებოდი უცხოეთში ცხოვრებას. დასაწყისში ცოტა გამიჭირდა საქართველოსთან განშორება. აქ მცხოვრებ ქართველებს უკვე ჩამოყალიბებული ნევროზი აქვთ. ვეღარ გაუგიათ, რა უნდათ - სამშობლოში დაბრუნება თუ ისევ უცხოეთში ყოფნა. ერთი კია, დიდი ნოსტალგია აქვთ... მე უკვე შევეგუე აქაურობას, ოჯახი მყავს, საქმეც მაქვს. ახლა ვაპირებ ქართული საკვირაო სკოლის გახსნას აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. შტუტგარტის გამგეობაში შეტანილი გვაქვს საბუთები. ამ სკოლაში შევასწავლით ყველაფერ ქართულს.Eეს იქნება თავისუფალი სკოლა, რომელიც ყოველ კვირა დღეს იფუნქციონირებს. მსგავსი სკოლები შტუტგარტში არ არსებობს. ვფიქრობ, ძალიან წაადგება მსგავსი სკოლის დაარსება ქართველ ბავშვებს.
შტუტგარტში ქართული ეკლესია არ გვაქვს. რუსულ ეკლესიას ვართ მიკედლებულნი. მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თამაზ ლომიძე ჩამოდის და ქართულად ატარებს ღვთისმსახურებას. რუსულ ტაძარში არსებული ქართული სამლოცველო წმინდა ილია მართლის სახელობისაა. უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ასევე გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში მცხოვრები ქართველების დიდი მონდომებით დაარსდა ეს სამლოცველო. ყველა ქართველს საშუალება აქვს, მშობლიურ ენაზე მოისმინოს წირვა-ლოცვა. გერმანული და რუსული ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ქართულად აღვლენილ ღვთისმსახურებას სულ სხვა მადლი აქვს.
სტიქაროსნები, მგალობლები, მედავითნეები - აქაური ქართველები არიან. მრევლიც მომრავლდა. ტაძარი ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველებს თავშეყრის საშუალება გვეძლევა. წირვა-ლოცვის შემდეგ მამა თამაზთან ერთად ვიკრიბებით. ვსაუბრობთ რელიგიურ საკითხებზე, სხვადასხვა საინტერესო თემაზეც. მოძღვარი სიამოვნებით გვპასუხობს შეკითხვებზე და დიდ ნუგეშს გავაძლევს თითოეულ ქართველს. როცა ძალიან გვიჭირს, ის ჩვენს გვერდითაა. მასთან ყველა მშვიდად ვგრძნობთ თავს. იმდენად ღვთისნიერია მამა თამაზი, რომ მის ერთ სიტყვასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის ოჯახით მიუნხენში ცხოვრობს. მამა თამაზი ჩვენი მაგალითია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა უცხოეთში.
შტუტგარტში, რაც მთავარია, ქართველებს ძალიან კარგი სახელი აქვთ. იშვიათია, რომ აქ ქართველი არ უყვარდეთ. შტუტგარტის ქართველობა ვცდილობთ, ერთმანეთთან ვიმეგობროთ. პირადად მე რამდენიმე ქართველი ბავშვის ნათლია ვარ. დღესასწაულებზე ვიკრიბებით და ქართულ სუფრას ვშლით. ჩემს მეუღლეს იმდენად შეუყვარდა საქართველო და ქართველები, რომ ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე დადის და ცდილობს, ჩემს მშობლიურ ენაზე მესაუბროს.
საქართველოსგან განსხვავებით, დაოჯახებული ახალგაზრდები ცხოვრებას ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად განაგრძობენ. აქ თითოეული ადამიანი ყველაფრით უზრუნველყოფილია და ცხოვრება არავის უჭირს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ ასე არ არის.Gგული მტკივა, როცა ამაზე მიწევს საუბარი.
მართალია, ჩემი შვილები - ელენე და მარი ჯერ პატარები არიან, მაგრამ გერმანულად და ქართულად გამართულად საუბრობენ და წერენ კიდეც. როცა ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებიან, კარგად ესმით ღვთისმსახურების მნიშვნელობა.
შტუტგარტი თბილი და კარგი ქალაქია, მაგრამ ჩემი სამშობლო მაინც ძალიან მენატრება. მინდა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ყველა ქართველი ბედნიერად გრძნობდეს თავს.