ზედაზნის სასწაული
გამაყრუებელი ჭახანი ყოვლისმომცველ გუგუნად დაიშალა და ხევხუვებს მოედო.
ასწლოვანი ხეები ტოტების ლიწინ-ლიწინით მიმოიგრიხნენ. ტაძარი თითქოს შეინძრა, შეტორტმანდა და გაყუჩდა. კოკისპირული წვიმა შეკრთა და ცამ პირი შეიკრა. წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაცემულები ზეცას შეღაღადებდნენ. სხვები გაოგნებულნი წინ და უკან დარბოდნენ, ტიროდნენ, წიოდნენ და სასოწარკვეთილნი შველას ითხოვდნენ. ისინი ჭეშმარიტი სასწაულით იყვნენ დაზაფრულნი.თავიდან კი ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო:
1993 წლის 23 მაისს 10-12-კაციანი ჯგუფი მსუბუქი მანქანებით ზედაზენს ესტუმრა. ტაძარს უცებ შემოურბინეს გარშემო და სუფრის თადარიგს შეუდგნენ, ეკლესიის მსახურთაგან ორი მაგიდა ითხოვეს, იქვე გაშალეს და ქეიფი გამართეს. მათ შორის ხუთი ქალი იყო; თავიდან ამინდი შესაფერისი ედგათ, მაგრამ მოულოდნელად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. მთაში ამინდი ხშირად იცვლება და ასეთი მოულოდნელი წვიმისათვის მნიშვნელობა არავის მიუცია. საღერღელაშლილ მოქეიფეებს სუფრა ადვილად არ ეთმობოდათ. წვიმამ იმძლავრა. ღვთისმსახურს ეკლესიაში სუფრის გაშლა სთხოვეს. ცხადია, უარი მიიღეს. მოქეიფეებმა წარბი არ შეიხარეს და თხოვნა კვლავ გაუმეორეს.
ტაძარში ქეიფი არ შეიძლება, მაგრამ მე ვერც პურობას აგიკრძალავთ. ამიტომ როგორც სინდისმა გიკარნახოთ, ისე მოიქეცითო, - მიუგო ღვთისმსახურმა, რაც მათ რატომღაც ნებართვად მიიჩნიეს, მაგიდებს ხელი წამოავლეს და სტოაში შეაფარეს. გარეთ ნამდვილი თავსხმა იყო. სტოაში კი სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა. ბერთა სენაკს თავშეფარებული ღვთისმსახურნი კი საღამოს მწუხრის ლოცვისათვის ემზადებოდნენ. ცაზე ამ დროს საშინლად იელვა და ძლიერმა გრუხუნმა მთებს გადაუარა, ბერებმა სარკმლიდან დაინახეს, როგორ დაეცა ზედაზნის მთის წვერს მეხი. ზედაზნის მთა სამიარუსიანია. პირველი მთის წვერია, ხოლო მესამე იარუსზე ზედაზნის ტაძარი დგას. ცოტა ხნის შემდეგ ელვა, გრუხუნი და მეხთცემა განმეორდა, მაგრამ ამჯერად ფანჯარასთან მდგომმა ბერმა თვალნათლივ დაინახა, რომ მეხი ზედაზნის მთის მეორე იარუსს დაეცა. ასეთ დროს იტყვიან, ტანი ავს მიგრძნობსო, მაგრამ მისი გაცნობიერება არც ჩვეულებრივ მოკვდავ ბერებსა და, მით უმეტეს, არც ბახუსის წიაღში ჩაძირულ მოქეიფეებს ძალუძდათ. ამასობაში სტოადან ხმაარეული კრიმანჭული წამოყელყელავდა და მოსახდენიც მოხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მომხდარს თხუთმეტამდე თვითმხილველი ერთნაირად იხსენებს. მათი მონათხრობი იმდენად იდენტურია, რომ ეჭვის მცირე საფუძველსაც კი არ ტოვებს.
ტაძრის უკანა მხარეს, გალავანსა და სალოცავს შორის სივრცეში დიდი ცეცხლოვანი დისკო გაჩნდა, გაისმა საშინელი, არამიწიერი ჭახანი და დისკო გადაიქცა უზარმაზარ ხანძრად, რომელშიც ტაძარი მთლიანად დაინთქა. ცეცხლი იმდენად წითელი იყო, რომ ტაძრის კედლები გავარვარებულ ლითონისფრად აელვარდნენ. ცეცხლს ახლდა ძლიერი ხმა, რომელმაც არემარე გააყრუა. სალოცავს ისეთი ხმა დაეძგერა, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ტაძარი გადარჩა. შეშინებული მოქეიფეები არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. დათრგუნულნი, სასოწარკვეთილნი და გაოგნებულნი იყვნენ. რამდენიმე წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაეცა და ხელაპყრობილი ზეცას შეღაღადებდა. სხვები შეძრწუნებულნი წინ და უკან დარბოდნენ და შველას ითხოვდნენ. სენაკიდან ბერებიც მაშინვე გამოვიდნენ, მათზე არანაკლებ შეშფოთებულნი. ცეცხლოვანი დისკოს გასკდომასა და საშინელ ხმაურს წვიმის მომენტალური შეწყვეტა მოჰყვა. ეს ყოველივე იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ იგი ჩვეულებრივ ელვასა და გრუხუნთან არავის გაუიგივებია, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მოხდა ნამდვილი სასწაული, რომელსაც ცოცხლები გადაურჩნენ. თუმცა ორმა მოქეიფეთაგანმა, - დამწვრები ვართო, თქვა. ერთი ზურგზე იმიზეზებდა დამწვრობას, მეორე - საჯდომზე. როდესაც დამწვარმა თეთრი პერანგი გაიხადა, ყველა განცვიფრდა - ზურგზე დიდი წრიული ფორმის დამწვრობა წითლად ღადღადებდა და ხელის მცირე შეხებაზეც მწარედ სტკიოდა. უცნაური ის იყო, რომ თვით პერანგს, რომლის შიგნითაც სხეული ასე დაიწვა, არაფერი ვნებია, არც მეორის სამოსს ეტყობოდა რამე, მაგრამ ტკივილი აშკარად აწუხებდა. იგი სკამზე იჯდა. წესით, სხეულის სწორედ ის ნაწილი არ უნდა დაშავებოდა, რომელიც ისე დაეწვა, რომ მანქანაში ვეღარ დაჯდა და მოიკუნტა.
მანამდე კი მოქეიფეები შეძრწუნებულები აღნიშნავდნენ, თუ როგორ შეზანზარდა კედლები და გამოტყორცნილი ქვები მაგიდაზე დაცვივდა. სტოა არაგვის ჭალის სიპებით ნაგები და გაულესავია, ამიტომ ქვის გადმონავარდნი აშკარად ემჩნეოდა, თვით ქვები კი მაგიდაზე ეყარა. თვითმხილველები იმანაც გააოცა, რომ ქვები ძირს თითქმის არ დაცვენილა. ეს ფაქტი სუფრის დაგმობისა და ჩაქოლვის ერთგვარ ასოციაციას იწვევს. თვითმხილველნი შეშინებულნი იხსენებდნენ: ცეცხლი სტოაში უზარმაზარი ხელის ფორმით შემოიჭრა, სუფრას მოეხვია, ჭახაჭუხითა და ლიწინ-ლიწინით მოიგრაგნა და ისევ შესასვლელ თაღში გაილიაო. მაგიდაზე ჭურჭელი, რა თქმა უნდა, დამტვრეული იყო, მაგრამ ერთგვარი კანონზომიერება თვით დამტვრეულ ჭურჭელსაც ემჩნეოდა. გატეხილი ჭიქები და თეფშები შუაზე გამსკდარიყო, მათ შორის - პლასტმასის სამგზავრო ჭიქებიც, მაშინ, როცა ისინი თითქმის არ იმტვრევა.
მომხდარი იმდენად ცხადი და შთამბეჭდავი იყო, რომ მოქეიფეები შიშით ერთბაშად გამოფხიზლდნენ, ამოსვლისას, რაკი ცოცხალი გადავრჩით, მცხეთაში რესტორანს ვკისრულობთო, თქვეს და ეკლესიის მსახურნიც დაპატიჟეს. ბერებმა მადლობა გადაუხადეს, ხელი ჩაიქნიეს და დასცილდნენ იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ცა ჩამოენგრათ თავზე, მაგრამ საჭირო დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს.
საინტერესოა, რას ნიშნავდა ზედაზნის მთის წვერიდან ტაძრამდე მეხის საფეხურებრივი ჩამოსვლა, უცნაური დისკო, ტაძარს შემოვლებული უზარმაზარი ცეცხლი, შემზარავი ჭახანი და შემაძრწუნებელი გრუხუნი; წვიმის მოულოდნელი წამოსვლა და მომენტალური შეწყვეტა; სტოას კედლებიდან მაგიდაზე ქვების გადმოცვენა და უცნაური კანონზომიერებით დამტვრეული ჭურჭელი. კიდევ ერთი: ეს ყოველივე, როგორც უკვე ითქვა, 23 მაისს მოხდა, ანუ ზედაზნობის დღესასწაულიდან მესამე დღეს.
გაზეთი "ახალგაზრდა ივერიელი", 1994 წ. 18 იანვარი
ჩოხის წმინდა გიორგის სასწაული
ამონარიდი გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან "ანგელოზთაღამეობა"
რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარე და საღამო ხანს მივედი ჩოხში. ახალი ჩოხიდან ძველი ნასოფლარისაკენ ავუყევი აღმართს. მთის ფერდზე ჩოხის წმინდა გიორგის ეკლესია გამოჩნდა. ეკლესიის ერთ მხარეს საგვარეულო სასაფლაოა, ცოტა ქვემოთ კი ნახევრად დანგრეული სოფელი ჩოხი, სადაც ბავშვობა გავატარე. ახლა აქ ისეთი მდუმარებაა გამეფებული, თითქოს რაღაცა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი ხდება, მარტო წარსული მახსენდება და ხანდახან ფრინველები გადაიფრენენ ხიდან ხეზე. დედაჩემის საფლავზე ბალახია ამოსული... ხელით ვეფერები მიწას, სადაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის სუსტი ძვლები მოჩანს, მის ზემოთ კი ხატის დარბაზებია, სადაც აღდგომას, ამაღლებას, მარიამობას, გიორგობას, შობას, ახალ წელს და კიდევ სხვა დღესასაწულებს ვხვდებით ხოლმე ჩოხელები. ხატის მოედანზე შესვლა აკრძალულია უდღეოდღეს, მარტო დღესასწაულის დროს მიგვესვლება იქ კაცებს, ქალები კი დანიშნულ სამანებს იქით ვერ შეაბიჯებენ. რატომღაც მგონია, რომ სამოთხის ბაღის მნიშვნელობა აქვს ამ მოედანს. კაცებს მხოლოდ დღესასწაულის დროს პატიობს ღმერთი სამოთხეში ჩადენილ ადამისა და ევას ცოდვას, ქალებს კი არც მაშინ პატიობს, არ უშვებს საღვთო მოედანზე, რადგან ევამ უბიძგა ადამს აკრძალული ხილის შესაჭმელად. ამ მოედანზე ვიცი ერთი ადგილი, სადაც კაცებიც კი ვერ მიდიან, მარტო ბალღებს მიგვესვლებოდა და სწორედ იმ ადგილას აღმოვაჩინე ბავშვობაში ჩემი უცნაური შესაძლებლობა: თუ იმ ადგილას მუხლმოდრეკილი ვილოცებდი, იმ ღამეს სიზმარში ვნახულობდი, რაც შემდეგ დღეს უნდა მომხდარიყო. თავიდან მართობდა ეს აღმოჩენა, მაგრამ მერე ისე დავიტანჯე, ახლოს აღარ ვეკარებოდი იმ ადგილს. საშინელება არის, როცა წინასწარ იცი, რაც მოხდება. ეს ისეთი დამღლელი და დამთრგუნველი გრძნობაა, ცხოვრების ხალისს გაკარგვინებს... ამიტომაც ვერიდებოდი იმ ადგილს და მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გამოვიყენე, როცა წამოვიზარდე. ორივეჯერ "ბაკურხეველი ხევსურის" გადაღებაზე ვილოცე იქ. მაინცდამაინც იმ ზამთარს არ მოვიდა თოვლი, გადაღებისთვის აუცილებელი იყო. წავიღე სანთლები, ხავიწის ქადები და ვილოცე. იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა. ეს ამბავი ჩემი კინოს მონაწილეებმა შემთხვევითობას მიაწერეს და დამცინოდნენ კიდეც. გაზაფხულის პირი იდგა და თოვლი მალე აშრა, ჩვენ კი ფინალის სცენა დაგვრჩა გადასაღები. მთელი გუდამაყარი და ხევსურეთი შემოვიარეთ, რომ სადმე, სოფელთან შემორჩენილი თოვლი გვენახა. ყველგან მწვანე ბალახი ბიბინებდა.- აბა, ეხლაც სთხოვე ღმერთს და მოგიყვანოს თოვლი, ტყუილებით რო აგვიკელი! - ირონიულად მითხრა ოპერატორმა, როცა ხევსურეთის ყველაზე მაღალ სოფელში ავედით და იქაც მწვანე ბალახი დაგვიხვდა.
- კარგი, წავიდეთ! - ვთქვი დარწმუნებულმა და წამოვედით გუდამაყარში.
ახალი ჩოხი დაბლა, არაგვის ჭალაზეა. იქ ცხოვრობდა მაშინ დედაჩემი. გამოვაცხობინე ხავიწის ქადები, ჩამოვახვიეთ სამი სანთელი და შევუყევი აღმართს.
- ნახევარ მეტრზე მეტი არ გვინდა-თქო! - შემომძახოდა სიცილით აივანზე გადმომდგარი ოპერატორი.
- იქნებ ცოტა შაქარიც გამოურიოს! - მომძახა ვიღაცამ.
- ფქვილიც, ფქვილიც!
- ღომის ღერღილი თუ იქნება, უკეთესია!
სანამ გორას მოვეფარებოდი, მანამდე მეძახდნენ და დამცინოდნენ.
ავედი იმ ადგილზე.
ავანთე სანთლები.
ჯვარედინად დავსერე ხავიწის ქადები და დავიწყე ლოცვა. ისეთი რწმენით ვთხოვდი ღმერთს თოვლს, ისე ვევედრებოდი, რომ მისი სიყვარულით და იმედით მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამოწვა ნისლი ჩემს გარშემო და მთელ ხეობაში. თოვლის ფიფქი ჯერ სანთლის ალს დაეცა და აშიშინდა, მერე ხელზე დამეცა, მერე შუბლზე, მერე იმხელა ფანტელები წამოუშინა, უცებ გადათეთრდა მიდამო. შეშინებული წამოვდექი, ხელში ანთებული სანთლები მეჭირა და ვკანკალებდი, ფეხის გადადგმას ვეღარ ვბედავდი. ძალა მოვიკრიბე, სანთლები ქვაში გამოთლილ ჯვარს მივაკარი და შინისაკენ დავეშვი სირბილით.
სახლშიც შეშინებულები დამხვდნენ.
- ვაა, ტო! ვააა, ტო! - მარტო ამ ორ სიტყვას გაიძახოდა ოპერატორი.
გარეთ ხელისგულისტოლა თოვლის ფანტელებს ბარდნიდა ზეცა.
- ვაა, ტოო, ეს რა ქნა?! - როგორც იქნა, დაამატა თავის ორ სიტყვას კიდევ ორი სიტყვა ოპერატორმა.
დაბინდებამდე მუხლამდე მოვიდა თოვლი და კიდევ ხვავრიელად ბარდნიდა.
საღამოთი დედაჩემმა დამიმარტოხელა და გაფითრებული სახით მითხრა:
- შვილო, მე ვიცი, რომ მართლა შეგისრულა ღმერთმა თხოვნა, მაგრამ ხო შენი დედა ვარ, მეც შემისრულე ერთი თხოვნა, აღარასოდეს აღარ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვო ღმერთს.
- რატომ, დედი?!
- იმიტომ რომ ღმერთი დიდია და შენ სურვილზე არ უნდა ატარო. ღმერთს თავისი წესი და რიგი აქვს.
- მე ხომ კეთილი საქმე ვთხოვე?
- შენთვის რაც კეთილია, სხვისთვის რო არ არის კეთილი, შვილო? აბა, რა იყო ეხლა ამ თოვლის მოსვლა; რამდენი ყვავილი ჩაჭკნება შიგ, რამდენ მწერს გაუმწარდება ცხოვრება, რამდენი კიდევ სხვა რამე აირია ამ თოვლის მოსვლით. გთხოვ, შვილო, აღარასოდეს მიხვიდე იმ ადგილზე.
- კარგი, დედი, აღარასოდეს აღარ მივალ, - შევპირდი მაშინ დედაჩემს და ეხლა ვნანობ, რომ სიტყვა მივეცი. აქედან კარგად მოჩანს ის ქვის ჯვარი და ისეთი სურვილი მაქვს იქ მისვლის, ლამისაა წამოვხტე. რამდენი რამე მაქვს ღმერთთან სათხოვარი, მაგრამ დედაჩემის წილი მიწა არ მიშვებს იქ მისასვლელად.