მისი დამსახურება და ჯილდოთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მთავარი ჯილდო კი ხალხი იყო, რათა მსმენელამდე და მაყურებლამდე მიეტანა ათასწლეულებში გამოვლილი და ხმალქვეშ გამოტარებული ქართული ნაწრთობი სიტყვა, რომელიც უზარმაზარი შრომის ფასად მოდიოდა. ის იწვოდა, ინთებოდა, თითოეულ სიტყვას გულში მახვილივით ატარებდა, რომ ქართული სიტყვის სიცხოველე და სილამაზე წარმოეჩინა. ამ ყველაფერში მას დაუღალავი შრომა, უძილო ღამეები, თითოეული სიტყვის გათავისება და მაყურებლისადმი, საერთოდ ქართველი ხალხისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, წინაპართა სულის ძახილიც ეხმარებოდა. წინაპრები კი მართლაც შესაშური და საამაყო ჰყავდა. მარტო ჰერეთიც საკმარისია ამ ყველაფრისთვის.
ბატონი გურამის დედის, დარეჯანის დედა საინგილოდან - კახიდან იყო. დედის მამა თევდორე კი ნუხის მაზრიდან - ვართაშენიდან. ანო ბებია, თბილისელი ინგილო, პროფესიით ფილოლოგი, ცოლად გაჰყვა თბილისელ უდს (ძველი ალბანელები ქ. ნუხიდან), რომელიც ასევე განათლებული საზოგადო მოღვაწე იყო - გვარად ჯეირანაშვილი. ქ. ნუხიდან და ვართაშენიდან ყვარელში გადმოსახლებული ცოლ-ქმარი უდების ერთ-ერთი პატრონთაგანი, ყვარელში ქართული სკოლის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი იყვნენ გასული საუკუნის დასაწყისში.
ბატონი გურამის დედის ბიძა, რაფიელ ივანიცკი (ივანიცკები ინგილოები არიან), გასული საუკუნის დასაწყისის პარიზის ემიგრანტ ქართველთა რიცხვში იყო. იცოდა მრავალი ენა. ის ძალზე დაახლოებულ ითვლებოდა საქართველოს პატრიარქ კირიონ საძაგლიშვილთან. რაფიელმა პირველმა თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" იტალიურად, მან ასევე პირველმა თარგმნა და გააცნო იტალიელ ხალხს "წმინდა ქეთევანის", "წმინდა გიორგის" ცხოვრება. წლების მანძილზე იურისდიქციასა და "სჯულის კანონში" კითხულობდა ლექციებს ესპანეთსა თუ პორტუგალიაში. რომში კი სარგებლობდა ელჩის სტატუსით. გარდაიცვალა პარიზში. ლევილში მის საფლავს აწერია - "რაფიელ ივანიცკი-ინგილო". რაფიელის მამა, პატარა ინგილო ბიჭი, ალექსანდრე, იშვილა მეფის რუსეთის დროს, კახში რუსის ჯარის ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა, გვარად ივანიცკიმ. გაზარდა და სწავლა-განათლება მისცა. ეს ალექსანდრე, ივანიცკად წოდებული დაბრუნდა საინგილოში, დაოჯახდა, ეყოლა ბევრი შვილი, მათგან სამი ვაჟი სასულიერო პირი გახდა. მეოთხე კი ზემოთ მოხსენიებული რაფიელ ივანიცკია. სწორედ მისი ძმისშვილია ბატონი გურამის ბებია.
ბატონი გურამის დედას და ბებიას საინგილოს ნოსტალგია მუდამ გულით დაჰქონდათ, პაპამისს კი - ქ. ნუხისა და უდების მოდგმისა. შვილიშვილი გურამიც გულით ატარებდა ამ სევდას. არასოდეს ყოფილა პარტიული და არც კომკავშირელი ან კი როგორ იქნებოდა, დედის მხრიდან ოთხი სასულიერო პირი ჰყავდა რეპრესიებგამოვლილი... გურამ საღარაძე ბავშვობიდან იყო ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. დადიოდა ტაძრებში, ლოცულოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბევრი ვერ ახერხებდა ამას. ის იყო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი, მარხულობდა და ეზიარებოდა.
მამაჩემი და მამიდაჩემი ხშირად გვიყვებოდნენ თავიანთ წინაპრებზე, - იგონებს ქალბატონი მარინე საღარაძე და გაჰყურებს მამის ოთახს, სადაც პაწაწინა ბზებით მორთული ხატებია კედელზე. გვერდით კედელზე კი მისი წინაპრებისა და გარდაცვლილი კოლეგების სურათები. იგი ცხოვრობდა უბრალოდ, მოყვასის სიყვარულით, რწმენითა და ქველმოქმედებით.
განუსვენოს უფალმა მართალთა შინა.
მოამზადა მართა
ტარტარაშვილი-თარხნიშვილმა
ტარტარაშვილი-თარხნიშვილმა