სტიქარი, სულხან-საბას განმარტებით, სამღვდელო კვართია. კვართი სიწმინდის სიმბოლოდ არის მიჩნეული საეკლესიო მსახურებისას და სასულიერო დასი ამ შესამოსელს გამორჩეული სიწმინდის ნიშნად ატარებს. "შევიმოსე კვართი უფლისა", - ამბობს მოძღვარი საკურთხეველში შესვლისას და შემოსვისთანავე ანგელოზებრივად წარდგება ღვთისმსახურების წინაშე.
კვართით ანუ სტიქარით შემოსვა თავად სტიქაროსნებსაც წმინდა, ანგელოზებრივ მსახურებას ავალებს.
ეს ყოველივე თავისთავად დიდი მადლი და სიხარულია, მაგრამ მის უწმინდესობასთან მსახურება, მისი სტიქაროსნობა განსაკუთრებული პატივია. იყო დრო, როცა ჩვენს პატრიარქს თითებზე ჩამოსათვლელი სტიქაროსანი ჰყავდა. ქვეყნის სულიერ აღმასვლასთან ერთად მათი რიცხვი გაიზარდა და დღეს თითქმის ორასს აღწევს. გულწრფელად მიხარია, როცა მათ შორის ერთი ციდა ბიჭუნების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავ.
პატრიარქთან მსახური, მისი უწმინდესობის გვერდით დგომა საუკეთესო სკოლაა იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. იმაზე დიდი პატივი რა უნდა იყოს, როცა უწმინდესთან ერთად აღავლენ ღვთისმსახურებას და ისმენ ერის სულიერი მამის ჩუმად ნათქვამ სიტყვებს, საკურთხეველში მის ზნეობრივ დარიგებას.
ვიდრე სამების დიდი ტაძარი აშენდებოდა, მისი უწმინდესობა საღვთო მსახურებას სიონის ტაძარში აღასრულებდა. პირველი სტიქაროსნებიც ამ ეკლესიაში აკურთხეს. ახლა მათი უმეტესობა სამღვდელო ხარისხში მოღვაწეობს. მომდევნო თაობა პროფესიის არჩევას ახლა აპირებს და უმეტესობა სასულიერო სემინარიაში ჩაბარებაზე ფიქრობს. გზა დავულოცოთ მათ და წარმატება ვუსურვოთ მღვდელმსახურის მძიმე ჯვრის ტვირთვაში.
მას შემდეგ, რაც ელიას მთაზე ტაძარი აიგო და მისი უწმინდესობა წირვა-ლოცვებს იქ აღასრულებს, სიონში ნაკურთხ სტიქაროსნებს სამების ტაძარში ახალნაკურთხებიც შეემატნენ. გამოცდილი სტიქაროსნები მათ მსახურების პროცესში გადასცემენ თავიანთ გამოცდილებას. წირვა-ლოცვაზე პატრიარქის გვერდით გატარებული თითოეული წამი მათთვის სულიერ ცხოვრებაში წინ გადადგმული თითო ნაბიჯია.
მკითხველისთვის არცთუ უინტერესო უნდა იყოს პატრიარქის პირადი სტიქაროსნების მოსმენა. ერთ-ერთი მათგანი, "კარიბჭის" ჟურნალისტი შალვა კეკელია, სტუდენტობიდან პატრიარქს უდგას გვერდით. მისი უწმინდესობის სტიქაროსანია ნიკა მინდიაშვილიც, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვაჟი. ნიკას ძმა გიორგი საუბარზე ვერ დავითანხმე, გაცნობის შემდეგ კვლავ მსახურებას მიუბრუნდა.
სტიქაროსნების ხელმძღვანელი არქიდიაკვანი დემეტრეა (დავითაშვილი), პატრიარქის უფროსი სტიქაროსანი კი კახა ვაჩეიშვილი. კახას არყოფნისას მას დავით ჯიშკარიანი ცვლის.
- დავით, ასაკით უმცროსს გიჯერებენ შენზე უფროსი სტიქაროსნები?
- ეს ხომ ეკლესიაა! მიჯერებენ, იერარქიასა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევას პატივს სცემენ. ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. ეფრემ კათოლიკოსი ამბობს, სტიქაროსნები დიდი გემის ჭანჭიკები არიანო. ჩვენ შორის ყველაზე უმცროსი 8 წლისაა (ამაზე უმცროსს სტიქაროსნად არ აკურთხებენ), უფროსი - თითქმის 60-ის. პირადად მე მისი უწმინდესობის შესამოსელის მოვლა-პატრონობა მავალია.
- სიჩქარეში არ დაგვიწყებია რომელიმე ნივთის თან წამოღება?
- სამების ტაძრის გახსნას რომ აღვნიშნავდით, უწმინდესის შესამოსელი მიმქონდა და ჩემოდანში კვართის ჩადება დამვიწყებია. გახსნას მთავრობა ესწრებოდა და ტაძარს გაძლიერებულად იცავდნენ, შემოსულებს ძნელად აბრუნებდნენ უკან. როცა ვნახე, კვართი არ იყო, გული გადამიქანდა - მის გარეშე პატრიარქი წირვას ვერ ჩაატარებდა. ბოლოს დაცვამ თავად წამიყვანა მანქანით და კვართი მომატანინა. ერთი ნაბიჯით მივასწარი პატრიარქს.
- დავით, შეგიძლია გაიხსენო სტიქაროსნად კურთხევის პროცესი?
- სტიქარს რომ მაცმევდნენ, დავიბენი... როცა სტიქარს აძლევენ, სახელს ეკითხებიან, მე კი ისე დავიბენი, გვარიც ვუთხარი. პატრიარქმა გამიღიმა - გვარი საჭირო არ არისო...
1983 წლის 22 ოქტომბერს დავიბადე. ეკლესიური ცხოვრება 1997 წლიდან დავიწყე. პირველად წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში დავდიოდი. რატომღაც მომესურვა, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში ჩამებარებინა. შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, ბოლოს სასულიერო აკადემიაში განვაგრძე სწავლა. 1997 წლის 25 ოქტომბერს ჩემი სულიერი მოძღვრის, დეკანოზ გიორგი ცნობილაძის ლოცვა-კურთხევით მასთან ერთად მივედი უწმინდესთან. იმ დღიდან პატრიარქთან ვმსახურობ. 7 წელი სიონში ვიმსახურე, სამების ტაძრის გახსნის შემდეგ აქ ვარ. 14 წელია, რაც პატრიარქის სტიქაროსანი გახლავართ. ღვთის წყალობად მიმაჩნია მასთან მსახურება.
გიორგი სახვაძე ცამეტი წელია პატრიარქის სტიქაროსანია:
- უზარმაზარი პასუხისმგებლობაა საქართველოს პატრიარქთან მსახურება, თუმცა რამდენადაც საპასუხისმგებლოა, იმდენად სასიამოვნოა. სასულიერო სემინარია დავამთავრე და საერო სასწავლებელში - დიპლომატიურ აკადემიაში განვაგრძე სწავლა. მყავს მეუღლე თამარი. მალე მამაც გავხდები.
15 წლის ვიქნებოდი, მისმა უწმინდესობამ სტიქაროსნად რომ მაკურთხა. ეს საოცრად აღმატებული გრძნობა იყო.
ჩემი სულიერი მოძღვარი მამა იოანე (გივიშვილი) გახლდათ. მან წარმადგინა უწმინდესთან. დიდი პატივია ჩემთვის ასეთი ადამიანის გვერდით მსახურება. დღეგრძელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას.
სტიქაროსანს ევალება ყურადღება, მორჩილება, თუმცა ადამიანები ვართ და შეცდომა ყველას მოგვდის, რაღაც გვავიწყდება. პატრიარქი ამჩნევს ჩვენს შეცდომებს. ის თითოეულ ჩვენს ნაბიჯს ყურადღებას აქცევს.
ჩვენი მეგობარი შალვა კეკელია საკუთარ თავზე საჯაროდ საუბარს უხერხულად მიიჩნევს, მაგრამ ხათრი ვეღარ გამიტეხა და დამთანხმდა. ის მღვდელ ანტონ კეკელიასა და კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შთამომავალია. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი შალვას, როგორც პატრიარქის სტიქაროსანს, ისე წარმოგიდგენთ.
- ათი წელია, რაც პატრიარქთან ვმსახურობ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ხალხის წინაშე: ჩვეულებრივ ერისკაცზე მეტი მოგვეთხოვება. რაკი პატრიარქთან მსახურობ, ბევრი რამის უფლება არ გაქვს. პირადად ჩემთვის ეს სასიამოვნოც არის და მძიმეც.
- როგორ გაკურთხეს სტიქაროსნად?
- სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს წარმადგინეს პატრიარქთან. მეორე კურსის სტუდენტი გახლდით. ძალიან მინდოდა, პატრიარქის სტიქაროსანი ვყოფილიყავი და ღმერთმა ეს ნატვრა ამისრულა.
- მანამდე თუ გყავდა ახლოს ნანახი პატრიარქი?
- დედას ძალიან უყვარს უწმინდესი. ოთხი ძმიდან მე გამომარჩია, რათა პატრიარქისთვის მადლიერების წერილი გადამეცა. ეს მაშინ მოვახერხე, როდესაც ჭყონდიდობის დღესასწაულზე მისი უწმინდესობა ჩვენს რაიონში ჩამოვიდა და ტაძარში წირვა აღავლინა. 1989 წელი იდგა. გადავეცი წერილი, მან კი ლოცვანი მაჩუქა. ის დღესაც შენახული მაქვს. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა პატრიარქთან.
სასულიერო სემინარიაში ჩაბარების შემდეგ სულ მინდოდა, პატრიარქის სტიქაროსნად მემსახურა. მამა ბიძინა გუნიამ - მაშინ მედავითნე იყო - შემომთავაზა, პატრიარქთან მწუხრის ლოცვა წამეკითხა. "და ღირს მყვენ ჩვენ, უფალოს" კითხვისას ისე ვღელავდი, რომ თვალთ დამიბნელდა. კიდევ კარგი, ზეპირად ვიცოდი ეს ლოცვა... იმ დღიდან პატრიარქის მედავითნე გავხდი.
ერთხელ ექვს ფსალმუნს ვკითხულობდი. პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ საკურთხეველში შევედი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის ასაღებად. შენ კითხულობდიო? - მკითხა. დიახ, თქვენო უწმინდესობავ-მეთქი. ყველაფერი კარგად წაიკითხე, მაგრამ იცი, როგორ უნდა იკითხო? - ჯერ შენ რომ გაიგო, მერე ღმერთმა და მერე ხალხმაო - ასე დამარიგა.
- დაგვიანების შემთხვევაში რა სასჯელი ელის პატრიარქის სტიქაროსანს?
- ლოცვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივდივართ ტაძარში. თუ დააგვიანე, არ შეგმოსავენ. მეც დამაგვიანდა და მსახურების გარეშე დავრჩი. იმ დროს ჩემს მეგობარს აკურთხებდნენ დიაკვნად. ძალიან მინდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ შორიდან ვუყურებდი. ახლა მამა მატათა ბერია.
- თუ აპირებ, მომავალშიც საეკლესიო მსახურების გზას გაჰყვე?
- მთელი ათი წელია ეკლესიაში ვმსახურობ და ძალიან მიჭირს სხვა გარემოში ყოფნა, მაგრამ როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება.
- შენი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. მათი მადლით შენც ამ გზას დაადექი. ცოტა რამ გვიამბე მათ შესახებ...
- ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, გვიყვებოდა, რომ ჩვენს წინაპრებს შორის ერთი მღვდელი იყო, რომელმაც კომუნისტებს ტაძარი არ დაუთმო და ამის გამო მოკლეს. არ ვიცოდი, ვინ იყო ეს მოძღვარი. სემინარიაში სწავლის დროს მეგობრებთან ვახსენე, ჩემს წინაპრებს შორის ვინმე მღვდელი ამბროსი ხელაია იყო-მეთქი. ბიჭებმა დამცინეს და განმიმარტეს, ამბროსი ხელაია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და წმინდანად შერაცხული სასულიერო პირიაო.
მამის მხრიდან ჩემი ერთ-ერთი წინაპარი გახლდათ მღვდელი ანტონ კეკელია. მამა ანტონის წინაპრების ხუთი თაობაც სამღვდელო ხარისხში იყო აღყვანილი. ჩემს სოფელში სულ კეკელიები და გაბუნიები იყვნენ მოძღვრები. მამა ანტონის მეუღლის გარდაცვალების დღეს ჩამოსულა ამბროსი ხელაია და საფლავზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოუთქვამს. თვითონ მამა ანტონი კირიონ კათოლიკოსთანაც ძალიან ახლოს იყო. ის დეკანოზის ხარისხში გახლდათ აღყვანილი, თანაც მარტვილის ბლაღოჩინის თანამდებობა ეკავა. ეპისკოპოსად კურთხევაზე წარადგინეს, მაგრამ მალე ყურის ანთებით გარდაიცვალა. მისი ძალისხმევით დაარსდა არაერთი ქართული სკოლა. და, სხვათა შორის, სწორედ მამა ანტონმა უმასპინძლა ბანძაში ილია ჭავჭავაძეს. მათი მადლითა და შეწევნითაც არის, ამ გზას რომ დავადექი და მინდა, მთელი ცხოვრება ეკლესიას ვემსახურო.
16 წლის ნიკოლოზ მინდიაშვილი პატრიარქის სტიქაროსნად 2005 წლის 3 დეკემბერს აკურთხეს სამების ტაძარში. როგორც თავად ამბობს, პატრიარქის სტიქაროსნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მისი უწმინდესობისგან ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულს ვგრძნობ, რომელიც ყველას სწვდება, მთელ ერს აერთიანებსო, ამბობს ნიკა.
- მაინც როგორი უნდა იყოს სტიქაროსანი?
- თავმდმაბალი. სტიქაროსნებს განსაკუთრებული მორიდება გვმართებს. საკურთხეველში ისე არ ვიქცევით, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქ უფრო მორჩილად ვემსახურებით უფალს. რასაც დაგვავალებს უფროსი სტიქაროსანი, სასულიერო პირი, იმას ვასრულებთ. როცა სტიქარით შევიმოსები, თითქოს შინაგანად ვიცვლები. ვცდილობ, მთელი გულისყური მსახურებისკენ მქონდეს. ტაძარში მოსული ნაცნობ-მეგობრების მიმართ ნაკლებ ყურადღებას ვიჩენ. უფრო ხშირად პატრიარქთან მაშინ მივდივარ, როცა სანთელს გვაძლევს ხატებთან დასანთებად. კვირიდან კვირამდე ველოდები მსახურების მოსვლას.
- ნიკა, შენ სასულიერო პირის ოჯახში ცხოვრობ. ამან ხომ არ გიბიძგა, სტიქაროსანი გამხდარიყავი?
- რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში ცხოვრობ, რას აკეთებს ოჯახის თითოეული წევრი. მამაჩემი ჩემთვის ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად. ძალიან მინდა, ოდნავ მაინც ვგავდე მამას. რამდენიმე წლის წინ მიწისძვრა რომ იყო, ძალიან შევშინდით, ყველა კარისკენ გავარდა, მე კი მამაჩემისკენ გავიქეცი. ხელი რომ გადამხვია, დავმშვიდდი, მივხვდი, არაფერი დამემართებოდა. მინდა, მეც ასეთი იმედი ვიყო სხვისთვის.
წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩაბარებას ვაპირებ. გარკვეულწილად მომავალი პროფესიის არჩევამაც განაპირობა ტაძარში სტიქაროსნად მსახურება.
დედას და ჩემს ნათლიას სურდათ, უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, მერე გადავწყვიტე სემინარიაში ჩაბარება ჩემს მეგობარ შოთა მამალაძესთან ერთად. ისიც სტიქაროსანია. ნათლიამ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, სად ჩააბარებ, მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი იყოო. ახლა სასულიერო სემინარიაში მოსამზადებელზე ვსწავლობ. მე მგონი, დედაჩემიც გახარებულია. ზოგი ისე მიყურებს, როგორც მამა არჩილის შვილს. მე კი მირჩევნია, ისე მიყურებდნენ, როგორც ჩვეულებრივ სტიქაროსანს. თუ სემინარიაში ჩავაბარე, სტუდენტობის პერიოდშიც ვიქნები სტიქაროსანი. ამით უფრო მეტ გამოცდილებას შევიძენ.
- მამა არჩილი რა დარიგებას გაძლევს?
- მამას დიდი გამოცდილება აქვს და ჭკუასაც მარიგებს. წმინდანთა ცხოვრებიდან მაგალითები მოჰყავს. განსაკუთრებით ეს მახსენდება - ჯერ დაფიქრდი, რას ამბობ და მერე თქვიო.
- შინ დილა-საღამოს ლოცვებს მამასთან ერთად კითხულობ?
- ორი და მყავს და ორი ძმა. ერთი, გიორგი, 15 წლისაა და სასულიერო სემინარიაში ჩაბარებას აპირებს. სამებაში ერთად შევიმოსეთ სტიქარი. ბარბარე, რუსუდანი და გურამიც ეკლესიურად ცხოვრობენ. ვცდილობთ, ამ გზას არ გადავუხვიოთ.
რაც შეეხება ერთად ლოცვას, სანამ პატარები ვიყავით, ერთად ვლოცულობდით. რაც გავიზარდეთ, ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვაქვს, ხატების კუთხე მოვაწყვეთ და იქ ვლოცულობთ, თან ლოცვებში ერთმანეთს ვიხსენიებთ. მამა მომთხოვნია, არ უყვარს ზედმეტი ხმაური. უფრო ხშირად თავის ოთახშია, ლოცულობს, თარგმნის და წერს. როცა გაიგო, სემინარიაში ჩაბარების სურვილი მქონდა, მითხრა, თუ ასე გადაწყვიტე, ჩაიცვი სტიქარიო. ჰოდა, მეც მამის კურთხევას ვასრულებ.
ალექსანდრე (აკუნა) არჩვაძე, 14 წლის:
- სტიქაროსნობა დიდი პატივია. სტიქაროსანი სამაგალითოდ უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას. მისგან ხალხი მაგალითს იღებს, ამიტომ ვალდებულები ვართ, კარგად მოვიქცეთ და ტაძარში მოსული მრევლი განკითხვაში არ ჩავაგდოთ. საკურთხეველში ყოფნის დროს უნდა გქონდეს ღვთის შიში და მორიდება, რადგან უფალი მაღლიდან დაგყურებს.
უკვე წელიწად-ნახევარია, რაც სამების ტაძარში ვმსახურობ. ჩემი სულიერი მოძღვარია მამა არჩილი (მინდიაშვილი). მისი ლოცვა-კურთხევით წამოვედი სამებაში, მამა ადამთან, რომელმაც სტიქაროსნად მაკურთხა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი პატრიარქის სტიქაროსანიც გავხდი. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. აქ სიწყნარეა, სიმშვიდე, აქაური ხმები განსხვავდება ქუჩის ხმაურისგან. ძალიან მიხარია, რომ ღვთის გზას დავადექი. ვაპირებ, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარო.
როცა ეკლესიურად ცხოვრობ, სულიერი მოძღვარი გყავს, შენს მეგობრებშიც უნდა გამოირჩეოდე და მათაც სწავლა-დარიგება მისცე, ამისათვის კი საჭიროა, ეკლესიური განათლება გქონდეს.
ჩემი ოჯახი მორწმუნეა. მეც ეკლესიური გზა ავირჩიე. გავარჩიე, რა არის თეთრი და რა - შავი.
პატრიარქი ძალიან თავმდაბალი და საყვარელია. ხალხმა ცოტათი მაინც რომ მიბაძოს, საქართველო, ალბათ, უფრო გამთლიანდება, გაძლიერდება, ერი განმტკიცდება.
პატრიარქთან ახლოს რომ ვდგავარ, ვნერვიულობ, რადგან მისი უწმინდესობა ყველასგან განსხვავდება. ერთხელ მსახურებაზე სტიქაროსნები არ მოვიდნენ და პატრიარქის კონდაკი მე დავიჭირე. ისე ვღელავდი, ხელი მიკანკალებდა. შემატყო და მითხრა, დამშვიდდი, დამშვიდდი, ნუ ნერვიულობო. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, პატრიარქის გვერდით დგომის ღირსი რომ გავხდი. მადლობა ღმერთს ამისათვის.
გიორგი მამალაძე, 14 წლის:
- სტიქაროსნობა მე თვითონ გადავწყვიტე. პატრიარქის უფროსი სტიქაროსანი კახა ვაჩეიშვილი ჩემი ახლობელია. მან მიმიყვანა სამებაში. სტიქაროსნად კურთხევა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები იყო.
მინდა, მეც სასულიერო სემინარიაში ჩავაბარო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
სამების ტაძრიდან საოცარი სიმშვიდითა და სიხარულით აღსავსე წამოვედი. მიხაროდა - ჭეშმარიტად მაღალსულიერი თაობა ემსახურება ჩვენს პატრიარქს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი