უწმინდესმა გვაკურთხა, სოფელში, სადაც შევიდოდით, უნუგეშოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის გვეხარებინა - "ჩვენთან არს ღმერთი!"
ნათქვამია: "მეგობარი ჭირში გამოიცნობაო".
ჭეშმარიტი პატრიოტის სიყვარულიც თავისი ხალხის მიმართ განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება საყოველთაო განსაცდელისა და უბედურების ჟამს. როცა ადამიანს ახლობელი მძიმედ ჰყავს ავად, საკუთარ გართობასა და სიამოვნებაზე აღარ ფიქრობს. დარდსა და საზრუნვაში ჩაფლულს ხანდახან არც ჭამა ახსენდება და არც სმა, ვერც ისვენებს და ვერც იძინებს. რაღაც ამდაგვარს უნდა განიცდიდეს სამშობლოს უბედურების ჟამს ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავისი ქვეყანა.აგვისტო მძიმე, შფოთიანი და ცრემლიანი იყო საქართველოსთვის. ძნელად მოიძებნება ჩვენში კაცი, ვინც იმ დროს მშვიდად დადო სასთუმალზე თავი. ყველგან ერთი სტკიოდათ, ყველგან ერთს ჩიოდნენ...
გვესაუბრება ხილიანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზოში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, ბერდიაკონი მიქაელი (ბრეგვაძე).
- მამა მიქაელ, პირველად როდის და რა მისიით შეხვედით ე.წ. კონფლიქტის ზონაში?
- თბილისში ვმსახურობ, მშობლები კი გორში მყავს. დროდადრო მათ მოსანახულებლად ჩავდივარ. სიტუაცია რომ დაიძაბა, დღეგამოშვებით ჩავდიოდი. რუსების მიერ გორის ოკუპაციის დროს კი ქალაქში შესვლას მხოლოდ საპატრიარქოს ჰუმანიტარული მისიის დახმარებით ვახერხებდი.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, ჩვენი ჯარის ნაწილებს უკან დახევამ მოუწიათ. ცხინვალის რეგიონი, გორი და მისი მიმდებარე სოფლები რუსეთის ჯარმა დაიკავა. რუსეთმა უარი თქვა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებაზე. ერთადერთი, ვისაც ამაზე დასთანხმდნენ, საქართველოს საპატრიარქო იყო. უწმინდესმა წერილით მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს და მოითხოვა, შექმნილიყო ჰუმანიტარული კორიდორი ცხინვალისა და ნიქოზის, რუისისა და ურბნისის, სამთავისისა და გორის ეპარქიების ტერიტორიაზე დარჩენილი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის დასახმარებლად.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გორისა და ნიქოზის ეპარქიების მღვდელმთავრებს არც ერთი წუთით არ დაუტოვებიათ კონფლიქტის ზონა, სულიერად და მატერიალურად მხარში ედგნენ მოსახლეობას.
უწმინდესი და უნეტარესი სასულიერო პირებთან ერთად პირველი შევიდა კონფლიქტურ ზონაში და გზა გაკვალა შემდგომი ჰუმანიტარული მისიების განსახორციელებლად. საპატრიარქოში შეიქმნა ჰუმანიტარული დახმარების საორგანიზაციო ჯგუფი. ისინი ეხმარებოდნენ თბილისში მყოფ დევნილებს, კოორდინაციას უწევდნენ კონფლიქტის ზონაში შესატან ჰუმანიტარულ ტვირთს. ამ საქმეში ჩაერთო თბილისის ყველა ტაძრის მღვდელმსახური და სამრევლო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პატრიარქის მდივნის, ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის თავდაუზოგავი შემართება, ასევე ქალბატონ დარეჯან შენგელიას დაუღალავი ღვაწლი. შეიძლება ითქვას, ეს ორი ქალბატონი აგვარებდა ორგანიზაციულ საკითხებს.
მეც გამოვთქვი სურვილი, მონაწილეობა მიმეღო ამ საქველმოქმედო საქმეში. გადაწყდა, რომ საპატრიარქოდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი უნდა შეგვეტანა მე და მამა იაკობ ჩოჩინიძეს. ქალბატონმა შორენამ უწმინდესთან წარგვადგინა. პატრიარქმა დაგვლოცა და გვაკურთხა, ყველა სოფელში, სადაც შევიდოდით, უნუგეშოდ დარჩენილი მოსახლეობისთვის გვეხარებინა - "ჩვენთან არს ღმერთი!"
- როგორი იყო კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის განწყობა?
- მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც შეინარჩუნეს სულიერი მხნეობა. ვფიქრობდი, ხალხი გარკვეულწილად დათრგუნული და შეშინებული დაგვხვდებოდა, რადგან პირველ დღეებში მაროდიორები განსაკუთრებული სისასტიკით არბევდნენ სოფლებს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მამაკაცებს, მიუხედავად ხანდაზმულობისა, საბრძოლო განწყობა ჰქონდათ. ზოგი მათგანი თავდასაცავად იარაღს ითხოვდა, ზოგი გადარჩენის გზას პარტიზანულ ომში ხედავდა. ჩვენ შევაგონებდით, რომ ასეთ ცეცხლს ცეცხლით ვერ შეაჩერებ, აგრესიით უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევ...
ძალიან მცირე დოზით, მაგრამ პანიკაც იყო მოსახლეობაში. ამა თუ იმ სოფელზე გვეტყოდნენ, მთლიანად გადამწვარიაო. შევიდოდით და საკუთარი თვალით ვხედავდით - ერთი სახლიც არ იყო დამწვარი. ხშირად პანიკას აყოლილი ადამიანები მტრის საქმეს ისე აკეთებენ, თვითონაც ვერ აცნობიერებენ.
იმ დღეებში საოცარი მხარდაჭერა დავინახე საქართველოს საპატრიარქოსი - დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილით მოდიოდნენ ყველა სოციალური ფენისა თუ ასაკის ადამიანები, რაც, რა თქმა უნდა, ძალასა და სიმხნევეს გვმატებდა. ვინც კი იგებდა, რომ ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის სოფლებში შესვლა და იქაურების დახმარება შეგვეძლო, მიკავშირდებოდა და ჩვენთან ერთად წამოსვლას გვთხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად დაუცველები იქნებოდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ახალგაზრდები, მათ შორის - სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ამ საქმეში და ცდილობდნენ, ჩვენს გვერდით მდგარიყვნენ. არ შემიძლია, არ ვახსენო ერთ-ერთი მათგანი - ავთანდილ გიუნაშვილი, რომლის მამაც ტყვედ ჰყავდათ ცხინვალში. როცა მამამისის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, ღმერთს მინდობილი ცდილობდა, ტკივილი დაემალა და უდრტვინველად მომსახურებოდა სხვას.
მოგვიანებით კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის საქმეში შემოგვიერთდა ამერიკული მართლმადიდებლური ორგანიზაცია "საერთაშორისო ქრისტიანული მოწყალება".
კონფლიქტის ზონიდან საპატრიარქოში დაბრუნებული ვგრძნობდი იმ მძიმე დღეებში ჩვენს ერში გამოღვიძებულ საოცარ ერთსულოვნებას. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ერთობაში ეკლესიასთან ერთად დიდია სახელმწიფოს როლიც.
- ცხედრების გამოსვნებაშიც მონაწილეობდით?
- როგორც იცით, ომის შემდეგ კონფლიქტის ზონაში, კერძოდ ნიქოზის ეპარქიაში, პირველი უწმინდესი შევიდა სასულიერო პირებთან ერთად და პირველი მიცვალებულებიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადმოასვენეს. ჩვენ ცხედრები არ გამოგვყავდა, რადგან ამისთვის საგანგებო წინასწარი მომზადება იყო საჭირო. ამაზე სხვა სასულიერო პირები ზრუნავდნენ. ჩვენ მხოლოდ ვატყობინებდით ცხედრების ადგილსამყოფელს.
მახსენდება სოფელ საქაშესთან ნანახი ჯარისკაცის ცხედარი, რომელიც მე და სოფელ ვარიანის მღვდელმსახურს, მამა თადეოზ ქებაძეს, მიგვასწავლეს ადგილობრივებმა. საკაცეზე იწვა. თვალღია ზეცაში მაყურებელს ტკივილით დაელია სული. როგორც ჩანს, დაჭრილი იყო და გამოჰყავდათ. საოცარი გრძნობა დამეუფლა - თითქოს თვალწინ გამირბინა მისმა ცხოვრებამ. მომავლის იმედებითა და ოცნებებით სავსე მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე... ერთი რამ კი მწამს - ის ადამიანი სასუფეველში საქართველოსთვის შეწირულ გმირებს შეუერთდა.
თბილისში ჩამოსულს გამუდმებით წარმომიდგებოდა იქ ნანახი ცხედრები, ადამიანთა გაწამებული სახეები, გაბზარული ხმები, გადამწვარი სახლები და გაუდაბურებული სოფლები... და რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდი თავს. თითქოს დანაშაულის გრძნობას გდევს თან, გავალდებულებს, შენგან რაღაც უფრო ამაღლებულს მოითხოვს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური ცხოვრება თანამემამულეთა სისხლით არის გამოსყიდული...
- ალბათ, ბევრი სირთულის გადალახვა გიწევდათ...
- ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შემდეგ გორიდან მსუბუქი მანქანით ვბრუნდებოდით. მანქანა ნუცუბიძის პლატოზე მდებარე მირქმის ტაძრის მრევლს გოჩა მოსიაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც მთელი იმ ხნის განმავლობაში თავისი ხარჯებით ემსახურებოდა საპატრიარქოს. ორმა ქალბატონმა თბილისამდე გამოყოლა გვთხოვა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ერთ-ერთ რუსულ ბლოკსაგუშაგოსთან ორმა ოსმა შეიარაღებულმა მამაკაცმა გაგვაჩერა. გვთხოვეს, გამოგყვებითო. მაშინვე მივხვდი მათ განზრახვას, მაგრამ ვიფიქრე, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, დავიმგზავრებ და გზაში რამეს მოვიფიქრებ-მეთქი. ავტომობილი ორკაბინიანი გახლდათ. უკან შეიარაღებული ოსი თანამგზავრები ისხდნენ ორ ქალბატონთან ერთად, წინ - მე და მძღოლი. მძღოლს ვთხოვე, მაქსიმალური სიჩქარით ევლო, რათა უახლოეს საგუშაგოსთან მალე მივსულიყავით და დამგზავრებულებიც იქ დაგვეტოვებინა. როგორც კი რუსულ საგუშაგოს გავცდით, გზად ჩასაფრებული 06 მარკის ავტომანქანით ოთხი შეიარაღებული აგვედევნა. მათ დანახვაზე მანქანაში მყოფებმა გაჩერება მოითხოვეს. ჩვენ ხმა არ გაგვიცია. მაშინ ოსები ქალბატონების დახოცვით დაგვემუქრნენ, თუმცა სროლას მაინც ვერ ბედავდნენ, რადგან ისე სწრაფად მივდიოდით, თუ ისროდნენ, მანქანა ამობრუნდებოდა და თვითონაც დაშავდებოდნენ. შიშმა შეგვიპყრო, მაგრამ ვერ დაგვთრგუნა. მე - ფსკვნილზე, გოჩა კი საჭეს ჩაჭიდებული ლოცულობდა... ასე მივაღწიეთ იგოეთის ბლოკპოსტს, სადაც პირველივე ჯავშანმანქანასთან ჩამოვსხით შეიარაღებული თანამგზავრები. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი სხვაგვარად არ დასრულდა! იმ დღეებში ხშირი იყო მანქანებთან ერთად ქალბატონების გატაცებაც და ჩვენც ყველაზე მეტად ამის გვეშინოდა...
ომში ადამიანი ყველაზე უკეთ გრძნობს, რა უსუსურია ღვთის გარეშე, ამ დროს სიკვდილი უფრო ახლოა და ყველაზე ურწმუნოც კი ხვდება, რომ სიკვდილ-სიცოცხლის გასაღები მხოლოდ უფლის ხელშია.
- მამაო, შიში ახსენეთ...
- სიკვდილის შიში ადამიანის განუყოფელი თანამგზავრია ასეთ დროს. საზოგადოდ, თვითონ შიშის ფენომენია ძალზე საინტერესო. როცა საშიში გარემო არ არის, გგონია, რომ უშიშარი ხარ; მაგრამ როგორც კი საფრთხეში აღმოჩნდები, ხვდები, არც ისეთი მამაცი ყოფილხარ, რომ გეგონა თავი...
ბუნებრივია, გეშინია, როცა იცი, რომ სნაიპერი გიყურებს. წარმოიდგინეთ, მიდიხარ და იცი, ლულა და ჭოგრიტი ერთადაა მომიზნებული შენკენ. ძალიან ხშირად რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ, რაც ართულებდა მათთან ურთიერთობას და თავისთავად ქმნიდა სახიფათო სიტუაციებს. საკუთარ თავში შიში რომ შევნიშნე, მაშინვე დავიწყე პარალელების ძებნა წმინდა წერილში - მინდოდა, ამით რაღაცნაირად გამემხნევებინა თავი. გამახსენდა, როგორ შეეშინდა აბრაამს ეგვიპტელების და სარაზე თქვა, ჩემი დააო, რადგან იცოდა, სიმართლე რომ ეთქვა, მოკლავდნენ. ქარმელის მთაზე წინასწარმეტყველ ელიასთან მთავარსარდალი მივიდა თავის ნაწილთან ერთად და მოახსენა, მეფე გიბარებსო. წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ წინასწარმეტყველს შეეშინდა და ილოცა, წასულიყო თუ არა.
- მამაო, როგორც სასულიერო პირს, რუსი სამხედროები განსხვავებულად ხომ არ გექცეოდნენ?
- რაზმის უფროსები იყვნენ რუსები, თორემ ქვედანაყოფებში ძირითადად მუსლიმი ჯარისკაცები ჰყავდათ. მუსლიმების დამოკიდებულება ქრისტიანებისა და მით უფრო სასულიერო პირებისადმი მოგეხსენებათ. თუმცა ერთ-ერთმა მუსლიმმა ასეთი რამ გვითხრა: მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები ვართ, სასულიერო პირებს მაინც არ ვესვრით, ღმერთი გვწამს და ღვთისმსახური, თუნდაც ქრისტიანი, ჩვენთვის მაინც სიწმინდეაო.
- მამა მიქაელ, რუს სამხედროებთან ურთიერთობისას გრძნობდით, ერთმორწმუნე ადამიანებთან რომ საუბრობდით?
- კი, ნამდვილად ვგრძნობდი - პირჯვარს იწერდნენ, ლოცვა-კურთხევას ითხოვდნენ. რუსთან საუბრისას გრძნობდი, რომ შენი ტრადიციის ადამიანთან გქონდა ურთიერთობა. ხაზგასასმელია, რომ ტრადიციის და არა სარწმუნოების. სამწუხაროდ, სარწმუნოებრივი ერთობა არ იგრძნობოდა. ერთმორწმუნე ქვეყანა ჩვენთან კეთილმეზობლურად უნდა ცხოვრობდეს, ხელი შეგვიწყოს მისიონერობაში, ეკლესიის მოწყობაში, სახელმწიფოს განვითარებაში, რათა ორი ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო ამ მუსლიმურ გარემოში არაქრისტიანულ სულს გაუმკლავდეს. სამწუხაროდ, პირიქით ხდება...
- მამაო, ახლა როგორი ვითარებაა კონფლიქტის ზონაში?
- ჩვენ დღემდე შეგვაქვს იქ ჰუმანიტარული დახმარება საპატრიარქოს სახელით. ე.წ. კონფლიქტის ზონაში ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა ესაა ტერორით დამყარებული, მოჩვენებითი სიმშვიდე. სახარება მაგონდება. ერთგან წერია: "მშვიდობასა ჩემსა მიგცენ თქვენ და მშვიდობასა ჩემსა დაგიტევებთ თქვენ, არა ისე და ისეთს, ვითარცა სოფელმან მისცეს..." - არის სიმშვიდე უფლისმიერი და სიმშვიდე ამა სოფლისა, ადამიანისგან გამოგონილი, ხელოვნური.
მაროდიორობა დღემდე გრძლდება. აგერ, რამდენიმე დღის წინ სოფელ ზნაურიდან ქართული მოსახლეობის საქონელი წაასხეს და ხმა ვერავინ ამოიღო. აი, ასეთი სიმშვიდე დაამყარეს იქ რუსებმა.
- მაინც რა არის ომი?
- ომი უაღრესად სამწუხარო მოვლენაა, ღრმად საწინააღმდეგო ქრისტიანული მოძღვრებისა. თქმა არ სჭირდება იმას, თუ რა სასიხარულო იქნებოდა, ადამიანებს ბრძოლა და ქიშპი რომ შეეწყვიტათ. მაშინ ხომ დაისადგურებდა დედამიწაზე მშვიდობა. მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება...
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა ადამიანებმა უფლის სახელის მატარებელი ტაძრის მაგიერ კაცის სახელზე აშენებული გოდოლის გარშემო გაერთიანება გადაწყვიტეს, ჭეშმარიტებამ გვარები ენების აღრევით ერებად დახლიჩა. სწორედ იმ დღიდან დაედო დასაბამი მსოფლიოში ომის სისხლიან ისტორიას. ომი ბაბილონის გოდოლის წყევლაა, ხსნა კი მხოლოდ სულთმოფენობა დღეს მრავალ ენებზე გამოცხადებულ უფლის სულშია, რომელიც შემოქმედის გარშემო კრებს ყველას და ყოველივეს.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმ თავდაუზოგავ შრომას, ჩვენმა სასულირო პირებმა რომ გასწიეს იმ მძიმე დღეებში, განსაკუთრებით კი გორისა და ნიქოზის ეპარქიების სამღვდელოებამ.