ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი
რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ წესში აღმართულია ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი. ტაძარზე შემორჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ის აუგია ოსტატ ავთანდილ შულავრელს რაჭის ერისთავის როსტომის დაკვეთით 1753 წელს.
ცნობილია, რომ რაჭის საერისთავო შეიქმნა X საუკუნის II ნახევარში. რაჭის პირველი ერისთავები დაეფუძნენ სოფელ წესთან - ბარაკონში. ამ ადგილას მდინარე ლუხუნი რიონს ერთვის. შესართავთან, მთაზე რაჭის ერისთავებმა ააგეს დიდი ციხესიმაგრე, რომელიც მინდა ციხის სახელითაა ცნობილი. აქ რიონის პირზე დაიდგეს სასახლე და სავარაუდოა, რომ სასახლესთან დარბაზული ეკლესიაც ააშენეს. მათი ნაშთი არ დარჩენილა. მახლობლად ააგო როსტომ ერისთავმა ახალი დიდი, გუმბათიანი ტაძარი და მრავლად შესწირა ჯვარ-ხატი, საეკლესიო წიგნები და სხვა განძეული.
გასაბჭოების შემდეგ ერისთავების ისტორიული სასახლე გაანადგურეს. ეკლესია გაძარცვეს, როსტომ ერისთავის საფლავიც მოთხარეს გაძარცვის მიზნით. ცხადია, ეკლესიაც დაიხურა.
ბარაკონის ეკლესია რაჭაში ყველაზე მაღალია. მას სამი კარი აქვს. ტაძარი ოცდაათი სარკმლით ნათდება. გუმბათის სარკმლების თავებს გირჩების ჩუქურთმა ამშვენებს. ფასადზე უამრავი სხვადასხვა ფორმის და სიდიდის ჯვარია.
ბარაკონის ტაძარი ქვაზე კვეთილი ვრცელი წარწერებითაც არის შემკული. ისინი მიძღვნილია ღვთისმშობლისა და ეკლესიის ამშენებლისადმი. ერთგან ვკითხულობთ, "რაჭის ერისთავთაგან როსტომ აღვაგე ეკლესია" 1753 წელსო.
მხედრული წარწერა კი გვამცნობს: "ამისი ოსტატი შულავრელი ავთანდილ. ვინა ნახოთ, შენდობა უბრძანეთ". ეკლესიაში კიდევ ერთი, როსტომ ერისთავის საფლავის ქვის წარწერაა. როსტომი კანკელის წინ განისვენებს. დიდი ჩუქურთმებით შემკულ საფლავის ქვაზე ვკითხულობთ: "წელსა 1766 ლოდსა ამას ქვეშე მდებარე არს ეკლესიისა ამის აღმშენებელი რაჭის ერისთავი".
კანკელი ექვს იარუსად გაწყობილია ხის ხატებით. ყველა მათგანი ქართველი მხატვრის დაწერილია და დართული აქვს ქართული წარწერები. ბარაკონის ტაძარში, ღვთის მადლით, წირვა-ლოცვა კვლავაც აღევლინება. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ძალისხმევით, ტაძარში მრევლმა იმატა და რაჭველები ღვთის სიტყვას ეზიარებიან. ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ბარაკონის ტაძარში განსაკუთრებული სიხარულია. რაჭის ეპისკოპოსის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხევით, ამ დღეს სამღვდელოება და მრევლი ერთად დღესასწაულობენ. წირვის შემდეგ კი ტრაპეზი იმართება.
ქაჩუს ციხე ხევსურეთში
შატილში, ხომათის ქედის ერთ-ერთ ციცაბოკლდიანი კონცხის თავზე რამდენიმე კოშკური საცხოვრებლის ნანგრევია. დასახლება არაგვის ხეობაზე გამავალ გზას ძნელად სავალი ვიწრო ბილიკებით უკავშირდება. გადმოცემით, შატილის მხარის თავდაპირველი მკვიდრნი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ანატორელები ყოფილან. ჭინჭარაულებს მოუსურვებიათ ხეობის ნაწილის ხელში ჩაგდება, რადგანაც ვინც ანატორს ფლობდა, მისთვის გზა ხსნილი იყო ჩეჩნეთ-ინგუშეთისკენ. ამასთან ერთად, ანატორი ხევსურეთის კარი იყო და აქ მცხოვრებლებზე იყო დამოკიდებული ხევსურეთის უსაფრთხოება მეზობელი ტომებისგან. ანატორელთა სამკვიდროს დასაპატრონებლად ჭინჭარაულები ქაჩუს დაესახლნენ. ამ პლაცდარმად ქცეული ციხიდან ცდილობდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელი პუნქტების ხელში ჩაგდებას. ამას ანატორელთა რეაქცია მოჰყვა. ანატორის ჯვრის დროშით ანატორელებმა რამდენჯერმე გაილაშქრეს ჭინჭარაულებზე, მაგრამ ძნელადმისადგომ ქაჩუს ციხეს ვერაფერი დააკლეს.
გადმოცემით, ანატორელებს მფარველი ჯვარი გასწყრომია და გაუწყვეტია ისინი. ერთ დღეს სამოცი ხმლიანი მამაკაცი შესულა თავისი ფეხით ანატორის აკლდამაში. საბოლოოდ, ჭინჭარაულებმა შეძლეს ანატორელთა გაძევება. მათი საცხოვრებლები დაანგრიეს და ამის შემდეგ ქაჩუს ციხიდან დაბლა ჩამოინაცვლეს, სადაც ახალ დასახლებას - შატილს ჩაუყარეს საფუძველი.
ხელნაწერები
ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ცნობილი ათონელი მოღვაწის, იოანე-თორნიკეს დაკვეთით. მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ეგრეთ წოდებული მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. იგი დიდ სულხან-საბა ორბელიანს შეუდგენია. ადიშის ოთხთავი
მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ, ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში.
ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI საუკუნის ბოლო წლებით თარიღდება. გელათურ ბიბლიას თან ერთვის განმარტებები, კატენები, რის გამოც მას "კატენებიან ბიბლიასაც" უწოდებენ.
უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხლის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი, ქსნის ოთხთავი, რომელსაც IX საუკუნით ათარიღებენ, აგრეთვე X საუკუნით დათარიღებული ურბნისის ოთხთავი.
ქართული ხალხური მუსიკა
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დამზადებული სხვადასხვა საკრავი: სალამურები, ჩანგი, ლირა. ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან ახასიათებდა მრავალხმიანობა. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდეა. ქართული ხალხური სიმღერები წარმოდგენას გვიქმნის ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი
ღვთის განგებით, საქართველოში შემობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირველი ასლი გახდა სრულიად კავკასიის მფარველი. იგი კეთილმორწმუნე თამარმა მიუძღვნა ოსეთის სოფელ მარიამკაუს ახალმოქცეულ ქრისტიანებს. ხატი სამგზის უვნებლად გადაურჩა ხანძარს და დროთა განმავლობაში მართლმადიდებელთა სათაყვანებელ სიწმინდედ იქცა. როდესაც 1768 წელს რუსეთის დედოფლის, ეკატერინე მეორის განკარგულებით ოსებს მშობლიური სოფლის დატოვება და უცხო მხარეში გადასახლება მოუწიათ, მათ თან წაიღეს საკვირველმოქმედი ხატიც. მდინარე თერგის ნაპირას, ქალაქ მოზდოკთან სასწაული მოხდა: ღამის გასათევად დაბანაკებული ხალხის თვალწინ ხატი გაბრწყინდა და მთელ ბანაკსა და ახლომდებარე ადგილებს ზეციური ნათელი მოჰფინა. ერთ-ერთ ოსს ძილში ჰქონდა ხილვა - ღვთისმშობელს სურდა, ხატი აქვე დაეტოვებინათ. მართლაც ასე მოხდა: მეორე დღეს, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ხარებმა, რომელთაც უნდა ეტარებინათ ურემზე დაბრძანებული წმინდა ხატი, ფეხი არ მოიცვალეს. მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა ამ ხატისთვის სამლოცველო ააშენა. 1796-1799 წლებში მის ადგილას აიგო ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე, რომელთანაც მალე დედათა მონასტერი დაარსდა. სავანე გაუქმდა ორიოდე წლის შემდეგ, მოზდოკის ეპარქიასთან ერთად. XIX საუკუნის მიწურულს მოზდოკელებმა დიდებული ტაძარი აღაშენეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად. გადმოცემით, როდესაც კავკასიის ომის დროს შამილი მოზდოკს მიუახლოვდა, მას ხილვაში გამოეცხადა თეთრად მოსილი ქალი და უბრძანა, ქალაქს არ მიჰკარებოდა.
საკვირველმოქმედი ხატის დიდება მთელ კავკასიაში გავრცელდა. ხალხი ღვთისმშობელს აღთქმას აძლევდა და შორეული ადგილებიდან ფეხით მოდიოდა მის მოსალოცად. ხატი ყოველ წელს გადაჰქონდათ ვლადიკავკაზში, სადაც ერთი თვით რჩებოდა. მორწმუნეთა თხოვნით, იგი კავკასიის სოფლებშიც მოგზაურობდა. მისგან მოედინებოდა საკვირველებანი და მადლმოსილი კურნებანი.
ჯვარი-პატიოსანი
სვეტიცხოვლის ტაძარში დაბრძანებული ჯვარი ერთ-ერთია იმ ჯვართაგან, რომლებიც წმინდა ნინომ გამოაკვეთინა სასწაულმოქმედი ხისგან და აღამართვინა მტკვარ-არაგვის შესართავთან (დღევანდელი ჯვრის მონასტერი).ჯვარში ჩაბრძანებულია ცხოველმყოფელი ჯვრისა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის ნაწილები.
მირიან მეფეს და ახალმოქცეულ ქართველობას ჯვრისთვის შესაწირი შეუწირავთ და მისი მსახურების დღეც დაუდგენიათ. ჯვარი უამრავ სასწაულსა და კურნებას აღასრულებდა. საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ამ ჯვართან ფიცის დადების ტრადიცია, რადგან ვერვინ იკადრებდა სიცრუეს წინაშე მისსა.
1725 წელს მეფე თეიმურაზ II-მ პატიოსანი ჯვარი ვერცხლის პერანგით შემოსა. ლეკთა შემოსევისას გაძარცვული სიწმინდე 1751 წელს ხელმეორედ შეამკო ვერცხლის პერანგით დავით ავალიშვილმა.
1964 წელს იგი ორგზის გაუძარცვავთ.
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა და 2004 წელს ქართული ტრადიციული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში ჩააბრძანეს. ხატმწერი გახლავთ დავით კაკაბაძე.
საუკუნეგამოვლილი ჯვარი-პატიოსანი დღესაც სასწაულებრივად კურნავს რწმენით მიახლებულთ.
აკაკის ნაკვესები
ერთხელ აკაკი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მიუსვა. ახალ მგზავრს არასოდეს ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო, - აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად. აკაკის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის: - თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე, თქვენ ვინღა ბრძანდებით?
- დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი, ვინა ვარო, - უპასუხა აკაკიმ.
***
ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის: - როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო.- ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ, რომელიც ამდენი ხანია, კიდეც მაძლევს ვითომ პენსიას და არც მაძლევსო!
***
აკაკი თბილისის ერთ სასტუმროში ჩამოხდა. მთვარიანი ღამე იყო. დაწვა და ჩვეულებრივ ოცნება დაიწყო. ოთახში ქურდი შემოიპარა, - რასმე მოვიპარავო. ვერაფერი იპოვა. ბოლოს ბალიშის ქვეშ შეაცოცა ხელი, - აქაც ვცდი ბედსაო.აკაკიმ ყურში ჩასჩურჩულა:
- ვერა იპოვე რა?
- ?!!