ამ ამბავს თავადი ნიკოლოზ ჟევახოვი (წარმოშობით ჯავახიშვილი, +1947) მოგვითხრობს. მღვდელი ალექსი გნევუშევი ციმბირის გუბერნიაში, კარამიშის მაზრის, სოფელ ბორტსურმანის მღვდელი იყო. იგი 1848 წელს გარდაიცვალა.
წმინდა სერაფიმ საროველი მასზე ამბობდა: აი მუშაკი, რომელსაც მონაზვნობის აღთქმა არა აქვს აღებული, მაგრამ ბევრ მოსაგრეზე წინა დგას და ვარსკვლავივით ბრწყინავს ქრისტიანულ ცის კაბადონზეო.
მის მრევლში ერთი თორმეტი წლის ბიჭი გარდაიცვალა. ბავშვს ყველა ანგელოზად თვლიდა. დაკვირვებულნი იყვნენ, როცა რომელიმე ქოხში ჩხუბი და ცემა-ტყეპა ატყდებოდა, ეს პატარა ბიჭი მივიდოდა იმ სახლში, დადგებოდა ზღურბლზე და თავისი მშვენიერი თვალებით ისეთ სიმშვიდეს მოჰგვრიდა მათ, რომ წამში ყველა ჩუმდებოდა. ამიტომაც დაარქვეს ანგელოზი. ის ყველას უყვარდა, ყველა შვილად თვლიდა.
ერთხელ ერთი დღესასწაული კაცების ჩხუბით დამთავრდა. ბიჭი ამ პერიოდში ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამან შეძრა მთელი სოფელი, ყველა თავს დამნაშავედ თვლიდა. კაცებიც დედაკაცებივით ტიროდნენ. მთელი კვირა არ მარხავდნენ, სანამ გარდაცვლილს სხეულის გახრწნის ნიშნები არ გამოაჩნდა. მიასვენეს ეკლესიაში. მამა ალექსი ამ დროს საკურთხეველში იდგა, ხელებაპყრობილი მთელი ტაძრის გასაგონად ღმერთს შეღაღადებდა და ბავშვის გაცოცხლებას სთხოვდა: - ღმერთო, ყრმის უკანასკნელი ამბორისყოფა არ შემიძლია მწუხარებისგან, შეიწირე მონანული ხალხის ვედრება, მოხედე მშობლების ტანჯვასო... ასე გაგრძელდა ერთხანს, მერე უეცრად მამა ალექსი მუხლებზე დაეცა ტრაპეზის წინ, ხმამაღლა აქვითინებულმა წარმოთქვა: - ასე, უფალო, ასე, აღადგინე ეს ყრმა მკვდრეთით, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ამას ხომ თავმდაბლობით გთხოვ და არა ამპარტავნული კადნიერებითო.
უეცრად წმინდა ტრაპეზის წინ მოქვითინე მოძღვრის პასუხად ელვა და საშინელი გრუხუნი გაისმა, ეკლესიიდან ხალხის ყვირილი შემოესმა, მოიხედა მამა ალექსიმ და კუბოში წამომჯდარი ბიჭი იხილა, აქეთ-იქით რომ იცქირებოდა. მამა ალექსიმ მუხლი მოიდრიკა და ღმერთს ტირილით მადლობა შესწირა. მერე კი დიაკონზე დაყრდნობილი კუბოსთან მივიდა, ბიჭს ხელი მოჰკიდა და საკურთხეველში შეიყვანა. დასვა პატარა სკამზე და რადგან თვითონ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, მუხლებზე დამხობილმა აზიარა წმინდა საიდუმლოს. მერე კი მშობლებს გადასცა გაცოცხლებული შვილი. სამადლობელი პარაკლისის შემდეგ სკამზე ჩამომჯდარი მოძღვარი ასევე წაიყვანეს შინ, რადგან აღელვებულს სიარული არ შეეძლო. ამ ამბის შემდეგ მამა ალექსიმ სამი წელიღა იცოცხლა, ბიჭმა - ექვსი წელი და თვრამეტი წლისა გარდაიცვალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი