1989 წელს გამოცემულ წიგნში "ფიქრები პალესტინაზე", წერდა: "დაე, ეს ქვემორე სტრიქონები მე პოეტურ გადაჭარბებად ჩამეთვალოს:
XIII საუკუნის ჯვაროსანთა ომების ფრანგ რაინდს გ. დე-ბუას ეკუთვნის ცნობა ქართველთა მეფე-ქალის ნეშტის იერუსალიმში გადასვენების შესახებ: იგი, დე-ბუას სიტყვით, რაინდთა თანხლებით მიჰქონდა პალესტინისკენ ქართველთა ჭაბუკ მეფეს. ქართველმა მეცნიერებმა დღეს კარგად იციან ამ ცნობის არსებობა.
ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ჩვენში და ბევრჯერ ჩვენგანაც არაერთხელ დასმული კითხვა: როგორ შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ ცნობას? საიდან დაესიზმრებოდა ფრანგ ოფიცერს, ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ქართველთა მეფე-ქალის ნეშტი, ან ქართველი რაინდები, როცა დღესაც, ამ განათლებულ საფრანგეთში ბევრმა არ იცის თვით საქართველოს შესახებაც კი.
მხოლოდ ეს ერთადერთი ცნობაც საკმარისია თამარის საფლავი პალესტინის ჯვრის მონასტერში გვეგულებოდეს (ციტატის დასასრული).
ვესაუბრებით ირაკლი აბაშიძის ქალიშვილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის წამყვან რედაქტორს ირინე აბაშიძეს.
- ქალბატონო ირინე, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, ალბათ რა ძნელი იქნებოდა იერუსალიმში ქართული სამეცნიერო ექსპედიციის გაგზავნა. რა დაგამახსოვრდათ იმ წლებიდან?
- დამამახსოვრდა ბატონი გიორგი წერეთლისა და ირაკლი აბაშიძის ურთიერთობა, სანამ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გაემგზავრებოდნენ. ბატონი გიორგი ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად, ის და მამა ძალიან ბევრს საუბრობდნენ, აწყობდნენ გეგმებს პალესტინაში გამგზავრებამდე. ხომ წარმოგიდგენიათ, ლაპარაკი იყო იერუსალიმში შოთა რუსთაველის ფრესკის მოძიებაზე. მამა მაშინ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა მოსკოვში და ინტენსიურად უკავშირდებოდა მათ ამ საკითხზე. კარგად შეირჩა მომენტი - რატომღაც საბჭოთა მთავრობას დასჭირდა მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ დიდ ყურადღებას აქცევნენ წინაპართა ხსოვნისა და ერთა თვითგამორკვევის საკითხებს, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დათმობაზე წავიდნენ. როგორც ჩემი ძმა ზურაბი იხსენებს, ჩინეთში იმ ხანად საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფომ დაიწყო კონფუცის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ ფონზე ხრუშჩოვს დასჭირდა, ეჩვენებინა მსოფიოსთვის, რომ ის დიდი ჰუმანისტი იყო.
მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკებები სამეცნიერო ექსპედიციის დასაკომპლექტებლად. ირაკლი დიდი დიპლომატი იყო, როცა ეს საქმეს სჭირდებოდა, ამ დიპლომატიამ და ახალმა ურთიერთობებმა შედეგი გამოიღო და საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელისუფლება დათანხმდა ისრაელთან პოლიტიკური ვითარების დათბობის მიზნით ქართული დელეგაციის გამგზავრებას, თუმცა რამდენადაც მახსოვს, განზრახული იყო დელეგაციაში შალვა ამირანაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ ბერიძე თუ გიორგი ჩუბინაშვილი (ზუსტად არ მახსოვს) შესულიყვნენ, მაგრამ მოსკოვმა დელეგაციის შემადგენლობა სამი კაცით დაამტკიცა. ესენი იყვნენ აკადემიკოსები აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე. ახლახან, მამის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე გურამ თიკანაძის ფოტოალბომი, გურამის მშობლებისგან ნაჩუქარი, წარწერაში აღნიშნული იყო, - როგორ ნანობდა გურამი, რომ არ წამოგყვათ იერუსალიმის ექსპედიციაში, მაშინ მას მთის სიყვარულმა სძლიაო, ე.ი. შეთავაზება გურამსაც ჰქონია, რომ ამ ექსპედიციაში ყოფილიყო.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი ირაკლი რუსთაველის პორტრეტის აღმოჩენის შემდეგ თამარ მეფის საფლავის კვლევითაც იყო დაინტერესებული.
- რასაკირველია, მას სისტემატური კავშირი ჰქონდა იერუსალიმთან, 1974 წლის ზაფხულის ბოლოს, თბილისში იმყოფებოდა ისრაელის ქნესეტის დეპუტატი თაურინგ თოუბი. გამოთხოვებისას მამამ სთხოვა, ეცნობებინა მისთვის პალესტინის ქართული მონასტრისა და შოთა რუთაველის ფრესკის იმჟამინდელი მდგომარეობა, მან ასვლისთანავე შეატყობინა, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და მიღებული იქნა ყველა ზომა მონასტრის თავდაპირველი სახის შესანარჩუნებლად. შოთა რუსთაველის ფრესკა კარგადაა შენახული და მის დაცვაზე ზრუნავენ. ეკლესიაში მიმდინარეობს გათხრები. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, ეკლესიის კუთხეში, იატაკის დონეზე ოდნავ დაბლა აღმოჩნდა პატარა დარბაზი, ამ დარბაზს აქვს მოზაიკის იატაკი. ამბობენ, ეს IV საუკუნეში აგებული ეკლესიააო. არქიმანდრიტმა დამარწმუნა, რომ ძველი ქართული ფრესკები და წარწერები მთავარ ეკლესიაში კარგადაა შენახული და ისინი მათ დაცვაზე ზრუნავენო, - ატყობინებდა მამას თაურინგ თოუბი.
"შოთა რუსთაველისაგან განსხვავებით, თამარის საფლავი თურქ-სელჯუკთაგან არაერთხელ ნაწიოკარი ჯვრის მონასტრის აღაპებში რომ არ არის მინიშნებული, ეს სავსებით ბუნებრივი და გასაგებია. თამარის საფლავი განსაკუთრებულად იყო გასაიდუმლოებული, როგორც აღმოსავლეთში 1941 წლამდე თემურ ლენგის საფლავი, და იქნებ აქაც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე", - წერს ირაკლი აბაშიძე თავის წიგნში "ფიქრები პალესტინაზე" და ვარაუდობს - შესაძლოა, ბირ-ელ-ყუტის და სხვა ქართული ეკლესია-მონასტრების ანალოგიით, ჯვრის მონასტრის ეკლესიის ქვედა სიცარიელის დანიშნულება თავდაპირველად სამაროვანი ნეკროპოლი იყოო (ბ-ნი ირაკლი, ამას 1976 წლის 24 დეკემბერს ჯვრის მონასტრის წარმომადგენელთა და გაპონოვის სახელობის სამეცნიერო კავკასიოლოგიის კომიტეტზე ერთ-ერთი მეცნიერის გამოთქმულ შეხედულებაზე დაყრდნობით ამბობდა და, როგორც ჩანს, თვითონაც იზიარებდა ამ მოსაზრებას). შეიძლება ეს ნეკროპოლი თამარისგან თავის დროზე ერთხელ სასტიკად დამარცხებულ თურქ-სელჯუკთა თვალის ასახვევად შეიქმნა, სწორედ თამარის ნეშტის განსაკუთრებულად გასაიდუმლოების მიზნით" (იქვე, გვ. 64).
თამარის სახეს დიდი ადგილი აქვს დათმობილი ირაკლი აბაშიძის პოეზიაში. "პალესტინის" ციკლიდან შემოგთავაზებთ ლექსს "ხმა თეთრ სენაკში", რომელშიც პოეტს რუსთაველის ხმა ჩაესმის:
ხმა თეთრ სენაკში
" - თამარ, გოდებავ
უნაპირო და უსასრულო,
თამარ ღვთაებავ,
თამარ მზეო,
მზეო ჩასულო!
იქნებ, არც იყავ
მზე ნამდვილი,
ღმერთი ნამდვილი,
იქნებ, ხმა იყავ
სულის წეწვის,
გულის ფრიალის...
მე იქ გავთავდი,
სადაც ჩაქრა შენი სანთელი,
შენს გარდასახვას
ნიჭიც წაჰყვა ჩემი ტრფიალის,
თუ ცოცხალ ვიყავ,
თუ რამ ძალი
მწამდა მოწყალის,
თუ მწამდა ლხინი,
მწამდა ცრემლი
ნიაღვარული -
მე სიყვარულით,
სიყვარულით
ვიყავ ცოცხალი.
ჩემს სუნთქვას ერქვა
სიყვარული,
გულს - სიყვარული
თუ მქონდა ფიქრი,
თუ მიზანი
მქონდა კაცური,
თუ აზრი წმინდა
გულს მეწერა
ასოთ, მთავრულით -
მე სიყვარულით,
სიყვარულით
ვიყავ აღძრული,
ჩემს მიზანს ერქვა
სიყვარული,
აზრს - სიყვარული
თუ რამ გზა ვკაფე,
თუ ვაშენე რამ სალოცავი,
თუ საქმედ დავდე
ღონე ჩემი
მკლავში ფარული -
მე სიყვარულით,
სიყვარულით
ვიყავ მოძრავი,
ჩემს საქმეს ერქვა
სიყვარული,
ცდას - სიყვარული,
ჭეშმარიტების არვინ უწყის
ნავთასაყუდარი,
მისი მიწური,
სრა-სასახლე,
ოდა ყავრული,
ჭეშმარიტების
დასაფრენი,
დასაბუდარი,
ჩემთვის სულ იყო
სიყვარული,
კვლავ სიყვარული.
ახლა რაღა ვარ?
ხე დამზრალი
გაბმულ ქარებით,
ვარ კლდე დაშლილი,
მე დაცლილი
ვარ საწყაული;
რითა სცემს მაჯა
რა განგებით,
რა მანქანებით,
რით სუნთქავს სული,
რა ბუნებით,
რა სასწაულით?
ვდგავარ უგულოდ,
მე უგულოდ
ვდგავარ საფლავთან;
უგულოდ ბნელა,
ცა უტყვია,
მიწა ბრმა არი...
მე თვისტომთაგან
უღმერთობა
სოფლად დამბრალდა,
ო, უგულობავ,
უღმერთობა
შენთან რა არი!
დავკარგავ საფლავს
მეც შენგვარად
მოვკვდები, თამარ!
დე, გზამ იაროს,
დე, თაობას
მოჰყავს თაობა;
დავკარგავ საფლავს,
მეც შენგვარად
გავქრები თამარ!
საფლავი ჩემიც
იყოს ჩემი უსაფლაობა...
თამარ, გოდებავ
უნაპირო და უსასრულო,
თამარ ღვთაებავ,
თამარ, მზეო,
მზეო ჩასულო!"
გასული საუკუნის 70-იან წლებში ბერძენმა არქეოლოგმა ათანასიოს იკონოპულოსმა ჯვრის მონასტრის არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით 1982 წელს, ირაკლი აბაშიძე სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა ათენში, სადაც შეხვდა ბერძენ არქეოლოგს. ამ შეხვედრის შედეგები და შთაბეჭდილებები გააცნო ქართველ საზოგადოებას (მოხსენება წაიკითხა შოთა რუსთაველის საზოგადოებაში).
1990 წლის 20 ივლისს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა ირაკლი აბაშიძის წერილი ამ არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით. მრავალი წლის შემდეგ, ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველს ვთავაზობთ ამ წერილს, რომელსაც ვფიქრობთ, ინტერესით გაეცნობა ქართველი საზოგადოება.
ერთი სურათის გამო, ანუ ვისია ის საფლავი?
ამ ფოტოსურათის შესახებ ჩვენ ამ ორი წლის წინ მოვახსენეთ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების მაშინდელ პრეზიდიუმს, როცა ეს სურათი ათენიდან თბილისში ჩამოვიტანეთ. შემდეგ კი, ამ ბოლო ხანებში, ასეთი საქმეებისთვის მოცალება ყველას ნაკლებად გვქონდა და ჩვენც არავინ შეგვიწუხებია.
საქმე ეხება სურათს ორი დიდებული მანდილოსნის საფლავისა, რომელიც სამოცდაათიან წლებში პალესტინის ჯვრის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოუჩენია ბერძენ მეცნიერს.
ვისია ეს საფლავი?
ვინ არიან ისინი, ეს დიდებული მანდილოსნები?
***
ამ რამდენიმე წლის წინ თბილისის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერმა, ხმელთაშუა ზღვის ქართული რეალობის მკვლევარმა, ავთანდილ მიქაბერიძემ შემატყობინა, რომ მან 1980 ათენში გაიცნო ბერძენი არქეოლოგი ათანასიოს იკონოპულოსი, რომელიც 1976 წლამდე ჯვრის მონასტერში არქეოლოგიურ და სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. გამაგებინა ისიც, რომ ამ მეცნიერს ჯვრის მონასტრის მთავარი ეკლესიის იატაკქვეშ აღმოუჩენია ძველი ნეკროპოლი, სადაც სხვა საფლავთა შორის, ზედ საკურთხეველთან, მარცხენა სვეტის ქვემოთ (მარჯვენა სვეტზე შოთა რუსთაველის პორტრეტია, - ი. ა.) დაკრძალულია ორი დიდებული მანდილოსანიო. ზედ საკურთხეველთან... მარცხენა სვეტის ქვემოთ!..
***
ათენში ჩვენ ორნი 1988 წლის სექტემბერში ჩავედით. საბედნიეროდ, ბერძენი არქეოლოგი ათანასიოს იკონოპულოსი თავის ბინაზე დაგვხვდა. 60 წელს მიღწეული მეცნიერი, რომელსაც დისერტაცია სწორედ იერუსალიმში გათხრების მონაცემებზე დაუცავს, ნამდვილად გატაცებულია ამ საქმით. პალესტინის არქეოლოგიური გათხრების უხვი მასალა ყუთებში უწყვია ერთ ოთახში. ვინ იცის, რამდენ ხანს მოუნდება ეს ენერგიული და ერუდირებული არქეოლოგი ამ მასალის მეცნიერულ შესწავლას, ან შეძლებს კი იგი მარტოდმარტომ დაძლიოს ეს მონაპოვარი, იმ ქვეყნის სპეციალსიტთა დაუხმარებლად, რომელმაც იერუსალიმში ეს მონასტერი ააგო და ცამეტი საუკუნის გრძელ მანძილზე განუწყვეტლად პატრონობდა მას? ფრიად საეჭვოა. არადა, რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ მასალის შესწავლას საქართველოს ისტორიისთვის. მხოლოდ რომელიღაც ინგლისურ ჟურნალში გამოუქვეყნებია ამ გათხრების შესახებ დიდი წერილი, სადაც როგორც ჩანს, აქ მოპოვებულ მასალებს იგი თავისებურად ათარიღებს, არ ვიცი, რამდენად სწორად.
ახლა იკონოპულოსი დაბეჯითებით ცდილობს საქართველოს ისტორიის გაცნობას. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჯერჯერობით კი ამ თემაზე საუბარში იგი ხშირად გულუბრყვილო დასკვნებამდე მიდის და ფანტაზიაში უკონტროლობაც ემჩნევა ხოლმე.
პალესტინის ჯვრის მონასტრის გათხრებისას ორი კულტურული ფენა აღმოუჩენია; პირველ ფენაში IV-V საუკუნეების მიჯნაზე მოჭრილი ბერძნული მონეტები უპოვია. ეს მონაპოვარი ერთხელ კიდევ ადასტურებს იერუსალიმში ქართველთა ამ კულტურული კერის დაარსების თარიღს.
ბუნებრივია, ნეკროპოლში იკონოპულოსის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს მანდილოსნების საფლავი. მართლაც, რაც უნდა დასაშვებად მივიჩნიოთ ამ მონასტერში ქალთა დაკრძალვის ტრადიცია, მაინც განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოს ზედ საკურთხეველთან ამ სამარხის არსებობა. მეცნიერს ეჭვიც კი არ ეპარება, რომ ეს მანდილოსნები საერო, სამოქალაქო, უმაღლესი წოდების, შესაძლოა სამეფო ოჯახიდანაც კი არიან (სადღაც იმ თავის ყუთებში უძვირფასესი ქსოვილის ნაფლეთიც შეუნახავს, რითაც ამ მანდილოსანთა ნეშტი ყოფილა შემოსილი). ისინი უსათუოდ სისხლით ნათესავები უნდა იყვნენო, ასკვნის იგი; თუმცა საბოლოო დასკვნებისაგან, ეტყობა მაინც თავს იკავებს და ისიც, ეტყობა, არა მარტო მეცნიერული მოსაზრებით.
საქმე ის არის, რომ ამ ბოლო ხანებში იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე მისი ძველი მფლობელის, საქართველოს პრეტენზიებს არა მარტო ბერძნული ეკლესია, არამედ საბერძნეთის მეცნიერები და თვით ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებიც კი ნერვიულად რეაგირებენ და თქმა არ უნდა, თვითონ ათანასიოს იკონოპულოსიც ამ პოზიციაზე დგას.
აივანზე ყავით გაგვიმასპინძლდა, შემდეგ იმ ოთახში შევიდა და იქიდან პატარა ფოტოსურათი გამოიტანა, - აი, ამ საფლავის ფოტოსურათიცო.
ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვეთ დაეთმო იგი ჩვენთვის, ერთხანს შეჩერდა. მერე თავაზიანად დაგვითმო.
მხოლოდ მეორე დღეს, როცა იგი ჩვენს სასტუმროში გვეწვია, გვიან ღამით, საბოლოო გამომშვიდობებისას გვითხრა: შესაძლოა ეს ნამდვილად მეთორმეტე-მეცამტე საუკუნის სამარხი იყოსო. მერე ისევ შემობრუნდა და ეს სიტყვა კიდევ გაგვიმეორა. ისიც დაუმატა - ახლა მე რუსთაველის საფლავიც ზუსტად ვიციო... და წავიდა.
მეორე დღესვე კარგ ფოტოგრაფს მივაბარეთ და რამდენადაც შესაძლებელი იყო, გადიდებული სურათი წამოვიღეთ თან.
***
იკონოპულოსის არქეოლოგიური საქმიანობის შემდეგ ჯვრის მონასტრის ბერძენ მესვეურებს ნეკროპოლი მტკიცედ დაუხურავთ. ამის შესახებ თავისი ნაწერების პირველ ტომში წერს ებრალეთა ცნობილი მეცნიერი იცხაკ დავიდი, რომელიც იმჟამად რუსთაველის საფლავის პრობლემით იყო დაიტერესებული (გაპონოვის სახელ. სამეცნიერო კავკასიური კომიტეტის გამოცემა, თელ-ავივ-იერუსალიმი):"1976 წლის 24 დეკემბერს ჩვენ ისევ ვესტუმრეთ ჯვრის მონასტერს..." "სავარაუდოდ, დავუშვით, რომ ქვემოთ სათავს-სიცარიელესთან გვაქვს საქმე, რომელშიც კიბის საშუალებით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ჩასვლა, სვეტების ჩაგრძელებული საფუძვლების გარშემო (იხ. სავარაუდო სქემა) თუ საქმე ნეკროპოლთან გვაქვს, უნდა ყოფილიყო სამარხი ქვები, შესაძლოა, ძველი ქართული წარწერებით (ვფიქრობ, გულუბრყვილო არ უნდა ყოფილიყო ბერი ნარკისის სიტყვები: ქვემოთ კიბით ჩადიან, იქაა დედოფალი მარიამის (?!) და რუსთაველის საფლავები ძველქართული წარწერებით). რამდენადაა სავარაუდო რუსთაველის საფლავის არსებობა იმ სვეტის ჩაყოლებაზე, რომელზეც მისი პორტრეტია".
და შემდეგ... "როგორც იყო, ავწიეთ ფილები და ჩვენს თვალწინ ასეთი სურათი გადაიშალა... ძველი მოზაიკური ფენის ნაშთი ამოლესილი ახალი სალესავი ფენით, ამოშენებულ-დაფარული იყო ქვემოთ ჩასასვლელი სივრცე. ნალესს მოვუსვი ხელი და კარგად მოვსინჯე, ეჭვი არ იყო, რომ დიდი ხნის გაკეთებული არ უნდა ყოფილიყო, დამახასიათებელი სისველეც კი არ გასვლოდა ჯერ".
(სახელი "მარიამის" შემდეგ ფრჩხილებში კითხვისა და შეძახილის ნიშნები თვითონ ავტორს, იცხაკ დავიდს ეკუთვნის).
საბერძნეთის პალესტინური საპატრიარქოს მიერ 1960 წლის ჩვენი ქართული ექსპედიციის მიმართ გამოჩენილი, მოსაგონრად უსიამო ურთიერთობისგან განსხვავებით, ამჟამად ბერძნები კეთილად განწყობილნი შეხვედრიან ჯვრის მონასტრისადმი ებრაელთა მეცნიერების დაინტერესებას: "გულთბილად დავემშვიდობეთ ბერძნებს, ვფიქრობ, მაინც გალღვა ყინული 1960 წლის შემდეგ", - წერს იცხაკ დავიდი.
მაშ, ნეკროპოლის ეს ადგილი დღეს მტკიცედაა ჩაკეტილი, ერთადერთი დოკუმენტი, ჯერჯერობით, ათანასიოს იკონოპულოსის მიერ გადაღებული ეს ფოტოსურათია.
(გაგრძელება იქნება)