ქართული ჩოხის ღირსეული ტარებით ყოველი ქართველი ატარებდა და კვლავაც ატარებს თავის წილ საქართველოს მთელი თავისი ბედით
თითქმის ოცი წელია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით, ჩვენს ქვეყანაში დაარსდა ჩოხოსანთა საზოგადოება.
ჩოხა ოდითგანვე იყო სიმბოლო ქართული ჯიშის მშვენების, ქართველი კაცის ამაყი ნებისა: "ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი, ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული, - წერდა გრიგოლ რობაქიძე, - ქართველი თავმომწონეა. აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისთვის. ენა ქართველთა უგენიალურესი ქმნილებაა ენათა შორის. მისი ფესვეული დენა აცნაურებს უთვალავ საიდუმლოთ მსოფლიოისა. გასაოცარია და საცნაური ქართველთა "ჯვარი ვაზისა", ასეთი ღრმა სიმბოლო რეალური მთელს საქრისტიანოში არ მოიპოვება. გავიხსენოთ "La russie"-ს სიტყვები: "ალბათ ყველაზე ლამაზი რასა ქვეყანაზე".
ქართული ჩოხის ღირსეული ტარებით ყოველი ქართველი ატარებდა და კვლავაც ატარებს თავის წილ საქართველოს მთელი თავისი ბედით. ჩვენმა ერმა, განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, უდიდესი განსაცდელები გადაიტანა: სამეფოს მოშლა, რუსიფიკაცია, შემდეგ იდეოლოგიური დიქტატურის მარწუხები, პიროვნების უგულებელყოფა, პარალელურად - ადამიანების დემორალიზება, აკრძალვა ან შერყვნა ქართული ენისა... მტერს სურდა ქართული სულის ჩაკვლა. იყო დრო, ქართულ ჩოხას პროტესტის დატვირთვა ჰქონდა. მერაბ კოსტავა წერდა: "ოციან წლებში საზღვარგარეთიდან ჩამოსულ კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა მთავრობა ბრალად სდებდა სამშობლოს ღალატს. მან კი ჯიქურ მიახალა ორჯონიკიძეს: "ქართველი ხალხის ფიზიკური განადგურებისა რომ არ მშინებოდა, თქვენ და თქვენს მეთერთმეტე არმიას როსტოვს აქეთ არ გადმოგიშვებდითო". სიტყვიერად მეორე სილაც გააწნა მწერალმა გადამთიელთა ჯარის მეგზურსა და წინამძღოლს. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა შავი ჩოხები შეიკერეს. ოცდაოთხი წლის ამბები ახალმომხდარი იყო, ამიტომ ხალხმა მათი მოქმედება გლოვის საპროტესტო გამოხატულებად მიიჩნია და მრავალმა მიბაძა. იმჟამად მთავრობას ყველგან და ყველაფერში ორგანიზაცია ელანდებოდა. ადმინისტრაციული დაწოლითა და მუქარით ყველას გაახდევინეს შავი ჩოხები გამსახურდიას გარდა. "ჩემი ჩოხა შენ ხომ არ გიჭერსო წელზე", - შეუთვლია გამსახურდიას ორჯონიკიძისთვის მისივე მოციქულის პირით. არ შემდრკალა მწერალი ავკაცის წინაშე, ქართველების სისხლით რომ მორწყო ჩვენი მთა-ველი".
დღეს ჩოხოსანთა დასში გაწევრებისას ყოველი ადამიანი დებს სიტყვას: "მე, შენ, ჩვენ, ერთმანეთისთვის და საქართველოსთვის! მე ვარ ჩოხოსანი და საქართველოს ერთგული შვილი. დავიცავ სულიერ და ეროვნულ ღირებულებებს. პატივს ვცემ ჩვენს დიდ წინაპრებს, ვლოცულობ მათთვის და დავიცავ მათ ტრადიციებს. მჯერა, რომ მტკიცე და მრავალშვილიანი ოჯახი არის ქვეყნის სიძლიერის საფუძველი. აღვზრდი ჩემს შვილებს სულიერი, ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების დამცველად. ვემსახურები ქართულ სახელმწიფოს და ვიბრძოლებ მისი ერთანობისა და ძლიერებისთვის! დიდება უფალს! ღმერთი ჩვენთანაა!"
"კეთილ არს ბაძვა კეთილისათვის მარადის!" ჰოდა, ნემსაძეებისა და შანგუების ოჯახებმაც ჩოხოსანთა კეთილ მაგალითს მიბაძეს და თავადაც ჩაიცვეს ქართული ეროვნული სამოსი. ეს ოჯახები თბილისში (დიღმის მასივში) ცხოვრობენ. ნათესაობის გარდა ერთმანეთთან მეზობლობაც აკავშირებთ. ეამაყებათ ეროვნული სამოსის ტარება; ქრისტიანულად ცხოვრობენ, ლოცულობენ, შვილებსაც ქრისტიანული და ეროვნული ფასეულობებით ზრდიან, ყოველგვარ განსაცდელს მხნედ ეგებებიან. მათ ოჯახებში მუდამ სითბო და სიყვარული სუფევს, რასაც უშურველად უნაწილებენ სტუმარს. ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებს მათთან მისვლა.
გოჩა ნემსაძე: - ბავშვობაში ბიჭუნათა ხალხურ ანსამბლში ვმღეროდი და ჩოხის სიყვარული ბავშვობიდან გამომყვა. ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრებაზე ვოცნებობდი. ერთხელ, ოჯახთან ერთად, რუსთაველის გამზირზე ვსეირნობდი. ოპერის წინ ჩოხოსნები შეკრებილიყვნენ - რაღაც ღონისძიება ჰქონდათ. სიამაყის გრძნობა დამეუფლა. იმ დღეს გადავწყვიტე, ჩოხა შემეკერა. მერე შევხვდი ჩოხოსანთა საზოგადოების მდივანს, ბატონ მერაბ კირკიტაძეს, გავესაუბრე უხუცესებსაც. გამოვკითხე, თუ როგორ შეიძლებოდა მეც მათ რიგებში ჩავრიცხულიყავი. ერთი სიტყვით, მათთან მჭიდრო ურთიერთობა გავაბი და ბევრი რამ გავიგე ქართული ეროვნული სამოსის ტარების და სხვა ქართული ტრადიციების შესახებ. შემდეგ ჩოხების ცნობილ მკერავთან, ბატონ არსენასთან მივედი. გულისფანცქალით ველოდი ჩოხის ჩაცმას, ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრებას. ეს დღეც დადგა, 2002 წლის 26 მაისს მიმიღეს ჩოხოსანთა დასში. ამ დროს რიტუალი სრულდება - ხანჯალაღპყრობილ ჩოხოსნებს შორის გადიხარ და უხუცესები "გნათლავენ", თავზე ხმალს გადებენ, პირჯვარს გადაგსახავენ... მეორე წელს ჩემი შვილები - ელენე და ანდროც გახდნენ ჩოხოსანთა დასის წევრები. მინდა ჩოხოსნობა ჩვენს ოჯახში ტრადიციად დამკვიდრდეს.
რა თქმა უნდა, ჩოხის ტარება მარტოოდენ თავის მოწონებით და პასიური ტკბობა-აღტაცებით არ გამოიხატება. ჩოხის ტარება ბევრს ავალებს კაცს. უპირველესად, ღმერთის, შემდეგ მამულის, ოჯახის, მოყვასის წინაშე. ეროვნულ სამოსს რომ იცვამ კაცი, შენი პატარა ერისა და ქვეყნის ბედს და მხარდაჭერას უნდა იზიარებდე. არასოდეს უნდა უღალატო ოჯახს, სამშობლოს, სინდისს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ტრადიციები: სტუმარმასპინძლობის, ოჯახის სიწმინდის, უფროსუმცროსობის, ქალისადმი მოწიწებისა და პატივისცემისა. საქართველოს აქვს უძველესი ისტორია. "მისი არსი ცხადდება ქართულ ხასიათში, ქართულ სიტყვაში, ქართულ სილაღეში, ქართულ ერქვანში, ქართულ ხმაში, ქართულ სიმღერაში, ქართულ ჩოხაში". გახსოვთ გრიგოლ რობაქიძე, სამშობლოდან დიდი ხნის მოშორების მიუხედავად, გაუხუნარი ფერებითა და მსუბუქი ირონიით რომ აღწერდა ქართულ სუფრას: "შევექცეთ სამხეს: აგერ სულგუნი მაქვს, თუმცა არა შემწვარი. ხომ იცი, ეხლა სულგუნს შემწვარს მიირთმევენ! პირის გემო თუ დაეკარგათ! თუ ეს დაგვეკარგება ქართველებს, შენი მტერია, გადავშენდებით საბოლოოდ. სულგუნი, ვიცი, შეუმწვარი უნდა მიირთვა, უნდა ააცალო ნელ-ნელა ფურცელი - რომელი წიგნის ფურცვლა სჯობია მას! სულგუნს ტარხუნა უნდა, ისიც მაქვს. სოფლიდან კარაქი მოიტანეს. "მახობელაც" - ხომ იცი, ქართლის სქელი ნესტოიანი ლავაში, ლურჯი ქვირითის ფერი რომ გადაჰკრავს! "ნაფარეულიც" თან მივაყოლოთ და ყოველი სატკივარი გაივლის!" ქართული სუფრა ნამდვილი აკადემიაა. ამ ტრადიციებს შენარჩუნება უნდა.
საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულებზე ჩოხოსანთა დასის წევრები წმინდა სამების ტაძარში ვიკრიბებით. ჩვენი საზოგადოების ხელმძღვანელი თავად უწმინდესი ბრძანდება. დღესასწაულებზე იგი გვლოცავს. სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. შემდეგ ოჯახებში ვიკრიბებით. ჩვენს ახლობლობას სუფრა კიდევ უფრო განამტკიცებს. ჩვენი საზოგადოების წევრებს შორის არიან ბატონი ოტია იოსელიანი, ბატონი ომარ მხეიძე, ზაურ ტყეშელაშვილი და სხვა ღირსეული ქართველები.
ჩემი მეუღლე - ხათუნა ენუქიძე ჩინებული დიასახლისია. მას ძალიან უყვარს ჩოხოსნები და ერთგულად გვემსახურება.
შემდეგ ჩემი ცოლისდა - მაია ენუქიძე გაწევრდა ჩვენს საზოგადოებაში თავის ქალიშვილებთან - მარიამ და ნინო შანგუებთან ერთად. ასე რომ, ჩვენს ოჯახში შეიკრა დიდი გუნდი ჩოხოსნებისა. ღმერთს ვთხოვ, გაგვხადოს ღირსნი ქართული ეროვნული სამოსის ტარებისა და უფლისა და მამულის არნახული მსახურებისა.
მაია ენუქიძე: - ბავშვობაში მეც ვმღეროდი თბილისის მოსწავლეთა სასახლის გოგონათა ანსამბლში, რომელსაც ერქვა "ნანა". ქართული ფოლკლორი და ტრადიციები ის ფესვებია, რომელზეც ჩვენ ვდგავართ და ვშენდებით. ამ ფესვების გადაჭრა არ შეიძლება. მინდა ჩემი შვილები ნამდვილი ეროვნული ფასეულობებით გაიზარდონ. "შეგნება ჯიშისა", ზრდილობა, თავაზიანობა, ქართული პატიოსნება ვლინდებოდეს მათ სიტყვასა და საქციელში. ქართული სამოსის ტარებას თავისი მადლი აქვს. იგი უხილავი, საიდუმლო ჯაჭვებით გაკავშირებს წინაპრებთან, თითქოს გრძნობ კიდეც მათი გულის ფეთქვას. შენს თვალწინ ცხადდება ქართველთა გმირული ისტორიის სახელოვანი ფურცლები.
ეროვნულ სამოსს განსაკუთრებულ დღეებში ვიცვამთ. მისი ჩაცმა თავად არის დღესასწაული. მხნე და ხალისიანი განწყობა გვეუფლება. ჩემი დის ოჯახში ხშირად სტუმრობენ ჩოხოსნები. ნეტა განახათ, როგორი სუფრა იშლება, როგორი პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს, მანდილოსნებს, უფროსებს. როგორ მღერიან "მრავალჟამიერს", "ჩაკრულოს". ასეთ გარემოცვაში ვერავინ გაბედავს თუნდაც უადგილო ხუმრობას. მთავარი ის არის, რომ ამას უყურებენ ბავშვები. ეს კარგი მაგალითია მომავალი თაობის სწორი და ჯანსაღი ფასეულობებით აღზრდისთვის. მით უმეტეს დღეს, როცა ასე მოგვეძალა არაეროვნული, მდარე მასკულტურა. "სამშობლოს განცდა გასაკვირველი" ჩემს ქალიშვილებს მათმა ნათლიამ - გოდერძი ჩოხელმა დაანათლა. გოდერძი ჩვენი მეზობელი იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოინახულეს ჩოხოსნებმა. გოდერძის სიხარულით უბრწყინავდა თვალები. ეამაყებოდა, მისი ნათლულები ჩოხოსნები რომ იყვნენ. იტყოდა ხოლმე: მე გულით ვატარებ ჩოხას. თანაც ჩოხელი ვარო. ცოტა ხნის წინ ჩვენს ოჯახს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. ღვთის იმედად ვართ. უფლის რწმენა და სასოება გვანუგეშებს და გვაძლიერებს. ჩვენს ქვეყანასაც მძიმე ჟამი უდგას, მაგრამ ვუძლებთ. მახსენდება ერთი ქართველი მწერლის სიტყვები:
"ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა - საუკუნოობით ტანჯული საქართველოს წიაღთაგან! არაა ეს საკვირველი? მართლაც რომ საკვირველია! ყოველი წვეთი სისხლისა, საქართველოს დედულ-მამულისთვის დანთხეული, მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას. მე ვამბობ: საქართველო დაჭრილი მზეა! "დაჭრილი მზე", მაგრამ მაინც მზე!"