როგორ გადაარჩინა კიბოსგან მარია გალანოპულო
წმინდა ეფრემის (მისი წმინდა უხრწნელი სხეული და მონასტერი ნეა მაკრშია) სასწაულების შესახებ საბერძნეთში ესმა ღონიაშვილი მომიყვა.
ეს სასწაული ერთი წლის წინ მომივლინა წმინდა ეფრემმა, - იხსენებს მარია გალანოპულო, -Mმას შემდეგ ერთი დღეც არ გაივლის ისე, რომ არ გავიხსენო. ვისაც ასეთი რამ არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, მის ცხოვრებას როგორ ცვლიან ასეთი სასწაულები. არასდროს არ ვყოფილვარ მორწმუნე და ეკლესიაში მოსიარულე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა წმინდა ეფრემი, სულ შევიცვალე, რეგულარულად დავდივარ ეკლესიაში და ყველას ვუყვები ჩემს ამბავს.
ბოლო წლებში ვმუშაობ ბუღალტრად ერთ დიდ საგამომცემლო სახლში. ჯანმრთელობას არასოდეს ვუჩიოდი,Mმაგრამ ერთხელ ხელის თითებმა შემაწუხა, კალამსაც ვერ ვიკავებდი, თითქოს პარალიზებული მქონდა. არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ძალიან არ მტკიოდა და თუ წამომტკივდებოდა, დიდხანს არ გრძელდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მოუხშირა უსიამოვნო შეგრძნებებმა თითებში და ექიმს მივაკითხე. გამოკვლევებმა არაფერი მიჩვენა. ხუთი თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. აღარ შემეძლო მუშაობა და შვებულება ავიღე. ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო, ჩემი ცხოვრება საშინელი გახდა. ერთ საღამოს აივანზე ვიჯექი და ჩემს ბედს დავტიროდი. უცებ მოპირდაპირე შენობის კედელზე შევნიშნე ტრაფარეტი მკურნალი ექიმის სახელით. კაბინეტი ახალი გახსნილი იყო და გადავწყვიტე, წავსულიყავი. ექიმი მაინცდამაინც არ მომეწონა, მაგრამ მალევე შევიცვალე აზრი. გამსინჯა და კისერზე სიმსივნე აღმომიჩინა. თვითონაც მოვისინჯე ხელით და უცნაური რაღაც ვიგრძენი. მანამდე არ შემინიშნავს. შოკში ჩავვარდი. დიდი ფიქრი აღარ უნდოდა, სიმსივნე მქონდა. შინ დაბრუნებული ხმამაღლა ავტირდი.
მამა მყავდა მძიმე ავადმყოფობით ახალი გარდაცვლილი და სამკურნალო ფულიც აღარ მქონდა. უნუგეშო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე. ზღურბლზე მონაზონი იდგა. მსმენოდა, რომ სამეზობლოში მონაზონი ცხოვრობდა, მაგრამ მანამდე თვალით არ მენახა. მითხრა, გვერდით ვცხოვრობ, ტირილის ხმა შემომესმა და დასახმარებლად მოვედიო. შინ შევიპატიჟე. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საკმარისი რწმენაც არ მქონდა, მაგრამ ისე ტკბილი იყო ის მონაზონი, რომ ყველაფერი გულღიად ვუამბე. გაიღიმა და მითხრა, - ვიცი წამალი შენს განსაკურნებლადო. შემპირდა, რომ წმინდა ეფრემთან წამიყვანდა სალოცავად. მასთან საუბარმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან არ მჯეროდა, რომ ლოცვა მიშველიდა.
მონაზონმა მეორე დღესვე წამიყვანა მონასტერში. წმინდა ეფრემის შესახებ უამრავი ამბავი მქონდა მოსმენილი, მაგრამ არც ერთი არ დამიჯერებია. როდესაც მონასტერში შევედი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მუხლები მომეკვეთა, დაჩოქება ვერ შევძელი და ავტირდი. ცრემლები ისე ჩამომდიოდა, არ შემეძლო გაჩერება. მონაზონმა კისერზე რაღაც დამადო და ლოცვა დაიწყო. თითქოს რაღაც სასიამოვნო აურა შემომეხვია და რაღაც სითხე შემეხო კისერზე. ვკანკალებდი. ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. მონაზონმა მითხრა, ადექი და წმინდანის ხატს ემთხვიეო. შემდეგ შევეხე სიმსივნეს. დაპატარავებულიყო. შოკში ჩავვარდი, ამჯერად სიხარულისგან. ათ დღეში სიმსივნე გამიქრა და სპეციალური ფიზიოთერაპიის დახმარებით თითებიც ამიმოქმედდა. გავიდა ერთი წელი. ისევ ჩვეულებრივად ვმუშაობ, აღარ დამვიწყებია წმინდა ეფრემი, რომელმაც განმკურნა მძიმე სენისგან.
წმინდა აღაპიტე - კიევ-პეჩორის ლავრის უვერცხლოდ მკურნალი
წმინდა აღაპიტეს ცხოვრების შესახებ კიევში სასწავლებლად წასული სალომე ვაშალომიძისგან გავიგე. წმინდა აღაპიტე მოღვაწეობდა XI საუკუნეში, კიევ-პეჩორის ლავრაში. ის იყო წმინდა ანტონი პეჩორელის მოწაფე. დღე და ღამე ლოცულობდა და მონასტრიდან არ გადიოდა. თუ მონასტრის საძმოდან ვინმე ავად გახდებოდა, წმინდა აღაპიტე უვლიდა, აჭმევდა მოხარშულ ბალახებს. ლოცულობდა სნეულებისთვის და წმინდანის ლოცვით დაუყოვნებრივ იკურნებოდნენ.
ამ დროს კიევში ცხოვრობდა ერთი სომეხი ექიმი, რომელიც ავადმყოფს ერთი თვალის შევლებით უტყუარ დიაგნოზს უსვამდა, ეუბნებოდა გარდაცვალების დღეს. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი ავადმყოფი მივიდა წმინდა აღაპიტესთან. წმინდანმა მისცა თავისი მომზადებული ბალახები, ილოცა მისთვის, სნეულმა მიიღო და განიკურნა. ეს ამბავი გაიგო სომეხმა ექიმმა და შეშურდა წმინდა აღაპიტესი. მივიდა წმინდანთან და მისი მოწამვლა მოინდომა, მაგრამ უფალმა არ დაუშვა ეს - შხამმა არ იმოქმედა წმინდანზე.
ამის შემდეგ თავად წმინდა აღაპიტე დასნეულდა. მივიდა სომეხი ექიმი მასთან, დახედა და უთხრა: სამ დღეში მოკვდებიო და პირობა დადო, თუ ჩემი ნათქვამი არ აღსრულდება, მართლმადიდებელი ბერი გავხდებიო. წმინდანმა უპასუხა, - უფალმა განმიცხადა, რომ კიდევ 3 თვეს ვიცოცხლებო. მართლაც, წმინდანმა იცოცხლა 3 თვე და აღესრულა 1095 წლის 1(14) ივნისს. ამის შემდეგ სომეხი ექიმი მივიდა მონასტრის იღუმენთან, განუცხადა მომხდარის შესახებ, მოინანია ცოდვები და მიიღო მართლმადიდებლობა. თქვა: "მჯერა, რომ წმინდა აღაპიტე უფლის წმინდანია, მე კარგად ვიცოდი, რომ მისი ავადმყოფობა 3 დღეზე მეტს ვერ გასტანდა და უფალმა მისცა კიდევ 3 თვე". ასე განკურნა და მოაბრუნა ღვთისკენ წმინდანმა სომეხი ექიმი და იხსნა დაღუპვისაგან.
წმინდა აღაპიტეს ლოცვით მრავალი განიკურნა არა მარტო მისი ცხოვრების მანძილზე, არამედ დღესაც. მის წმინდა უხრწნელ სხეულთან ვინც რწმენით და ლოცვით მიდის, წმინდანი სწყალობს მართლმადიდებლებს და იფარავს ზეციდან წმინდა ლოცვით.
წმინდა აღაპიტეს უხრწნელი სხეული დასვენებულია კიევ-პეჩორის ლავრის ახლო მღვიმეში. ყველა მორწმუნეს აქვს შესაძლებლობა მიემთხვიოს მის წმინდა სხეულს. "წმინდაო მამაო აღაპიტე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის".