წმინდა დოდო გარეჯელის სასწაული.
04.06.2020
წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვებოდა: ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეს მისი საფლავის თაყვანსაცემად წავედით თორმეტი ბერი. ცისკრის ლოცვა და წირვა გადახდილი გვქონდა. უზმონი ვიყავით, რათა მეტი ლმობიერებით ვმთხვეოდით წმინდა საფლავს.
გზაზე ავაზაკები დავინახეთ და გავიქეცით, დოდოს მონასტერს დიდი წვალებითა და ოფლის ღვრით მივაღწიეთ. მივუახლოვდით საფლავს და საამო სურნელება გამოვარდა იქიდან. ზოგი ამბობდა, ეს სურნელი ჰგავს იმ სურნელებას, რომლითაც იპოვეს დამარხული ძელი-ჭეშმარიტიო. ავანთეთ სანთლები, გადავიხადეთ პარაკლისი, სამი ჟამი დავყავით იქ და ეს სურნელება არ მოგვშორებია. სამი დღის შემდეგ კიდევ წავედით წმინდა დოდოს საფლავზე. სხვა დროსაც ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი სურნელება არასოდეს გვიგრძნია. მაშინ ავაზაკებს გაქცეულნი სურნელით გვანუგეშა წმინდა დოდომ.