ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატმა სასწაული მოახდინა
უფალი თავის ღვთიურ სასწაულებრივ ძალას ზოგჯერ ხილულად, ზოგჯერ დაფარულადაც გვიცხადებს ხოლმე.
ამით ადამიანებს კიდევ უფრო გვაძლიერებს რწმენაში და დიდ სულიერ ნუგეშს, მადლსა და კურნებას გვაძლვს. სწორედ ეს არის მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტება. ღვთის მადლით, მორწმუნეებს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მრავალი წმინდა ადგილისა თუ სიწმინდის მოლოცვის საშუალება გვეძლევა. მინდა გაგაცნოთ ერთი ქართველი ემიგრანტის, ესმა ღონიაშვილის ნაამბობი, რომელმაც მრავალი ეკლესია-მონასტერი და მასში დავანებული სიწმინდე მოილოცა, მრავალ რელიგიურ ლიტერატურას კითხულობს და თარგმნის.მალევის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი კინურიაში
(ახალი სიცოცხლის წყაროს ჭა პელოპონესის ცენტრში)
ეს ეკლესია კინურიაშია. მაღლობზე დგას. დაფუძნებულია 717 წელს. სიშორისა და ცუდი კლიმატის გამო 1116 წელს ბერებმა ჩამოინაცვლეს უფრო დაბლა და მისადგომ ადგილზე ააგეს მალევის ტაძარი (სახელი ეწოდა მახლობელი მთის გავლენით).ამ დალოცვილ მონასტერში რამდენიმე წელი მოღვაწეობდა ღირსი ნილოს მირონმდინარე. შემდეგ, 1600 წელს, გადავიდა ათონის მთაზე და იქ 50 წელი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას მისდევდა. მისი საფლავიდან ამოსული კეთილსურნელება ზღვამდე აღწევდა. კლდის შვერილებზე მირონის წარუშლელი კვალი დარჩა. მონასტერში ეკლესიაში დაბრძანებულია ნილოსის წმინდა ნაწილები. მომლოცველები შემწეობას სთხოვენ წმინდანს. მონასტერი 1949 წელს დედათა სავანედ გადაკეთდა.
1964 წელს ხატმა ეკლესიაში სურნელის ფრქვევა დაიწყო. თავიდან ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. სურნელის გაძლიერების შემდეგ ერთმა მომლოცველმა მეორეს ჰკითხა, - სუნამო ხომ არ დაიღვარაო. სურნელება ძლიერდებოდა. ეკლესიის გარეთაც კი გააღწია და გარეთ მყოფებმაც შეიგრძნეს.
ეკლესიაში, ღამისთევის ლოცვაზე გამოჩნდა მირონის პირველი წვეთები. მლოცველებმაც შენიშნეს და უფრო გაძლიერდნენ რწმენაში. სამი დღის შემდეგ ერთ-ერთმა მონაზონმა დაბეჯითებით თქვა, ეს მირონიაო. მირონი ხატს სახიდან მოსდიოდა და ჩარჩოს გარეთაც იღვენთებოდა. აღფრთოვანებული მონაზვნები კვირობდნენ, - ეს რა სიურპრიზია, რას ნიშნავსო. ენით აუწერელ სიხარულთან ერთად მწუხარებას გამოთქვამდნენ, თუ რა უნდა მოჰყოლოდა ამ მოვლენას. შემდეგ ხატი გამოიღეს ბუდიდან... დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად მირონმდინარე იყო. ქიმიკოსებსაც შეამოწმებინეს, რომელმაც თქვა: "არსებობს ღმერთი". ყველამ შეიტყო ღვთისმშობლის სასწაულის შესახებ და მომლოცველებიც გამრავლდნენ. ბევრი სასწაული მოახდინა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატმა: უშვილო წყვილებს შვილები მისცა, უკურნებელი სენით დაავადებულები გამოაჯანმრთელა... ვისაც დაეხმარა, კვლავ მიდიან მონასტერში მადლობის სათქმელად და მათი მონაყოლი ისტორიები ვიდეოკასეტებზე იწერება, შემდეგ ეკლესიაში ინახება.
"გველების ღვთისმშობელი"
მოვილოცეთ კუნძულ კეფალენიაზე მარკოპულოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სადაც 15 აგვისტოს შხამიანი გველები გამოდიან. სასწაულია, რომ ეს ქვეწარმავალი მხოლოდ დღესასწაულის დროსაა უვნებელი, ხელის შეხებითაც - თბილია.თურმე ოდესღაც მონასტერს მტერი შემოსევია. მონაზვნებს ღვთისმშობლისთვის უთხოვიათ, მტერთაგან დაგვიხსენიო. ასეც მომხდარა - მონაზვნები უნასებად გადაქცეულან და მახლობელ კლდეებში დამალულან. მას შემდეგ ყოველ 15 აგვისტოს გამოდიან და ეკლესიაში შედიან, რათა ხატებს ეთაყვანონ. აცოცდებიან ხატებზე და იქ რჩებიან. შუბლსა და ენაზე ჯვრები აქვთ გამოსახული. ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: გველები ეკლესიიდან შორს, კუნძულის სხვადასხვა მხარეს წაიყვანეს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდნენ. ყოველი 15 აგვისტოს წინა დღეს მიწისძვრაა და წვიმა მოდის. ვერ ახსნეს, რატომ ხდება ასე. კუნძულის მოსახლეობა ამბობს, ადრე უფრო მეტი გველი გამოდიოდაო. თურმე, თუ საერთოდ არ გამოვლენ, ის წელი სახიფათოა კუნძულისათვის. იყო შემთხვევა, როცა გველებს იპარავდნენ, მაგრამ უფალი მათ სჯიდა. ასეთი შემთხვევები რომ აღარ განმეორებულიყო, გველები შუშის ყუთებში ჰყავდათ. დროდადრო ამოჰყავდათ, რათა ხატებს და მომლოცველებს შეხებოდნენ - გველებს კურნების მადლიც აქვთ. დღესასწაულის შემდეგ გველები ისევ აგრესიულები ხდებიან.
ვიდეოკამერაზე ჩავიწერეთ გველების მოძრაობა. გველების ღვთისმშობლის ხატზე დედა მარიამს გველები გარს ახვევია.
წმინდა თეოდორა
წმინდა თეოდორა ცხოვრობდა X საუკუნეში, პელოპონესის ცენტრში, მესინიისა და არკადიის საზღვარზე. ბავშვობიდანვე უყვარდა უფალი და მას მიუძღვნა თავი. ცხოვრობდა, როგორც ბერი, მამათა მონასტერში. მას მამაკაცად იცნობდნენ. სოფლიდან სოფელში დადიოდა და ხალხს უქადაგებდა უფლის სიყვარულს. ერთხელ სოფელში ერთი გასათხოვარი ქალი დაფეხმძიმდა. მაშინ, თუ ნებით იმრუშებდა ვინმე, სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ ქალს შეეშინდა და წმინდა თეოდორას ცილი დასწამა, - მისგან დავორსულდიო. წმინდა თეოდორა დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. წმინდანმა არ გაამხილა, რომ ქალი იყო და სასჯელი მიიღო, როგორც უფლის ნება. მხოლოდ სიკვდილის წინ ინატრა, მისი სხეული ეკლესიად ქცეულიყო, თმა - ხეებად და სისხლი - წყლად. როცა სიკვდილით დასაჯეს, მიხვდნენ, რომ ქალი იყო და მოსამართლეები ძლიერ შეწუხდნენ. მისი დასჯის ადგილზე ააშენეს ეკლესია, პატარა მონასტერი. მონასტრის სახურავზე 17 ხე აღიმართა, რომელთა სიმაღლე 15 მეტრზე მეტია. სასწაულია, ქვის სახურავზე როგორ დგანან ასეთი ხეები ფესვების გარეშე, როგორ არ ეცემიან ძლიერი ქარით. უკვე საუკუნეებია, რაც მონასტრის ძირში დაუშრეტელად გამოდის ანკარა წყალი, რომლის სათავე არავინ იცის.წმინდა თეოდორას ხსენებას ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს.
წმინდა გერასიმე
წმინდა გერასიმე დაიბადა 1506 წელს ქალაქ ტრიკალაში. მორწმუნე მშობლებმა განსაკუთრებული ქრისტიანული განათლება მისცეს. ეროვნული და ქრისტიანული გრძნობით სავსე ატმოსფეროში გაიზარდა მომავალი წმინდა მამა. 18 წლიდან 25 წლამდე მოიარა თითქმის ყველა სასწაულებრივი მონასტერი საბერძნეთში. მას არ აინტერესებდა სახელის მოხვეჭა, მხოლოდ ციურ ცხოვრებას ელტვოდა. ბერობაში დაიწყო მოგზაურობა და 1538 წელს მიაღწია იერუსალიმამდე. მაშინ იქ პატრიარქი იყო გერმანე. პატრიარქმა შენიშნა ახალგაზრდა ნოტარას (მისი გვარია) სახეზე ის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ მზად იყო მხარში ამოსდგომოდა მას საპატრიარქო პრობლემების მოგვარებაში და სთხოვა, მასთან დარჩენილიყო. ასე გახდა წმინდანი პატრიარქ გერმანეს მარჯვენა ხელი. იერუსალიმიდან გადაინაცვლა კუნძულ კრეტაზე, კრეტიდან - კეფალონიაზე. იმ დროს კუნძულზე პაპიზმი მძვინვარებდა, მართლმადიდებლებს ავიწროებდნენ, ეკლესიიდან მღვდლებიც კი განდევნეს. ფინანსური და სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარების დაპირებით გონიერ მართლმადიდებელ ბავშვებს იტალიაში განათლება მიაღებინეს და ზოგიერთი გადაიბირეს კიდეც.ასეთ საჭირო დროს მოუვლინა უფალმა კეფალენიის მოსახლეობას წმინდა გერასიმე. მან პატარა სენაკში დაიდო ბინა. შიგ მხოლოდ ქვის საწოლი და უბრალო მაგიდა ედგა. ახალმოვლენილ წმინდანს კუნძულელები ყურადღებას არ აქცევდნენ. მხოლოდ ზოგიერთი მუშა თუ მიესალმებოდა. ის კუნძულზე დასახლდა, რათა შორს ყოფილიყო სოფლის ხმაურისგან. ჩუმად, უხმაუროდ ემსახურებოდა ღმერთს. მაგრამ არ მისცეს მშვიდად ყოფნის საშუალება და გადაინაცვლა აინეს მთებში. ერთი წელი დასჭირდა წმინდანს იქ, რომ გაცნობოდა ყველას და ყველაფერს. მერე იერუსალიმის მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა. მისი შემყურე მორწმუნენი სთხოვდნენ, მათთვისაც ესწავლებინა სულიერი მოღვაწეობა. წმინდანი მიხვდა, რომ უფლის ნება იყო, სულიერი მასწავლებელი გამხდარიყო. კეფალენიის ეპისკოპოსს გამოსთხოვა ნება მქადაგებლობისა. მონასტრის ეზოში ამოთხრილ სამარხში დაიდო ბინა (დღეს ეკლესიის დარბაზიდან ჩადის კიბე წმინდანის სამყოფელში) და იქ ლოცულობდა განმარტოებით. მისთვის ტირილი არ იყო უცხო, დასტიროდა ქრისტიანთა ცოდვილ ცხოვრებას. შექმნა სკოლა, სადაც ბერძენ მორწმუნე ბავშვებს ასწავლიდა რელიგიას.
ღამეებს ათენებდა ლოცვაში და როცა დასვენება და ძილი სჭირდებოდა, იქვე ცივ ლოდზე წათვლემდა. როცა შემოსილი ატარებდა წირვას, სახე ღვთიური შუქით უბრწყინავდა.
შეეძლო, უფლისთვის ეთხოვა და გვალვისგან გადახრიოკებულ კუნძულზე წვიმა მოსულიყო. იცოდა, როდის მიიცვლებოდა, მაგრამ არ შეშინებია. იმ წუთის მოლოდინით ცოცხლობდა. იმ წუთს უნდა წაეყვანა იგი მის უსაყვარლეს ღმერთთან, რომლისთვისაც შრომობდა მთელი ცხოვრება. წმინდანი მადლობდა უფალს, რომ ამცნო ამ ქვეყნიდან გასვლის დრო და დაიწყო საამისოდ მზადება. დადგა ის დღეც, 1579 წლის 15 აგვისტო, ღვთისმშობლის დღესასწაული. წმინდანის გვერდით იყვნენ მამა იოანიკე, მამა გერმანე, დედა ლავრენტია და სხვა მონაზვნები. ყველა ლოცულობდა. წმინდანი ჩაფლული იყო ლოცვაში, თითქოს გახსნილ ცას ჭვრეტდა, რათა დაენახა უფალი. ყველა სიყვარულით ადევნებდა თვალს წმინდანს. მან აკურთხა ყველა. მასაც ხელზე ემთხვივნენ, შემდეგ დაიჩოქეს და გააგრძელეს ლოცვა. მისი ბოლო სიტყვები იყო: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, დამლოცე და მიიღე სული ჩემი". წაიღო მისი სული უფალმა. შემოსეს მისი სხეული საუკეთესო სამოსლით და დაასვენეს ეკლესიაში.
მისი გარდაცვალების შემდეგ სასწაულები არ შეწყვეტილა. ყველაზე საკვირველი იყო განკურნება დემონური ძალით შეპყრობილი ქალისა, რომელიც წირვაზე მოიყვანეს. ქალი ღამით ეკლესიიდან გავიდა და ჭაში ჩავარდა. იღუმენმა და მონაზვნებმა დაუწყეს ძებნა. ამ დროს წმინდა გერასიმეს ხმა მოესმათ - იჩქარეთ, ქალი საფრთხეშიაო. ჭასთან დაინახეს წყლის თავზე დაკიდებული ქალი. ამოიყვანეს და შენიშნეს, რომ გამოჯანმრთელებულიყო. მან უამბო ხალხს, როგორ უბიძგა დემონმა ჭაში ჩასავარდნად, მაგრამ წმინდანმა დაიჭირა. ამან და სხვა სასწაულებმა მიახვედრეს მონაზვნები, რომ უნდა ამოესვენებინათ წმინდა გერასიმეს ნეშტი. 1581 წლის 20 ოქტომბერს, ორი საუკუნისა და ორი თვის შემდეგ, გახსნეს საფლავი. მონაზვნებისა და მთელი საქრისტიანოს გასახარად იხილეს წმინდანის უხრწნელი სხეული. განიკურნა მრავალი სნეული. ეკლესიაში დღემდე არ წყდება მომლოცველთა ნაკადი მის წმინდა სხეულთან მისაახლებლად.
მეც გახლდით ერთი სასწაულის მომსწრე, - მიამბობს ესმა, - ეკლესიაში მოსალოცად მისულმა მრევლმა მოვინდომეთ წმინდანის მღვიმის ნახვა. დარბაზიდან მიწისქვეშ ჩასულები ხვრელითღა მოვხვდებოდით მღვიმეში. ამ ვიწრო გასასვლელში ურწმუნო ნამდვილად ვერ გავა. რამდენიმე უკან გამობრუნდა. მე 64 კილო ვარ და გავძვერი, მაგრამ რწმენით გავიდა ერთი თითქმის 100-კილოიანი ადამიანი. რწმენას ნამდვილად დიდი ძალა აქვს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი...